№15 როგორ უსმენდნენ უცხოეთის საელჩოებში ბერიას ბრძანებით საიდუმლო საუბრებს
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერია ძალიან კრეატიული ადამიანი იყო და თავის ამ თვისებას არანაირი საქმიანობისას არ კარგავდა, იყო ეს სადაზვერვო სპეცოპერაციის გეგმა თუ რომელიმე გრანდიოზული პროექტი, რომელსაც ის პირადად კურირებდა... ისტორიკოს-პუბლიცისტი ზინოვი ბაბუშკინი წერს: „მიუხედავად იმისა, რა უარყოფითი თვისებები ჰქონდა ან რას მიაწერდნენ მას, ვერავინ უარყოფს, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერია უჭკვიანესი ადამიანი იყო. ბერია ისეთ ინოვაციებს გეგმავდა და ნერგავდა, რომლებიც დღემდე ძალაშია და მოქმედებს...
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „სწორედ ლავრენტი ბერიას იდეა იყო ის ყბადაღებული ატომურბომბიანი ჩემოდნები, რომლებიც მსოფლიოს 50 ქვეყანაში საბჭოთა საელჩოების ბუნკერებში ფარულად ინახებოდა და საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ ამა თუ იმ ქვეყნის შიგნიდან ასაფეთქებლად და სადეზორგანიზაციოდ. დღესდღეობით (1994 წელი) ამ ატომურ ბოროტებასა და საბჭოეთის ვერაგობაზე დასავლეთის საინფორმაციო საშუალებები ბევრს ლაყბობენ, თუმცა სიმართლე ისაა, რომ ბერიას ამ სვლამ იხსნა საბჭოეთი დასავლეთის შემოჭრისგან და „ცივი ომი“ ცხელში არ გადაიზარდა...“
ატომური ჩემოდნების იდეის განხორციელებისთანავე გონიერმა ბერიამ ყველა საბჭოთა გამშვებ პუნქტსა და საბაჟოზე ფარულად დაამონტაჟებინა გეიგერის მთვლელები და მცირედი გამოსხივების შემთხვევაშიც კი საეჭვო მგზავრსა და ტვირთს უკვე საგანგებოდ ამოწმებდნენ. ბერიამ გაითვალისწინა, რომ თუკი საბჭოთა დაზვერვამ მოახერხა ატომურბომბიანი ჩემოდნების უპრობლემოდ შეტანა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, ხომ შეიძლებოდა, ანალოგიურის გაკეთება მათაც განეზრახათ და ეს იყო პრევენციული ღონისძიება. გაძლიერებული იყო საბჭოთა საზღვრების დაცვაც. ამგვარად, საბჭოეთში, ბერიას სიცოცხლის პერიოდში, ფაქტობრივად, ჩიტსაც კი არ შემოუფრენია უკონტროლოდ. ბერიას ბრძანებით კი საბჭოთა დაზვერვას არაერთი აკრძალული ნივთი თუ საბრძოლო მასალა და ტექნიკაც კი შეუტანია ამა თუ იმ ქვეყანაში...
საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, პავლე ფიტინი ყვებოდა: „ბერიამ კარგად უწყოდა, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე სხვა მოწინავე დასავლური ქვეყნების საელჩოს შენობები სადაზვერვო რეზიდენტურების შტაბ-ბინებს წარმოადგენდნენ და იქ არაერთი საიდუმლო შეხვედრა, თათბირი თუ საუბარი იმართებოდა. ბერიამ ერთ-ერთ შეკრებაზე გვითხრა, რომ აუცილებელი იყო ამ საელჩოებში მიმდინარე საიდუმლო საუბრების მოსმენა, რათა მტრების მრავალი სვლა ამოგვეცნო და პრევენციული და საპასუხო ნაბიჯები გადაგვედგა. თათბირზე მყოფთაგან ვერავინ თქვა დამაჯერებლად, როგორ უნდა განხორციელებულიყო ამ საელჩოების მოსმენა. ცნობილი იყო, რომ საელჩოების შენობებზე სპეციალური ჩამხშობი მოწყობილობები ჰქონდათ დამონტაჟებული და მათი დისტანციური მოსმენა გამორიცხული იყო. მაშინ ბერიამ მზერა მოგვავლო, გაეცინა და გვითხრა – საელჩოების ქვეშ გვირაბები უნდა გაითხაროს და მოსასმენი აპარატურა იქ დაიდგას. და, მართლაც, ყველა საელჩოს ქვეშ გვირაბები გაკეთდა და იქიდან ვიღებდით საჭირო ინფორმაციებს... ანალოგიური ხერხებისთვის რომ არ მიემართათ ჩვენს მოწინააღმდეგე დაზვერვებს, ბერიას ბრძანებით, უცხოეთში ყველა საბჭოთა საელჩოსა თუ სხვა წარმომადგენლობების შენობებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. საელჩოებში აიკრძალა საიდუმლო სტრატეგიული ინფორმაციების შემცველი საუბრები ამ და ასეთი რამისთვის სხვა ადგილები შეირჩა. ერთი სიტყვით, ბერიას დროს საბჭოთა კავშირის უსაფრთხოება მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღლა იდგა. საიდუმლოებას კი ყველგან და ყველაფერში იცავდნენ...“
ბერიას ბრძანებით, კრემლს, თავდაცვის სამინისტროს შენობასა და თვით „ლუბიანკასაც“ კი გარს მიწისქვეშა გვირაბები შემოავლეს, რომ მოწინააღმდეგესაც ანალოგიური სვლა (ყოველი შემთხვევისთვის) არ განეხორციელებინა, თუნდაც ჩვენსავე ტერიტორიაზე. ყველაფერთან ერთად, 1950 წელს, ბერიას ბრძანებით, საბჭოთა უშიშროების შტაბ-ბინის („ლუბიანკის“) ქვეშ, მინუს 13 სართული აშენდა. იქ იყო განთავსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ლაბორატორიები და არქივები, რომლებშიც ზესაიდუმლო მასალები იყო დაცული და სავარაუდოდ, მრავალი ძველი ხელნაწერიც... გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ლუბიანკის“, ეგრეთ წოდებული, მინუსური მოდერნიზაციის პროცესის პირველი ეტაპი ბერიას ვერაგულ მკვლელობამდე ოთხიოდე თვით ადრე დასრულდა, 1953 წლის თებერვალში „ლუბიანკის“ ქვეშ უკვე თხუთმეტი სართული იყო გაკეთებული. განსაკუთრებით საიდუმლო იყო ერთი სართული, სადაც მხოლოდ ბერიასა და იქ მომუშავე ექვს ადამიანს ჰქონდათ შესვლის უფლება. აგრეთვე, სტალინსა და მოლოტოვს. ხოლო პოლიტბიუროს სხვა წევრები იქ ცხვირსაც ვერ შეჰყოფდნენ. როგორც ვვარაუდობდი, იმ არქივებსა და საცავებში ძველი ცოდნის მატარებელი ხელნაწერები და სხვადასხვა ნივთები ინახებოდა. ეს ვარაუდი მოგვიანებით ნაწილობრივ დამიდასტურა იქ მომუშავე ადამიანმა, იმ ექვსთაგან ერთადერთმა, ვინც ცოცხალი დარჩა. მას მე ვლადიმირის ციხეში შევხვდი. ჩემსავით 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და სულ რაღაც 20-წუთიანი კონტაქტით საკმაოდ ბევრი რამ შევიტყვე. იქ, იმ საცავებში იყო მრავალი მძიმე ავადმყოფობის რეცეპტი. წამლის ნიმუშები, აგრეთვე, კოსმიური რუკა და დედამიწის ელექტრო-მაგნიტური ველების ადგილმდებარეობები. ეს ინფორმაციები, ძირითადად, დამარცხებული გერმანიიდან იყო ჩამოტანილი...“
თუკი სუდოპლატოვის ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ საინტერესოა, სად გაქრა ბერიას მიერ შეგროვილი და დამუშავებული კაცობრიობისთვის ესოდან გამოსადეგი საიდუმლო მასალა და ვინ და როგორ იყენებს მას...“