კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 რას ყვება კორონავირუსზე ქართველი ემიგრანტი, რომელიც ესპანეთის ერთ-ერთ ჰოსპიტალში მუშაობს და რის გამო ტოვებენ ექიმები და ექთნები კლინიკას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  კორონავირუსთან ბრძოლაში ერთ-ერთი ცხელი წერტილი ესპანეთია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ყოველდღიურად გამოქვეყნებული სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მდგომარეობა მძიმეა. მარი ნავროზაშვილი ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ მანრესასის ცენტრალურ ჰოსპიტალში მუშაობს. ის პაციენტების კვებაზე ზრუნავს. მაშინ, როცა მსოფლიოს მასშტაბით, ექიმები და ექთნები ვირუსის შიშით საავადმყოფოებს ტოვებენ, მარის 22 წლის ქალიშვილი მოხალისეთა რიგებში ეწერება. კითხვაზე, ეშინიათ თუ არა დაინფიცირების, პასუხი შემდეგია: ჩვენ ქართველები ვართ და სხვანაირად არ შეგვიძლია.
მარი ნავროზაშვილი: ესპანეთში 2007 წლიდან ვცხოვრობთ მთელი ოჯახი. სამი შვილი მყავს, მაგრამ ერთ-ერთმა, ნატამ, საქართველო არ დატოვა და აქეთ ვერ წამოვიყვანე. გვეუბნება, საქართველოდან ყველა რომ წავიდეს, მერე რა ეშველება, როგორ უნდა განვითარდესო. სამკურნალო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ოთხი წელია, რაც ცენტრალურ ჰოსპიტალში ვმუშაობ. ეს იყო ჩემი მიზანი – ყოველ კვირას ცენტრალურ ოფისში მიმქონდა რეზიუმე, ოღონდ სხვადასხვა ფოტოებით, რომ იქნებ ავეყვანე. ესპანელებს უჭირთ უცხოელების მიღება, სხვა მენტალიტეტი აქვთ. ვფიქრობ, გამიმართლა და ერთ დღესაც, როგორც იქნა, დამირეკეს. მიყვარს, რასაც ვაკეთებ და სადაც ვარ. ჩემი მოვალეობაა პაციენტების კვებაზე ზრუნვა.
– ესპანეთში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თქვენს ჰოსპიტალში რა ვითარებაა?
– სტატისტიკასთან დაკავშირებით კომპეტენტური არ ვარ, რადგან ჩემი მოვალეობაა, პაციენტს გავუმზადო საუზმე, სადილი და ვახშამი. პაციენტის ცუდ მდგომარეობას იმ შემთხვევაში ვიგებთ, თუ დამირეკავენ და მეტყვიან: ექვსი პაციენტია კლინიკაში შემოყვანილი, აქედან ოთხი არ სადილობს. აქ უკვე გასაგებია, რაზეცაა საუბარი. რაც შეეხება გარდაცვლილებს, არ მგონია, სწორი ინფორმაცია ვრცელდებოდეს, რადგან ყველაფერს უკვე კორონას აწერენ. რამდენიმე დღის წინ ანევრიზმით დაიღუპა გოგონა და ისიც კორონას მიაწერეს.
– მაშინ, როცა ვირუსის გამო ადამიანები სამსახურს ტოვებენ, თქვენი შვილი მოხალისედ მუშაობს. არ გეშინიათ?
– ჩემს გოგონას სამედიცინო განათლება არ აქვს, მაგრამ ახლა, როცა ხალხს დახმარება და გვერდში დგომა ასე სჭირდება, შიშზე ფიქრის დრო არ არის. მუშახელი ფიზიკურად აღარაა. რეალურ ამბავს გეტყვით: ჩემმა ორმა თანამშრომელმა ნერვიულობის ფონზე აიღო ბიულეტენი. მსგავს დღეებს გაძლევენ მაშინ, როცა ვინმე გარდაგეცვლება, მაგრამ ამ ორმა ადამიანმა კორონას გამო გამოიყენა ეს შესაძლებლობა და კლინიკა დროებით დატოვა. როცა 17 ექთანი ბიულეტენზეა, სიმპტომების მიუხედავად, აქ უკვე ზედმეტია ყველაფერზე საუბარი. არ ვნერვიულობ იმაზე, რომ ჩემი შვილი ახლა კლინიკაში მუშაობს, რადგან ახალგაზრდაა, თან მისი გადაწყვეტილებაა და ვერაფერს ვეტყვი. დედაჩემი, რომელიც 65 წლის არის, უვლიდა 96 წლის ბაბუას, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს და მასთან ერთად 6 დღე გაატარა პალატაში. დედა 2-კვირიან თვითიზოლაციაში გაუშვეს, ტესტი არ გაუკეთეს, ბაბუას კი დაუდგეს მორფინი, რადგან ბევრი სხვა დაავადებაც ჰქონდა. დედა ყოველ დღე მირეკავს და მეუბნება: დე, იქნებ მოხალისეები სჭირდებათ, მე წავალ უფასოდო. არ მგონია, ამის შემდეგ ჩემი სამზარეულოში მუშაობა გასაკვირი იყოს. ჩვენ ხომ ქართველები ვართ და სხვანაირად არ შეგვიძლია.
– თავად გაქვთ ინფიცირებულებთან შეხება?
– არა, მე მევალება კონტეინერით საკვების ჩატანა და მერე თავად ექთნები ანაწილებენ. თუმცა, მიწევს საერთო ლიფტით სარგებლობა და კორიდორში გავლა.
– რამდენად რთულია ასეთ სიტუაციაში მუშაობა, როცა ბევრი პაციენტია და მედიცნა უძლურია... ქართველი პაციენტი გყავდათ?
– ემოციურად ძალიან რთულია, როცა ნახავ, კონტეინერი ამოვიდა და პაციენტს ხელი საერთოდ არ დაუკარებია. მხოლოდ მე ვრეკავ იმის გასაგებად, თუ რა მოხდა და იქიდან მპასუხობენ: აღარ არის – ეს შინაგანად განადგურებს, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვეცნობი პაციენტებს. მათი სახელები და გვარები დიეტებზე წერია, თან, შეუძლებელია, ყველა დაიმახსოვრო, ამიტომ პალატის ნომრებით ვაკეთებთ აღრიცხვას. ბოლო პერიოდში, როცა პალატამდე მიწევს ხოლმე მისვლა, ძალაუნებურად მესმის პაციენტების ხმები. თუ ადრე კორიდორში ერთი ზარი ისმოდა, ახლა დათვლა შეუძლებელია. ჩვენთან ქართველი კორონავირუსით ჯერ არავინ ყოფილა.
– თავად თუ გაიკეთეთ ტესტი კორონავირუსზე?
– კი, მაქვს გაკეთებული. დასაწყისში, როცა ვირუსი ასე არ იყო გავრცელებული, ბიულეტენზე ვიყავი – ორი თითი მქონდა ნატკენი. ჰოსპიტალში მივედი, რომ ბიულეტენი გამეგრძელებინა და კორიდორში თანამშრომელი შემხვდა, რომელსაც გამოველაპარაკე და ვკითხე, ამ მხრივ რა ვითარება იყო ჩვენთან. მითხრა, რომ სწორედ ამ ვირუსის მქონე პაციენტთან მიდიოდა. იმ საღამოს დამეწყო დაბალი სიცხეები და სუსტად ვიყავი. მერე დავრეკე სამსახურში, ჰოსპიტალში ვიყავი და იქნებ ვირუსი გადმომედო-მეთქი. როგორც თანამშრომელს, ტესტი ჩემმა სამსახურმა გამიკეთა, რომელიც ნეგატიური აღმოჩნდა და მითხრეს, რომ ჩემი სიმპტომები ემოციური ფონის ბრალი იყო. მე რომ თანამშრომელი არ ვყოფილიყავი, იგივე სიმპტომების მქონე ადამიანს ფიზიკურად ვერ გაუკეთებდნენ ტესტს, რადგან არ აქვთ მარაგი. რამდენიმე დღის წინ დაჯდა თვითმფრინავი, რომელმაც ჩინეთიდან და თურქეთიდან გამოგზავნილი ხელთათმანები და პირბადეები ჩამოიტანა. ჩემი ტესტის პასუხი რომ პოზიტიური ყოფილიყო, აუცილებლად ჩამოვიდოდი საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში მეტი გული და სულია, არ გექცევიან ისე, როგორც პაციენტ ნომერ რომელიღაცას. არსებულ მდგომარეობას საქართველო გადასარევად უმკლავდება. სტატისტიკა რომ დაიდო, სადაც კი შემეძლო, ყველგან გავავრცელე ფოტო და გაოგნებულები არიან.
– ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრები მოხუცებს საავადმყოფოებში ტოვებენ. თან, მათი გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელია...
– მოხუცებში იმიტომ არის მაღალი მაჩვენებელი, რომ 80 წელს გადაცილებულ ხალხს აქვთ ქრონიკული დაავადებებიც და ამ ვირუსს ვერ ებრძვიან. თორემ, არიან 30-35 წლის ექთნები, რომლებსაც ვირუსი დაუდგინდა და სრულიად უსიმპტომოდ გადაიტანეს. დეზინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მოხუცები მიტოვებულები არიან. ასე არაა. ბოლო დღეებში მდგომარეობა გაუმჯობესდა.

скачать dle 11.3