კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№14 რატომ ეშინოდათ თანასოფლელებს ვაჟა-ფშაველასი

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

ვახტანგ რაზიკაშვილი – „მამაჩემი ვაჟა-ფშაველა“.
მამის ხასიათი
  მამას მეტად უცნაური ხასიათი ჰქონდა. თუ გული რამეზე მოუვიდოდა, იყო მძვინვარე, როგორც ვეფხვი, ახლოს ვერ გაეკარებოდი. იყო სრულიად უშიშარი და უკან დაუხეველი თვით სიკვდილის წინაშეც კი. ჩვეულებრივ კი მამა იყო მეტწილად მშვიდი, წყნარი, დარბაისელი, გულალალი, ბავშვივით მიამიტი და მეტისმეტად მგრძნობიარე. მაშინვე ცრემლი მოადგებოდა ხოლმე თვალზე, თუ ისეთ რამ ამბავს ეტყოდა ვინმე, თუ ვინმეს სიკვდილს გაიგონებდა, ჭირისუფალივით შეწუხდებოდა ხოლმე. სოფელს ჭირსა და ლხინში გვერდში ედგა და არ გამოირჩეოდა მათგან, თავს არავისზე მაღლა არ აყენებდა. პირიქით, უყვარდა შინაურებში თავმდაბლობა, პატიოსნება, სინდისი, ადამიანის სამსახური და ხალხის ზნე-ჩვეულების პატივისცემა. არ დააკლდებოდა არც ხატობას, არც ქორწილს, არც ხალარჯობას. ყველგან გაჩნდებოდა თავისი ხარჯით. სადაც საკლავი, სასმელი, ქადა-პური, ზედაშე, საწირავი ან ფული იყო საჭირო, ყოველთვის ყველაფერში მონაწილეობას იღებდა და ირჯებოდა. თავის წილს არავის აკლებდა, არც ხატსა და არც ხალხსა. თუ დასტურობა ევალებოდა, დასტურობდა, მასპინძლობდა სხვა ფშაველი გლეხებივით, რომ არავის დაეყვედრებინა გადაგვარება და დიდკაცობა. ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, მცირე თქმაში ბევრს იტყოდა. ახასიათებდა მოკლე და აზრიანი მეტყველება, დარბაისული კილო. ადამიანის დაჩაგვრას ვერ იტანდა. სხვებთან ყოველთვის ამაზე მოსდიოდა უსიამოვნება. იტყოდა ხოლმე საჯაროდ: „კაცნო, ერთურთს ნუ სჩაგრავთ, ერთურთი უნდა გავიტანოთ!“
  მამა დიდად აფასებდა ოჯახს, მშობლიურ კერას. მახსოვს, სტუმრები გვყავდა, ჩვენსა იყვნენ ბიძაჩემი გრიგოლი, მეზობლები და სხვები. ყველანი ხინკალს შემოსხდომოდნენ. მამა მათ ღვინოს ასმევდა, იჯდა ტახტის წინ და მუხლზე ღვინიანი ხელადა ედგა. ილოცებოდა, ჩვენი სახლის ჭერის სადღეგრძელოს სვამდა და ადარებდა ცას. მხატვრულად თქვა ეს სადღეგრძელო და კარგად ვერ დავიმახსოვრე... იმ დღეს, რაღაც არაჩვეულებრივი გულგახსნილობა და მხიარულობა ეტყობოდა. მისი ნათქვამი სადღეგრძელოდან სიტყვა დავიმახსოვრე, გამოვედი საჯალაბო ოთახში და მამაჩემს მივაძახე, ხმამაღლა ვყვიროდი: გაუმარჯოს ჩვენი სახლის ჭერს! დედა და ჩემი და-ძმები იცინოდნენ, თან, მაჩუმებდნენ, მაგრამ მე არა ვჩუმდებოდი... მამაჩემმა და სტუმრებმა შემნიშნეს და არ დამტუქსეს. პირიქით, დამიძახეს, სადღეგრძელო გამამეორებინეს და ღვინოც შემთავაზეს...

მამა ქორწილში
  ზენა სოფელში ცხოვრობდნენ ჩვენი მოგვარენი, მწარია რაზიკაშილი, რომელიც მამაჩემს ბიძად ერგებოდა და ბიძაშვილი – ბასილ რაზიკაშვილი. ბასილის
მეუღლეს ქალიკმას ეძახდნენ სახელად. ქალიკმას სისუფთავე და პურ-შეჭამანდი ყველასათვის ცნობილი იყო. მამაჩემს და ჩვენც, განსაკუთრებით გვიყვარდა ქალიკმას გამომცვარი ქერის პური. ახლაც ცხადად მახსოვს, მამას რომ ჩამოუტანდა ახალ კეცის პურს და ყვითლად დამბალ ხაჭოს... ბასილაანთ და ქალიკმაანთ ერთხელ უფროსი ვაჟის – ნიკიფორეს ქორწილი ჰქონდათ. ნიკიფორეს ფშაველების სოფელ გომეწრიდან უთხოვეს სილამაზით ცნობილი ქალი – ხადიათ მარიამი. კარგი ქორწილი გადაუხადეს. ბევრი სტუმარი ჰყავდათ დაპატიჟებული. სახლი, ეზო და კარ-მიდამო სავსე იყო ხალხით. გარეთ, მწვანეზე იყო მწკრივ-მწკრივად დამსხადრი ხალხი. უფროსნი საუფროსეზე ჩამომწკრივდნენ, მოსუფრალნი სუფრას შემოუსხდნენ და ნეფე-დედოფალი ჯარზე ისხდნენ. ჩვენც, როგორც ნათესავნი, ყველა ვიყავით მიწვეული ქორწილში. მამაჩემიც უფროსებთან იჯდა. მექორწილეთ არაფერი აკლდათ. პურ-ღვინო თავზე საყრელი იყო. წინათ ფშავის დღეობებსა, ხატობასა და ქორწილებში ახალგაზრდობამ ჩხუბი იცოდა. ერთი მეორეს მათრახებით შეახურებდნენ ხოლმე. ჩხუბში იშვიათად, მაგრამ მაინც, ხანჯლებსაც დაატრიალებდნენ. აქაც, ქორწილში, რამდენჯერმე ატყდა ჩხუბი, მაგრამ მაშველებმა გააშველეს და დააშოშმინეს მოჩხუბრები. არ მახსოვს, ქორწილის მეორე დღე იქნებოდა თუ მესამე, შუადღე გადასული იყო. ისეთი დიდი ჩხუბი შეიქმნა ქალის და ვაჟის მაყრებს შორის, რომ ვეღარავითარი მაშველი ძალა, ქალების ჩარევაც კი ვერ აშველებდა დასისხლიანებულ და ხანჯლებით დაჭრილ მოჩხუბრებს, სანამ მამაჩემი არ წამოდგა ფეხზე და მათრახი არ მოიმარჯვა. მან თავისებურად შესძახა, ახლავე გაშველებულიყვნენ. სწრაფად შეიცვალა განწყობილება, თუმცა მამაჩემს სუფრიდან მოჩხუბრებისკენ ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. მოჩხუბრები მალე დაშოშმინდნენ.

ვაჟა შინაურობაში
  ერთხელ ბეკურას თხები  ჩვენს ჯეჯილში შესულიყვნენ. ლუკამ დაინახა, დაიწყო ძახილი: თხებია ჯეჯილში, გამორეკეთო! ხმა არავინ გასცა. ეს მერამდენედ ამოუშვეს თხები ჩვენს ჯეჯილში, მე ვუჩვენებ მაგათ სეირსაო, – თქვა ლუკამ აიღო თოფი და გაემართა თხებისკენ სასროლად. გადასულა თუ არა მამულის პირად, ჯეჯილში კურდღელი ამოსჩენია. უსროლია ლუკას თოფი და მოუკლავს. თხები კი გადარჩენია სიკვდილს. ეს ამბავი ბეკურს უამბო ლუკამ და ბევრიც იცინეს: – კურდღელმა დაიხსნა შენი თხები, ჩემო ბეკურო! – სიცილით ეუბნებოდა ლუკა ბეკურს. ჭირნახულის წახდენას ლუკა საერთოდ ვერ იტანდა. ჩვენი იქნებოდა თუ სხვისა, იმისათვის სულ ერთი იყო. როცა ჩვენი საქონელი გააფუჭებდა სხვის ყანას, ჩვენ დაგვიწყებდა ჩხუბს. ჩვენს კალოზე მომკილი ყანის მუხლის ძნები გვქონდა დადგმული. ასულიყვნენ ჩვენი ინდაურები ამ ძნებზე და სწეწავდნენ, თურმე. ლუკას შეუხედავს, სხვისები ჰგონებია, ამოუღია ხმალი.
ვხედავ, დასდევს კაცი ინდაურებს ხმლით და თავებს აყრევინებს. გავიქეცი, მიველი და ვუთხარი: კაცო, რას შვები, ესენი ხომ ჩვენი ინდაურებია, რაზე ხოცავ-მეთქი. ლუკა გახევებული დარჩა. ჩვენი ინდაურებიო?! – გაკვირვებით თქვა და ხმალი დაუშვა. ჰმ, ჩვენია და ჩვენვე ვჭამოთო. მეტი აღარაფერი უთქვამს, დარცხვენილი წამოვიდა შინისაკენ. მე თავმოჭრილი ინდაურები ავკრიფე და ჩამოვიტანე შინ. ოთხი ინდაურისთვის მოეჭრა თავი. ჩვენი მეზობელი ბუკუკიანთ ბერის, მჭედელას მამა მთვრალი ჩვენს კალოზე ჩამოსულა და ყვირის: ეჰეთ... ვცოფდებიო. ავიდა ლუკა და მიუახლოვდა ამ კაცს.
– რა არის, რა მოგივიდა, რა გაყვირებს!
– ვცოფდები, ბიძაის კაცო! – იმეორედბა ბეკუკის შვილი.
– შენ თუ სცოფდები, მე კიდევ ვგიჟდებიო! – შესძახა ლუკამ, გაუშალა სილა და შიგ ყურის ძირში სთხლიშა. ბუკუკიშვილი გადაიქცა. ჩვენ შევშინდით, ხომ არ მოკვდაო, რადგან ხმას აღარ იღებდა, არც იძროდა. მე შორიდან ვუთვალთვალებდი. კარგა ხანი რომ გავიდა, ეს კაცი მოსულიერდა, წამოჯდა, გაიხედ-გამოიხედა, მერე ერთბასად წამოხტა და მოჰკურცხლა შინისკენ. ლუკამ დიდი დათმობაც იცოდა, თუ გრძნობდა თავის დანაშაულს ან სიმტყუნეს. ბეკურს და ქალთამზეს კარებზე რომ მიუხტა, ორთავემ გამოაქცია. ქალთამზე შუბით გამოსდგომოდა... ბეკურთან რომ მისულა საჩხუბრადა, ბეკური ხანჯლით დასდევნებია, ბუდახაანთ კაკლებამდე მოჰყოლოდა. მაშ, რა მექნა, დათვია, ხანჯალს დამცემდა, ყველა თავის გარემოს იცავსო, – ამბობდა თვითონ ლუკა. ლუკა ჩარგალს ქორწილში წასულა. ფადიურაანთ ბაიაც ყოფილა ამ ქორწილში. ბაია, რაღაც ნაწყენი ყოფილა ლუკაზე,  როცა სახლის წინ მწვანე მინდორზე გაშლილი სუფრის გარშემო ფიცრებზე ჩამომსხდარი ფშაველები ლხინში იყვნენ და ნეფე-დედოფალი ჯარზე ისხდა, ბაიას უფიქრია: მოდი, დავცხო სილა ამ ვაჟს, რაც მომივა-მომივაო. მისულა და შიგ სახეში დაუკრავს ლუკასთვის. თვითონ ბაიამ მიამბო: – წამოხტა ლუკა, ხელი რევოლვერზე იტაცა, როდესაც მიცნო, რომ მე ვიყავი, გაუკვირდა და მითხრა: – ყოჩაღ, ძმაო, ყოჩაღ, – შენ თუ მაგდენი შნო გქონდა, არ ვიცოდიო! გადამეხვია და გადამკოცნა. მე ისე შემრცხვა, რომ რამდენიმე წელიწადს, როცა ლუკა ცხენით ჩამოივლიდა ჭალაზე, მე გზას ვიქცევდი, მურყნებში გადავდიოდი. მრცხვენოდა, კაცს პირისპირ შევყროდი და თვალში შემეხედაო.
  ლუკას დროს ჩარგალს, ზენა სოფელში, ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ერთი როყინა ხმის პატრონი – შალვა გორზამაული.  ბოროტი კაცი არ იყო, მხოლოდ ცოტა ბრიყვი და უზრდელი ხასიათი ჰქონდა. ლუკასთვის ხვნა ემართა. ქირა წინდაწინ გადავუხადეთ შალვას, რომ სამი დღეს ეხნა ჩვენი მიწა ეკლესიასთან. ორი დღე გვიხნა. გაავდრდა და გუთანი შინ წაიღო, მესამე დღეს აღარ უხნავს. დაავიწყდა თუ რა მოხდა, არ ვიცი. ერთ დღეს შალვას ამოუვლია ჩვენი სახლის გადაღმა, ჭიჭახევზე. გორიდან ლუკას თვალი მოუკრავს და გადაუძახნია:
– რატომ არ მიხნავ, შე დათვოო?
– აკი გიხან, შე თვითონ დათვოო, – უპასუხნია შალვას. ლუკას გული მოსვლია, გადასდგომია წინ და შალვასთვის ერთი სილა უტკეცია. ის წაქცეულა. მერე ლუკას უთქვამს: – არ ადგე, აქედან არ გაინძრე, თოფი უნდა გამოვიტანო და დაგკრაო. შალვას მართალი ეგონა ეს ამბავი, წამოხტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხევდახევ გაიქცა. მე თვითონ გადავედი. შალვა ხევზე გარბოდა, მე კი შორიდან ვუყურებდი. ამ ამბავს რომ გაიხსენებდნენ ძმები – ლუკა, ნიკო, თედო და სანდრო, დასცინოდნენ შალვას და აჯავრებდნენ ლაპარაკს: „აკი გიხან, შე თვითონ დათვოო”. უკვირდათ შალვას პასუხი და ისიც, რომ მართალი ეგონა – ლუკა თოფს გამოიტანს და დამკრავსო.


скачать dle 11.3