№15 კორონავირუსის სიკეთეები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
პანდემიის ხეირი
იმ მარტივი მიზეზით, რომ ბოროტებას ყოველთვის ახლავს თან სიკეთე (ამას რუსთაველიც გვასწავლის კაი ხანია), კორონავირუსის პანდემიამ, სახელდობრ, ჩვენ (შესაძლოა, სხვებსაც, მაგრამ ახლა ჩვენ საკუთარი ამბები უფრო გვაინტერესებს, რადგან კორონამ საკუთარი თავის, ანუ საკუთარი სახელმწიფოების ამარა დაგვტოვა) სიკეთეც ბევრი მოგვიტანა.
მაგალითად, თბილისში ჰაერი გასუფთავდა და მისი ქუჩები, ვინ იცის, რამდენი ათწლეულია ბინძური, საფუძვლიანად მოირეცხ-მოიხეხა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი პატრონი ჩვენთვის ჩვენივე სახელმწიფოა, რაც მთავარია, არც არავისზე ნაკლებები ვართ, თუ ტოლი ან მეტი - არა და ეფექტიანი მართვა-კანონმორჩილებაც შეგვძლებია.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ „ფორინ პოლისმა“ ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეისა და ისლანდიის გვერდით საქართველო დაასახელა იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ კორონავირუსის შეჩერება შესაძლებელია.
თითქოს ნიუანსია, მაგრამ თვითშეფასების განმტკიცებისთვის (განსაკუთრებით თავზე ნაცრისმყრელებისთვის) მშვენიერი საშუალება-არგუმენტია, რაც უფრო გლობალურად ნიშნავს, რომ მაინც მოვახერხეთ მოწინავე ხაზზე გარღვევა.