№14 დათო ლიკლიკაძე: სიყვარული აბოროტებს კიდეც, ისე მყვარებია, მის სიკვდილზეც კი მიოცნებია
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: დათო.
გვარი: ლიკლიკაძე.
პროფესია: ჟურნალისტი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– ბავშვობის მოგონებებიდან კარგი რაც მახსენდება, ეს არის, როცა ოჯახის ოთხივე წევრი ერთად ვიყავით. მამა რომ გარდაიცვალა და ჩემი და გათხოვდა, სახლში მარტო მე და დედა დავრჩით. ისე დაირღვა ჩვენი ოჯახური იდილია, სადილიც კი აღარ მზადდებოდა ხოლმე და ის ურთიერთობა მაკლდა და მენატრებოდა ყოველთვის.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– ბისმარკი ამბობს: „ჟურნალისტები ხდებიან ის ადამიანები, ვისაც სხვა საქმეში ხელი მოეცარა და განრისხებულები კალამს აწრიპინებენ.“ მეც ზუსტად ასე დამემართა. მთელი ჩემი ცხოვრება უკავშირდებოდა თეატრს, იქ ვიზრდებოდი, ვთამაშობდი, თეატრალური სტუდია მაქვს დამთავრებული, თეატრალურში ვაბარებდი, ვსწავლობდი მოსამზადებელზე, მაგრამ პირველი კურსიდან ქუთაისში დავბრუნდი და გადმოვედი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ეს არ ყოფილა ჩემი ბავშვობის პროფესია, ყოველთვის მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. ნაწილობრივ ავიხდინე ეს ოცნება და დღემდე სამ თეატრში ვთამაშობ, თუმცა ჩემი ძირითადი პროფესია ჟურნალისტიკაა.
– მშობლების როლი...
– დედაზე ხშირად ვხუმრობ ხოლმე და ყველას ჰგონია, მკაცრი ქალია. სინამდვილეში, მისი გულის მოგება ყველაზე მარტივია, საკმარისია, უთხრა, „მსგავსი ხაჭაპური თუ მეჭამოს სადმე...“ უკვე უყვარხარ. ბავშვობაში ვიყავი ძალიან ცელქი და იძულებეული იყო, ბევრი სადამსჯელო ხერხისთვის მიემართა. კონტროლზე ვყავდი ყოველთვის. არასოდეს ჩარეულა ჩემს ცხოვრებაში, დაწყებული პირადი ურთიერთობებით, პროფესიის არჩევებით და დამთავრებული ცოლის მოყვანით. ისე გავხდი 40 წლის, ერთხელ არ უკითხავს: ცოლი როდის მოგყავსო. თავად ვუთხარი, რატომ არ მეკითხები-მეთქი და მიპასუხა: იმდენად ჭკვიანი ხარ, შენს ცხოვრებას რა სჭირდება, თავად უკეთ იციო.
– ადამიანში ვაფასებ...
– სამართლიანობასა და ერთგულებას. ჩემი და ბავშვობიდან სამართლიანობის განსახიერებაა. მას შეუძლია სამართლიანობის გამო ყველაფერი დაანგრიოს, ნაკოწიწები ურთერთობაც კი. მეუღლეც ასეთი შემხვდა, თუ არასწორად მოვიქეცი, არ არსებობს, ჩემი მხარე დაიჭიროს. ბევრჯერ ბოდიშიც მომახდევინა ჩემს კოლეგებთან. მე კი უფრო დამთმომი და მომთმენი ვარ. მოკლედ, ჩემ ირგვლივ ზედმეტად სამართლიანი ქალბატონები არიან და მეც წესიერად ცხოვრება მიწევს (იცინის).
– მეშინია...
– ცხოვრებაში ავად არ ვხდები, იმიტომ რომ ამის დრო არ მაქვს. ყოველთვის ბლოკს ვუკეთებ ტვინს, რადგან ავადმყოფობისთვის არ მცალია. ბევრჯერ ვარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლილი, მათ შორის პროფესიულში, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, არ მოვკვდებოდი, ჩემს გონებაში ესეც დაბლოკილი მაქვს. სანამ დედა მყავს, ვიცი არ მოვკვდები, რადგან დედაჩემი ამას ვერ გადაიტანს და ჩემს ტვინში მსგავს რამეს არ ვუშვებ. როცა დედა წავა, მერე მე ჩავდგები ჩემს შვილსა და სიკვდილს შორის. ასე რომ, ლაღად ვარ და სიკვდილისიც არ მეშინია, რადგან დედა ცოცხალია.
– ცოდვა – ეს არის...
– ჩემთვის ცოდვა არ არის ის, რასაც ზოგადად მიიჩნევენ ხოლმე, მაგალითად: ცოდვად არ ვთვლი ტყუილის თქმას, თუ ის პასუხია კითხვაზე, რომელიც არ უნდა დაესვათ. არის უამრავი უტაქტო კითხვა, რომელზეც ადამიანებს ტყუილის თქმა უწევთ. ჩემთვის ცოდვა არის, რასაც დავთქვამ და მერე მას
გადავაბიჯებ. მაქვს ჩემი გარიგება ღმერთთან და ვიცი, რა არ უნდა ვიკადრო. ასევე, მაქვს დათქმა მამის საფლავთან, ჩემს შვილთან... არიან ადამიანები, ვისთანაც ანგარიშვალდებული ვარ და მათ მიმართ ჩემს „დათქმას“ თუ გადავალ, ეს უკვე ჩემთვის ცოდვაა.
გადავაბიჯებ. მაქვს ჩემი გარიგება ღმერთთან და ვიცი, რა არ უნდა ვიკადრო. ასევე, მაქვს დათქმა მამის საფლავთან, ჩემს შვილთან... არიან ადამიანები, ვისთანაც ანგარიშვალდებული ვარ და მათ მიმართ ჩემს „დათქმას“ თუ გადავალ, ეს უკვე ჩემთვის ცოდვაა.
– მწამს...
– ღმერთის, მაგრამ არ ვარ ეკლესიური. ღმერთთან, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, შუამავალს არ ვირჩევ, მასთან პირდაპირ მაქვს ურთიერთობა.
– მაღიზიანებს...
– ადრე მაღიზიანებდა გაუნათლებლობა, ახლა არაფერი მაღიზიანებს. ყველა განათლებული თუ იქნება, მაშინ დავხოცავთ ერთმანეთს, ყველა წიგნს ვერ წაიკითხავს. მე სპორტში არაფერი ვიცი და ამ მხრივ ვიღაცისთვის გაუნათლებელი ვარ. ადრე მაღიზიანებდა სხვადასხვა კუთხის კილო, ახლა უკვე ყველა მიყვარს. არ ვიცი, ეს ასაკთან ერთად მოვიდა თუ უფრო მეტი რამე ვნახე ცხოვრებაში და ამან შემაცვლევინა აზრი, ფაქტია, დღეს თითქმის აღარაფერი მაღიზიანებს.
– ბედისწერა – ეს არის...
– დამოკიდებული არ ვარ ბედისწერაზე, მაგრამ მჯერა, რომ ზოგიერთი რაღაცა შრომასთანაა დაკავშირებული და ამას ბედისწერას მივაწერთ ან პირიქით. ვიღაცას რაღაცაში არ გაუმართლებს და მერე ამას ბედისწერას აბრალებს. ალბათ, იღბალი და ბედიც გარკვეულწილად არსებობს.
– რისკიანი ხართ?
– ისეთი ტიპი არ ვარ, რომ ვთქვა ყველაფერი ან არაფერი – ნუ იქნება ყველაფერი, ნუ იქნება არაფერი, შუაში მირჩევნია ყოფნა. ცხოვრებაშიც სულ ბეწვის ხიდზე გავდივარ, რომ არც ერთი მხარე არ დავარღვიო. უფრო გაწონასწორებული ვარ და ყოველთვის ვიზღვევ თავს.
– სიყვარული – ეს არის...
– ეს არ არის ტრადიცია. ის თავად უნდა აღმოაჩინო. სიყვარული არის ჯაზივით. ერთ მშვენიერ დღეს რომ მიხვდები, ამ გრძნობამ „გამოგადებილა“, უფრო კარგი ტიპი გაგხადა და შეცვალა შენი ცხოვრება – ესაა სიყვარული. შეიძლება, დაგანგრიოს, მთავარია მიხვდე, რომ რაღაც შეიცვალა შენში. სიყვარული აბოროტებს კიდეც – ისე მყვარებია, მის სიკვდილზეც კი მიოცნებია, მაგრამ ფაქტია, შემცვალა. სიყვარულით შევქმენი ოჯახი და ძალიან პატივს ვცემ ამ გრძნობას.
– იდეალური ქალი...
– უნდა იყოს ჭკვიანი და განათლებული. ყველას მოსწონს სილამაზე – როგორც ქალს, ასევე კაცს. ლამაზი უნდა იყოს ქალი, მაგრამ იმავდროულად, საინტერესო. მე ის კაცი ვარ, რომელსაც ჭკვიანი ქალების ეშინია, ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის ჭკვიანი ქალები იყვნენ და არიან დღემდე. ცოლს ვიდრე შევირთავდი, აუცილებელი მოთხოვნა იყო: ჩემი მეუღლე ყოფილიყო ჭკვიანი და განათლებული. განათლებული და ჭკვიანი კიდევ, სულ სხვა მცნებებია.
– ქალს ალამაზებს...
– ძალიან ბევრი რამ, მათ შორის კომპლიმენტი, ყურადღება. აქ არ არის რაღაც გრანდიოზულზე საუბარი, ყურადღებაა თუნდაც ხშირად დარეკვა – დილით რომ თქვა, თავი მტკივაო და მოგვიანებით შენ ჰკითხო: გადაგიარა? ქალს ძალიან ალამაზებს, როცა შენ მისდამი ხარ ემპათიური. თუ ასე არაა, მერე ცივდება ურთიერთობა და რაც უნდა ლამაზად გამოიყურებოდეს ქალი, მასში მალავს ვითომ ბედნიერებას. ქალს ალამაზებს ბედნიერება, რომელიც არის მუდმივ ყურადღებასა და ყველაფერში თანამონაწილეობაში.
– კაცის ბედნიერებისთვის ქალი აუცილებელია?
– ჩემთვის – კი, მაგრამ ვერ ვიტყვი ყველაზე, სხვების ცხოვრებაში ვერ ჩავერევი. ზოგს შეიძლება, აბედნიერებდეს თავისი ძაღლი, მეგობარი და ასე შემდეგ. მე მაბედნიერებს ჩემი მეუღლე და შვილი.
– ის, რაც უპატიებელია...
– ჩემს ცხოვრებაში ადამიანებს ჯერ არაფერი ჩაუდენიათ ისეთი, რომ ვერ ვაპატიო. შესაბამისად, არ ვიცი, რას ვერ ვაპატიებ. ზოგი ამბობს, რომ ღალატს, მე არ ვიცი, ვაპატიებ თუ არა, რადგან ჯერ ჩემთვის არ უღალატიათ. იმ წუთში არავინ იცის, რას იზამს. ჯერჯერობით ჩემს მეუღლეს ყველაფერს ვპატიობ და სამომავლოდ – არ ვიცი.
– შეგშურებიათ?
– კი, როგორ არა. ფიზიკურად კარგი არც ერთ ასაკში არ ვყოფილვარ და სულ მშურდა ჩემი კლასელების, კურსელების, რომლებიც ლამაზები იყვნენ. გულწფელად, ფიზიკურად ლამაზი ბიჭების შემშურებია, რადგან ისინი გაცილებით მარტივად აღწევდნენ წარმატებას. ფიზიკურობის გამო 90-იან წლებში ბევრ რამეში ვიჩაგრებოდი და მერე ვიბოღმებოდი ლამაზ კაცებზე. ისინი უცებ ხდებოდნენ წარმატებულები, მე კიდევ ამისთვის მჭირდებოდა შრომა, იუმორი და ათასი რამ.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– სამწუხაროდ – კი, შური მიძიებია. ნათქვამია, შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც ცივი უნდა მიირთვაო. წლების მერე გამიმარჯვია იმ ადამიანზე. ადრე სადღაც რომ დავიჩაგრე, მერე, როცა რაღაცას მივაღწიე, ზემოდან გადამიხედავს მისთვის, დიდი ბოდიში მითქვამს და ჩამიცინებია. შეიძლება, ეს პატარა კაცის თვისებაა, მაგრამ არ ვარ მე ძალიან დიდი კაცი. ცუდ თვისებებს არასოდეს გავურბივარ.
– ეჭვიანი ხართ?
– კი. ჩემდა საბედნიეროდ, ბოლო წლებია, სამაგისოდ საქმე არ მაქვს, თორემ ხანდახან ისეთი ეჭვიანი ვარ, ავადმყოფს ვგავარ. არასრულფასოვნების კომპლექსი არ მაქვს, უბრალოდ, ადვილად ვხვდები, ვინ რას აკეთებს ჩემ უკან და ამაზე ვიწყებ მუშაობას.
– ვყვირი, როცა...
– სხვა თუ ყვირის, მაღიზიანებს, მე თუ ვყვირი, აუცილებელია (იცინის). ხშირად ვყვირი. ემოციური ვარ, ხმამაღლა ვსაუბრობ, ტელეფონზეც კი.
– ბილწსიტყვაობთ...
– ხშირად, მაგრამ ხალხს მოსწონს. საზოგადოებაში რომ ვარ და ვიტყვი რამეს, ამას მოჰყვება სიცილი. თუ, სხვა იტყვის ბილწ სიტყვას, უცებ დაესხმებიან თავს, გაჩუმდიო. ისიც პასუხობს, კი მაგრამ ლიკლიკაძემ რომ თქვაო? ლიკლიკაძეს უხდებაო. ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში.
– ვემალები...
– ყველაფერ ნეგატიურს. ადრე არ ვიყავი ასეთი. ავარიას რომ იტყვიან, გავრბივარ. ცუდს ვეღარ ვუსმენ, არ შემიძლია. სულ ვხუმრობ ხოლმე და ყოველთვის დადებითს ვეძებ.
– მრცხვენია.
– როცა ჩემს სტუდენტებს ვასწავლი და რამე ისეთ სიტყვას მეტყვიან თანამედროვე ტექნოლოგიებიდან, რაც არ ვიცი. მრცხვენია, როცა რამე ჟარგონს იტყვიან და ვერ ვიგებ – ვეღარ დავეწიე იმ თაობას. ჩამორჩენის მრცხვენია. მუსიკა, რომელიც არ მომწონს, მაგრამ უსმენს ახალი თაობა, მეც ყოველთვის ვყვები, რომ არ დაინახონ, დავბერდი და დავძველდი. მრცხვენია დაძველების და არა დაბერების – სიბერე სირცხვილი არაა. მოძველების მეშინია და ამიტომ, სულ ვცდილობ, ვისწავლო.
– მაკომპლექსებს...
– აღარაფერი. ადრე მქონდა სხვადასხვა კომპლექსები: ფიზიკურობის, დიდი ცხვირის, ქუთაისური კილოსი... თბილისში რომ ჩამოვდიოდი 90-იან წლებში და ფინანსურად ძლიერი არ იყო ჩვენი ოჯახი... ასეთი სულელური რაღაცების.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არა, საერთოდ არ მიჭირს. ბოდიშს მხოლოდ სიტყვით კი არ ვიხდი, არამედ საქციელითაც – ისე ვიქცევი, ხვდება ის ადამაინი, რომ მართლა განვიცდი ჩემს საქციელს.
– მაკვირვებს...
– ამ ბოლო დროს იმდენი რამე მაკვირვებს, ვშიშობ, ფილოსოფოსი არ გავხდე. ფილოსოფია იწყება გაკვირვებით, მერე იწყებ ამოხსნას და ბოლოს ხდები ფილოსოფოსი. ღირდა კი ამად? ხანდახან მინდა ვკითხო მათ, რაღაცაზე რომ იკლავენ თავს. ვიღაცას რომ გული ატკინეს და აუ, ხომ მაგრად ვუთხარიო, რომ იტყვიან, მერე ამით შენ რა? ჩაგვრა არის ჩემთვის მიუღებელი და მაკვირვებს, ამით რა სიამოვნებას იღებენ. ასევე, როცა ამცირებენ და „აღადავებენ“ ადამიანს. მე „ღადაობას“ ვიწყებ ჩემი თავით, ჩემი ოჯახით, დედაჩემით და მერე გადავდივარ სხვაზე. როცა საკუთარ თავს დასცინი, ეს უკვე იუმორია. თუ სხვას დასცინი და საკუთარ თავზე ხუმრობა გწყინს, ეს მავნებლობაა.
– როდის იტყუებით...
– არ მიყვარს ტყუილი, მაგრამ ვიტყუები. ეს დაახლოებით იგივეა, აკეთებდე იმ საქმეს, რომელიც არ მოგწონს.
– ვნანობ...
– უფრო მეტი სიკეთის გაკეთება შემეძლო ადამიანებისთვის სხვადახვა წლებში და „დავიკიდე“. ვნანობ იმას, რომ მეგობრებს ბევრი რამე წავუყრუე. იმას, რომ მამაჩემთან ერთად უფრო ხშირად არ ვიარე ხელჩაკიდებულმა – შვილი, როცა მეყოლა, მერე მივხვდი, რას ნიშნავს მამა-შვილის უხილავი ურთიერთობა.
– ვაგროვებ...
– ფულს, ბანკში მაქვს დანაზოგი, რომელიც არის ჩემი გარანტი შიშების მოხსნის. მე არ უნდა მეშინოდეს, ხვალ რამე რომ მოუნდეს ჩემს მეუღლეს და შვილს. ვერ ვიცხოვრებ, ვერ დავიძინებ, თუ ფინანსურად მშვიდად არ ვიქნები. ახლა ყველა სამსახურიდან მითხრეს დავმჯდარიყავი სახლში, ეს დანაზოგი რომ არ მქონდეს, შეიძლება ჭკუიდან გადავიდე. ფინანსური სიმყარე ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– იუმორი...
– იუმორით გადავდივარ მთელი ცხოვრება „მოკლეზე“.
– კმაყოფილი ხართ?
– კი. მაშინაც კი, როცა რაღაც ინგრევა, რადგან არ ვარ უმადური. მთავარია, ამ ნანგრევებში არ მოვყვე. მადლობელი ვარ ღმერთის.