№15 როგორ ავიცილოთ თავიდან ხორხის ანთება
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ლარინგიტი ხორხის ანთებაა. უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობა ერთ კვირაში მკურნალობის გარეშე უმჯობესდება. ლარინგიტის სიმპტომები შეიძლება დაიწყოს უეცრად და ძირითადად უარესდება მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში. მისი სიმპტომებია:
* ჩახლეჩილი ხმა;
* საუბრის გაძნელება;
* ყელის ტკივილი;
* მსუბუქი ცხელება (სიცხე);
* გამაღიზიანებელი ხველა;
* მუდმივი ამოხველების სურვილი.
ხმის ჩახლეჩვა და ლაპარაკის სიძნელე, ძირითადად, უარესდება ყოველდღიურად, მთელი ავადმყოფობის პერიოდში და შეიძლება; გაგრძელდეს სხვა სიმპტომების გაქრობიდან კიდევ ერთი კვირის განმავლობაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ხორხი შეიძლება შეშუპდეს და გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.
ლარინგიტი ხშირად დაკავშირებულია სხვა დაავადებებთან, როგორიცაა გაციება, გრიპი, ყელის ინფექციები (ფარინგიტი) ან ტონზილიტი, ამიტომ ამ დროს შესაძლებელია იყოს სხვა სიმპტომებიც, როგორებიცაა: თავის ტკივილი, შეშუპებული ჯირკვლები, სურდო, ტკივილი ყლაპვის დროს, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნება.
რადგან ლარინგიტი მკურნალობის გარეშე ხშირად თავისით გაივლის, ჩვეულებრივ ექიმთან მიმართვა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, თუ სიმპტომები განსაკუთრებით ძლიერია ან ორ კვირაზე მეტხანს გრძელდება. აუცილებლად სასწრაფოდ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს განუვითარდა სუნთქვის გაძნელება. უმეტეს შემთხვევაში, ლარინგიტს იწვევს:
* ვირუსული ინფექცია (როგორიცაა გაციება ან გრიპი);
* ხორხის დაზიანება – რაც, ძირითადად, ხმის დაძაბვის შედეგად ხდება.
ამას მწვავე ლარინგიტი ეწოდება და სიმპტომების უმრავლესობა ძირითადად, ერთ კვირაში გაგივლით.
ლარინგიტს იშვიათად სხვა გამომწვევი მიზეზებიც შეიძლება, ჰქონდეს, როგორიცაა ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება ან ალერგიული რეაქციები, ამ დროს სიმპტომები შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამას ქრონიკული ლარინგიტი ეწოდება.
სახმო სიმების განკურნების დასაჩქარებლად უარი თქვით სიგარეტზე, მოერიდეთ კვამლიან გარემოს, მიიღეთ ბევრი სითხე (განსაკუთრებით წყალი) და შეძლებისდაგვარად, კარგად დაასვენეთ ხმის იოგები. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ლარინგიტის თავიდან აცილება. მაგალითად, თუ სიმპტომებს ალერგიული რეაქცია იწვევს, მოერიდეთ ალერგიის გამომწვევ ნივთიერებას ან მიიღეთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუმცა ლარინგიტის პრევენცია ყოველთვის ვერ მოხერხდება, რადგან მას უმეტესწილად გავრცელებული ვირუსული ინფექციები იწვევს, როგორებიცაა გაციება ან გრიპი, რომელთა თავიდან აცილება რთულია. თუმცა, მისი განვითარების რისკი შემცირდება შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:
* გაიკეთეთ ყოველწლიური გრიპის ვაქცინაცია, თუ ექიმი ამის რეკომენდაციას გაგიწევთ;
* ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენის ნორმები – როგორიცაა ხელების დაბანა ჭამის წინ და ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ;
* მოერიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს სასუნთქი გზების ინფექციები, როგორიცაა გაციება ან გრიპი;
* მოერიდეთ გამაღიზიანებლებს, როგორიცაა კვამლი ან მტვერი – განსაკუთრებით თუ ხართ გაციებული ან გაქვთ სასუნთქი გზების სხვა ინფექციები;
* უარი თქვით სიგარეტზე;
* არ დალიოთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი ალკოჰოლი,
* როდესაც გძინავთ, ბალიშის საშუალებით, თავი ასწიეთ უფრო მაღლა – ეს დაგიცავთ ხორხის გაღიზიანებისგან, კუჭიდან სიმჟავის ამოსვლის შეფერხებით;
* არ იყვიროთ და არ იმღეროთ ხმამაღლა დიდი ხნის განმავლობაში.