№14 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: ტუჩის ზედა ნაწილსა და კუთხეებში ამომდის თმის ღინღლები. არ მაქვს იმის საშუალება, რომ ყოველთვე სალონში ვიარო და ეპილაცია გავიკეთო. ამიტომ, თავად ვიშორებ ცვილით. თუმცა, მტკივნეულია, თან კანი მიწითლდება და სტრუქტურასაც იცვლის. რა შეიძლება, გამოვიყენო ცვილის ნაცვლად?
პასუხი: ცვილის გამოყენება არა მხოლოდ მტკივნეული, არამედ არც თუ ისე უსაფრთხო პროცედურაა, რადგან ასეთი დეპილაციის დროს, კანის ფორების გავლით, ორგანიზმში არაერთი ქიმიური ნივთიერება ხვდება. არასასურველი თმის მოსაშორებლად არსებობს მეთოდი, რომელიც გაცილებით უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა ხანგრძლივ პერსპექტივაში. ის არა მხოლოდ აცილებს თმას, არამედ ამშვიდებს კანსაც. ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ბუნებრივი, ნატურალური ინგრედიენტები, რომლებიც სავსეა ვიტამინებით, მინერალებითა და ანტიოქსიდანტებით. მოცემული საშუალება, სწორედ, ასეთი მდიდარი შემადგენლობის ხარჯზე აშორებს არასასურველ თმას და პარალელურად, ჩვენს კანსაც აჯანსაღებს. დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელები. ბლენდერით ან ყავის საფქვავით დაფქვით შვრიის ფანტელები. დაუმატეთ ლიმონის წვენი, თაფლი და კარგად გადაურიეთ. მზა, ბლანტი კონსისტენციის მასა წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთებზე, დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სასურველი შედეგისთვის პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ უნდა გაიმეოროთ.
კითხვა: შუბლზე, ყვრიმლებზე და თვალის გარშემო თეთრი წერტილები გამიჩნდა. არ მინდა ვაწვალო, მეშინია, არ გამიღიზიანდეს. რა აჩენს მას და როგორ მოვიქცე?
პასუხი: თეთრი წერტილების განვითარება შესაძლოა, გამოიწვიოს როგორც სტეროიდული კრემების რეგულარულმა გამოყენებამ, ასევე მზეზე ხანგრძლივი დროით ყოფნამ, დამწვრობამ და ისეთმა კოსმეტიკურმა პროცედურებმა, როგორიცაა კანის დერმაბრაზია და ლაზერული ლიფტინგი. არსებობს რამდენიმე ნატურალური საშუალება და მეთოდი, რომელიც მინიმალურ დროში მოგაშორებთ თეთრ წერტილებს. შაქრისა და ლიმონის სკრაბი: ლიმონი ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული პროდუქტია, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს და ადეზინფიცირებს კანს. თუ 2 ჩაის კოვზ შაქარსა და ნახევარი ლიმონის ახლად გამოწურულ წვენს ერთმანეთში შეურევთ, მიიღებთ თეთრი წერტილების მოსაშორებელ სკრაბს. წაისვით ის თხელ ფენად კანის შესაბამის მონაკვეთებზე, დაიტოვეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ან თანაბარი რაოდენობით სიმინდის სახამებლისა და ვაშლის ძმრის ნარევით კარგად დაიმუშავეთ კანის შესაბამისი მონაკვეთები, დაიტოვეთ 25 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.