კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 თეონა ჩხეიძე: ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ევროპაში ჩამოვედი და აქ არავის შვილი და შვილიშვილი არ ვიყავი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

„კონცერტი დაიწყო ჰაინრიხ იგნაც ბიბერის Rosencranz სონატით – „ღვთისმშობლის ამაღლება“. თითქოს, ცეკვავდა ღვთისმშობელი ზეცაში, ისე ამღერებდა და ათამაშებდა თეონა გუბბა-ჩხეიძე თავის „სკორდირებულ“ (გადაწყობილ) ვიოლინოს. ორმაგი ნოტები, სუნთქვაშემკვრელი აკორდების მონაცვლეობა, ხემის ელეგანტურად მოქნილი ტექნიკა. მოკლედ რომ ვთქვათ, ძველი მუსიკის ერთ-ერთი ურთულესი ნაწარმოების ასეთი შესრულებით დიდი აღტაცება გამოიწვია საერთაშორისო სცენებზე მოღვაწე სოლისტმა“ – ქართველი მევიოლინის ასეთი შეფასება ნამდვილად საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის. თეონა ცნობილი ქართული ოჯახიდანაა – ის რეჟისორ თემურ ჩხეიძის შვილია, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი და განსაკუთრებულად ძვირფასი არა ოჯახით, არამედ საკუთარი საქმით გახდა, თან, სრულიად უცხო ქვეყანაში.
ყდაზე გამოყენებულია mono photography studio - პაატა ბერიძის ფოტო.
  თეონა ჩხეიძე: დედა მევიოლინეა და როგორც ყველა ბავშვს, მეც ყოველთვის მინდოდა იმის გაკეთება, რასაც დედა აკეთებდა. საოცრად მიყვარდა მისი ინსტრუმენტი, მაგრამ მასთან ახლოს მისვლაც კი მეკრძალებოდა (იცინის). სანაცვლოდ, დედამ პატარა ვიოლინო მიყიდა და მასზე დავიწყე დაკვრა. ბუნებრივია, მას ისეთი ხმა არ ჰქონდა, როგორიც მისას, როგორც ჩანს, არ მომეწონა მისი ჟღერადობა და დედას შევთავაზე, გაგვეცვალა ჩვენი ინსტრუმენტები (იცინის). სამაგიეროდ, ახლა ვუკრავ დედაჩემის ვიოლინოზე, რაც დიდი ბედნიერებაა.
– როდის მიხვდა დედა, რომ ეს არ იყო მხოლოდ ბავშვური სურვილი და რომ ამ საქმისადმი თქვენი დამოკიდებულება სერიოზული იყო?
– მე შედარებით გვიან დავიწყე სერიოზულად დაკვრა. როგორც წესი, ექვსი წლიდან იწყებენ ხოლმე და მე უკვე რვის ვიყავი. ბევრს ვმღეროდი, ვცეკვავდი, მაგრამ ამ ყველაფერს უფრო თამაშის ფორმა ჰქონდა. აი, ამ ასაკში გამოჩნდა, რომ ვიოლინო განსაკუთრებულად მაინტერესებდა. „მზიურშიც“ ვიოლინოს სიყვარულის გამო აღმოვჩნდი.
– „მზიურით“ დაიწყეთ?
– ჯერ მუსიკალურ ათწლედში დავიწყე სწავლა და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მივედი „მზიურში“, სადაც ყველა ჩემი ასაკის იყო. ჩვენ მზიურის მესამე თაობა ვართ. ძალიან მხიარულად ვატარებდით დროს და დღემდე ერთმანეთს რომ ვხვდებით, გვგონია, ისევ იმ ასაკში ვართ. იმდენად ცოცხალი მოგონებები გვაქვს, თითქოს, არც გავზრდილვართ. გარდა იმისა, რომ სულ კონცერტები და რეპეტიციები გვქონდა, ბევრს
ვმოგზაურობდით. თვეების განმავლობაში ვიყავით წასულები ერთად და დღემდე ერთი ოჯახივით, დებივით ვართ.
– დედის მხრიდან პირველი აღიარება როდის მოვიდა?
– როგორც დედა ყვება, პირველად რომ სცენაზე დავუკარი ვიოლინოზე, კონცერტის დამთავრების შემდეგ მითქვამს: დედა, ზღაპარში მეგონა თავი-მეთქი. სცენაზე ყოფნა საოცრად მომეწონა და იქ დგომის შიში არასდროს მქონია. სხვათა შორის, დედა საკმაოდ მკაცრია და ზედმეტად არასდროს მაქებს არც მე და არც ეკას. ორი სიტყვით შეიძლება გითხრას, რომ კარგი იყო.
– საქართველოს ფარგლებს გარეთ როგორ აღმოჩნდით?
– 90-იან წლები ყველასთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ჩემი მაშინდელი პედაგოგი, კოტე ვარდელი გერმანიაში წავიდა ლიანა ისაკაძის მიწვევით და მის ორკესტრს შეუერთდა. ლიანას მოწვევით წამოვედი მეც, დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ. მანამდე პეტერბურგში ვიყავი და ერთი სემესტრი პეტერბურგის კონსერვატორიის პროფესორთან, მიხაილ განტვარგთან დავდიოდი გაკვეთილებზე. იმ პერიოდში მამა პეტერბურგში მუშაობდა და ამიტომ ავირჩიეთ იქაურობა, მაგრამ შემდეგ სწავლის გაგრძელება გერმანიაში ვამჯობინეთ.
– გერმანიაში სრულიად მარტომ გადადგით პირველი ნაბიჯები?
– რადგან ჩემი პედაგოგიც იქ იყო და ლიანა ისაკაძეც, მშობლებმა უფრო მშვიდად გამიშვეს. მიუნხენში კონსერვატორიაში ჩავაბარე და შემდეგ მარტო ავაწყვე ჩემი კარიერა. ძალიან დამეხმარა გერმანული ოჯახი, რომელთანაც ვცხოვრობდი. მათთვის ნამდვილი შვილივით ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ორი ბიოლოგიური შვილი ჰყავდათ, უდიდეს ყურადღებას იჩენდნენ ჩემ მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ ცივი ხალხია, თავიდან გაკვირდებიან, მაგრამ გერმანელს თუ მართლა შეუყვარდი, მერე ყველაფერს გაგიკეთებს. გამორიცხულია, რამეს დაგპირდნენ და არ შეასრულონ.
26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოდან წამოვედი. ახლა არცერთ ორკესტრს აღარ ვარ მიჯაჭვული. თვითონ ვირჩევ პროექტებს, რომელშიც მინდა მონაწილეობის მიღება. მაქვს ჩემი ანსამბლი, თვითონ ვწყვეტ, სად და როდის გამოვიდეთ. რადგან ვენა ძალიან მუსიკალური და კულტურული ქალაქია და თან, ჩემი მეუღლის წარსული, პროფესიული თვალსაზრისით, აქაურობასთან იყო დაკავშირებული, ახლა ვენაში ვცხოვრობთ. ზოგადად, ძალიან ბევრს ვმოგზაურობ, რადგან სხვადასხვა ქალაქში მაქვს კონცერტები, მაგრამ სახლი აქ გვაქვს.
– გერმანულ პრესაში საოცარი შეფასებები ქვეყნდება თქვენ შესახებ. როგორი იყო გზა აქამდე?
– 2014 წელს პროფილი შევიცვალე, დავიწყე ისტორიული ინსტრუმენტებითა და ნოტებით დაკვრა. ამას ისტორიული შესრულება ჰქვია. ძალიან ბევრი წყარო არსებობს, რომლითაც შეგიძლია, გაარკვიო, როგორ უკრავდნენ ბაროკოს ან კლასიკურ ეპოქაში. ყველა საუკუნეს თავისი სტილი აქვს და მე დღესაც ვცდილობ, ისე შევასრულო, როგორც ამას მაშინ აკეთებდნენ. შემსრულებელს ადრე სხვა ფუნქცია ჰქონდა. ბოლო საუკუნეებში შეიცვალა მიდგომა და რაც წერია, ზუსტად იმის დაკვრა გახდა აქტუალური. ბაროკოს ეპოქაში კი, რაც უფრო ძველი იყო მუსიკა, მით უფრო მეტი იყო დამოკიდებული შემსრულებელზე. სწორედ შემსრულებლის იმპროვიზაცია ხდიდა მას საინტერესოს.
– თქვენეული იმპროვიზაცია კი ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.
– ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. რაციონალურ და ცოტა ცივ ეპოქაში ვცხოვრობთ. თუმცა, ადამიანს ემოციები ყოველთვის სჭირდებოდა და დღესაც სჭირდება. ამიტომ, მე ვფიქრობ, მსმენელი უნდა მოგეჯაჭვოს. სავარძელში კი არ უნდა იჯდეს მოკალათებული, დაძაბული უნდა გისმენდეს, მთელი ინტერესით – მოდუნების საშუალება არ უნდა მისცე.
– აქტიური კარიერის პარალელურად, ოჯახური ცხოვრება როგორ გამოგდით?
– ძალიან გამიმართლა, არაჩვეულებრივი მეუღლე მყავს, რომელიც ყველანაირად მიწყობს ხელს. ცდილობს, მე მხოლოდ მუსიკასა და ჩემს კარიერაზე ვიფიქრო და დანარჩენს ისე აგვარებს, რომ არანაირი პრობლემა არ შემექმნას. ძირითადად, კონცერტებსაც ისე ვგეგმავთ, რომ ჩემთან ერთად წამოსვლა მანაც მოახერხოს.
– თვითონ სამედიცინო სფეროშია?
– ძალიან მძიმე ავადმყოფებთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს და თავის დროზე, ერთ-ერთ პროფესორთან ერთად, საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა. სამწუხაროდ, ძვლის სიმსივნე ყველაზე გავრცელებული ბავშვებშია და ბავშვის ზრდასთან ერთად სწრაფად ვითარდება. სანამ ამ სპეციალური ოპერაციების ჩატარებას დაიწყებდნენ, დაავადებული ბავშვების 80 პროცენტი იღუპებოდა. ამ ოპერაციის დანერგვის შემდეგ პროცენტული მაჩვენებელი შეიცვალა და ახლა 80 პროცენტს უნარჩუნებენ სიცოცხლეს. მაგრამ მისთვის ყოველი დანაკარგი იმდენად მძიმე იყო, ამაზე საუბარი დღემდე უჭირს. თუმცა ახლა ამ ტიპის ოპერაციებს აღარ აკეთებს.
– ეროვნებით ქართველი არაა და როგორ მიიღო ოჯახმა გერმანელი სიძე. თვითონ როგორც ამბობს: თეონაზე ასაკით უფროსი ვარ, რომ დავქორწინდით შვილები მყავდა და თავიდან რაღაც მომენტები იყო ოჯახის მხრიდანო.
– კი, ჩვენს შორის არის ასაკობრივი სხვაობა. ასე ხდება, ცხოვრებაში შეგხვდება ადამიანი, რომელსაც უცებ შეეწყობი ყველაფერში და ხვდები, რომ შენია. ალბათ, ღმერთმა შეგვახვედრა. იმდენად კარგი ურთიერთობა გვქონდა, რომ ეს ჩემმა მშობლებმაც დაინახეს და ახლა ძალიან უყვართ, იოახიმთან თბილი ურთიერთობა აქვთ. ესეც ძალიან გულიანი ადამიანია. ჩემი ოჯახი ძალიან უყვარს. დედაჩემს ვეუბნებოდი, თბილისში რომ ვიყავით, იმას უფრო ხშირად ამზადებდი, რაც ჩემს ქმარს უყვარს, ვიდრე რაც მე-მეთქი (იცინის). წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოვდივართ, სამწუხაროდ, მეტჯერ ვერ ვახერხებთ, რადგან ინტენსიურად ვმონაწილეობ კონცერტებსა და ფესტივალებში.
– მეუღლეს უყვარს საქართველო?
– ძალიან. ქართული არ იცის, მაგრამ თბილისში რომ ვართ, თავს სახლში გრძნობს, რაც ძალიან მიხარია. უყვარს ქართული ხელოვნება. სახლში ძველი ხევსურული სამოსი გვაქვს, ქართული ხალიჩა, ძველი ქართული სამკაულები, ქართველი მხატვრების ნამუშევრები. მათ შორის, ჩემი „მზიურელი“ მეგობრის, ირინა ელიაშვილის შემოქმედება. ასე რომ, ჩვენი სახლი ძალიან „ქართულია“. მისი ბევრი მეგობარი ჩამოდის ხოლმე საქართველოში.
– რაც შეეხება მშობლებს?
– დედას არ იცნობს საზოგადოება. ისიც და მამაც ძალიან თბილები და ალერსიანები არიან.
– დები თუ ჰგავხართ ერთმანეთს, ეკას ყველა იცნობს.
– მგონი, არა. ეკა, დეა და მე არც ხასიათით ვგავართ ერთმანეთს და არც გარეგნობით. თუმცა, სხვები გვამსგავსებენ. ეკას რაც შეეხება, ძალიან „ჩემი ადამიანია“. მახსოვს, სტუდენტობის პერიოდში სახლში რომ მოვიდოდა, იტყოდა: გამორთეთ ტელევიზორი, მე ვილაპარაკებო და ყვებოდა ისტორიებს. დღემდე ასეა, ისე მოგიყვება ფილმს, ყურება აღარ არის საჭირო – ნანახს მისი მოყოლილი სჯობს (იცინის).
– არ გქონიათ სურვილი, საქართველოში თქვენც ისეთი პოპულარული ყოფილიყავით, როგორც მამა და და?
– მგონი, ეს თავისთავად ხდება. ამას თავისი პლუსები აქვს, მაგრამ პოპულარობას უარყოფითიც მოაქვს, სულ ელოდებიან, რომ შენ ეტალონი უნდა იყო. ბავშვობიდან კომპლექსი მქონდა. „იმიტომ, რომ თემურ ჩხეიძის შვილი და მედეა ჩახავას შვილიშვილია“ – ყოველთვის ამაზე ხდებოდა ყურადღების გამახვილება, რაც დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებდა. მე უნდა ვყოფილიყავი ყველაზე წესიერი. არ ვიცი, ეს რამდენად კარგია. მოზარდს თავისუფლება უნდა ჰქონდეს. ცხოვრებაში ყველამ უნდა დაუშვას შეცდომები, რითაც ვსწავლობთ. მაგრამ ამის გამო სულ ვგრძნობდი, რომ მე არ მქონდა შეცდომის დაშვების უფლება. ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ევროპაში ჩამოვედი და აქ არავის შვილი და შვილიშვილი არ ვიყავი (იცინის). თუმცა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხალხს ჩემი ოჯახი ასე უყვარს.

скачать dle 11.3