კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 ლელა კაკულიას ოთხმოცი წლის დას თბილისის გარდა ღამე არსად გაუთევია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ყველამ კარგად ვიცით ნათელმხილველ ლელა კაკულიას შესახებ, თუმცა ფართო საზოგადოება არ იცნობს მის დას – ლილი ფანჩულიძე-კაკულიას, რომელიც ერთ დროს თბილისში ყველაზე პოპულარული გოგონა ყოფილა და რომელთანაც მისმა მეგობარმა, ნანა ლურსმანაშვილმა დაგვაკავშირა. გადავწყვიტეთ, ქალბატონი ლილის ძალიან საინტერესო, მტკივნეული და მრავალფეროვანი ცხოვრების შესახებ თქვენთვის მოგვეთხრო.
– თქვენს დას კარგად იცნობს საზოგადოება. მოდი, თქვენც გაეცანით მკითხველს – მომიყევით თქვენი ცხოვრების შესახებ.
ლილი ფანჩულიძე-კაკულია: მე ნამდვილი თბილისელი ვარ. ერთხელ, სამსახურში გამოცდა მომიწყვეს: ქალბატონო ლილი, შეიძლება, შეკითხვები მოგცეთ თბილისის შესახებო და როცა ყველა შეკითხვას სწორი პასუხი გავეცი, ხოხობი მიწოდეს (იცინის). ვამაყობ თბილისელობით, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ოთხმოცი წლის ქალი ვარ და თუ დამიჯერებთ, თბილისის გარდა, ღამე არსად გამითენებია. ზესტაფონში ჩავსულვარ, მიქეიფია და ორ საათში უკან დავბრუნებულვარ. კახეთში ჩავსულვარ და საღამოს სახლში წამოვსულვარ. თბილისს ვერ მივატოვებდი. სადმე რომ მივდიოდით, ფანჯარაში ვიყურებოდი, განა რამეს ვათვალიერებდი, ცრემლებს ვმალავდი და ჩემი ქმარი მეხუმრებოდა, აბა, აქეთ მოიხედეო (იცინის). როცა გარდავიცვლები, გული არაფერზე დამწყდება, თბილისს რომ ვტოვებ, მხოლოდ ამას განვიცდი. პროფესიით ფილოლოგი ვარ, ეს საქმე ძალიან დამეხმარა ბიბლიოთეკაში მუშაობაში, სადაც ძალიან ბევრი წელი გავატარე.
– ბიბლიოთეკაში მუშაობამ მოგცათ იოსებ გრიშაშვილთან შეხვედრის საშუალება?
– არა. გრიშაშვილს რომ შევხვდი, პატარა, ცამეტი წლის გოგო ვიყავი. სხვათა შორის, ჩემმა დაქალმა – ლიანა კვირიკაშვილმა მითხრა: შენნაირად გოგო არ უკრავდა თბილისში, მაგრამ შენი თავმდაბლობის გამო, აღარც გახსოვს, 1953 წელს როგორი პოპულარული იყავიო. გრიშაშვილის სახლი ხარფუხში იყო. მე მის მეზობლად ვიყავი სტუმრად, მეგობრის დაბადების დღეზე. ყველგან, სადაც სტუმრად მივდიოდი, მით უმეტეს, სუფრასთან, მუსიკა, რა თქმა უნდა, ჩემი იყო. დავიწყე გრიშაშვილის სიმღერა „ნუ, ნუ სტირი...“ იმ მომენტში არც მახსოვდა ვისი იყო, უბრალოდ, პირველი ეს გამახსენდა. დავამთავრე თუ არა, მესმის კაცის ხმა: „ნანული!“ ნანული სახლის პატრონს ერქვა. „ნანული, ერთი შენი პადრუგა ამაიყვანე და ამოდით ჩემთანო“. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ იყო და არც ჩემს თავზე მიმიღია ეს სიტყვები. ჩემ გარდა იქ სხვებიც იყვნენ. ნანულიმ მითხრა: ლილი, თუ არ ვცდები, შენ ახლა მისი ლექსი იმღერე და ალბათ, ამიტომ გვეძახისო. თურმე, გრიშაშვილი იძახდა. რა თქმა უნდა, ავედით. ხელოვანი როცა ხარ, ბედნიერი უნდა იყო, თუ ვინმე შენს მოსმენას მოინდომებს, რას ჰქვია, ახვეწნინო?! რომ მივედით, მეუბნება, მიმღერე, შვილო, ის სიმღერა, წეღან რომ მღეროდიო. სოსო ძია მაგიდასთან იჯდა, ჩაის სუფრა ჰქონდა გაშლილი, იქ კიდევ ერთი კაცი იყო, გრძელი წვერით. დავიწყე დაკვრა და სიმღერა. ბოლო სტროფზე მითხრა: ეგრე არა, ბოლო სტროფი ისე უნდა იმღერო, ჯიგარში უნდა გაიაროსო – და მეც ზუსტად ისე გავიმეორე, როგორც თვითონ გააკეთა (იცინის). ჩამეხუტა, რა ბედნიერი კაცი ვარ, ასეთი ლამაზი გოგო რომ მღერის ჩემს სიმღერასო და მუხლზე ჩამომისვა. წვერიანმა კაცმა უთხრა: სოსო, მოუშვი ჩემთანაც, გულში უნდა ჩავიკრაო. თურმე ეს კაცი გალაკტიონ ტაბიძეა. შვილო, ვინ გასწავლა ასეთი დაკვრა ან ხელები როგორ გწვდება გიტარაზეო?! გაჯგიმული წამოვედი იქიდან – ორი დიდი მწერალი აღვაფრთოვანე-მეთქი (იცინის). სახლში რომ მოვყევი, ვინც გავიცანი, მამამ, რატომ არ გაიცნობდი, გაგიჭირდებოდა ახლა ეგ შენო (იცინის). შემდეგ თავად შეხვედრია და უთქვამს: შოთაჯან, ეს რა კარგი შვილი გყავს, ეს რა ნიჭიერი გოგოაო. მამა სახლში რომ მოვიდა, ამბობდა, გრიშაშვილამდეც მიაღწიაო (იცინის).
– ფილოლოგიურზე რატომ ჩააბარეთ?
– მალე გავთხოვდი და ბოლომდე ეგეც ვერ დავამთავრე. ჩემი ჰობი იყო თეატრალური ინსტიტუტი მუსკომედიის განხრით, ძალიან კარგად ვცეკვავდი. ოთხი წელი მე და ომარ მხეიძე ერთად ვცეკვავდით. მაგრამ ჩემს დროს ხელოვნება სირცხვილი იყო და ამიტომ პროფესიად ვერ ავირჩევდი. არადა, ყველა სიმღერითა და ცეკვით მიცნობდა.
– მეუღლე რა პროფესიის იყო?
– მეუღლე სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე იყო, „სუხიშვილებში“ და ჯანო ბაგრატიონთან ცეკვავდა. უნიჭიერესი კაცი, ჩემი ბედი, რომ ასეთი ქმარი შემხვდა. თუ კაცს სიმღერა არ ეცოდინებოდა, ერთ თვეში გავეყრებოდი. როგორ მღეროდა, იცით?! გაცნობის ამბავსაც გეტყვით: სიმღერით მოვდიოდი რეპეტიციიდან. კლასელი შემხვდა გზაში და თავის რეპეტიციაზე შემიყვანა. რომ შევედი, მოცეკვავე ბიჭები ერთობოდნენ. ეს გიტარა ვისიაო, ჩემს კლასელს ჰკითხეს ჩემს გიტარაზე და რომ გაიგეს ჩემი იყო, ცოტა ალმაცერად შემომხედეს – ნეტა, რას უნდა უკრავდეს ეს ერთი ციდა გოგოო. აბა ერთი, დააკვრევინეო. გიტარა ხელში ავიღე და ჩემი მომავალი ქმარი – თენგიზ ფანჩულიძე, მეუბნება, გოგონი, მიყვარხარ, იციო?! როგორ არ ვიცი-მეთქი და დავიწყე სიმღერა: „როს არშიყი, საყვარლისა ხილვას ეშურებოდეეს“... ამის დაკვრა და ბიჭების სიცილი უნდა გენახათ. ზუსტად შეეფერებოდა იმ სიტუაციას. გვიანობამდე ვიმღერეთ და თენგიზმა გამომაცილა. გზად მის სახლთან გამოვიარეთ და ვუთხარი, შენ შენ სახლში შედი და მე ჩემთვის წავალ ღიღინ-ღიღინით-მეთქი. როგორ გეკადრება, ბაღია გასავლელი და მარტო როგორ გაგიშვებო.  მაგას შენ ნუ დარდობ, კაცი არ გამცემს ხმას ამ რაიონში-მეთქი. ერთხელ ვიმღერე სიმღერა „ასეთია ქურდი კაცის ბედი“ და ქურდები სანთელს მინთებდნენ. ყველას ისე ვუყვარდი, ვინ გამიბედავდა რამეს (იცინის). არ წამომყვე, შეიძლება, უკან დაბრუნებისას გცემონ, ლილისთან რა გინდოდაო (იცინის). გავიპარე, ჩუმად გავყევი ცოლად. დედას ჩემი გათხოვება ვერ წარმოედგინა, 18 წლის
ვიყავი. თან, ეკონომიურად კარგად ვცხოვრობდით, მეუღლე კი – არა. მაგრამ შეძლებული რომ ყოფილიყო, არავითარ შემთხვევაში არ გავყვებოდი ცოლად. დედას ვეუბნებოდი, შენ იმიტომ წუნობ, რომ იმას სასახლეები არ აქვს-მეთქი და ბოლოს მაინც ჩემი გავიტანე.
– თქვენი და ახლა ცნობილი ნათელმხილველია, როგორი იყო თქვენი ბავშვობა?
– ჩვენ 12 წელია, არ ველაპარაკებით ერთმანეთს. უფრო სწორად, ის არ მელაპარაკება. ნეტავ მიზეზი ვიცოდე. არ ვიცი, რატომ. ღმერთმა სულ კარგად ამყოფოს. დღესაც ვერ გავრკვეულვარ. არადა, უკეთილშობილესია, ამას ვერ დაუკარგავ. ერთი პერიოდი თან მყვებოდა, ცივ ნიავს არ მაკარებდა, მერე არ ვიცი, რა მოხდა. შეიძლება, მე გადამედგა პირველი ნაბიჯი, მერე რა მოხდა, ადამიანური საქციელია, მაგრამ ჩემი შვილი, ჩემი პაატა რომ გარდაიცვალა, არ მოვიდა. პაატას ძალიან უყვარდა დეიდა, ოპერაცია რომ გაიკეთა, მაშინაც არ მოვიდა. ეს ცოტა მეწყინა, მეტი არაფერი. ბავშვობიდან ჰქონდა გამორჩეული ნიჭი. ძალიან იშვიათად ლაპარაკობდა, სულ ჩუმად იყო. დაჟინებული მზერა ჰქონდა. ერთხელ სახლში ვიყავი და დედამ მითხრა, არ შეხვიდე ოთახში, ლეილას ორმოცი ჰქონდა სიცხე და ძლივს ჩაეძინა, არ გააღვიძოო. როგორ არ მენახა და ოდნავ შევყავი ოთახში თავი: ლილო, მოხვედიო? დამიძახა. შენ არ გეძინა-მეთქი და როგორ დავიძინებდი, იცი, ახლა რა მოხდა? აქ ცხენიანი კაცი იყო მოსული, გრძელი, შავი ტანსაცმელი ეცვა და მკლავზე ნემსი გამიკეთაო. მივედი და ვნახე, რომ იმ ადგილიდან მართლა სისხლი მოსდიოდა, ნაჩხვლეტიც ემჩნეოდა. მაშინ ხუთი წლის იყო. შემდეგ დედას და დეიდას უთხრა, საძროხესთან გათხარეთ, ასე დამიბარეს, რომ იქ რაღაც არის ჩამარხულიო. მართლა გათხარეს და რაღაც შეხვეულები ამოიღეს. ერთხელ რაღაცა ვუთხარი, გამომხედა და მითხრა, კარგად დაფიქრდი, ხომ არ მატყუებო? მართლა ვატყუებდი. მე, მაგალითად, სანამ შვილები დამეღუპებოდნენ, ნეკროლოგებს რომ ვკითხულობდი, მეგონა, ყველგან ჩემი პაატას და ზურიკოს სახელი ეწერა.
– შვილები რით გარდაგეცვალათ?
– უფროსი ბიჭი 36 წლის იყო, რომ გარდამეცვალა. ჰოლანდიაში ცხოვრობდა. ჩაის სვამდა, გადავარდა და დაიღუპა. მუსიკოსი იყო, იქ ცხოვრობდა და წარმატებული კარიერა ჰქონდა, ფანტასტიკურად უკრავდა გიტარას. ზურა დოიჯაშვილი, მერაბ სეფაშვილი, რომან რცხილაძე, თემურ რცხილაძე მისი მეგობრები იყვნენ. უნდოდა, აქაც ჩამოსულიყო გასტროლზე. მაგრამ მოულოდნელად გულმა დაარტყა და გარდაიცვალა. იმერელი ცოლი ჰყავს. ჩემი რძალი ჰოლანდია-თბილისის კულტურულ ურთიერთობებს განაგებს. საქართველოდან ჩასული კულტურის ყველა მუშაკმა მასთან უნდა გაიაროს. დიდი სახლი აქვს და ამბობს, ქართველებს სასტუმროში როგორ გავუშვებო. ორი შვილიშვილი მყავს, უკვე დიდები არიან, სამ-სამი შვილი ჰყავთ. 24 წელი გავიდა ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ. მეორე შვილმა ინერვიულა ძმის ამბავი რომ გაიგო და იმ დილას ინფარქტი მოუვიდა. მერე, თურმე, ცუდად ხდებოდა ხოლმე, მაგრამ მე არ მეუბნებოდნენ. მანამდე მეუღლეც გარდამეცვალა. პირველი შვილის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, ვერ გაუძლო ნერვიულობას. უფროსი შვილის – ზურიკოს გარდაცვალებიდან 11 წელი იყო გასული, პაატამ მითხრა, დედა ასე ყვავივით შავებში ჩაცმული ნუ დადიხარო. იმ წუთში გავიხადე შავები. მერე მთხოვა, გიტარა დაუკარიო, ესეც გავაკეთე. მანამდე წლები არ ვუკრავდი. აბა, რა მექნა, ჭირს ჭირი მოჰყვება-მეთქი, შემეშინდა. მერე პაატაც გარდაიცვალა. ახლა წითელ-ყვითელი არა, მაგრამ ფერადები მაცვია. გიტარაზეც ვუკრავ და ვმღერი, იმიტომ, რომ მან მთხოვა. პირველი შვილი გერმანიაშია დაკრძალული, ბავშვებს მამას ხომ ვერ წავართმევდი, მეორე აქ მყავს. მისი ცოლ-შვილი ძველ თბილისში ცხოვრობს.
– ამდენი ტრაგედიის შემდეგ ასეთი სიხალასის შენარჩუნება როგორ მოახერხეთ?
– ფსიქოლოგმა მთხოვა: ლილი, გეხვეწები, დაჯექი და ყველაფერი დაწერე, შენი ამტანიანობის, მოთმინების უნარისა და ადამიანობის შესახებ – როგორ ახერხებ ამ ყველაფერსო?! ვინც მიცნობს, იცის, რომ სიყვარულის უნარი, ადამიანების პატივისცემა არ დამკარგვია. თუმცა, ჩემს ნაკლსაც ვიტყვი, ბუზღუნა ვარ. ღმერთო, ყველა დაიფარე იმისგან, რაც მე გადამხდა. მაგრამ ერთს ვიტყვი – დარდი, რაც შეიძლება ღრმად უნდა ჩატენო გულში, რომ წარამარა ამოყრა ვერ შეძლო. ჩემი შვილების ფოტოებით, ალბომები მაქვს სავსე, მაგრამ ოთახის კედლებზე ვერ ნახავთ. მათ ალბომსაც არავითარ შემთხვევაში არ დავდებ ისეთ ადგილას, რომ ხშირად ნახვა შემეძლოს, თორემ მე ვერ ვიცოცხლებ. მე როგორ შემიძლია მათი ყურება?! არასდროს მივდივარ პანაშვიდებზე, ყველა მიცვალებული ჩემი შვილი მგონია. შვილები დავტოვე და წამოვედი, მაგრამ ვცდილობ, ამაზე ძალიან ნაკლებად ვიფიქრო და გამორიცხულია, ვინმეს ჩემი დარდი თავს მოვახვიო.
– ერთ თემასაც შევეხოთ – კალიგრაფისტი ხართ. ყოველთვის ასე ლამაზად წერდით?
– სკოლის პერიოდიდან ძალიან ლამაზი კალიგრაფია მქონდა. ახლობელმა მთხოვა, რამე დამიწერე შენებურადო და შევუსრულე, კეთილი სურვილები დავუწერე. ახლა „ვეფხისტყაოსანს“ ვწერ. მინდა, ჩემი ხელნაწერი შვილიშვილებს დავუტოვო სახსოვრად.

скачать dle 11.3