№15 ჭინჭარი – სამკურნალოდ
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ჭინჭარს ანტიკანცეროგენური თვისებები აქვს, ამიტომ ასეთი დაავადებების დროს, როგორიცაა კუჭის სიმსივნეები და წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, რეკომენდებულია ჭინჭრის თაფლის გამოყენება, რომელიც მზადდება შემდეგნაირად: 1 ლიტრ ახლადდაწურულ ჭინჭრის წვენს დაამატეთ 200 გრამი თაფლი, მიიყვანეთ დუღილამდე და გადმოდგით. როცა გაცივდება, მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 2-ჯერ 1 თვის განმავლობაში.
თუ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიურად ამზადოთ ჭინჭრის ახალი წვენი, შეგიძლიათ, მოამზადოთ ჭინჭრის ექსტრაქტი. ამისთვის აპრილ-მაისში მოჭერით 20 სანტიმეტრის სიგრძის ჭინჭრის ქორფა ღეროები ფოთლებთან ერთად. კარგად გარეცხეთ, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ 3-ლიტრიან ქილაში (მჭიდროდ არა) და დაასხით პირამდე ცივი, ანადუღარი წყალი. 10 საათის შემდეგ უკვე მზადაა. მიიღეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში.
ჭინჭარი ფრიად მნიშვნელოვანი პოლივიტამინური მცენარე, ვიტამინების თავისებური ბუნებრივი კონცენტრატია. ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) მასში ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ მოცხარსა და ლიმონში. კაროტინის შემადგენლობა მეტია, ვიდრე ქაცვში, სტაფილოსა და მჟაუნაში. მხოლოდ 20 გრამი ჭინჭრის ფოთოლი ჩვენს ორგანიზმს A ვიტამინის დღიური ნორმით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჭინჭარი მდიდარია K, E და B ვიტამინებით და მიკროელემენტებით, მათ შორისაა რკინა, მაგნიუმი, სპილენძი, კალციუმი და სხვა. ჭინჭრის ფოთლები, ასევე, შეიცავს ფლავანოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ტანინს, ფიტონციდებს, ორგანულ მჟავებს, ქლოროფილს, გლიკოზიდებსა და სხვა. სწორედ, აქტიური ელემენტების ამგვარი მრავალფეროვნება ანიჭებს ჭინჭარს ორგანიზმის სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებს.
ჭინჭრის შემადგენლობაში შედის სილიციუმისა და ორგანული მჟავები, რომლის წყალობითაც იძენს ჭინჭარი ორგანიზმის მოძლიერების თვისებებს: ის ზრდის ორგანიზმის უნარს შეეწინააღმდეგოს მრავალ ბაქტერიას, ტოქსინს, რადიაციის მავნე ზეგავლენას, აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე, უზრუნველყოფს ჟანგბადის უკმარისობისგან ორგანიზმის დაცვის მაღალ ხარისხს. ჭინჭარი ასტიმულირებს ნახშირწყლებისა და ცილების ცვლას, ამიტომ მისი მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ქრონიკული დაავადებების დროს, როდესაც ადამიანის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი მავნე მოქმედებების მიმართ მნიშვნელოვნად შემცირებულია. ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ასევე, გამოიყენება, როგორც წონაში დაკლების საშუალება.
ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ, ასევე, გამოიყენება ჭინჭრის დედა. ის ადამიანს ეხმარება კუჭ-ნაწლავის იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან სდევს ფაღარათი. ყვავილების ნაყენი გამოიეყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება ტრაქეიტების, ბრონქიტების, ბრონქული ასთმისა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების შემთხვევაში.
მის ნაყენებს ხშირად იყენებენ სისხლნაკლებობის დროს, როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას.
ხალხში საკმაოდაა გავრცელებული ამ მცენარის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად. ყვავილების ნაყენი გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაბანად ან საფენების სახით. ბუასილის დროს კარგია ნაყენის აბაზანები.
ჭინჭრის დედას, ასევე, აქვს ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ მისი გამოყენება სასურველია უძილობისა და ნევროზების დროს.
ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნედლეული (ფოთლები ან ყვავილები) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააცხელეთ, 15 წუთის განმავლობაში, გადმოდგით. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა. ჭრილობებისა და გარეგანი საფენებისათვის ნაყენი მზადდება უფრო მეტი კონცენტრაციის (2 სუფრის კოვზი – 1 ჩაის ჭიქა წყალზე).