კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

  ალი-ჯაფარ-კული ოღლი, სეიდაბადელი დალაქი. იჯდა მექოშეთა რიგში, ბატონიშვილი თეკლეს ქარვასლის უკან და პარსავდა თავებს. ერთხელ ზემო ქალაქში ავიდა და თამამშევის თეატრთან მოკრებილი ხალხი ნახა. ის არ იცოდა, რომ შიგ იტალიელი ბარბიერის ტრუპპა დონიცეტის ოპერას მღეროდა. მაგიერად ხედავდა გულამოჭრილ კაბებს და ზედ ასხმულ ოქროულს. ეს რომ იხილა, თავისი სამართებელი მოისროლა და რევოლვერი აიღო. ეს რევოლვერი სალდათის ბაზარზე იყიდა შვიდ მანეთად. ამით წავიდა ის ჰანის ქუჩაზე, შევიდა ბლოტის ფრანგულ მაღაზიაში, დაჰკრა იარაღი თავში დახლიდარს და რაც ხელში მოხვდა – სპილოს ძვლის ნაკეთობები, ოქროული, მარგალიტით გაწყობილი თავში გასაკეთებელი ბუმბულები, დასტაცა ერთიანად და კლდის უბნისაკენ გაიქცა, იქიდან კი ციხის ნანგრევებში დაიმალა. ყაჩაღობა ისე იოლად გამოუვიდა, რომ თავში შემდეგიც დაიჭირა. მან შეკრიბა შიიტი ალი-ომარ-ოღლი, სუნიტი ედიგარ-აზიზ-ოღლი და ერთიც სპარსელი სომეხი და აღდგომის შემდგომ კვირას ისინი ფაგეს მაღაზიას დაეცნენ, გუბალოვის სახლში და ნაძარცვით გამოიქცნენ. ნადავლი დაალაგეს ედიგარ-აზიზ-ოღლის სახლში. ნაძარცვს შორის იყო, ასევე, ბოთლებით – კირშ-ვასერი, რომი, ხერესი, კონიაკი და გამოალაგეს ეს უცხო სითხე და გამოცალეს ბოლომდე. ალი-ჯაფარს სიმთვრალე აქამდე არ ენახა. ის ვერ ხვდებოდა, რატომ უტრიალებდა თავი და არეოდა ყოველივე. სიმთვრალემ მოიტანა ბრაზი, მერე ჩხუბი და ამან დასცა ხანჯალი მის გვერდით მყოფ ედიგარ-აზიზ-ოღლის და მოკლა. ასე ჩაიდინა პირველი მკვლელობა. შემდეგ მათ იწყეს ზემო და ქვემო ქალაქის ღამის გამვლელთა ძარცვა და ალაფს კოწია ქსენაშვილის ქვრივს აბარებდნენ. 1852 წელს თათრების სასაფლაოზე ნადავლის გაყოფისას ის აუხირდა ალი-ომარ-ოღლის და იმან ხანჯალი დაკრა და თავი მოაჭრა. ტანი მეორე დღეს გარადავოი ხრამიხმა იპოვა და თავის საძებნად წავკისის წყლისაკენ დაეშვა. ეს ის დღე იყო, როცა მთავარმართებლის ბრძანებით, ველიამინოვის ქუჩაზე, საანატომიო თეატრში გამოფინეს მოჭრილი თავი მეამბოხე ჰაჯი მურატისა, თეთრი ეშმაკისა.
  ნიკოლაი დიმო, ფოტოგრაფი, ყალბი ფულის მომჭრელი. 1893 წელს კაპიტან შადინოვთან ერთად გახსნა მიხეილის ქუჩაზე ფოტოგრაფიული სალონი, თუმცა, საქმეები კარგად არ წაუვიდა. ამ დროს მას ლიტოგრაფმა ვარტ-ბარონოვმა ასკარ ზეინალოვი გააცნო, ვინაც შესთავაზა, მის სახლში, ძველი დამოჟნის ქუჩაზე, გადაეტანათ ფოტოგრაფია, და რაკი იქ, ახლოში სხვა ასეთი არაფერი იყო, წარმატებაც აღუთქვა. დიმო დათანხმდა, მაგრამ ხეირი ვერც აქ ნახა და უკვე ფიქრობდა, სხვა საქმისათვის მოეკიდა ხელი, როცა ზეინალოვმა მას ყალბი ფულის მოჭრა შესთავაზა. ეს თავიდან იყო ხუმრობით ნათქვამი, შემდეგ კი კარტი მთლიანად გახსნა. დიმო უარზე იყო, მაგრამ ზეინალოვი არ ეშვებოდა და ბოლოს დაითანხმა. ზეინალოვმა ჯერ გალვანოპლასტიკურ კურსებზე იარა ვიღაც კოჩანოვსკისთან, მაგრამ დაატყო, რომ ამ ხერხით ფულის მოჭრა ვერ ხერხდებოდა. შემდეგ თავის ნაცნობ ვარტ-ბარონოვს მიუბრუნდა და მასთან გადმოსვლა და ლიტოგრაფიულ წესზე ფულის მოჭრა შესთავაზა. 1895 წელს საქმეს სამნი შეუდგნენ, თუმცა დაბეჭდილი ფულის ხარისხმა არ ივარგა. ზეინალოვი მაინც არ მოეშვა ჩანაფიქრს და მოძებნა სვირიცკი, ფოტოტიპიური საქმის მცოდნე და ახლა ის დაასახლა თავისთან და ამ საქმის უკეთ შესწავლაში ფულის გადახდა შესთავაზა. დიმო კარგად ითვისებდა, პირველი ფულის გაყალბებაში სვირიცკიც მონაწილეობდა, თუმცა, მერე შეშინდა და მათ ჩამოშორდა. ვარტ-ბარონოვმაც აღარ გააგრძელა. ზეინალოვმა და დიმომ კი ჩარხი იყიდეს, თან ყურადღება რომ არ მიექციათ, ნაწილ-ნაწილ შეიძინეს. ერთი დეტალი თითქოს სულაც ლავაშების გამოსაცხობად დაამზადებინეს და ამას საიდუმლო კარადაში ინახავდნენ. სახელოსნო ორ ნაწილად გაიყო, ერთი – შეკვეთებისთვის, მეორე – ფულის ბეჭდვისთვის. ეს საქმე ფართოდ გაჩაღდა და ფული ნელ-ნელა მთელ კავკასიაში გავრცელდა, საგანგებოდ მიჰქონდათ ბაქოში. ბეჭდავდნენ ათ, ხუთ და ერთ მანეთიანებს. ყალბი ფულის ოდენობა კავკასიაში სულ უფრო მატულობდა. პოლიციამ დაადგინა, რომ ამის ბეჭდვა ტფილისში ხდებოდა და ბოქაულმა გლებოვმა თავის აგენტებს მოსთხოვა, რაც შეიძლება მეტი ყალბი ფულის ყიდვა და ერთი წლის მანძილზე ხუთი ათას მანეთს მოუყარა თავი. ყოველ ას მანეთში ოცდაათ მანეთს იხდიდნენ. ასეთი ხერხით მოხდა გლებოვის აგენტებისა და გამსაღებლების დაახლოება, იმათაც მოადუნეს ყურადღება და საუბარში გათქვეს, რომ ფული ძველ დამოჟნის ქუჩაზე, დიმოს ფოტოგრაფიაში იბეჭდებოდა. ჩხრეკამ არაფერი აჩვენა, თუმცა, ნათელი იყო, რომ ამ მიყრუებულ ადგილას ფოტოგრაფია ვერ იარსებებდა. გაჩხრიკეს ზეინალოვის სახლიც, მისი ნათესავის, სალმან ნარიმანოვის ბინაში კი ბუხრის საკვამურში ნაჭერში გახვეული ყალბი ათმანეთიანების დასტა იპოვეს. ნარიმანოვმა ჩუმად ბიჭიც გაგზავნა ზეინალოვთან გასაფრთხილებლად, რომ ფული უპოვეს და ამ საუბარს გლებოვიც შეესწრო, თათრული რომ იცოდა და შინაარსიც გაიგო. ზეინალოვმა კი ამის შემდეგ თვითონ მოიტანა ყალბი ფულის შეკვრა პოლიციაში და თქვა, რომ შემოუგდეს და მტრები მისი სახელის გასვრას ცდილობდნენ. ვერაფერი მტკიცდებოდა, მაგრამ ორ დღეში პოლიციაში დიმო გამოცხადდა და აღიარა, რომ ყალბი ფულის მბეჭდავი ის არის, აჩვენა დაზგაც და გათქვა დამალული ფულის ადგილსამყოფელიც. სხვენში შენახული 13 ათასი მანეთიც გამოაჩინა და ბევრი დაუმთავრებელი საკრედიტო ბილეთიც. ზეინალოვმა თავის მოკვლა სცადა და იარაღი დაიცა, თუმცა გადარჩა. მას 8 წელი კატორღა მიესაჯა, ვარტ-ბარონოვს და სვირიცკის – ასევე, კატორღა 4 წლით.
  გიგუცა ელიზბარაშვილი, კინტო, ზაფხულში ხილის დამტარებელი, ზამთარში წვრილი ნივთებით მოვაჭრე. გარეული არაერთ დანაშაულში, ქურდობის გამო იჯდა ოთხი თვე მეტეხის ციხეში, შემდეგ სამოდუროვის გაძარცვისთვის – წელიწად-ნახევარი. ამ საქმეში ის ტატო წულუკიძემ გასცა. მისმა ყოფილმა დამქაშმა, ერთად მურადოვი რომ გაქურდეს და 1880 წელს რევაზოვი დააყაჩაღეს. მას მერე ელიზბარაშვილმაც გასცა ტატო და ყავახანის პატრონი ავლაბრელი საკო არუთინოვის მკვლელობა გათქვა. ყელგამოჭრილი საკო მაშინ ორთაჭალის ბაღებთან, მტკვრის პირას იპოვეს. ელიზბარაშვილს უყვარდა მალაკნების ბაზარზე სიარული, ჩიტებს სადაც ჰყიდდნენ, იქ ყველას იყიდდა, გალიებს გააღებდა და გაუშვებდა, თავისუფლებას ჩუქნიდა. თვითონ ის ოტია ჩარდანაშვილის დაყაჩაღების გამო დაიჭირეს. მიესაჯა ხუთი წლით და ოთხი თვით კატორღა.

скачать dle 11.3