№14 როგორ დასაჯა ბერიამ სომხეთის ცეკას პირველი მდივანი ქართული ხელნაწერების დამალვის გამო
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

რაც შეეხება ალექსანდრე რომანის ძე მედვედევის გარდაცვალებას, ბერიას ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ეს სამხედრო კომისარი თავისმა თანამეთაურმა, კოლეგამ „ჩაუშვა“ ცრუ ბრალდებით და მედვედევი ისე გააციმბირეს, ბერიას არც კი გაუგია და ის 1941 წელს კოლიმის ბანაკებში გარდაიცვალა.
სომხური, უფრო სწორად კი, ერევნული ისტორია, რომელზეც როი მედვედევი ლაპარაკობს, შეეხება ამატუნ ვართაპეტიანს, სომხეთის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს, რომელიც 1937 წელს თანამდებობიდან მოხსნეს და დააპატიმრეს, ხოლო 1938 წელს კი – დახვრიტეს. ვართაპეტიანი ლავრენტი ბერიას ხელქვეითი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ბერიას ყველა განკარგულების შესრულება ევალებოდა, ეშმაკობდა და ფარულად ურჩობდა კიდეც. ბერიას ყოფილი თანაშემწე უშანგი გრიგოლია თავის მემუარებში წერდა: „მას მერე, რაც აგასი ხანჯიანი გაურკვეველ ვითარებაში გაქრა და მის კვალს ვერსად მიაგნეს, ბერიას რეკომენდაციით, სომხეთის პარტიულ ხელმძღვანელად ამატუნ ვართაპეტიანი დაინიშნა. ბერია მას ბაქოდან იცნობდა, სადაც ვართაპეტიანი იატაკქვეშელთა პატარ-პატარა დავალებებს ასრულებდა და მიუხედავად იმისა, რომ ბერიაზე მხოლოდ ერთი წლით უმცროსი იყო, ლავრენტი პავლოვიჩის ხელის ბიჭის როლს ასრულებდა... სიმართლე უნდა ითქვას და – ლავრენტი ბერია ვერ იტანდა ურჩობას, ანუ, თუკი მისი ხელქვეითი ასივე პროცენტით არ ასრულებდა ბერიას მითითებას, მაშინ ის, შეიძლება ითქვას, რომ განწირული იყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბერია სხვის მოსაზრებას არ ისმენდა ან შეკამეთებას ვერ იტანდა. არა, ბერია უჭკვიანესი ადამიანი იყო და არც შეკამათებისთვის სჯიდა ვინმეს და არც თუნდაც საპირისპირო აზრის გამო. უბრალოდ, ბერია შეაჯერებდა ხოლმე საერთო აზრს. შემდეგ ხდებოდა შეთანხმება და ყველას ინდივიდუალური დავალებები ეძლეოდა, რომლებიც სრულად და ზუსტად უნდა შეესრულებინათ. აი, როდესაც დავალებები არ სრულდებოდა, სწორედ მაშინ ხდებოდა ხოლმე ბერია მკაცრი, სასტიკიც კი დამნაშავის მიმართ და ასეთი შემთხვევა არაერთხელ ყოფილა და ასე დაემართა ვართაპეტიანსაც...“
უფრო რომ დავკონკრეტდეთ, 1936 წლის მიწურულს, სომხეთში მივლინებულმა ქართველმა ისტორიკოს-მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ერევანში მდებარე ძველთაძველ სომხურ ხელნაწერთა საცავში (მატენდარანი) რამდენიმე ასეული ძველი ქართული ხელნაწერიც აღმოაჩინეს. ამ ხელნაწერებს საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც გაირკვა, ქართველ მეცნიერებს ეს ხელნაწერები თბილისში არ გამოატანეს. არადა, ყველა მათგანი ადრე თბილისში ინახებოდა და 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მოულოდნელად გაქრა... გაქრობის მიზეზი ვერ დაადგინეს. ივარაუდეს, რომ ძვირფასი ხელნაწერები ვიღაცამ მოიპარა, მაგრამ ქურდიც ვერ აღმოაჩნიეს და ეს, ალბათ, არც უცდიათ. ერთი სიტყვით, ბერიამ თავის ხელქვეითსა და პროტეჟეს ამატუნ ვართაპეტიანს დაავალა, რომ უმოკლეს დროში მატენდარანში არსებული ქართული ხელნაწერები სრულიად გადმოეცათ საქართველოსთვის. თუმცა, ვართაპეტიანმა ბერიას განუცხადა, რომ მსგავსი ხელნაწერები ერევანში არ იყო... სომხეთში ბერიამ გენერალი სერგო გოგლიძე მიავლინა, რომელმაც ორი დღის განმავლობაში გახსნა ქართული ხელნაწერების გადამალვის საქმე და შვიდი ადამიანი დააპატიმრა, მათ შორის – სამი ისტორიის დოქტორი იყო. ყველანი თბილისში ჩამოიყვანეს და მათ აღიარეს, რომ ამატუნ ვართაპეტიანის დავალებით მოქმედებდნენ და ამიტომ გადამალეს ძველი ქართული ხელნაწერები. გოგლიძემ ეს ამბავი ბერიას მოახსენა. ბერიამ კი ვართაპეტიანი თბილისში ჩამოაყვანინა და ციხეში ჩასვა. იქვე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე დაკითხეს და ყოფილმა ფუნქციონერმა აღიარა, რომ შეგნებულად დაუმალა ქართველ მეცნიერებს ძველი ხელნაწერები. ამის მიზეზად კი იმას ასახელებდა, რომ არ სურდა, საქართველო სომხეთზე განვითარებულ და კულტურულ ქვეყნად წარმოჩენილიყო, ეს ძველი ხელნაწერები კი სწორედ ამას ადასტურებდნენ...
ამატუნ ვართაპეტიანი 1938 წლის 28 ივლისს დახვრიტეს და ის მხოლოდ 1977 წელს იქნა რეაბილიტირებული, თუმცა ეს სადავო საკითხია, რადგან მას არა მარტო მავნებლობა, არამედ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. საგულისხმო კი ისაა, რომ სხვა ბრალეულებები დღემდე არავის გაუმართლებია. ასეა თუ ისე, ბერიამ საკმაოდ მკაცრი განაჩენი გამოუტანა თავის პროტეჟესა და ხელის ბიჭს.“