№15 რატომ აღმოჩნდნენ კორონავირუსის გამო მომგებიან მდგომარეობაში მსხვილი ფინანსური ბიზნესკორპორაციები და როგორ კარნახობენ თავიანთ პირობებს სახელმწიფოებს
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ამასობაში საქართველოში საკომენდანტო საათიც გამოცხადდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით სახლებშია გამოკეტილი ლამის სრულიად დედამიწის მოსახლეობა, ახალი ვირუსის დამარცხების იმედით. და თუმცა დედამიწაზე ტვირთების მოძრაობა არ იზღუდება, მხოლოდ ადამიანების გადაადგილება, ადრე თუ გვიან, ნებისმიერ ქვეყანაში დადგება იმ ფულის დეფიციტის პრობლემა, თუ რით შეიძინონ საკვები და გადაიხადონ გადასახადები, მათ შორის, ინტერნეტისაც, რაც ურთიერთობის ერთადერთ საშუალებად იქცა სახლში გამოკეტილი თანამედროვე ადამიანისთვის. მეორე მხრივ, ნებისმიერ შოკს აქვს საპირისპირო ეფექტიც – ის შეიძლება, იქცეს შესაძლებლობად. როგორ შეიძლება, გამოიყენოს საქართველომ არსებული ვითარება და, საერთოდაც, ვის უფრო გაუიოლდება ამ კრიზისის დაძლევა, განვითარებული თუ ჩვენგვარად განვითარებადი ეკონომიკის სახელმწიფოებს? – ამ საკითხს ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
– მესმის, რომ ყველაფერი შექმნილია პრობლემების გადალახვის შედეგად. სამოთხეში რომ დავრჩენილიყავით, ციფრულ ტექნოლოგიებამდეც არ მივიდოდით. არის თუ არა ექსკლუზიური დღეს მსოფლიოში შექმნილი ვითარება, თუ პარალელების გავლება მაინცაა შესაძლებელი?
– კრიზისები აქამდეც ყოფილა და ეს საბაზრო ეკონომიკის თანმდევი პროცესია, მაგრამ დღევანდელი კრიზისი უფრო სამედიცინო-ბიოლოგიური წარმომავლობისაა, რის გამოც დაიმსახურა თიკუნი „კორონაეკონომიკა“. თუ 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა უპირველესად დაარტყა ფინანსურ სისტემას, ამჟამინდელი კრიზისის ეპიცენტრი ჯანდაცვის სისტემაა და აქედან მოდის მისი დამანგრეველი შედეგები რეალურ ეკონომიკაზე, სოციალურ სფეროსა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე და მხოლოდ ამის შემდეგ „საკონტროლო გასროლის“ სახით – ფინანსურ სისტემაზე. ანუ რაც ადრე თავში იყო, ახლა ბოლოშია. მისი მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე წინა კრიზისის და ერთი ციფრის დასახელებაც შემიძლია: მხოლოდ პირველ კვარტალში ჩინეთს უნდა ეწარმოებინა მთლიანი შიგა პროდუქტი, რამდენიც მისმა მეზობელმა იაპონიამ მეორე მსოფლიო ომის მთელი 6 წლის განმავლობაში დახარჯა. ლაპარაკია 1 ტრილიონი დოლარის ზარალზე. აშშ-ს ადმინისტრაციამ 2,5 ტრილიონი დოლარი დადო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და ეს 2008 წლის კრიზისისთვის გამოყოფილ თანხაზე თითქმის 3-ჯერ მეტია. ასეთი ბევრი მაგალითის მოტანა შეიძლება და ფაქტი არის ერთი: სახელმწიფოები გაცილებით მოუმზადებლები შეხვდნენ, ვიდრე წინა კრიზისებს და ახლა სახელმწიფოებს, მათ ელიტებს, განსაკუთრებით, მედიკოსებს, ეგრეთ წოდებული, „ბრეინ შტურმის“ რეჟიმში უწევთ მოქმედება: დაავადებულთა მკურნალობა, ზრუნვა არგავრცელებაზე და სამკურნალო პრეპარატის შექმნა. ანუ შეიძლება, ითქვას, რომ სახელმწიფოებს უწევთ სირბილი მაშინ, როდესაც ჯერ სიარულიც არ იციან. ამდენად, შესაბამისი დასკვნები უნდა გაკეთდეს. ნათქვამია, თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის ემზადეო და თუ ამას შევაბრუნებთ, ეკონომიკის აღმავლობაზე სწორედ ეკონომიკური კრიზისისას უნდა დაიწყო ფიქრი, რომ მერე დრო არ დაკარგო და სხვა ქვეყნებმა არ გაჯობონ.
– ვინ როგორ ემზადება ან თუ ემზადება საერთოდ?
– ყველაზე მომზადებული და გრძელვადიან შედეგებზე გათვლა ექნებათ საფინანსო ჯგუფებს, კორპორაციებს. სპეციალურად გავაკეთე ასეთი შედარება: რომ ავიღოთ ევროპის 4 „გრანდი“, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ესპანეთი, მათ მთლიან შიგა პროდუქტზე მეტი კაპიტალიზაციის აქტივი აქვს მსოფლიოს 10 უმსხვილეს კომპანიას.
– სადაურია ეს კომპანიები?
– საუდის არაბეთისაც არის, ჩინურიც, ამერიკულიც არის, „ეფლი“, „მაიკროსოფთი“, „ფეისბუქი“... იმის თქმა მინდა, რომ დღეს მსოფლიო ეკონომიკაზე, ბიზნესის განაწილებაზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე გაცილებით დიდ გავლენას ახდენს ეს მსხვილი ფინანსური ბიზნესკორპორაციები, ვიდრე სახელმწიფოები და მათ შორის კონკურენციული ბრძოლაც კი არის. ამიტომ ჩვენ უკვე სულ სხვაგვარ გადანაწილებას ვნახავთ. როგორც ეკონომისტმა, შემიძლია, გითხრათ, რომ უკვე გამოიკვეთა ახალი მიმართულებები, რომლებსაც წარმატებით იყენებენ ხსენებული კორპორაციები და, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებიც. მაგალითად, სოციალური და კომუნიკაციის ყველა ქსელის ტოტალური კონტროლის დაწესება ჯანმრთელობის დაცვის სლოგანით. მუშაობენ იმაზე, რომ არა მარტო სახის მიხედვით მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება, არამედ ეს ადამიანის სიარულის მანერითაც კი გახდეს შესაძლებელი, იმიტომ რომ დღეს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პირბადეები აიკრა და აპარატურას არ შეუძლია სახის ნაკვთების ამოცნობა.
– ხელთათმანებიც გაიკეთა და თითის ანაბეჭდითაც შეუძლებელია ადამიანების იდენტიფიცირება.
– დიახ და ახლა მუშაობენ, რომ ნაბიჯებით მოახერხონ პიროვნების ამოცნობა. ტექნოლოგიების გამოყენებას მძლავრი ბიძგი მიეცა და ამ მიმართულებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები არიან ლიდერები. ამას ისინი იყენებენ, როგორც საპოლიციო მეთვალყურეობისთვის, ისე, ერთი შეხედვით, თითქოს მოსახლეობის კეთილდღეობის მიზნით. ქართულად მიჭირს ტერმინის მოძიება, მაგრამ დროებით შემოვიღებდი თბოვიზორების გამოყენებას, რომლითაც შესაძლებელია ადამიანისგან წამოსული ენერგიით დადგინდეს მისი ბიოლოგიური ჯანმრთელობა, გადატანილი დაავადებები. ამ დონემდე მიდის ტექნოლოგიები. მსოფლიო, ფაქტობრივად, ექცევა ტოტალური ელექტრონული კონტროლის ქვეშ და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მეტად უნდა ვიმუშაოთ არა ტრადიციული დარგების, არამედ საინფორმაციო-ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიების განვითარებისთვის.
– ეს კორონაისტერია დაიწყო თუ არა, გამიჩნდა ეჭვი, რომ საფუძველი ეყრებოდა ასპარეზზე რობოტების გამოყვანას. მანქანა ყველაფერს უკეთ დაითვლის, იწინასწარმეტყველებს. უმარტივესი გამოსათვლელი იქნება ადამიანების რეაქციები, მათი განწყობების მართვა, მათთვის სასურველი აზრების ჩანერგვა. ვფიქრობ, სანამ ინფორმაციისთვის ორთაბრძოლაში შეთანხმებას არ მიაღწევენ, არანაირი წამალი არ იქნება.
– რამდენიმე ათეული პოსტი, რემარკა „ფეისბუქზე“ უკვე იძლევა წარმოდგენას ადამიანის შესახებ, მის ხასიათზე, რის მიხედვითაც შეიძლება მისი მართვა. აქ კიდევ ერთი მომენტია, ჩინეთი ბოლო დრომდე იყო მსოფლიო ფაბრიკა, მაგრამ ბოლო პერიოდია, მსოფლიოს ნაწილთან დაპაუზდა მისი ურთიერთობა და კრიზისია. როგორც უნდა ვთქვათ, პირველ ეტაპზე მნიშვნელოვნად შემცირდება ეკონომიკა, გლობალური მასშტაბით შეიკუმშება მსოფლიო ეკონომიკა, მოთხოვნა და მიწოდება ერთობლივად შემცირდება. პირველი კვარტლის მიხედვით, თან, ჩინეთში ჯერ არ დასრულებულა პროცესი, ჩინური ეკონომიკა შემცირდება 17-20 პროცენტით, იმდენად დიდი იყო წარმოების შეჩერების მასშტაბი. აშშ და სხვა ქვეყნები შეეცდებიან, რომ ჩინეთს აღარ ჰქონდეს ის პრეფერენციები, ის უპირატესობა, რაც მას ჰქონდა, როგორც მსოფლიო ფაბრიკასა და ძირითად მიმწოდებელს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ გადანაწილდეს საწარმოო ძალები და მსოფლიო შეკვეთები დანარჩენ ქვეყნებზე.
– ჩვენ რა შესაძლებლობები გვეხსნება? თან, დღემდე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ვტოვებთ.
– სამჯერ დავაკაკუნოთ ხეზე... მე მიჭირს დავასახელო სხვა ქვეყანა, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე ჩინეთთანაც და ევროკავშირთანაც. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ვივაჭროთ საკმაოდ სარგებლიანად ევროკავშირთანაც და ჩინეთთანაც. თანაც – ჩინეთში საშუალო ხელფასის დონე უკვე, დაახლოებით, ერთ-ნახევარჯერ აღემატება ჩვენს დასაქმებულთა საშუალო ხელფასს, ამიტომ ჩინეთიდან წარმოების დეცენტრალიზაციამ შეიძლება, ხეირი გვანახოს, იმიტომ რომ, მათ შორის, ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებითაც ზოგიერთი წარმოება გადმოიტანონ ჩვენს ქვეყანაში და საქართველო გახდეს ის ხიდი, რომელიც დააკავშირებს ჩინურ წარმოებას ევროპულ ბაზართან, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მონაწილეობითა და ძალისხმევით და შესაბამისი მაღალტექნოლოგიური საქმიანობით. კიდევ ერთი დასკვნა: უნდა გამახვილდეს ყურადღება იმაზე, რომ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ, რა თქმა უნდა, ტურიზმი არის მაღალრენტაბელური საქმიანობა, მაგრამ ის ამავე დროს არის საკმაოდ მგრძნობიარე გარეკრიზისების მიმართ, ამიტომაც მისთვის ცენტრალური როლის დაკისრება სტრატეგიულად არასწორია. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მაღალტექნოლოგიურ მიღწევებზე დაფუძნებული რეალური სექტორი და, ასევე, აქ მიღებული შედეგების საფუძველზე უნდა განვავითაროთ ტურიზმი თუ აგრარული სექტორი. თუ გვინდა, რომ მუდმივად მაჩანჩალის როლში არ ვიყოთ, მეტი დაფინანსება მივცეთ მეცნიერებას და ამის საფუძველზე უნდა გადავაჯგუფოთ ჩვენი საწარმოო ძალები.