კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რატომ გამოაცხადეს ერმალო მაღრაძე ამერიკის მტრად და ვინ უპირებდა მას ამერიკაში „ბოჩკით“ ჩაყვანას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კორონავირუსის გამო გაურკვეველი ვადით გადადებულ ღონისძიებებებს შორის ერმალო მაღრაძის ახალი ფილმის პრემიერაც აღმოჩნდა.
  ერმალო მაღრაძე: ფილმზე მუშაობა ოთხი თვის წინ დავასრულე. გრანდიოზულ პრემიერას ვგეგმავდით, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო გადაიდო. საბოლოოდ რომ დავნიშნეთ, თვალზე კატარაქტის ოპერაცია დამჭირდა და ისევ გადავდეთ. ამჯერად, ანუ უკვე მესამედ კი, ამ ვირუსის შესახებ გავიგეთ და ვარჩიეთ, რომ კიდევ ერთხელ გადაგვედო. არადა თითქმის კინოთეატრიც ნაქირავები გვქონდა, მაგრამ ხალხის შეკრებასა და უბედურების დატრიალებას, ისევ მოცდა ვარჩიეთ. თუმცა არ ვიცი, რამდენი ხნით. ხომ იცით, „ფორსაჟი“ რამდენი დაჯდა და ერთი წლით გადადეს.
– საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ვირუსის ფონზე თქვენს ერთ-ერთ ფილმს „აპოკალიფსი არ იქნება“.
– გეტყვით, რა იდეა ჩავდე ამ ფილმში. მგონია, რომ თუ ადამიანი რამეს იშოვის, სხვებსაც უნდა გაუზიაროს, გაჭირვებულებს. ამას გვასწავლის ქრისტე. თუ ადამიანებს ერთმანეთი გვეყვარება და ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი წინაპრების, ადამისა და ევას ცოდვის გამოსასყიდად, სამოთხეში დავბრუნდებით. ამისთვის საჭიროა ჭეშმარიტ რელიგიურ გზას დავადგეთ. როგორ შეიძლება იმის უარყოფა, რაც ბიბლიაში წერია აპოკალიფსის შესახებ?! წმიდა მამები წერენ, რომ აპოკალიფსი უნდა იყოს, ის ისევ ადამიანებისთვისაა კარგი. ამიტომ, არ ვიცი, რამდენად მაქვს ამის უფლება, მაგრამ გავბედე ამ ფილმით მეთქვა, რომ თუ ჭეშმარიტ რელიგიას გავყვებით, ერთმანეთის სიყვარული და დახმარების სურვილი გაგვაერთიანებს, შეიძლება, აპოკალიფსი აღარ იყოს.
– ახლა რაზე გადაიღეთ ფილმი, რომლის პრემიერაც გადაგედოთ?
– იგივე თემაა, ადამიანი ამ დედამიწის სტუმარია. ამ ფილმში მთავარი გმირი, რომლის როლსაც მე ვთამაშობ, ტაქსის მძღოლია. თვითონაც არ აქვს ბევრი, მაგრამ ყველას ეხმარება. ფინალის გამჟღავნება არ მინდა, მაგრამ თუ ჩემს მთავარ გმირს უთანაგრძნობენ ადამიანები და თვითონაც ასეთები გახდებიან, ძალიან კარგი იქნება.
– როგორი იქნება მისი პრემიერა? მაგალითად, 2018 წელს „ლიმუზინით“ მიხვედით კინოთეატრში, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო.
– პროდიუსერებს უნდოდათ, თეთრი ცხენით მივსულიყავი პრემიერაზე, მაგრამ ცხენის მეშინია და უარი ვთქვი, ჯერ არ ვიცი, რა იქნება.
მსახიობებს ანაზღაურების გარეშე მუშაობაზე როგორ ითანხმებთ?
– რომ მომეწონება ვინმე, ვეუბნები, რომ ახალ ფილმს ვიღებ და დახმარებას ვთხოვ. იმასაც ვეუბნები, რომ ფული არ გვაქვს. შეიძლება დამთანხმდნენ ან უარიც მითხრან. მაგრამ მსახიობების დეფიციტს არ განვიცდი. პირიქით, მეხვეწებიან ხოლმე: ერმალო, შენ ფილმში გადამიღეო.
– ვიცით, რომ „ჰოლივუდი“ თქვენი ოცნებაა. თურმე, არაკანონიერადაც აპირებდით იქ მოხვედრას.
– საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა და კინოში აღარაფერი ხდებოდა, მე ორი კაპიკი ვიშოვე ჩემი ფილმით – „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, თბილისში ერთოთახიანი ბინა მქონდა და ისიც გავყიდე. მინდოდა, ამერიკაში წავსულიყავი. მაგრამ მაშინ ასე ადვილი არ იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. ერთი ფირმა გამოჩნდა, იქ ერთი ქალბატონი იყო, რომელიც დახმარებას დამპირდა და სანაცვლოდ სამი ათასი დოლარი ჩავუთვალე. 23 კაცი შეგვკრიბა და მაპატიეთ, მაგრამ ცხვრებივით შეგვყარა საელჩოში კონსულთან გასაუბრებაზე. ფუნქციები გადაგვინაწილა. თითქოს, ჩოგბურთის გუნდი გვქონდა, მე მათი ტრენერი ვიყავი და მაიამი ბიჩზე მივდიოდით რაღაც სემინარისთვის. მაგრამ კონსული მაშინვე მიხვდა, რომ ეს „ბლეფი“ იყო. სამი საათი გვაშაყირა, რაღაცებს გვეკითხებოდა და მერე პასპორტში რაღაც საშინელება ჩაგვირტყა. რითაც შვიდი წლით ამერიკის მტრად გამომაცხადა, რა დავაშავე, არ ვიცი.
– ისე, ძალიან სარისკო ნაბიჯის გადადგმა გქონიათ გეგმაში.
– ამის შემდეგ, კიდევ გამოჩნდნენ ადამიანები და მითხრეს: ბატონო ერმალო, ნუ გეშინიათ, ჩვენ ჩაგიყვანთ მექსიკაში, ჩაგსვამთ „ბოჩკაში“ და  გადაგიყვანთ ამერიკაშიო. ამას დავთანხმდებოდი?! რა თქმა უნდა, უარი ვთქვი, ამერიკაში „ბოჩკით“ ჩავსულიყავი? კიდევ კარგი, საერთოდ ვერ წავედი. კომუნისტურ პერიოდში შორიდან რომ ვუყურებდი „ჰოლივუდს“, ძალიან მომწონდა და მინდოდა იქ წასვლა. მაგრამ საზღვრები რომ გაიხსნა და ჩავიხედე  „ჰოლივუდურ ცხოვრებაში”, გავიგე, რომ საშინელი ამორალურობა სუფევს. ახალგაზრდა კაცი ისე ვერ მიაღწევდა წარმატებას, თუ პროდიუსერს არ გაუწევდა მამაკაცურ მომსახურებას. კინო კი მიყვარდა, მაგრამ ამ სიბინძურეში გარევა არ მინდოდა. მერე მოსკოვში ვიყავი, იქიდან რომ ჩამოვედი, ზესტაფონში მამაპაპისეული სახლი გავაკეთე და დავქორწინდი. მერე ჩემმა ქალბატონმა ახალი სახლი მოინდომა და ახლა არაჩვეულებრივი ვილა გვაქვს.
– იმ ქალისთვის არ მოგითხოვიათ პასუხი, ვისაც ფული მიეცით?
– წვალების შემდეგ ჩემი ფული უკან ავიღე. დიდი ხალხი ჩავრიე და ამის მერე აღარ შევდავებივარ.
– რუსეთში წასვლა რატომ გადაწყვიტეთ?
– იქნებ იქიდან მაინც წავიდე ამერიკაში-მეთქი. მაგრამ ნურას უკაცრავად. თურმე, აქ რაც ჩამირტყეს პასპორტში, ყველა ქვეყნის ამერიკის საელჩოშია გავრცელებული. ყველამ იცის, რომ ერმალო მაღრაძემ დაარღვია ამერიკის კოდექსი და არის ამ ქვეყნისთვის არასასურველი პიროვნება, რომელიც უნდა დაიბლოკოს. რაღას ვიზამდი, დავბრუნდი ზესტაფონში. მერე აღარც მიცდია წასვლა. ჩემი მიზანი კინოს კეთება იყო და ამის განხორციელება ზესტაფონშიც შევძელი. თუ საყვარელი საქმის კეთების საშუალება მექნება, თბილისში ვიქნები, ზესტაფონში თუ „ჰოლივუდში“, რა მნიშვნელობა აქვს?! იქ რომ ვყოფილიყავი, შეიძლება, მეტისთვის მიმეღწია, ფულსაც ვიშოვიდი და აქ სხვებს დავეხმარებოდი, მაგრამ ზესტაფონში უკვე ვმუშაობდი და ამაზე აღარ ვფიქრობდი.
– ვფიქრობ, ხალხისგან სათანადოდ დაფასებული არ ვარო. რატომ თვლით ასე?
– თბილისში ვიყავი სტუმრად და ღამის ბარში წამიყვანეს. ცოტა ბნელი დარბაზი იყო, მაგრამ ყველამ მიცნო, ყველამ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატა ჩემდამი. მასპინძელმა მითხრა: ერმალო, „ოსკარი“ არ გინდაო?! რად მინდა ის დაჯღანული კაცი, მისი მეშინია. აი, ჩემი „ოსკარი“, უცნობი ხალხის, ქართველი მაყურებლის ასეთი სიყვარულია-მეთქი. საქართველოში არის კინოცენტრი, რომელსაც ათი მილიონი აქვს დაფინანსება. ეს ძალიან კარგია. ღმერთმა ქნას, ასი მისცენ, მაგრამ ეს გზა ქართულ კინოს ვერ განავითარებს. იქ უნდა იყოს პატიოსანი კაცი, კომისია, რომელიც გადაწყვეტს, ორასი რეჟისორიდან ვის გაუნაწილდება ეს თანხა. რადგან სახელმწიფო დაფინანსებაა, ეს ფული ყველა რეჟისორისაა. მე ვფიქრობ, ჯობს, ყველამ თავისით გაანძრიოს ხელი და იშოვოს ფული, მაგრამ სახელმწიფომ რომ რაიონებში კინოთეატრები გაგვიკეთოს, ძალიან დაგვეხმარება. დაუფასებლობას რაც შეეხება, ისეთი პრემიერა, როგორიც ჩვენ „რუსთაველში“ ჩავატარეთ, ქართულ კინოისტორიას არ ახსოვს ან კინოსახლში როგორი პრემიერა გვქონდა?! კი არ შურთ, მაგრამ შეიძლება, ფიქრობენ, ჩვენ ათ მილიონს გვაძლევენ და ეს ზესტაფონელი კაცი ამხელა რამეს აკეთებს უფულოდო და ალბათ, იგნორს მიკეთებენ, არსად მახსენებენ.
– არაჩვეულებრივი მეუღლე მყავსო, მითხარით. განსაკუთრებით ემოციური იქნებოდა თქვენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან, როგორც ვიცი, პირველი მეუღლე გარდაგეცვალათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გააკეთეთ მის გადასარჩენად.
– დიახ, ასე იყო. რუსეთიდან ზესტაფონში რომ ჩამოვედი, ისე ცუდად ვიყავი, მინდოდა, კინოსთვის საერთოდ დამენებებინა თავი. მოსკოვში თავს ვიკლავდი. აქ რომ ჩამოვედი, მეზობლები შემიჩნდნენ, ნუ იქცევი ასეო – ძალიან კარგი მეზობლები მყავს. ნელ-ნელა დავიწყე მუშაობა და დავუბრუნდი ჩემს საქმეს. მარტოხელა ვიყავი 58 წლის. ისევ მეზობლებმა მითხრეს, მოიყვანე ცოლიო. რამდენიმე ქალი მანახეს, მაგრამ არ მინდოდა მოყვანა. შემდეგ კიდევ ერთზე მითხრეს, სკოლაში მუშაობს და ნახეო. წავედი ჩემი მანქანით, გამოვიდა ჩემი მომავალი მეუღლე. მომეწონა, კარგი ქალბატონი იყო. მარტო რომ დავრჩით, პირდაპირ საქმეზე გადავედი. მანქანით წამოვიყვანე და ჩემი სახლი ვანახვე: ქალბატონო მანანა, ესაა ჩემი სახლი, მარტოხელა კაცი ვარ, მეორე ნახევარს ვეძებ და თუ გაქვთ სურვილი, დამთანხმდით-მეთქი. გაოცდა – ასე ხომ არ ხდება? (იცინის) მაშინ ის ჩემი სკოლის მეგობართან ცხოვრობდა და იმას რომ გაუგია, ამის შესახებ, ჩემი მომავალი მეუღლისთვის უთქვამს, ახლავე წაყევიო. ასე შევუღლდით. ეს ქალბატონო მეუბნება, მე ბავშვს ვზრდიო. თურმე, დისშვილს გულისხმობდა, რომელსაც მშობლები სამი წლისას დაეღუპა. მის სანახავად მივედით და გამოვიდა ოცდაათი წლის ახმახი (იცინის). გაზრდილა ეს ბავშვი. მესიამოვნა ასეთი მზრუნველი რომ იყო ეს ქალბატონი. ახლა ბიჭს თავის ცხოვრება აქვს, ცალკე ცხოვრობს და მე და ჩემი მეუღლე მარტოები ვართ.
– ცოტა უცნაურად მოქცეულხართ პირველივე შეხვედრაზე.
– კიდეც მინდოდა დაქორწინება და კიდეც არა, ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი პირდაპირ მეთქვა. საბედნიეროდ, ეს ქალბატონო წამოვიდა ჩემს წინადადებაზე და ახლა ერთად თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ.

скачать dle 11.3