№14 როგორ შეიძლება, გამოიყენონ დაინტერესებულმა ძალებმა პანდემია დემოკრატიის ავტორიტარიზმით ჩანაცვლებისა და მასებზე ტოტალური კონტროლის დაწესებით
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
იმას, რაც ხდება დღეს მსოფლიოში, ძირითადად, ჯანდაცვასა და ეკონომიკას უკავშირებენ, მაგრამ აშკარაა, რომ პანდემიას პოლიტიკური კონტექსტიც აქვს. სახელმწიფოები მხოლოდ კორონავირუსის წინააღმდეგ არ იბრძვიან, მათი სპეცსამსახურები მომენტით სარგებლობენ და თავიანთი პოლიტიკური ინტერესების მიღწევას ცდილობენ. მსგავსი ჩვენს ქვეყანაშიც ვიხილეთ, როგორ ეცადა ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური ძალა მარნეულში ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირების ჭრილში პროცესის გადაყვანას. საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავასთან ვისაუბრებთ კორონავირუსის პოლიტიკურ კონტექსტზე.
ირაკლი გოგავა: შექმნილი სიტუაცია ცალსახად არ არის სახარბიელო. სამწუხაროდ, ადამიანების ნერვების ხარჯზე საკუთარ პარტიებს ათამაშებენ სხვადასხვა ძალები, ეროვნულსა თუ საერთაშორისო დონეზე. საერთო ჯამში, ეს მიგვანიშნებს იმას, რომ მსოფლიოში სერიოზული კრიზისია და ბევრი რამაა გადასახედი საერთაშორისო სისტემაში. უპირველესად, ეს ეხება მედიას, რომლის დიდი ნაწილი გავლენის კონკრეტულ ჯგუფებს ეკუთვნით, რომლებსაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ და სწორედ ამ მედიამ მოახდინა კორონავირუსის თემის ესკალაცია. გამოიწვია დამატებითი პანიკა, რაც ნამდვილად არ იყო საჭირო და პირიქით, ხელის შემშლელიცაა.
– ჩვენს მედიაზე ლაპარაკობთ თუ ზოგადად მედიაზე?
– უპირველესად, საერთაშორისო მედიაზე, თუმცა ჩვენს მედიაშიც არის ამის ანარეკლი. საიდუმლო არ არის, რომ მსოფლიოს წამყვანი მედიის ორ მესამედზე მეტს ფლობენ გლობალისტური ძალები, მულტინაციონალური კორპორაციები. ეს ინფორმაცია საჯაროა, ნებისმიერს შეუძლია, შევიდეს და შეამოწმოს ინტერნეტში, ვინ რისი მფლობელია. საქართველოშიც ტელევიზიები, ძირითადად, პოლიტიკურ ჯგუფებს ეკუთვნით და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გადასახედია გლობალურად დემოკრატიულ ქვეყნებში მედიის როლი და პასუხისმგებლობა.
– ამ მედიის უკან დგას პოლიტიკური ჯგუფები. პანიკა საუკეთესო გარემოა მიზნების მისაღწევად. გარდა მედიამფლობელებისა, არსებობს სახელმწიფო ინსტიტუტებიც, რომლებიც ამ ეტაპზე, სავარაუდოდ, ეცდებიან საკუთარი მიზნების მიღწევას ამ პრობლემით. ვხედავთ, რომ აშშ არ ეხმარება ევროპას, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთმანეთს ჩაუკეტეს საზღვრები.
– მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ 2020 არის აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წელი, 3 ნოემბერსაა დანიშნული და ტრამპსა და გლობალისტურ ლიბერალურ ძალებს შორის უმწვავესი დაპირისპირებაა. ვფიქრობ, გლობალისტურ-ლიბერალური ძალები, იყენებენ რა თავიანთ მედია-რესურსს, ქმნიან ამ აჟიოტაჟს, რომ მოხდეს ამერიკის ეკონომიკის ვარდნა, რეცესია, კრიზისი – რაც გინდათ, დაარქვით. რომ ამან ხელიდან გამოაცალოს ტრამპს მიღწევები, კერძოდ: შეერთებულ შტატებში უმუშევრობის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი, ამერიკის ეკონომიკის ზრდა, არალეგალური მიგრაციის შეჩერება და, საერთოდ, ეროვნული სახელმწიფოს გაძლიერება. ამ აჟიოტაჟისა და გაბუქებული კრიზისის ფონზე შეიძლება, ეს მიღწევები დავიდეს ნულზე და ტრამპს შეექმნას პრობლემები არჩევნებში.
– მაგრამ რატომ უნდა იყოს ხელსაყრელი გლობალისტებისთვის ამერიკის ეკონომიკის ვარდნა და უმუშევრობის ზრდა? მათ ხომ ეს პრობლემები დახვდებათ, თუ მოვლენ ტრამპის ნაცვლად ხელისუფლებად? მათაც ხომ შეუქმნის ეს პრობლემას?
– გლობალისტების უმრავლესობა მულტიმილიარდერია, ისინი დირიჟორობენ ამ პროცესებს და ჩვენ ვიცით, რომ დედამიწის 10 ყველაზე მდიდარ ადამიანს აქვს პლანეტის სიმდიდრის 70 პროცენტი. ამდენად, მათთვის ფინანსები პრობლემა არ არის და ნებისმიერ შემთხვევაში, ტრამპმაც რომ მოიგოს არჩევნები, ისიც ააღორძინებს ეკონომიკას, მან უკვე წარმოადგინა ეკონომიკის აღორძინების ფანტასტიკური რეფორმა – 6-ტრილიონდოლარიანი გეგმა, 2 ტრილიონი ნაღდი ფულის გაშვებას აპირებს ხალხში და 4 ტრილიონს ფედერალურ სარეზერვო სისტემას აძლევს სესხად. თავად ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი კი არის 3, 6 ტრილიონი.
– აშშ რომ არ გაჩერდება, ეს ერთი მხარეა. დანარჩენ მსოფლიოს რა ეშველება?
– დანარჩენ მსოფლიოს რაც შეეხება: ვისაც აქვს წარმოება, საკუთარი სასურსათო უსაფრთხოების პროგრამა და შეუძლია, გამოკვებოს თავისი ხალხი, ისინი მეტ-ნაკლებად იოლად გადაიტანენ კრიზისს. ჩვენნაირ ქვეყნებს რაც შეეხება, რომლებიც საკუთარს არაფერს აწარმოებენ, მოუწევთ კაბალური პირობებით ახალი სესხების აღება.
– თუმცა რამდენი ხანია, სპეციალისტები ლაპარაკობენ, რომ სასურსათო უსაფრთხოება არის სახელმწიფო უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი. ახლა თუ არის შესაძლებელი, დავიწყოთ და ხეირიც ვნახოთ?
– რა თქმა უნდა, ეს სავსებით შეასაძლებელია, თუ ხელისუფლება მოინდომებს, ოქტომბრამდე ისეთი სამუშაოების ჩატარება შეიძლება, რომ შეიქმნას სათანადო სიმძლავრეები...
– უმეტესობა დაბრუნდა სიფლებში, გაერიდა ვირუსს და სწორედ ხვნა-თესვის დრო მოდის.
– დიახ, საგაზაფხულო სამუშაოების დროა. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ ექცევა ყურადღება სურსათის ადგილობრივ წარმოებას, პოტენციურად ჩვენ გვაქვს 800 000 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწა და აქედან შარშან დაიხნა და დაითესა მხოლოდ 207 000 ჰექტარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ 0,6 ჰექტრის დამუშავებაა საჭირო წელიწადში ერთი ადამიანის გამოსაკვებად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, დაახლოებით, ერთი მილიონი ადამიანის გამოკვება შეგვიძლია ამ მონაცემით, მაგრამ, თუ ჩვენ შევქმნით სოფლის მეურნეობას გადაჯაჭვულს კვების მრეწველობასთან, ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, ჩვენი თავი დავიკმაყოფილოთ სურსათით, შევქმნათ სასურსათო უსაფრთხოების საფუძვლებიც და ექსპორტზეც ვიფიქროთ. გვინდა თუ არა, პლანეტაზე მოსახლეობა სწრაფად იზრდება და სურსათი სტრატეგიული პროდუქტია. სახელმწიფოს პირველი ამოცანაა, გამოკვებოს და ჩააცვას საკუთარ მოსახლეობას. ამას ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ, რადგან უცხოეთიდან დაგვარწმუნეს, რომ მთავარია თავისუფალი ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობა, არ უნდა დაეხმარო საკუთარ წარმოებას და ასე შემდეგ და 30 წელია, ამ ბორბალში ვტრიალებთ.
– პაატა კოღუაშვილმა მითხრა, რომ საქართველოს აქვს 12 მილიონი ადამიანის გამოკვების პოტენციალი. ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი შეზრუდვა არ ვრცელდება პროდუქციაზე. არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ ერთმანეთს არ უნდა მივეკაროთ, ხელები ხელთათმანის გარეშე არ უნდა მოვკიდოთ, ნიღბების გარეშე არ უნდა ვილაპარაკოთ, სახლში უნდა ვისხდეთ და ამ დროს ტვირთები შეუფერხებლად მოძრაობს მთელ მსოფლიოში? შეთქმულების თეორიას გავყვეთ, ეს ადამიანების ჩასაკეტად გაკეთდა? ადამიანები რატომ გახდნენ ზედმეტები სცენარის ამ მონაკვეთში?
– მე ვერ დავარქმევდი ამ მოსაზრებას კონსპირაციულ თეორიას, იმიტომ რომ ეს არის მეცნიერულად დამუშავებული იდეოლოგია, რომელიც გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან რომის კლუბის მიერ შეიქმნა და დაიხვეწა გაეროს ქოლგის ქვეშაც. მაგალითად, 2010 წელს გამოქვეყნდა ცნობილი მკვლევრის, პიტერ შვარცის მოხსენება, რომელიც დააფინანსა როკფელერის ცენტრმა და ამ მოხსენებაში ცნობილი პიტერ შვარცი აღწერს ეგრეთ წოდებულ ბლოკირების სცენარს, რომელიც ზუსტად ასახავს იმ ვითარებას, რაც დღესაა.
– სცენარი ვუამბოთ მკითხველს.
– პიტერ შვარცმა, როკფელერის ცენტრის დაკვეთით, აღწერა პლანეტის განვითარების ოთხი მოდელი და მათ შორის ერთი იყო ბლოკირების მოდელი.
– პანდემიით ბლოკირების?
– დიახ, პანდემიით ბლოკირების, როდესაც იზღუდება ადამიანების უფლებები, მყარდება ავტორიტარული მმართველობა, ზოგ შემთხვევაში – დიქტატორულიც. ვფიქრობ, დღეს რაც ხდება, ეხმიანება ამ მოხსენებასაც და რომის კლუბის სხვა ნაშრომებსაც. გლობალისტების იდეაა, რომ გლობალური საშიშროებით, როგორიცაა პანდემია, მეტეორის შეჯახების საფრთხე ან ეკოლოგიური კატასტროფა, შეიძლება, დაჩქარდეს მსოფლიო მთავრობის შექმნა. ეს შეთქმულების თეორია არ არის, ეს მოხსენებები არსებობს საჯაროდ. როგორც ჩანს, ამ სცენარის ტესტირებაა დიდი მასშტაბით გლობალისტების მიერ, რომ დააკვირდნენ, როგორ იქცევა სხვადასხვა სახელმწიფო თუ ეთნოსი, რომ უკეთ მომზადებულები შეხვდნენ დიდი სცენარის დაწყებას.
– და დიდი სცენარი რას გულისხმობს – ჩვენ, ადამიანებს, დაგვაშინებენ და დაგვაზომბებენ? იაფი მუშახელი ვიქნებით, საექსპერიმენტო ბოცვრები, მონები, ბიომასა?
– ყოველ შემთხვევაში, ნეოლიბერალური დღის წესრიგი, ფაქტობრივად, არის ნეობოლშევიკური მიდგომა, რომ მათი სიმართლეა ერთადერთი. დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია – მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი და ლამაზ ლოზუნგებს ამოფარებულები ცდილობენ, დაამყარონ საერთო კონტროლი პლანეტაზე. მათი მოსაზრებაა, რომ აკონტროლონ მთელი მსოფლიოს პოლიტიკური სისტემა, ხალხები. ის, რას იყენებენ ამის მისაღწევად, უკვე დეკორაციაა.
– რასაც ამბობთ, ნიშნავს, რომ წამალი რომც შეიქმნას, მას ჯერ არ გამოაჩენენ?
– დღეს ეს სატესტო რეჟიმია. სხვადასხვა სახელმწიფოს აქვს საიმისო მეცნიერულ-ტექნიკური ბაზა, რომ შეიქმნას წამალი და დარწმუნებული ვარ, უკვე შეიქმნა რაღაც წამლები და უკეთესიც შეიქმნება. ამას ხალხი გაუმკლავდება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ რეალობა – თუ არ იმოქმედებს პლანეტის შეგნებული ნაწილი, გლობალისტები არ გაჩერდებიან და საშიშროება, რომ მართლაც ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ავტორიტარულად მართონ მსოფლიო, რეალურია.
– დედამიწის სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველობებში დარჩა გონიერი ნაწილი?
– ტრამპი, მისი იდეოლოგიური მოკავშირე სტივ ბენონი დღეს არიან იმ ძალების განსახიერება შეერთებულ შტატებში, რომლებიც იცავენ ეროვნულ სახელმწიფოს და ტრამპი პირდაპირ ამბობს, რომ ეროვნული სახელმწიფო უნდა დარჩეს. რატომ? იმიტომ რომ არიან ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეროვნული სახელმწიფო არ უნდა დარჩეს. აშშ-ში ლიბერალები, ულტრამემარცხენეები კატეგორიულად მოითხოვენ აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორების გაუქმებას, რომელიც გულისხმობს იარაღის ტარების უფლების გაუქმებას, რაც ნიშნავს, რომ თეორიულ შანსსაც კი არ უტოვებენ შეერთებულ შტატებში ადამიანებს, რომ თავი დაიცვან, თუ მათ ავტორიტარული რეჟიმი და დიქტატურა დაემუქრებათ.