№14 ეშმაკის გამოცდა
ადამიანი უფრო დიდი სურვილითა და ყურადღებით უსმენს მტრის ხმას, ვიდრე თავისი მაცხოვრისას. ვიწრო, ეკლიანი და მძიმეა მორჩილი და თავმდაბალი ქრისტიანის გზა, იგი მსხვერპლს მოითხოვს... მას ღვთისა და მოყვასისთვის საკუთარი თავის უარყოფა სჭირდება. ამ გზაზე ეშმაკისგან გამუდმებით უამრავი გამოცდა ხვდება. საჭიროა ძლიერი ნებისყოფა, რათა ადამიანი საცდურს არ დანებდეს, გამოცდასა და ბოროტ ძალასთან ბრძოლას არ შეუშინდეს.
აი, ჩვენ წინაშეა დამახასიათებელი მაგალითი – ამპარტავნება. ბოროტი ძალა მისი უხილავი თანამგზავრი იყო და ეხმარებოდა, ცხოვრებისგან მიეღო ყოველივე, რაც მოკვდავ ადამიანს შეუძლია მიიღოს. ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, სილამაზე, სიმდიდრე, პატივი და დიდება, თავბრუდამხვევი წარმატებები, ნიჭი, ტალანტი – ყოველივე წინ დაუფინა უხილავმა მზაკვარმა თანამგზავრმა, ოღონდ გაეღვიძებინა მასში ყველაზე დამღუპველი ვნება – ამპარტავნება. უზრუნველი ადამიანი ადვილად შედგა ფართო გზაზე, მოჩვენებითი ბედნიერებით ტკბებოდა და, მისთვისვე შეუმჩნევლად, უფსკრულის პირას აღმოჩნდა... ის გარშემო მყოფთათვის აუტანელი გახდა და მას უკვე გაურბოდნენ, აღარ იჩენდნენ ინტერესს მისი პიროვნების მიმართ, აღარ გამოხატავდნენ აღფრთოვანებას მისი ნიჭიერებითა და ტალანტით და მაშინ მან ყველა შეიძულა. მთელი მისი არსება სიბნელემ მოიცვა, გონება დაებინდა და შეშლილობამდე მივიდა. ცხოვრების აზრი დაკარგულია, რჩება ერთადერთი ხსნა – ტანჯვის შეწყვეტა, ყოველივეს დავიწყება... ეშმაკს უხარია! კიდევ ერთი მსხვერპლი – საბრალო თვითმკვლელი, რომელიც მისი სამუდამო მონაპოვარი ხდება.
აი, ასეთ სამწუხარო დასასრულამდე მივყავართ ამპარტავნებას. პასუხი თავისთავად ცხადია.
განსაცდელი სასარგებლოა ჩვენთვის. ის გამოსცდის, განწმენდს და აცისკროვნებს სულს და გვიჩვენებს, რაოდენ ძლიერია ჩვენი რწმენა. ამიტომ განსაცდელის ჟამს სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი, საჭიროა, მამაცურად ებრძოლო მას და, რაც მთავარია, არ დაუშვა აზრი: „მე სხვებზე უკეთესი ვარ“. პირიქით, სისხლითა და ოფლით უნდა არწმუნებდე საკუთარ თავს: „მე ყველაზე უარესი ვარ“. უნდა ეცადო, საკუთარ თავში იპოვო ის, რაც ამ აზრს განამტკიცებს. ოღონდ, ნურასოდეს დაივიწყებ, რომ რამდენი განსაცდელი და უსიამოვნებაც უნდა შეგხვდეს ცხოვრების გზაზე, ისინი ყოველთვის გამოცდად უნდა მიიღო და არა ღვთისგან დავიწყებად. ეს ბევრ ქრისტიანს ემართება. სწორედ ამიტომ ცვივდებიან სასოწარკვეთილებაში, რამეთუ თავს უარყოფილად მიიჩნევენ.
განსაცდელის ჟამს უკეთ და მთლიანად შეიცნობთ, რომ არა ვინმე სხვა, არამედ სწორედ ღმერთი (და მისი ყოვლადწმიდა დედა) ანუგეშებს ჩვენს მწუხარებას, განკურნავს სნეულებს, შეგვეწევა სიღარიბის ჟამს, სიკვდილისგან გვიხსნის. შევიმეცნებთ იმასაც, რომ ის ჩვენი ცხოვრების, ცხონებისა და ბედნიერების ერთადერთი წყაროა. ამიტომ ყოველგვარი მწუხარება უნდა გვიხაროდეს, არ უნდა ვდრტვინავდეთ და სასოწარკვეთილებას არ უნდა ვეძლეოდეთ.