№15 ტექნოლოგიური „სიზმარა“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ნებაყოფლობითი მონობა
ნებსით თუ უნებლიეთ, პანდემიამ (თუმცა პირადად მე შექმნილი აჟიოტაჟი გაბუქებული მეჩვენება და ციფრებიც გადაჭარბებული, ანუ უფრო პროცესის მართვის პრობლემაა, ვიდრე კრიზისის მასშტაბის) დედამიწის მოსახლეობის გაკონტროლების ახალ-ახალი ლეგიტიმური შესაძლებლობები გააჩინა (ადამიანის უფლებები საცაა გავა მარილზე).
უფრო ზუსტად, ხელი შეუწყო ტოტალური მართვის დაწესებას (ადამიანების ჯანზე (გაცხადებული ზემიზნით), ანუ უკვე არსებული ტექნოლოგიების აწ უკვე ოფიციალურად და ლეგიტიმურად დამკვიდრებას.
მეორე მხრივ, დედამიწელებიც ისე საფუძვლიანად არიან დაშინებულები, რომ მათი უმეტესობა არათუ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, არამედ სიამოვნებითაც კი თანხმდება კონტროლს.
მით უფრო, რომ (თუმცა დარწმუნებული ვარ, ამა თუ იმ ქვეყნების სპეცსამსახურებს ეს ტექნოლოგია ისედაც ექნებოდათ და წარმატებით იყენებდნენ კიდეც, ცხადია – ფარულად) 130 სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტმა შეიმუშავა მობილური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, გაირკვეს, კონკრეტულ ადამიანს ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში.
როგორც მოგახსენეთ, საბაბი ფრიად კეთილშობილურია: გააკონტროლონ ვირუსის გავრცელება, შესაბამისად, იხსნან ადამიანები დასნებოვნებისგან და სიკვდილისგან (თუმცა ამ პანდემიის სტატისტიკა დედამიწაზე უკვე გავრცელებული სიკვდილიანობის მიზეზებთან ჯერჯერობით ახლოსაც ვერ მიდის).
ამ ეტაპზე აპლიკაციის გამოყენება ნებაყოფლობითია, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ არ გვაქვს საშუალება, გავაკონტროლოთ, მართლაც ასეთი მასშტაბურია თუ არა პანდემია, ეჭვია, რომ, თუ საჭირო გახდა, ციფრებს კიდევ უფრო გაზრდიან და ზემოხსენებული აპლიკაციის დაყენება სავალდებულოც გახდება (თორემ ყველანი ამოიხოცებითო).
მაგალითად, ესპანეთის მთავრობამ, სანამ ხსენებულ აპლიკაციას დანერგავს ან სპეცსამაჯურებს შეაბამს თავის მოსახლეობას, მობილური ტელეფონების მონიტორინგს იწყებს, რომ უმალ გამოავლინოს კარანტინ-იზოლაციის რეჟიმის დამრღვევები.
უფრო ადრე მსგავსი ტექნოლოგია ჩინეთშია დანერგილი, რომელიც მფლობელს აწვდის ინფორმაციას ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილას, საითკენაც მიემართება აპლიკაციის მფლობელი, არიან თუ არა ვირუსით დასნებოვნებულები, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების შესახებ ყველანაირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი დაინტერესებული სახელმწიფო თუ კომერციული ჯგუფებისთვის.
ჯერჯერობით მხოლოდ სიზმრების ნახვა შეგვიძლია უკონტროლოდ, თუმცა ტექნოლოგიების განვითარებას ისეთი პირი უჩანს, რომ არც ეს დროა, მაინცდამაინც, შორს.