№15 ნამდვილი ქართველი
სერ შონ კონერის საბჭოთა კავშირში გამომგზავრებამდე ურჩიეს, რომ კავკასია მოენახულებინა. თენგიზ არჩვაძემაც მოინდომა, რომ ბრიტანელი საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოეყვანა, მაგრამ „შესაბამისმა სამსახურებმა“ ამისი ნება არ მისცეს. სამაგიეროდ, არჩვაძემ კოლეგას ქართული სუფრა და მისი ტრადიციები მაინც გააცნო. მოსკოვში მდებარე რესტორან „არაგვში“ ხშირად ეპატიჟებოდა. კერძებიდან კონერის განსაკუთრებულად მაინც ხაში მოეწონა და მეგობრებიც ყოველ კვირა დილით „არაგვის“ მუდმივი სტუმრები იყვნენ (ამ რესტორანში ხაშს რატომღაც მხოლოდ კვირა დილაობით აკეთებდნენ). ქეიფის ხარჯებს მუდმივად თენგიზ არჩვაძე იხდიდა. როდესაც შოტლანდიელმა ამაზე მიუთითა, შემდეგი პასუხი მიიღო: თქვენ მილიონერი კი ბრძანდებით, მაგრამ მე ქართველი ვარო.