კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 გიორგი კეკელიძე კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის შვილს დაეხმარა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე




„ვიდეო-ლექციას ვატარებ პატარებთან. ხანგრძლივი საუბრისას მოკრძალებით დამახველა და უცებ:
– მასწ, სახეში ნუ გვახველებთ!
– მშრალი ხველა ხომ არ გაქვთ, მასწ?!
– მასწ, თქვენ იტალიაში ხომ არ ყოფილხართ ორი კვირის წინ?
– მასწ, ვინმეს კლასელი ხომ არ ხართ? (დავაზუსტეთ და კლასტერი იგულისხმა).
მე მიყვარს ჩემი მოსწავლეები, ძალიან.“
ეს „ფეისბუქ-პოსტი“ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის და თავადაც მიხვდებოდით, დღევანდელობის მშვენიერი ლუსტრაციაა. იუმორს მიღმა, კვლავ ამ პერიოდთან დაკავშირებული არაერთი საქმე და სიკეთეა.
გიორგი კეკელიძე: გურული დღიურების ფონდი, რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა დავაფუძნეთ, დიდწილად ეხმარება ადამიანებს, რომლებიც კარგად სწავლობენ, ვგულისხმობ სკოლის მოსწავლეებს და იმავდროულად, შეიძლება, რაღაც ტიპის სირთულეები ჰქონდეთ ცხოვრებაში. ვცდილობთ, ჩვენი დახმარება აქტიურ და ამავდროულად, რაღაც თვალსაზრისით, სირთულეებთან შეჭიდებული ბავშვებისკენ მივმართოთ. ასეთი აღმოჩნდა გოგონა, რომლის დედაც, ძალიან სამწუხაროდ, ესპანეთში კორონავირუსს შეეწირა. ის ისედაც ძალიან მძიმე დაავადებას ებრძოდა და იმ ქვეყანაში სამკურნალოდ იყო წასული. მთელი ოჯახი ამ მძიმე ბრძოლაში იყო ჩართული და საბოლოოდ, ასეთი ფატალური შედეგი მივიღეთ, რაც ძალიან სამწუხაროა. ამ კორონავირუსის პერიოდში ჩვენ კიდევ სამი სტიპენდიანტი გვყავს. მათ შორისაა კატო არჩვაძე – ჩვენი გარდაცვლილი თანამშრომლის შვილი. ნიკოლოზ კუტუბიძე და საბა ცინდელიანი. ნიკოლოზი არის მოჭიდავე ოზურგეთიდან და საბა – სვანეთიდან. ვცდილობთ, ამ კონტექსტში, ონლაინ, მაგრამ მაინც გავახაროთ ის ადამიანები, რომლებიც მომავალ საქართველოდ იგულისხომებიან პოსტკორონავირუსულ ეპოქაში.
– ესპანეთში გარდაცვლილი ქალბატონის შვილი, ძალიან დიდ გაჭირვებაში ცხოვრების მიუხედავად, საუკეთესო მეხუთეკლასელია.
– ჩვენ სპეციალურად ვიკითხეთ ამასთან დაკავშირებით. გავესაუბრეთ სკოლის მასწავლებლებს და სწორედ მათგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით გავაკეთეთ აქცენტი, ამ შემთხვევაში, ამ პატარაზე – ანანო ნაჭყებიაზე. ის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე გახლავთ და შესაბამისად, ამის განმაპირობებელი მხოლოდ სოციალური სირთულე არ იყო. ჩვენ ვაპირებთ, რომ მას სწავლის ბოლომდე დავუდგეთ გვერდით სხვადასხვა ფორმით – იქნება ეს სასკოლო ინვენტარის შეძენა თუ სხვა საჭირო საშუალება. ვეცადოთ, რომ ობლობის სირთულე გავუიოლოთ. იმედია, მალე ვნახავთ ამ გოგონას. ამჯერად, სამწუხაროდ, ვირტუალურად მოგვიხდა მისი დაჯილდოება.
– გურული დღიურების ფონდთან დაკავშირებით კიდევ ერთი დეტალი გავიხსენოთ – მისი ერთ-ერთი დამფინანსებელი პაატა იმნაძის დედაც ყოფილა, რაც ცოტა ხნის წინ გაამხილეთ.
– პაატა იმნაძის დედა, ქალბატონი ნუნუ დუმბაძე ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. შეიძლება ითქვას, უკვე ხუთი-ექვსი წელია, ვმეგობრობთ. მე ძალიან ხშირად ვსტუმრობ ხოლმე მას სახლში. ჩვენ გურია გვაკავშირებს და შესაბამისად, არაერთი ამბავი. ქალბატონი ნუნუ ბატონ პაატაზე არანაკლებ შესანიშნავი სპეციალისტია თავის საქმისა და არანაკლებ დიდი პატრიოტი თავის ქვეყნის. სრულიად გაუხმაურებლად, ის პენსიიდან მოგროვებულ თანხას ჩვენ გვახვედრებდა და ჩვენ ამ ფულს გადავცემთ ხოლმე კონკრეტულ მოსწავლეებს, ვისაც ეს ძალიან სჭირდებოდა. ის დიდბუნებოვანი და მნიშვნელოვანი ადამიანია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან რთული ცხოვრება ჰქონდა. გარდაეცვალა რძალი, შესანიშნავი მხატვარი. რომლის ნახატიც მე მაქვს, სხვათა შორის, საჩუქრად სწორედ ამ ოჯახისგან. მიუხედავად ამისა, ის ახერხებს პრობლემებთან გამკლავებას, თან იმდენად მასშტაბურად და ეფექტურად, რომ თავად ეხმარება სხვა ადამიანებს.
– ახლა განსაკუთრებით აქტუალურია ბოლნისის საკითხი. როგორც სოციალურ ქსელში წერდით, არაერთი მოსწავლე გყოლიათ იქ, დღესაც რომ მოუთმენლად ელიან თქვენს ჩასვლას. წერდით იმასაც, რომ თავის დროზე, იქ ჩატარებული ღონისძიებები, პიარ-აქციადაც ჩაგითვალეს. საერთო ჯამში კი, ეს ემსახურებოდა იმ საქმეს, რის ნაკლებობასაც ახლა შექმნილ მდგომარეობას ვაბრალებთ. ვგულისხმობ ქართული ენის ცოდნის პრობლემას.
– მე მგონია, რომ რეალურად გაცილებით ხშირი და ღრმა კონტაქტი გვჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებთან. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვგულისხმობ მათ, ვინც ეთნიკურად არ არიან ქართველები. ცხოვრობენ, მაგალითად, ახალციხეში, დმანისში, ახალქალაქში, ბოლნისში, მარნეულში. მე და ჩემი მეგობრები ძალიან ხშირად ჩავდივართ იქ და აქტიურად ვცდილობთ სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას, ვატარებთ გაკვეთილებს. მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ ძალიან ხშირად უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, ხშირად უნდა გავუზიაროთ ჩვენი სატკივარი და ერთად დავძებნოთ გამოსავლის გზები. ეს არის არა სასურველი, არამედ აუცილებელი პროცესი.
– რაც შეეხება ბიბლიოთეკის ყოველდღიურობას, სიტუაციიდან გამომდინარე, მოგიწიათ თანამშრომლების ფუნქციების შეთავსება.
– ამ პერიოდში მოგვიწია გადაწყობა. საწყის ეტაპზე, ნელ-ნელა ვხურავდით ჩვენს ძირითად აქტივობებს. მათ შორის, პირველ რიგში, შევზღუდეთ სამკითხველო დარბაზები, გავაუქმეთ ღონისძიებები, შემდეგ შევზღუდეთ გასვლები სოფლის ბიბლიოთეკებში, რადგან იქ მოხუც ადამიანებს ვხვდებოდით და შეიძლებოდა, მათთვის საფრთხის მატარებლები ვყოფილიყავით. შემდეგ გავხსენით პატარა სამკითხველო, საიდანაც ნებისმიერ მკითხველს შეეძლო წიგნის წაღება. ეს იყო პატარა სახლუკა, რომელიც იდგა ბიბლიოთეკის წინ, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ისიც დავხურეთ, რადგან იყო ათზე მეტი ადამიანის შეგროვების საფრთხე. ახლა ვმუშაობთ ეროვნული ბიბლიოთეკის ცხრა თანამშრომელი, მონაცვლეობით დავდივართ და ვასრულებთ სხვა, დანარჩენი თანამშრომლების საქმესაც. იქნება ეს დასკანერება, ყვავილების მორწყვა თუ სხვა. მე თვითონ ხშირად მოვუწოდებ ყველას, რომ სახლში დარჩნენ და მეც, შეძლებისდაგვარად, ვაკეთებ ამას. მაგრამ მაინც მიხდება ბიბლიოთეკაში სიარული, ვიდეოლექციების ჩაწერა, საქმეთწარმოების გაძღოლა. ყოველდღიურობა შეიცვალა იმით, რომ მე, სოციალურად ძალიან აქტიური ადამიანი და მოგზაურობის უკიდურესი მოყვარული, ამ თვალსაზრისით, ჯოჯოხეთურ იზოლაციაში აღმოვჩნდი.
– კეპი მოვიხადე, ვარჯიში დავიწყე და ლექსების წერაც გავიხსენეო, წერდით.
– ამ ყველაფერს, დიდწილად, მოქალაქეების გასამხნევებლად ვაქვეყნებ. ვცდილობ, ზოგჯერ ვიხუმრო, ზოგჯერ – პირიქით, ამ ვირუსის საფრთხე მთელი სიმძაფრით დავანახვო და ეს ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ მათი ყურადღება მივიქციო. „დარჩი სახლში“ – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვყავს არაერთი მოქალაქე, რომლისთვისაც სახლში დარჩენა, რეალურად, სამსახურის დაკარგვის ტოლფასია და ეს შეიძლება, დიდ სოციალურ შეჭირვებასაც გულისხმობდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ეს არის არჩევანი საკუთარი და მეორე ადამიანის სიცოცხლის გასაფრთხილებლად. ეს გაფრთხილება თავის თავში გულისხმობს მომავლის გაფრთხილებას. აქ ჩვენ ყველა თანაბრები ვართ. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, ყველაზე უარეს შემთხვევაში, დავიცვათ დისტანცია, უკეთეს შემთხვევაში კი – დავრჩეთ სახლში. ბუნებრივია, უნდა მოვინდომოთ და ახალი მოცემულობა სასარგებლოდ ვაქციოთ. მაგალითად, იოსებ ბროცკი, ცნობილი პოეტი, რომელიც ციხეში იჯდა, ამბობდა, რომ ციხე არსებითად არის დროის სიჭარბე და სივრცის სიმცირე. ისევე როგორც გარეთ ყოფნაა სივრცის სიჭარბე და დროის სიმცირე. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, ამ თვალსაზრისით, ადამიანს დღეს პატიმრობაში ყოფნა უწევდეს. ჭარბი დრო მისთვის არის საშუალება, გააკეთოს ისეთი რამ, რაც მანამდე არ გაუკეთებია ან ვეღარ აკეთებდა აჩქარებული და ქაოტური საუკუნის გადამკიდე. მაგალითად, იფიქროს, გადაფურცლოს წიგნები, ითამაშოს ჭადრაკი. უფრო მეტად დატვირთოს გონება და მეტი აქცენტი გააკეთოს შინაგანი სამყაროს მოსმენაზე. ნაკლებად იფიქროს სტრესზე. მე რამდენიმე მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ: გავააქტიურე ფიზიკური ვარჯიში, ვნახე თითქმის ყველა მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მონაწილეობით და გავაგრძელე „თომას ზღაპრების“ წერა.

скачать dle 11.3