კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№15 სამაგიერო

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი


მეორე მოთხრობა ციკლიდან „ოჯახური ისტორიები“



გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #14(1005)

გონს რომ მოვედი, ჩემი მშობლების საწოლი გასწორებული იყო, თავს ექიმები მეხვივნენ და ზოგი რას მიკეთებდა და ზოგი – რას.
მამა ისევ ქანდაკებასავით იჯდა, ოღონდ ამჯერად ჩაცმული ქანდაკებასავით და საწოლიდან სკამზე გადაენაცვლა. გულგახეთქილი თვალებით შემომცქეროდა, შიშითა და სირცხვილით აღსავსე თვალებით. თავიდან გავიფიქრე, ალბათ, ჩემ გამო შეეშინდა, რომ ასეთი სურათის ხილვისას გული არ გამსკდომოდა-მეთქი (სირცხვილის მიზეზს მაშინვე მივხვდი), მაგრამ ცოტა ხანში, ჩემი დაბინდული გონებისთვისაც კი ნათელი გახდა, რისი ეშინოდა – მისი საიდუმლო არ გამეთქვა, არ გამეთქვა ექიმებთან და, რაც მთავარია, დედაჩემთან.
მთელი ღამე უხმოდ და გაუნძრევლად ვიწექი. მთელი ღამე საწოლთან, სკამზე იჯდა მამაჩემი და სახეში მომჩერებოდა. მეორე დღეს ავდექი და სახლიდან გავედი. მამამ ვერ გაბედა, ეკითხა, სად მიდიხარო, მხოლოდ თვალი გამომაყოლა. მაშინ მობილურები არ იყო, სახლის ტელეფონი კი არ მუშაობდა. ამიტომ გვერდითა კორპუსის პირველ სართულზე მდებარე საფოსტო განყოფილებისკენ გავწიე და ბებოსთან დავრეკე, უფრო სწორად, დედასთან.
– რა მოხდა? – იკივლა დედაჩემმა, – ხომ მშვიდობაა, რატომ მირეკავ ამ უთენია?
– დღესვე წამოდი! – ვუბრძანე მოკლედ.
– მამაშენი ცოცხალია? – მეორედ იკივლა დედამ.
– ჰო, მაგრამ ახლავე წამოდი! – ისევ ვუბრძანე მე, – დანარჩენს მერე გეტყვი!
– სამსახურიდან გამოუშვეს?
– არა.
– გაგვქურდეს?
– არა.
– ხანძარი გაჩნდა?
– არა.
– შენ შეგემთხვა რამე? – ისეთი გაყინული ხმით მკითხა დედამ, მაშინვე მივხვდი, რაც იგულისხმა.
– არა.
– აბა, ვის? – უკვე აშკარად კარგავდა მოთმინებას.
– შენ!
– რაებს მიედ-მოედები, გოგო, მთვრალი ხომ არ ხარ? – სერიოზულად გამიბრაზდა დედა, – მე რა უნდა შემმთხვეოდა?
– რომ ჩამოხვალ, მერე გეტყვი-მეთქი.
– ახლა მითხარი, თორემ გავგიჟდები, იცოდე!
– ფოსტიდან გირეკავ. აქ კი ხალხია და ყველა გაიგონებს.
– მითხარი-მეთქი! – უკვე მერამდენედ იკივლა დედაჩემმა.
– კარგი, გეტყვი: გუშინ შენმა ქმარმა გიღალატა.
– რა-ა?! – ამოიხავლა დედამ.
– შენსავე საწოლში, მარგოსთან.
მეტი აღარაფერი გამიგონია, ბრახვანის გარდა – მივხვდი, რომ დედა წაიქცა, მაგრამ ფოსტიდან რას ვუშველიდი.
ამ ყველაფერს კი ის მოჰყვა შედეგად, რომ დედაჩემი მთელი არმიით ჩამოვიდა სოფლიდან (თან წამოიყვანა დედ-მამა, თავისი ორი ძმა, ორი ბიძა და, ცხადია, ჩემი სამივე და-ძმა) და დედას „მაყრებმა“ გაოგნებულ მამაჩემს, როგორც ქუჩის ბიჭები იტყვიან, ისე „ააცმევინეს“, სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ მისცეს. იმ მომენტში მამა ისეთი საცოდავი იყო, კინაღამ შემებრალა, მაგრამ უცებ გამახსენდა, რომ ეს არ იყო მისი პირველი ღალატი, უბრალოდ, წინა შემთხვევებზე დედაჩემმა ვერცერთხელ ვერ გამოიჭირა, თუმცა იმ ქალების სახელებიც იცოდა, გვარებიც და ლამის ფეხის ზომაც. იცოდა, მაგრამ მაინც ყველა ღალატი აპატია – ეტყობა, ან მართლა ძალიან უყვარდა ქმარი, ან ქალური თავმოყვარეობის დეფიციტი ჰქონდა. არ არის გამორიცხული, ამჯერადაც ეპატიებინა, მაგრამ, ჩემი აზრით, სამი რამ ვერ მოინელა: პირველი ის, რომ მე, 15 წლის ლაწირაკი, თავზე წავადექი შიშველ მამაჩემს, რომელიც შიშველ მეზობელთან ბღლარძუნობდა; მეორე ის, რომ ეს ქალი დედაჩემის მეგობარი იყო და, მესამე, რომ ეს ყველაფერი დედაჩემის საწოლში ხდებოდა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ არსაპატიებლად ამ სამიდან ერთი მიზეზიც საკმარისი იყო.
ერთი სიტყვით, მამაჩემი ყველანაირად დამცირებული გააგდეს სახლიდან და, გამოგიტყდებით, ნერვიც კი არ ამტოკებია, გულში მიხაროდა კიდეც, რომ, ბოლოს და ბოლოს, როგორც ერთი მულტფილმის პერსონაჟი ამბობს, „სამართალმა პური ჭამა“. თუმცა რაღაცნაირი გაორებული გრძნობა დამეუფლა: თან სამართლიანობის განცდა ზეიმობდა ჩემში, თან კი, გულის სიღრმეში, სადღაც ძალიან შიგნით, ვგრძნობდი, რომ ძალიან ცუდად მოვიქეცი, რომ ყველას ვუღალატე და ყველა გავიმეტე – მამაც და დედაც, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საკმაოდ პატარა ვიყავი, ქალური ალღოთი ვგრძნობდი – მათ მაინც ძალიან უყვარდათ ერთმანეთი.
ეს იყო ჩემი პირველი არაბავშვური შეცდომა, რომელსაც წლების განმავლობაში არ ვთვლიდი შეცდომად, პირიქით, ჩემს პირველ გმირულ საქციელად მიმაჩნდა (დედას რომ გამოვესარჩლე და თვალი ავუხილე, მოღალატეს კი ჩემი წყალობით მიეზღო ის კუთვნილი, რაც დაიმსახურა).
დედა და მამა ოფიციალურად არ გაყრილან, უბრალოდ, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. არც სამუდამოდ დამდურებიან ერთმანეთს. დღემდე არ ვიცი, რა იყო ხოლმე მიზეზი, მაგრამ, დაახლოებით წელიწადში ორ-სამჯერ რიგდებოდნენ და მამა თავისი ჩემოდნით ბრუნდებოდა სახლში, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი დედა ისევ უხსენებდა ცოდვებს და იმავე ჩემოდნით ისტუმრებდა სახლიდან, მერე კი, რატომღაც, მე მაბრალებდა ყველაფერს – შენ რომ არა, მე ოჯახი მექნებოდაო. მე ცრემლებს ვყლაპავდი და პასუხს ვერ ვცემდი, რადგან, რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო ვიდანაშაულებდი თავს. დედას საკმაოდ დავშორდი შინაგანად, მამასთან კი, როცა ჩვენთან იყო ხოლმე, პრაქტიკულად აღარ მქონდა ურთიერთობა: მე ისე ძალიან მრცხვენოდა, რომ ელემენტარულ დალაპარაკებასაც ვერ ვბედავდი, თვითონ კი აშკარად ვეღარ მიტანდა (ძალიან ხშირად დამინახავს მისი სიძულვილით აღსავსე მზერა) და საერთოდ აღარ მეკონტაქტებოდა, თუმცა ჩემი და-ძმების მიმართ ძველებურად თბილი და ალერსიანი მამა იყო. ისე გამოვიდა, რომ სიმართლის თქმამ დედაც დამაკარგვინა და მამაც. მაშინ აღმოვაჩინე, რომ სიმართლე არავის უყვარს და არც არსენა მარაბდელობა სჭირდება ვინმეს.
ასე იყო თუ ისე, ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული შეცდომა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, ბავშვური სიბრიყვით თუ წინდაუხედაობით ჩავიდინე, მაგრამ დღემდე ვნანობ, რადგან ამის შედეგად, პრაქტიკულად, ჯერ მშობლებთან გამიფუჭდა ურთიერთობა, უფრო მოგვიანებით კი მემკვიდრეობასაც დავემშვიდობე: დედას გარდაცვალების შემდეგ პირველი რიგის მემკვიდრე მამა იყო (რადგან ოფიციალურად არ იყვნენ გაყრილები) და მან ოჯახის მთელი ქონება – ორი ბინა, აგარაკი, მანქანა, ანაბრები და ძვირფასი ნივთები – ჩემს და-ძმებს გაუნაწილა სიკვდილის წინ, მე კი მხოლოდ ჩემს სახელზე ნაყიდი რამდენიმე ნივთისა და წიგნების წამოღების უფლება მომცა. ჩემი და-ძმებიდან კი არცერთმა, ვიმეორებ, არცერთმა, ერთი კაპიკის საღირალი არაფერი გაიმეტა – არც ფულის, არც ნივთის, არც სხვა სახით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეძლებულად ცხოვრობდა, მხოლოდ მე ვიყავი იმ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული. თუმცა, ჩემთვის რას გაიმეტებდნენ, ლამის ერთმანეთი დახოცეს – არა შენ შეგხვდა მეტი ქონება და არა შენო. განსაკუთრებით აქტიური ამ დავაში ჩემი უფროსი რძალი იყო, რომელსაც თავის დროზე არც დედაჩემი და არც მამაჩემი სახლში არ უშვებდნენ, რადგან არც გარეგნობით მოსწონდათ, არც წარმომავლობით, არც ოჯახიშვილობით, არც დონით და არც ხასიათით. ჩემს ძმას ლამის სახლიდან გააგდებინეს ორსული ცოლი. მე რომ არ ჩავრეულიყავი და ერთი ამბავი არ დამეწია ჩემზე ისედაც განაწყენებული მშობლებისთვის, ჩემს ძმას დღესაც არ ექნებოდა ოჯახი, ყოველ შემთხვევაში, ამ ქალთან. თუმცა, ახლა რომ ვუყურებ, როგორი კარგი და თავმომწონე ბიჭი იყო ჩემი ძმა და ვინ გახდა (ცოლის მონა, რომელიც ტუალეტშიც კი იმ ქალბატონის ნებართვით შედის), სულო ცოდვილო და, ვფიქრობ, ალბათ, ჯობდა, არ ჩავრეულიყავი ჩემი ძმის მხარეზე და დაბრუნებულიყო ეს ქალი იმ თავის ჭიუხებში. მაგრამ, ის ვერ დავუშვი, რომ ჩემი ძმისშვილი სადღაც შორს და თანაც უმამოდ გაზრდილიყო. ჰოდა, მივიღე კიდეც – სწორედ ამ ძმისშვილმა და დედამისმა გამომცინცლეს ორი ცალი უძველესი, ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი, რომლებიც ბებომ და დეიდამ მაჩუქეს: ერთი – როცა სრულწლოვანი გავხდი და მეორე – პირველად რომ გავთხოვდი (აღარ მოვყვები, როგორ გამომტყუეს და მერე აღარ დამიბრუნეს, რაშიც ჩემი ძმის ხელიც ერია).
მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მატკინა გული ჯერ მშობლების, შემდეგ კი და-ძმისა და მათი ოჯახების ასეთმა დამოკიდებულებამ ჩემ მიმართ, არცერთხელ არ გამოვკიდებივარ არცერთ ნივთს, არცერთ კაპიკს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე მოხდა, რომ მეტ-ნაკლებად ყველასთან „შემიგრილდა“ ურთიერთობა. ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ დღემდე იმ ქონებას მივტირი, რომელიც მშობლებისგან მეკუთვნოდა და ჩემთვის არ გაიმეტეს, მაგრამ, ახლა, ამდენი წლის შემდეგ რომ ვუფიქრდები, ჩემი გულისტკივილისა და წყენის მიზეზი არა თვითონ ქონება, არამედ ჩემთვის არგამეტება იყო, მით უფრო, რომ მაშინ უკიდურესად მიჭირდა – ბესომ, ჩემმა ქმარმა, ჩემი უახლოესი მეგობრის გამო მიმატოვა და უსახსროდ და უბინაოდ დამტოვა 5 წლის შვილთან ერთად და, რადგან დედამ უფლება არ მომცა, მასთან დავბრუნებულიყავი (ხომ გაფრთხილებდი, მაგას ნუ გაჰყვები ცოლად, ახლა ჩემი სახელი აღარ ახსენოო), იძულებული გავხდი, ეგრეთ წოდებულ „იტალიურ ეზოში“ მექირავებინა 12 კვადრატული მეტრი ფართობის ოთახი, რომლის ქირაში მიდიოდა ჩემი ხელფასის ნახევარზე მეტი. ყოფილი ქმარი საერთოდ არ მეხმარებოდა, შვილის სანახავადაც კი არ იწუხებდა თავს. არადა, იმ დღემდე, სანამ სახლიდან წავიდოდა, უფრო სწორად, წასვლის წინა დღემდე, ისეთი შეყვარებული ცოლ-ქმარი ვიყავით, მეგობრებმა ხუმრობით რომიკო და ჯული (ანუ რომეო და ჯულიეტა) შეგვარქვეს.
წეღან ვთქვი, ქმარმა ჩემი მეგობრის გამო მიმატოვა-მეთქი, მაგრამ ეს მთლად ასე არ იყო, სინამდვილეში ცოტა სხვანაირად მოხდა ყველაფერი.
დასაწყისში ვთქვი, რომ ყოველი ქმედების შედეგი (როგორიც არ უნდა იყოს ეს ქმედება: კარგი, ცუდი, უნებლიე თუ წინასწარ განზრახული) უკლებლივ ყველას, ადრე თუ გვიან, უკან გვიბრუნდება და მერე გვიკვირს, არასდროს არავისთვის არაფერი დამიშავებია და ასე რატომ ვისჯებიო. არადა, დაგვიშავებია რომელია!.. თავიდან მეც ასე მეგონა. ასე მეგონა, მაგალითად, მაშინ, როცა ერთ საღამოს ჩემმა 5 წლის ბიჭმა დამახვედრა ამბავი სამსახურიდან სახლში მოსულს:
– ბაღში მამიკომ და ინგა დეიდამ ერთად მომაკითხეს.
– ალბათ, იქ შეხვდნენ ერთმანეთს შემთხვევით, – მექანიკურად ვუპასუხე შვილს და ვახშმის გაწყობას შევუდექი, თან ვკითხე: – მამიკო სად არის?
– არ ვიცი, სადღაც წავიდა. მე მითხრა, დედაშენი მალე მოვა და ფეხი არსად გაადგაო. – არა, ერთად მოვიდნენ, – განაგრძო უცებ ბავშვმა, – სხვა დროსაც მოსულან ხოლმე ერთად, – როგორც ჩანს, გვიან აღიქვა ჩემი კომენტარი მამამისისა და ინგას შეხვედრის შესახებ.
– მართლა? – რატომღაც, გული ამიჩქარდა, – მერე, რატომ არასდროს გითქვამს?
– იმიტომ, რომ სხვა დროს ის არ გაუკეთებიათ, რაც დღეს გააკეთეს, – და დათუნამ თავი ჩაღუნა. შევატყვე, რომ ტირილს აპირებდა და გადავწყვიტე, აღარ ჩავძიებოდი, არ მინდოდა, ჩემს პაწაწინა შვილს ენერვიულა, მაგრამ მაინც ვერ მოვითმინე და ჩავეკითხე, თან ნაძალადევად გავიცინე, რომ ბავშვს ჩემი განერვიულება და დადარაჯება არ ეგრძნო:
– ამისთანა, რა გააკეთეს დღეს ან სხვა დროს რას აკეთებდნენ ხოლმე? შენ გაგიბრაზდნენ?
– არ გამიბრაზდნენ, მაგრამ მამამ უთხრა ინგა დეიდას ჩემზე, ლენჩი და შტერიაო. ინგამ კი ხმამაღლა გაიცინა. ლენჩი რა არის?
ისე გადავირიე, ეჭვიანობა გადამავიწყდა. შვილი წინ დავისვი, თვალებში ჩავხედე და დაყვავებით ვკითხე:
– რატომ უთხრა ასე, რამე ცუდი ჩაიდინე?
– არა.
– აბა, რა მოხდა?
– არ გამიბრაზდები?
– არა.
– არც არავის ეტყვი?
– არა.
– მამიკომ ინგას ტაკოზე მიუტყაპუნა ხელი. იმან უთხრა, გაჩერდი, ბავშვმა არ დაინახოსო და მამიკომ მაშინ თქვა ჩემზე, ეგ ისეთი ლენჩი და შტერია, მაინც ვერაფერს მიხვდებაო.
– მერე, მიხვდი რამეს? – ვკითხე და მაშინვე ვიგრძენი, როგორ საშინლად და დაუნდობლად მოვექეცი ამ პაწაწინა არსებას, რომელსაც მღელვარებისგან ისედაც ამოვარდნაზე ჰქონდა გული.
– იმას მივხვდი, რომ მამიკოც და ინგაც უზრდელები არიან, – ამოიქშინა დათუნამ და ტირილით ჩამეკრა გულში, მერე კი სლუკუნით მითხრა: – დედიკო, გეხვეწები, შენ წამომიყვანე ხოლმე, რა!
ძალიან მაინტერესებდა, „სხვა დროს“ რას აკეთებდნენ ხოლმე ჩემი ქმარი და ინგა, როცა ბავშვი ბაღიდან მოჰყავდათ, მაგრამ ამდენი უარყოფითი ემოციისთვის ვეღარ გავიმეტე შვილი და აღარაფერი მიკითხავს, გაკეთებით კი იგივე გავაკეთე, რაც წლების წინ დედაჩემმა მოიმოქმედა (ოღონდ, „მაყრიონის“ დახმარების გარეშე და კიდევ იმ განსხვავებით, რომ აღარასოდეს შევრიგებივარ):
ბავშვი რომ დავაძინე, ორ ჩემოდანში ჩავყარე ქმრის პირადი ნივთები და ჩემოდნები შემოსასვლელში დავდგი.
ძალიან გვიან დაბრუნდა სახლში, რაღაც სასიყვარულო სიმღერას ღიღინებდა. შევატყვე, ნასვამი იყო, თანაც კარგ ხასიათზე ბრძანდებოდა – ესე იგი, კარგად იმხიარულეს.
სამზარეულოში შემოიხედა, მომაძახა, შენ რომ იცი, ისეთი ჩაი გამიკეთეო და ფეხსაცმლის გახდას შეუდგა.
– არ გაიხადო! – ვიყვირე ჩემდაუნებურად.
– რატომ? – მკითხა გაოცებულმა (ჩემოდნები აშკარად ვერ დაინახა).
– არც ჩაის გაგიკეთებ! – ვუთხარი გაკაპასებით და მერე გველივით ჩავისისინე: – ინგა ჩემზე კარგ ჩაის დაგალევინებს და იმასთან წადი, მით უმეტეს, რომ ბარგის ჩალაგებაზე წვალება აღარ დაგჭირდება – ყველაფერი გავითვალისწინე და საქმე შეგიმსუბუქე!
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3