№14 როგორ გააძევეს ქართველებმა ჯალალედინის ვეზირი ტფილისიდან
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
ჯალალედინმა ვერ აიღო ისნის ციხე. არ არის გამორიცხული, თავად შეეთავაზებინა რუსუდანის სამეფო კარისთვის, ქართველ მეომრებს მშვიდობიანად დაეტოვებინათ ციხე და ბრძოლას არ გაუმართავდა. ჩვენმა სამეფო კარმა დათმო ისანი და სამეფო სასახლე, რათა იქ გამაგრებული მეომრები უაზრო მსხვერპლისგან გადაერჩინა. ბოლოს დათანხმდნენ ქართველი ჯარისკაცები ისნის ციხის დაცლას და ჯალალედინისთვის გადაცემას. სხვა გზა არ იყო. ახლა ლიხის ქედი იყო გასამაგრებელი, რათა ჯალალედინი დასავლეთ საქართველოში არ გადასულიყო და მეორე დედაქალაქი, ქუთათისი არ აეღო.
ჯალალედინის რაზმები დაძრწოდნენ ტფილისის გარშემო და ქართლის ქალაქებსა და დაბებს არბევდნენ.
სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი წერს: „ყოველი სოფელი თუ ციხე თბილისის მიდამოებში, რომლებიც ეშმაკის მიმდევრებით იყო სავსე, ერთიანად მოსთხარა და მის ამალას უსაზღვრო და უზომო ნადავლი ერგო. თბილისის ეკლესიები, რომელთა აშენებაზე ძველთაგან ძვირფასი საუნჯე იყო დახარჯული, დააქცია, მათ ადგილზე კი ისლამის სამლოცველოები დააარსა“.
ეშმაკის მიმდევრებად ჯუვეინი ქართველებს მოიხსენიებს და საერთოდ, ყველას, ვინც ისლამს არ აღიარებდა. მაგრამ, თვითონ კარგად იღებდა დიდ ხელფასს ისლამის მიმდევრების მჟლეტავი, წარმართი, ანუ მისი სიტყვებით, „ეშმაკის მიმდევარი“ მონღოლებისგან.
ეკლესიები გაძარცვეს და შეურაცხყვეს ხვარაზმელებმა. რაც შეეძლოთ, დაანგრიეს. ტფილისში მაჰმადიანური სამლოცველო ისედაც იყო, მაგრამ, ჯალალედინმა ეკლესიების მეჩეთებად გადაქცევა და ახლების აშენება მოინდომა.
ჯალალედინს, ალბათ, ძალიან უნდოდა ქუთათისის გაძარცვაც, მაგრამ, ვერ გადავიდა ლიხზე.
სულთანს მოუვიდა ცნობა, რომ ერთ-ერთი დამორჩილებული ვასალი, ბარაყი განუდგა. ჯალალედინმა სამხედრო ნაწილები დატოვა ტფილისში და დანარჩენი ჯარით სასწრაფოდ გაემგზავრა. თუმცა, დაბრუნებას აპირებდა. ხორეზმელს მთელი სამხრეთ კავკასიისა და მისი მომიჯნავე ქვეყნების დაკავება ჰქონდა დაგეგმილი.
ჯუვეინი ზღაპრულად აღწერს ამ ამბავს: „მოულოდნელად მსტოვრები მოვიდნენ, ბარაყმა ერთგულების უღელი გადმოიგდო კისრიდან და ქერმანიდან ერაყის დასაპყრობად დაიძრაო. ბარაყის მოსაგერიებლად სულთანმა ბურაყის მსგავსი ბედაურები დასძრა და ელვისებურად გაექანა“. ეს ფრაზა, ჯუვეინის ქართულად მთარგმნელს და გამომცემელს, რევაზ კიკნაძეს აქვს განმარტებული: „აქაც სიტყვების თამაშია: „ბარაყ“ ადამიანის სახელია, „ბურაყ“ ნიშნავს ზეციურ რაშს, რომლითაც წინასწარმეტყველმა მუჰამედმა იერუსალიმსა და ზეცაში იმოგზაურა, ხოლო „ბარყ“ ელვაა“.
ბურაყი, ძველი ლეგენდების მიხედვით, ყოფილა ცხენის სხეულის მქონე ზღაპრული არსება, რომელსაც ადამიანის თავი და ჩიტის მსგავსი ფრთები ჰქონდა და ადამიანთაგან მხოლოდ წინასწარმეტყველებს ემსახურებოდა.
სპარსელი ისტორიკოსი განაგრძობს: ჯალალედინმა „ლაშქრიდან, რაც შესძლო, თან წაიყვანა და ქარივით მიწის ზედაპირს ძლივს ეხებოდა, ცეცხლის ალივით მაღლა-მაღლა მიიწევდა. სადგომებსა და გადასასვლელებზე ლაშქარი უკან ჩამორჩა. ჩვიდმეტ დღეში თბილისიდან ქერმანის მიდამოებში მივიდა. ლაშქრიდან სამას მხედარზე მეტი არ ახლდა თან. ბარაყ ჰაჯიბმა რომ სულთნის მისვლა შეიტყო, მრავალი საჩუქარი მიართვა და პატიება ითხოვა.
ცხენების დასვენების მიზნით სულთანი რამდენიმე დღით ისფაჰანს მივიდა და ერაყის დიდებულნი ეახლნენ“.
მთარგმნელის ინფორმაციით, თხზულების დედანის ამ მონაკვეთში ჯუვეინს მოტანილი აქვს მეცამეტე საუკუნის პირველი ნახევრის სპარსელი პოეტის, ქემალ ად-დინ ისმაილის ვრცელი ყასიდა, რომლის ბოლო ბეითებში პოეტი მიმართავს ჯალალ ად-დინს: „ვინ იყო, შენს გარდა, საწუთროს ხელმწიფეთაგან, ვინც თავის ცხენს თბილისის ქერი აჭამა და ინდოეთის ოკეანის წყალი ასვა?“
ყასიდა აღმოსავლურ პოეზიაში არის „ერთიანი რითმით დაწერილი ერთმანეთისაგან თითქმის დამოუკიდებელი ხუთი ნაწილისაგან შემდგარი ოდა“. ესე იგი ოდა, შესხმა, ქება, ქებათა-ქება. გადაჭარბება, აღმოსავლურ პოეზიაში ჩვეულებრივი რაამაა. ბეითი არის „ორსტროფიანი ლექსი, რომელიც დასრულებულ აზრს შეიცავს.“ ამ შემთხვევაში – ოდის ნაწილი.
ჯუვეინი ცდილობს, ჯალალედინის განსაკუთრებულობა დაამტკიცოს, რათა საკუთარ თავს და თანამედროვე მაჰმადიანებს, რომლებიც წაიკითხავდნენ მის თხზულებას, დაუმტკიცოს, ისლამის სამყაროც შობს გმირებსო. ასევე, ქემალ ად-დინ ისმაილიც, როცა აქებს ჯალალედინს – ინდოეთის ოკეანის წყალი დაალევინა თავის ცხენს და თბილისის ქერი აჭამაო.
სინამდვილეში, ინდოეთში ჯალალედინი მონღოლებმა გააქციეს – სამშობლო, ცოლები და ჰარამხანა ჩინგიზ ყაენს დაუტოვა. საქართველოშიც მონღოლებმა გამოაქციეს. ნორმალური მეფე და მთავარსარდალი არ დახვდა ჩვენს ქვეყანაში და იმიტომაც გაიმარჯვა. თუმცა, რამდენიმე წელიწადში, მონღოლებმა, ისევ გააქციეს თავქუდმოგლეჯილი, გულგახეთქილი და შერცხვენილი.
სიტყვა ყასიდა ქართულ ენაშიც დამკვდრდა და „ყასიდად თქმა“ - რაიმეს არასერიოზულად, „ცალი ყბით“, უგულოდ ნათქვამს აღნიშნავს. ყასიდას ქართულმა გააზრებამ გვაჩვენა, ქემალ ად-დინ ისმაილისა და ჯუვეინის მიერ ჯალალედინის ქების „ყასიდურობა“ ანუ გადაჭარბებულობა, უაზრობა, რაშიც ჯუვეინის შემდეგი მონათხრობი დაგვარწმუნებს.
ჯუვეინი განაგრძობს: „ამასობაში კვლავ მოვიდა ამბავი, ქართველები ისევ შეიკრიბნენო. ვაზირი იულდუზჩი, რომელიც სულთანს თავის მოადგილედ დაეტოვებინა თბილისში, იძულებული იყო თავრიზს მოსულიყო“... „ქართველები თბილისში დაბრუნებულიყვნენ, მეჩეთებს ანგრევდნენ და მუსლიმებს აწამებდნენ“.
იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა ჯალალედინი ტფილისს, რომ თავისი ვაზირი ჰყავდა აქ დატოვებული. ჯალალედინის ვაზირი კი ქართველებმა გააქციეს, იქ დატოვებული ნაწილები გაანადგურეს ან გააქციეს. რაც შეეხება მეჩეთების დანგრევას, რა თქმა უნდა, საკუთარი ეკლესიების გაწმენდა და აღდგენა დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა. სადაც მაჰმადიანური სამლოცველოები მოეწყო ჯალალედინს ან სადაც ახალი მეჩეთის აშენებას ცდილობდა, რა თქმა უნდა, დაანგრევდნენ. რაც შეეხება მუსლიმებს აწამებდნენო. ჯუვეინს ისევ ქართველები სურს წარმოადგინოს ტირანებად და სადისტებად. სინამდვილეში, ჩვენმა ჯარისკაცებმა ის გააკეთეს, რაც ეკუთვნოდათ სადისტ დამპყრობლებს, 100 000 ტფილელის სადისტურად დამხოცველებს. აბა, თავზე ხელს ხომ არ გადაუსვამდნენ ჩვენი წინაპრები დამპყრობელთა გარნიზონს?
საინტერესოა მოღალატე ტფილელების ბედი, რომლებმაც ტფილისის კარი გაუღეს ჯალალედინს და ტფილისში ღალატით შემოუშვეს. თუ ასეთებს მოიხელთებდნენ ჩვენი წინაპრები, თუ გაქცევა ვერ მოასწრეს ასეთებმა, ან თუ ჯალალედინს გადაურჩნენ, რომლისთვისაც მაჰმადიანების ხოცვა ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როგორც ქრისტიანების, ისინი, რა თქმა უნდა, დასასჯელები იყვნენ.
ჯალალედინი კვლავ დაიძრა საქართველოსკენ.