№15 ვირუსი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #13-14(1005)
პრემიერს ელჩისთვის არ უკითხავს, საიდან ჰქონდა მას ამ კონფიდენციალური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია. უბრალოდ, გაეღიმა და მიუგო:
– მე თანახმა ვარ. მთავარია, ბატონი ომარ ხიდაშელი არ იყოს წინააღმდეგი.
– ვფიქრობ, ისიც ამ აზრზე იქნება. ჩვენები უკვე დაეკონტაქტებოდნენ ბატონ დოქტორს და მას აქ მოიყვანენ. სასურველია, რომ თქვენც აქ დახვდეთ და მის დარწმუნებაში დაგვეხმაროთ, – თქვა ელჩმა, რაზეც მას პრემიერი დაეთანხმა.
მართლაც, ნახევარი საათის შემდეგ ომარ ხიდაშელი ელჩის კაბინეტში შევიდა და პრემიერის დანახვა არ გაჰკვირვებია. შეერთებულ შტატებში სამუშაოდ გამგზავრებაზეც თანხმობა განაცხადა და ორი საათის მერე მეუღლესთან ერთად სპეცრეისით შტატებში გაფრინდა. თბილისში მყოფმა „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ სპეცჯგუფმა კი საიდუმლო ოპერაცია დაიწყო, რომელიც დოქტორ ხიდაშელის საქმიანობის დაფარვას ემსახურებოდა. ოპერაცია უშიშროების მინისტრთან იყო შეთანხმებული და სამინისტროს ყველაზე ერთგული და კარგად გაწვრთნილი ოპერაციული ქვედანაყოფი მონაწილეობდა ამერიკელ ფედერალებთან ერთად. ამ, ეგრეთ წოდებული, დაფარვის ოპერაციის მიზანი იყო იმ დაინტერესებული მხარის აგენტთა გამოვლენა და განეიტრალება, რომელიც ხიდაშელის საქმიანობის გარკვევას შეეცდებოდნენ. ხოლო ასეთი ინტერესი რომ გამოჩნდებოდა, ფედერალები ამაში დარწმუნებულები იყვნენ. სწორედ ამ ოპერაციის დროს გაიშიფრა სავლე წილოსანი. როდესაც პოლოკოვნიკი დოქტორ ომარ ხიდაშელის საქმიანობით დაინტერესდა. მოღალატე წილოსანს კუდზე დაასხდნენ და ჯერ მისი საიდუმლო გზავნილები გაშიფრეს, შემდეგ პოლკოვნიკი აიყვანეს და ყველაფერი დააფქვევინეს. ამერიკელი ფედერალები კი მიჰყვნენ პოლკოვნიკის საიდუმლო ანგარიშს და კვალმა ისინი მელორ ჯობსამდე მიიყვანა. სწორედ ამის გამო ელოდნენ დოსტის წარმომადგენელს ამერიკელები თბილისის აეროპორტში და პუშკინის სკვერშიც თავიანთი აგენტი გაგზავნეს შეხვედრაზე. ამერიკელებს ხიდაშელის ისტორიასთან დაკავშირებით თავიანთი ვერსია ჰქონდათ და იმიტომ არ დააპატიმრეს ჯობსი, რომ ვერსიის დოკუმენტური დადასტურება მიეღოთ. ჯობსის დაპატიმრება კი თუნდაც ყალბი პასპორტის გამოყენების გამო შეეძლოთ, მაგრამ ფედერალები არ ჩქარობდნენ და ქართველ კოლეგებთან ერთად განაგრძობდნენ ინტენსიურ თვალთვალს.
პუშკინის სკვერიდან წასული ჯობსი სასტუმროში დაბრუნდა და საღამომდე გამოიძინა. შემდეგ გარეთ გავიდა და ფეხით გაუყვა საღამოს თბილისის ქუჩებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯობსი დარწმუნებული იყო ქალაქში „სუფთად“ მოძრაობდა, როგორც ეს გამოცდილ აგენტს შეეფერება, მაინც გადაამოწმა. რამდენიმე ეშმაკური მანევრი გააკეთა, მაგრამ მოთვალთვალე ფედერალები ვერ შენიშნა. როცა დარწმუნდა, რომ არავინ მიჰყვებოდა, გეზი დიდი დიღმისკენ აიღო და ერთ-ერთ ახალაშენებულ ბინაში შევიდა. იქ 40 წუთი დაჰყო და კვლავ სასტუმროში დაბრუნდა და დაიძინა. ფედერალების ერთი ჯგუფი კვლავ ჯობსს აედევნა. მეორე ჯგუფი კი დიდი დიღმის ბინაში ფარულად შევიდა და იქაურობა დაათვალიერა. ყველაფერს სურათები გადაუღეს. ფარულადვე გამოვიდნენ იქიდან და დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდნენ. ჯგუფის მეთაური კრის ლანსი კი „ეფბეერის“ კონსპირაციულ ბინაში გაემართა და ჯორდან კლაუსს წარუდგა. ის „ეფბეერის“ წარმომადგენელი და ოპერაციის ხელმძღვანელი იყო. ლანსმა კლაუსს კონსპირაციულ ბინაში გადაღებული ფოტოები უჩვენა. მათზე სპეცაგენტისთვის საჭირო სპეცმოწყობილობები, სპეციარაღები და სხვადასხვა სახის პროდუქტებად შენიღბული მომწამვლელი ნივთიერებები იყო აღბეჭდილი. ოპერაციის ხელმძღვანელმა თავი გააქნია და ლანსს უთხრა:
– გამოდის, რომ ვერ ვხვდებოდით და ჯობსი აქ ომარ ხიდაშელის მოსაკლავადაა ჩამოსული.
– დიახ, ასეა, მისტერ კლაუს და ხომ არ ჯობია, რომ ის ავიყვანოთ? – თქვა ლანსმა.
– ჯერ ადრეა. ჯობია, ფაქტზე დავიჭიროთ. მთავარია, დოქტორ ხიდაშლის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია და ის მიუწვდომელია. ბოროტმოქმედის განეიტრალება კი ტექნიკის საქმეა და არ უნდა ჩავფლავდეთ. დაისვენეთ, კრის, წინ შრომატევადი სამუშაო გვაქვს და ძალები დაგვჭირდება, – უთხრა კლაუსმა ლანსს და ოთახიდან გაისტუმრა.
***
პოლკოვნიკ წილოსნის სახელით შენიღბულმა უშიშროების თანამშრომელმა ორი დღის შემდეგ დაურეკა ჯობსს, ძველ ადგილზე დაუნიშნა შეხვედრა და უთხრა:
– 200 ათასი დოლარი თან გაქვთ, მისტერ კოლბი?
– ინფორმაცია მოიპოვეთ? – მიუგო ჯობსმა, თქვით, გისმენთ!
– საქონელი უმაღლესი ხარისხისაა. რა გარანტია მაქვს, რომ არ გადამაგდებთ? აი, მე კი ვერსად გაგექცევით. ჩემზე სასიკვდილო კომპრომატი გაქვთ და გამოჭერილი გყავართ. ფული ქეშად მინდა. ან ნაღდი ფული ინფორმაციის სანაცვლოდ, ან კი, რაც გინდათ, ის გააკეთეთ. შეგიძლიათ, ჩამიშვათ ჩემს მთავრობასთან.
– კარგი. ერთ საათში ფულს მოგიტანთ და აქ შევხვდეთ ერთმანეთს. მაგრამ თუკი რამეს მატყუებთ ან გაქცევას შეეცდებით, იცოდეთ, ვერსად დაგვემალებით და საშინელი სიკვდილი გელით, – თქვა ჯობსმა და წავიდა.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ტაქსით გაემართა დიდ დიღომში, მაგრამ სხვა კონსპირაციულ ბინაში, სადაც დიდძალი ფული ინახებოდა, სხვადასხვა ვალუტაში 200 ათასი დოლარი აიღო და პუშკინის სკვერში დაბრუნდა. „პოლკოვნიკს“ ტყავის ჩანთა მისცა და უთხრა:
– იმედია, დათვლას არ მოინდომებთ. აბა, თქვით, თქვენი ინფორმაცია.
– გენდობით, – თქვა „წილოსანმა“. ჯობსს დაბეჭდილი კონვერტი მისცა და დაამატა, – აქ ომარ ხიდაშლის ვილის ზუსტი გეგმა, დაცვის წევრების რაოდენობა და განლაგებაა აღწერილი. სულ ექვსი კაცი იცავს. ძაღლები არ ჰყავთ. პროფესორს ძაღლების ეშინია და ვილაზე არ გააჭაჭანებინა. ლაბორატორიაში კი, სადაც ხიდაშელი მუშაობს, შეღწევა შეუძლებელია, – თქვა „პოლკოვნიკმა“.
– ასეთი დაწვრილებითი ინფორმაცია როგორ მოიპოვეთ? – ეჭვით იკითხა ჯობსმა.
– სრულიად შემთხვევით, მისტერ კოლბი, – თქვა „წილოსანმა“.
– მაინც, როგორ? – დაინტერესდა ჯობსი.
– როგორ და დაცვის ერთ-ერთი წევრი ჩემი დის ქმარი აღმოჩნდა. ის უშიშროების სპეცრაზმის მებრძოლია და ეს ცნობები მან მომაწოდა. სანაცვლოდ კი ნახევარი მილიონი მომთხოვა და იქნებ თქვენ გადაუხადოთ? – თქვა „პოლკოვნიკმა“.
– ისედაც ბევრი ფული მიიღეთ, პოლკოვნიკო, შემთხვევით მოპოვებულ ინფორმაციაში და იკმარეთ. ახლა კი დროებით უნდა დაგემშვიდობოთ და ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყავით, რომ არ გაიშიფროთ. მე აღარ დამირეკოთ და თვითონ დაგიკავშირდებით. გასაგებია? – უთხრა ჯობსმა „პოლკოვნიკს“ და წავიდა...
***
მელორ ჯობსი საქართველოს უშიშროების სამინისტროს სპეცდანაყოფმა და „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ სპეცაგენტებმა ფიქრის გორაზე მდებარე ერთ-ერთ ვილაში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის იქ შეიპარა. ყოფილ „ცეერუელს“ ქილერი აგენტისთვის საჭირო თანამედროვე შეიარაღება და აღჭურვილობა ჩამოართვეს, გააშიშვლეს და განმეორებით გაჩხრიკეს. შემდეგ მხოლოდ ტრუსები ჩააცვეს და უფანჯრებო, სპეციალურ დასაკითხ ოთახში გადაიყვანეს, რომელიც „ეფბეერის“ ერთ-ერთ თბილისურ კონსპირაციულ ბინაში მდებარეობდა. დაკითხვას მხოლოდ ჯორდან კლაუსი აწარმოებდა, რომელიც ფირზე იწერდა ამ პროცესს და ასეთი მითითება მას ბიუროს შეფისგან პირადად ჰქონდა მიღებული. კლაუსი შეფის დიდი ნდობით სარგებლობდა და მათ ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდათ. კლაუსი „ბიუროს“ ძველი სპეცაგენტი იყო, ერთ-ერთ საიდუმლო ოპერაციაში ჰქონდა მიღებული მონაწილეობა და მრავალ საიდუმლოს ფლობდა. ოპერაცია „ღორის გრიპის“ საქმის კულმინაციაც შეფმა სწორედ იმიტომ დაავალა კლაუსს, რადგან „ეფბეერის“ დირექტორმა იცოდა, რომ ეს ისტორია რამდენიმე ძალიან საშიშ საიდუმლოებას აერთიანებდა.
კლაუსმა ფოლადის სკამზე მიბმულ ჯობსს თავიდან ტომარა მოხსნა და უთხრა:
– ჯობს, თუ სიცოცხლე გინდა, ყველა კითხვაზე სწორი პასუხი უნდა გამცე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგაქრობთ. „ცეერუს“ ძველი სპეცაგენტი ხარ და ასეთი ტექნოლოგიები კარგად იცი.
– ვინ ხართ? – იკითხა ჯობსმა.
– ამას მნიშვნელობა არ აქვს. კითხვაზე სწორად მიპასუხე.
– თქვენი მოთხოვნები რომ დავაკმაყოფილო, რა გარანტია მაქვს, რომ ცოცხალს დამტოვებთ? – ირონიით თქვა ჯობსმა.
– მხოლოდ ნაწილობრივ ხარ მართალი, ჯობს. ხომ ხედავ, ჩემს ვინაობას არ გეუბნები და გარანტიადაც ეს ჩათვალე. თანაც, მხოლოდ დაბმული ხარ და სპეცზომებს არ ვიყენებთ, – თქვა კლაუსმა.
– რა გაინტერესებთ? – იკითხა ჯობსმა.
– ომარ ხიდაშელის მოკვლა რატომ გინდოდა? – ჰკითხა კლაუსმა ჯობსს.
– იმიტომ, რომ „ღორის გრიპის“ გასანეიტრალებელი ვაქცინა არ გამოეგონებინა, – თქვა ჯობსმა.
– რატომ არ გინდოდა, რომ ხიდაშელს ეს ვაქცინა გამოეგონებინა? – იკითხა კლაუსმა.
– ეს ირვინ დოსტს არ სურს, – თქვა ჯობსმა.
– რატომ არ სურს ეს ირვინ დოსტს?
– მას ანტიეპიდემიური ვაქცინაც აქვს, რომლის მასობრივი გაყიდვითაც ტრილიონების შოვნასა და საკუთარი სახელის კიდევ უფრო განდიდებას გეგმავს. დოსტი ამ წამლის გამოჩენას ორი თვის მერე აპირებს. მაშინ, როდესაც „ღორის გრიპისგან“ გარდაცვლილთა რიცხვი მილიონებზე ავა, – განმარტა ჯობსმა.
– კარგი. ყველაფერი გასაგებია, – თქვა კლაუსმა და ჩაწერა შეწყვიტა, სახეზე ნიღაბი აიფარა, შემდეგ ჯობსს მიუახლოვდა და პულვერიზატორიდან ხსნარი პირდაპირ სახეში შეასხა.
– ჯობსს ჯერ თვალები გაუფართოვდა, შემდეგ კი გაწითლდა და ადგილზევე გარდაიცვალა. კლაუსმა მკვდარი ჯობსი სკამიდან მოხსნა და გვერდით ოთახში გაათრია. სააბაზანო ავზში მოათავსა და ორასლიტრიანი ბაკის ონკანი გახსნა, საიდანაც სპეციალური მჟავა პირდაპირ მის სხეულზე მიუშვა. ათიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ მჟავაში გახსნილი ჯობსის სხეული საკანალიზაციო მილმა შთანთქა.
***
მეორე დღეს კლაუსმა ჯობსის აღიარებითი ჩანაწერი ბიუროს დირექტორს გადასცა და უთხრა:
– აი, გაეცანი, ყველაფერი ისეა, როგორც ვვარაუდობდით და „ღორის გრიპი“ მართლაც ირვინ დოსტის ნამოღვაწარია.
– ყოჩაღ, ყველაფერი რიგზეა და ჩვენ არაფერი ვიცით. ხიდაშელმა უკვე შექმნა ანტივირუსი და მაქსიმუმ, ერთ კვირაში მისი მასობრივი წარმოება დაიწყება. აი, ვისკი ჩაარტყი და წადი, დაისვენე. სოლიდური თანხა ანგარიშზე ჩაგერიცხება და ჩათვალე, რომ ვაშინგტონში ხარ გადმოყვანილი, – უთხრა შეფმა კლაუსს და მას მერე, რაც მათ ვისკი შესვეს, ძველი მეგობარი კაბინეტიდან გაისტუმრა.
კლაუსი იმავე ღამეს თავისსავე საწოლში, ძილში გარდაიცვალა და მისი ცხედარი მხოლოდ დილით აღმოაჩინეს. გაკვეთამ ინსულტის დიაგნოზი უჩვენა და აზრადაც კი არავის მოსვლია, რომ ინსულტის გამომწვევი მიზეზი ვისკიში გარეული, ნელმოქმედი სპეცპრეპარატი იყო...
***
მკრთალად განათებულ მოზრდილ ოთახში ოვალურ მაგიდასთან თორმეტი ადამიანი იჯდა და მათ შორის იყო ნობელის პრემიის ლაურეატი, მსოფლიო მილიარდერთა სამეულის წევრი, 68 წლის ირვინ დოსტი. ფარმაკოლოგიური კომპანიის მფლობელს სახეზე ფერი არ ედო, რადგან დანარჩენი თერთმეტი დამსწრე მას უტევდა და საიდუმლოს გათქმაში სდებდა ბრალს. ბოლოს სამოციოდე წლის ხმელ-ხმელმა, მაღალმა მამაკაცმა სიჩუმე ითხოვა და თქვა:
– კარგი, მეგობრებო, დამშვიდდით. მართალია, ბატონმა დოსტმა ვერ შეასრულა ბოლომდე დასახული გეგმა, ლამის მთელი ჩვენი საბჭო გაშიფრა და „ფეესბემ“ ფაქტობრივი ჩანაწერიც კი მოიპოვა, მაგრამ მთავარია, ეს დროზე აღვკვეთეთ და კვალი წაიშალა. ჩვენ ორი მიზანი გვქონდა – ჩვენი კაპიტალის გაზრდა, რაც ვერ მოვახერხეთ და მეორე და მთავარი – მსოფლიოს დამორჩილება ხელოვნურად შექმნილი პანიკით. ტესტირებამ მშვენივრად ჩაიარა და ვხედავთ, რომ ჩვენი პლანეტის მოსახლეობა მშვენივრად ექვემდებარება ზემოქმედებას. აი, ესაა მთავარი და როდესაც დღე იქსი დადგება და ხალხის დამორჩილება დაგვჭირდება, ამას ჩვენ კარგად მოვახერხებთ. რაც შეეხება ტრილიონების შოვნასა და ჩვენი კაპიტალის გაზრდას, ამას ცოტა ხნის მერე, სხვა გზით უფრო კარგად შევძლებთ. ასე რომ, ამ ეტაპზე ჩვენი მისია მშვენივრად შევასრულეთ, – ხმელ-ხმელმა პაუზა გააკეთა და დოსტს მიუბრუნდა:
– ყველაფერი კარგადაა, ირვინ. დამშვიდდი, აი, წყალი დალიე.
მეორე საღამოს კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ირვინ დოსტი თავისი ფარმაკოლოგიური კომპანიის სამოცდამერვე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
ორი დღის შემდეგ კი მსოფლიო პრესა ახალმა სენსაციამ მოიცვა და პლანეტის მოსახლეობას ანტივირუსული პრეპარატის შექმნასა და ეპიდემიის დასრულებას ულოცავდნენ...
დასასრული