№14 უნდა შეიკავოს თუ არა ქრისტიანმა თავი კორონავირუსის გამო ჯვარზე მთხვევისგან და რამ მიიყვანა დღევანდელი კაცობრიობა ამ მდგომარეობამდე
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
დღეს ქრისტიანები განსაცდელების წინაშე ვდგავართ. ერთი მხრივ, კორონავირუსი და მეორე მხრივ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ეკლესიისადმი და საეკლესიო წესებისადმი. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– მე ვემინჯები მათ, ვინც ძალიან შეშინებულია, უკიდურეს ზომებს მიმართეს, მათ შორის ქრისტიანებმა და ფაქტობრივად, აპოკალიფსში შეგვიყვანეს. აპოკალიფსი ჩვენთვის არის მოსვლა ქრისტესი და რატომ უნდა გვეშინოდეს, ვერ ვხვდები. ასევე, არისო მეორე კატეგორია ადამიანების, რომლებიც გვეუბნებიან: მოიცა რა, ეს ჩვეულებრივი ვირუსია, არაფერია, პრობლემა არ არისო. ფაქტი სახეზეა, რომ ვირუსმა ცუდი შედეგი მოგვიტანა და მთელი მსოფლიო პარალიზებულია. კათოლიკურმა სამყარომ ღვთისმსახურება შეაჩერა, მსოფლიო პატრიარქი აღარ ლოცულობს, საბერძნეთში შეზღუდულია ლოცვა. რა ხდება საქართველოში? როგორც კი რამე მოხდება, მაშინვე იწყებენ ქრისტიანების გინებას, აგინებენ დედაეკლესიას, პატრიარქს, ჩვენ გამოვდივართ ბნელი, ჩამორჩენილი ადამიანები. მომავალშიც იქნება გარკვეული შიშები, კატაკლიზმები. მე ქრისტიანებს მივმართავ: ყველაფერი, რაც ხდება უფლის დაშვებით ხდება. გვახსოვდეს, რომ არსებობს უფლის ნება, განგებულება და დაშვება. რაც ღვთის ნებით, განგებულებით, დაშვებით არის, ის შეიძლება, ცუდი იყოს? ღმერთი გვარიგებს: ილოცეთ, რომ არ შევიდეთ განსაცდელშიო. ჩვენ ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ, როგორც მტკივნეულ მკურნალობას, რომელიც დასჭირდა დედამიწას. კორონას კარგი კუთხით რომ შევხედოთ: დაისვენა დედამიწამ, ადამიანებმა, არსად აღარ ეჩქარებათ, მშობლები ოჯახში რჩებიან. ბევრი ცუდი რამ შეჩერდა, მათ შორის მესამე მსოფლიო ომი და ღმერთმა ამ ერთი ბაქტერიით შეაჩერა. მე ვრჩები სახლში, შენ რატომ მიდიხარ წირვაზე – როგორი მოწოდებებია? შენ თუ რჩები სახლში და მე წირვაზე მივდივარ, ვიჩხუბოთ იმაზე, წირვაზე წასვლა სწორია თუ სახლში დარჩენა. ვირუსის გამოჩენამ ყველაფერი გადაგვავიწყა – არც ლოცვა, არც არაფერი. შედით მარკეტში, შედით ეკელსიაში და მივხვდებით როგორები ვართ. სასულიერო პირებიც რომ გამოდიან, ერთმანეთს ეჩხუბებიან: ერთი ერთს ამბობს, მეორე – მეორეს.
– ეს აბნევს ისედაც დაბნეულ მრევლს.
– ვერ გაიგებ, რომელი მოძღვარი რას ლაპარაკობს. არც უნდა დაამშვიდო მარტივად და არც ააფორიაქო. ლუსტრაცია მოხდა: ვინ როგორი მეუფეა, ვინ როგორი მღვდელი და მრევლია. ჩვენს წმიდა სინოდს მადლობას გადავუხდი, რა დიდებულად მოიქცნენ, რასაც ვერ ვიტყვი მსოფლიოს საპატრიარქოზე ან კვიპროსის, საბერძნეთის და სხვა ეკლესიებზე. ყველაზე ღირსეულად გამოჩნდა ჩვენი ეკლესია. ზიარების წესი კი არ უნდა შეცვალო, არამედ შენი ცხოვრების წესი, რომ ზიარების ღირსი გახდე. კათოლიკეები კი არ ვართ, მუდმივად წესებს რომ ცვლიდნენ. ხალხს უნდა ავუხსნათ: ხანდახან რომ მოდიოდი ეკლესიაში, ზიარებას რომ გჩუქნიდი, ახლა კეთილი ინებე და შეცვალე შენი ცხოვრების წესი. ხალხი შეიკეტა სახლებში და ჰგონიათ, რომ სიკვდილს დაემალებიან. დადგა ის დრო, როცა წირვაზე მართლა მლოცველი მხოლოდ ორი-სამი კაცი დარჩება.
– ხალხს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ზიარებისგან, ჯვარზე მთხვევისგან.
– დიდმარხვის მესამე კვირას ეკლესიაში ნუგეშისთვის გამობრძანდება ხოლმე გამშვენებული ჯვარი. დღევანდელ დღეს გვჭირდება ზუსტად ნუგეში. ვიღაცებმა თქვეს: ჯვარს არ ვეამბოროთ, თავი შევიკავოთო. თავი კი არ უნდა შევიკავოთ, ჯვარი უნდა ავამაღლოთ, ვეამბოროთ, მუხლი მოვიყაროთ და ვილოცოთ, რომ ასეთი საშინელება არ დატრიალდეს ქვეყანაში. ისე გავიდა ჩვენი ცხოვრება, იმდენად ვიყავით მოძრაობაში, რომ ღმერთმა ცოტა ხანი გაგვაჩერა: ცოტა დაფიქრდითო. ფიქრის დრო აღარ გვრჩებოდა და ახლა რამდენი დრო გვაქვს ფიქრისთვის. სწორედ დაუფიქრებლობამ მოგვიყვანა აქამდე. არასწორმა ცხოვრებამ მოგვიყვანა ამ ყველაფერთან. აქამდე რომ დასცინოდი მღვდლებს, ეკლესიას, არ მარხულობდი, ახლა უნებურად ხომ გიწევს მარხვა და ერთი თვე ხმელ პურზე რომ გაატარო, დამიჯერე, უკეთესი გახდები. ჩვენი გონების მეტანია მოხდება, გადავაფასებთ. პატრიარქი რომ ამბობდა: დაბრუნდით, შვილო, მეორედ მოსვლა დაწყებულიაო და ხარხარებდნენ, ეს ის ხალხია. ნოე რომ კიდობანს აშენებდა, ყველა დასცინოდა: აქ წყალს რა უნდაო. ახლა სახლში კი არ უნდა დავჯდეთ, კიდობანში უნდა დავბრუნდეთ, თორემ დავიღუპებით, ვირუსი წაგვლეკავს. სახლში მოაწყე ეკლესია, ილოცე, დაბრუნდი ღმერთთან, წაიკითხე წმიდა მამები. თუ სწორად წარვმართავთ ჩვენს ცხოვრებას აღდგომამდე ყველაფერი გაივლის. თუ შეინანებენ მთელ მსოფლიოში, დასრულდება ეს მკურნალობა, თუ არადა, გაგრძელდება.
– რა არის გამოსავალი?
– ყველამ ერთად გამოვაცხადოთ საყოველთაო სინანული. 4 კვირა დარჩა მარხვის დასრულებამდე, ვინც ბრძანებთ, სახლში ვიჯდებითო, ისხედით. მოგვიწვიეთ, აღსარებას სახლში ჩავიბარებთ, გაზიარებთ და აღდგომას ყველანი ერთად შევხდეთ დამშვიდებულები, დაწყნარებულები. სასულიერო პირებმაც ვაჩვენოთ მაგალითი, როგორ უნდა იქცეოდნენ ქრისტიანები, ისევე როგორც სამაგალითოები არიან ჩვენი ექიმები. რჩები სახლში? დარჩი, მიდიხარ ეკლესიაში? წადი. ხანდახან ჩვენიდანაც არის ურა მარლთმადიდებლობა – გითხრა ექიმმა, მოდი და თავი შეიკავე. გარკვეული წესები, რეგულაციები ჩვენც დავიცავთ – ღმერთი გადამარჩენს მე და ყველაფერი კარგად იქნებაო. დარწმუნებული ხარ, რომ ღმერთი გადაგარჩენს, რომ არ გადაგარჩინოს? ჩვენი დაბადება, გარდაცვალება უფლის ხელშია, მაგრამ როგორ გარდავიცვლები ხომ არ ვიცი. ჩვენი მკურნალობა მკაცრი ტიპიკონით აღესრულება. მკურნალობა სიყვარულით, თავმდაბლობით გადავიტანოთ და აღდგომას ახლიდან დავიწყებთ ცხოვრებას.