№15 რა აქვს აკრძალული ნანა ნებიერიძეს კორონას გამო და ვისთან ერთად ებრძვის ის 12 წელი მძიმე დაავადებას
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
ნანა ნებიერიძის პოზიტიური განწყობა, სიმშვიდე, გარეგნული ხიბლი თუ დახვეწილობა ყოველთვის თვალში მოსახვედრია. ალბათ, ბევრს გაუკვირდება, რომ ამ ყველაფრის მიღმა მის მიერ განვლილი რთული გზაა და ის ყოველდღიურად, დედასთან ერთად ებრძვის მძიმე დაავადებას. მართალია, სიტუაციის გამო, მოუწია სახლში გამოკეტვა, მაგრამ თავს კომფორტულად გრძნობს და ენერგიასაც საკმარისად ხარჯავს.
ნანა ნებიერიძე: არცერთ ადამიანს არ გაუვლია ცხოვრება მარტივად და მათ შორის, არც მე. თავისთავად, ძალიან რთული გზა გავიარე. რთულში ვგულისხმობ იმას, რომ სპორტით ვიყავი დაკავებული და ამაში ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული, მერე, ბავშვი გავაჩინე, მერე ისევ დიდ სპორტში დავბრუნდი... მოკლედ, რთული გზები მაქვს გავლილი და რაც მეტად რთულ გზაზე ვდგები, მეტად ვძლიერდები და უფრო თამამი ვხდები.
– თუმცა, არ გემჩნევა, რომ ასეთი გზა გაიარე და ახლაც გიწევს სირთულეების გადალახვა. ბევრს ასე არ ჰგონია. როგორ ნიღბავ ამ ყველაფერს?
– ზოგადად, არ მიყვარს ტირილი და წუწუნი. ჩემი რთული გზის სამოცდაათი პროცენტი, უფრო ჩემი შეცდომაა და უფრო მეტად ვძლიერდები. სულ ვმუშაობ ჩემს თავთან და ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვასწორო ჩემი ნაბიჯები და ისევ და ისევ, გავაგრძელო ჩემი ცხოვრება და წინსვლა. არასდროს ვუშინდები წინაღობებსა და პრობლემებს, ეს ჩემს ბუნებაში არ ზის.
– თქვი, ჩემი რთული გზის უმეტესი ნაწილი ჩემი შეცდომების ბრალიაო. რა მიგაჩნია ყველაზე დიდ შეცდომად?
– კონკრეტულად პასუხის გაცემა მიჭირს. მე ვარ ქალბატონი, 40+ და ყოველი დღე არის ჩემი გამოცდა, წარმატება, რთული პერიოდები... არცერთი არ ვართ ანგელოზები და ვცდილობ, ვიცხოვრო, მშვიდად და წყნარად, ისეთით, როგორიც ვარ.
– ამბობ, წყნარად და მშვიდად მირჩევნია ცხოვრებაო. თუმცა, საკმაოდ აქტიურად, ენერგიულად ცხოვრობ. ახლა, როცა გარკვეული შეზღუდვებით სახლში ყოფნა გიწევს, გიჭირს გამოკეტილ პოზიციაში ცხოვრება?
– ზოგადად, ვცდილობ, ნებისმიერ გარემოში ვიპოვო მაქსიმალური კომფორტი და პლუსები. დღეს რთულ სიტუაციაში ვართ არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი დედამიწა, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. მეტსაც გეტყვით – დამიჯერებთ, რომ დრო არ მრჩება? ვიღვიძებ რვა საათზე და მთელი დღის განმავლობაში ისე გარბის დრო, როგორ ღამდება, ვერც კი ვამჩნევ. ბევრი საქმე მაქვს და რასაც ვერ ვასწრებდი ყოველდღიურად, მაგალითად, სახლის დალაგებას, თავის მოვლას, სამზარეულოში ტრიალს, ახლა ვახერხებ. ამის ფუფუნება, ადრე არ მქონდა. აღმოჩნდა, რომ ძალიან მიყვარს და კარგად გამომდის კერძების კეთება, ვმეცადინეობ იტალიურ ენაში, ვვარჯიშობ, ბევრს ვკითხულობ. ადრე არ მქონდა იმის ფუფუნება და დრო, რომ ერთი საათით მესაუბრა ჩემს მეგობრებთან, ახლა კი ამის დრო მაქვს და ონლაინ ვესაუბრები. კიდევ ვამბობ, იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს, იმ ხალხის მიკვირს და ვერ ვუგებ, რომლებიც ამბობენ: ვერ ვითმენ, გარეთ გასვლა მინდა, ნერვები მეშლებაო. მით უმეტეს, როცა ყველა ვართ კარანტინში, მთელი მსოფლიო და მთავრობა მოგიწოდებს, დარჩი სახლშიო. ეს არ არის მათი ახირება, ეს მოწოდებაა ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ძნელია, დავუჯეროთ პროფესიონალებს და იმ ხალხს, ვინც ამას მოგვიწოდებს. ამაზე მეშლება ნერვები და ვბრაზობ, როცა სოციალურ ქსელს ვათვალიერებ და ვხედავ, რასაც წერენ. ამიტომ, არ ვკითხულობ და არ მაინტერესებს. მე მაქვს ჩემი საქმე და მაქსიმალურად ვაკეთებ იმას, რასაც მომიწოდებენ და მე და ჩემს ოჯახს უსაფრთხოებისთვის გვჭირდება. ადრე კვირაში სამჯერ ვვარჯიშობდი, ახლა კი – ყოველდღე. თან, სავარჯიშოდ სახლში არ მქონდა საჭირო ინვენტარი, წავედი მაღაზიაში, ვიყიდე წყლის ლიტრანახევრიანი ბოთლები და მშვენივრად მადგება, როგორც განტელები (იცინის). მთავარი მონდომებაა და ყველა სიტუაციიდან იპოვი ადამიანი გამოსავალს. არანაირი შიშის მომენტი არ მაქვს. ჩვენს პროფესიონალებს თუ დავუჯერებთ, საშიში არაფერია. ასჯერ და ათასჯერ გავიმეორებ: დავუჯეროთ და დავრჩეთ სახლში, ესაა დღევანდელი ჩემი დევიზი.
– სახლში ყველა ასაკის ადამიანი ცხოვრობთ – ასაკოვანი დედა, როგორც შენს თავს უწოდებ – 40+, გყავს შვილი და პატარა შვილიშვილი. პლუს ამას, ცხოველები. თქვენი თანაცხოვება, ამ სიტუაციაში როგორ ხდება?
– ნინა – ჩემი შვილი ცალკე ცხოვრობს, ჩემს შვილიშვილთან ერთად და ყოველდღიური ონლაინ შეხვედრები გვაქვს. ძალიან მენატრება ჩემი ალექსანდრე, მაგრამ ბავშვს ვერ ვნახულობ, რადგან აკრძალული მაქვს. კარანტინის პერიოდში ვერც ნინა მოდის აქ ბავშვით და ვერც მე მივდივარ მათთან – ეს აკრძალვა საკუთარ თავს თავად დავუწესე. აქ რთული არაფერია, აქ მთავარი თვითშეგნებაა და უნდა მიიღო სიტუაცია ისეთი, რასაც რეალობა გთავაზობს. ეს წესებიც დავიცვათ ისე, როგორც არის და არა ისე, როგორც თავად გვინდა. თან, დედაჩემი ახლა გადის ქიმიოთერაპიას სახლის პირობებში და ამიტომ, ასმაგად, ყურადღებით ვარ, ვცდილობ, გარეთ არ გავიდე. მაქსიმუმ, კვირაში ორჯერ გავდივარ მაღაზიაში, ვყიდულობ პროდუქტებს და სახლში დაბრუნებული, იმ წამსვე ვრეცხავ ტანსაცმელს, რაც მაცვია და ვიღებ შხაპს. ჯერჯერობით ამ პირობებში ვცხოვრობ, მაგრამ ეს არ არის რთული. ეს ჩვეულებრივი რეჟიმია, დღევანდელი ჩვენი ცხოვრება. გათავისებული მაქვს, რომ გადავედით სხვა ცხოვრების ეტაპზე და ეს არის ამ სხვა ცხოვრების ეტაპის წესი. სხვათა შორის, დედაც, მიუხედავად პრობლემებისა, ძალიან იმედიანადაა და იმდენად ძლიერია, რომ უკვე 12 წელია, ებრძვის კიბოს დაავადებას. ამ თავისი მებრძოლი ხასიათით, დედა, ჩემთვის უსერიოზულესი მაგალითია. რეალურად წარმოუდგენელია 12 წელი ამ დაავადებით ცხოვრება, მაგრამ ის დაავადებაზე ძლიერი აღმოჩნდა. და, მასთან ერთად, 12 წელი მეც ვებრძვი ამ დაავადებას. თან, მყავს ორი ძაღლი – მაილო და ჩარლი, მათზეც ვზრუნავ. სხვათა შორის, მაილო გოგოა და სულ ვამბობდი, ორი გოგოს დედა ვარ-მეთქი, ჩარლი კი – ტაქსას ლეკვი, უკრაინიდან ჩამომიყვანა მეგობარმა და ვხუმრობ ხოლმე, ახლა ბიჭის დედაც გავხდი-მეთქი (იცინის). რვა მარტს, ზოგადად, ქალებს ყვავილებს ჩუქნიან, მე კი ჩარლი მაჩუქეს (იცინის). საბედნიეროდ, მაქვს პატარა ეზო და მათი გასეირნება არ მიჭირს. ახლა ჩარლის დედაც გავხდი და სამი შვილი და ერთი შვილიშვილი მყავს. ასე რომ, მოსაწყენად არ მცალია.