კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რა ლეგენდები არსებობს მელიქ აზარიანცის სახლზე და როგორ ამზადებენ ბიოსაპნებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის პროტოტიპებია

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

   ბოლო პერიოდში, საქართველოში არაერთი სტარტაპი შეიქმნა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს წამოიწყონ საკუთარი საქმე და შექმნან საზოგადოებისთვის საინტერესო და განსხვავებული პროდუქტი. ერთ-ერთი ასეთ წამოწყება არის „საპო“, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტებისგან ბიოსაპნებს ამზადებს. საინტერესოა ის, რომ თითოეულ პროდუქტს მოჰყვება თავისი წიგნი, სადაც ზღაპრები ან კონკრეტული ისტორიაა გადმოცემული. ასევე, შექმნილია საქართველოში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საპნის პროტოტიპები, რომლებიც ვიზუალთან და საპნის ფუნქციასთან ერთად, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასაც უწყობს ხელს. აღნიშნული სტარტაპის ერთ-ერთი შემქმნელია ნაილი ვახანია, რომელმაც მათ პროექტებზე გვიამბო.
  ნაილი ვახანია: სტარტაპ „საპოს“ შექმნის იდეა  მე და ჩემს მეგობრებს გაგვიჩნდა. გვინდოდა, ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც კონცეპტუალური იქნებოდა. საქართველოში ძალიან ბევრი საპნის კომპანია არსებობს, მაგრამ ჩვენი მათგან განსხვავებული უნდა ყოფილიყო. ამიტომ მოვიფიქრეთ ასეთი რაღაც, თავდაპირველად შევქმენით ცხოველების ფორმის საპნები, რომლებსაც საკუთარი ზღაპარი-ისტორია აქვთ. ამ საპნებს მოჰყვება ილუსტრირებული წიგნები და როდესაც ზღაპრის წაკითხვას დაამთავრებ, აღმოაჩენ, რომ ბოლო გვერდი აკლია, რომელიც თავად საპონშია დამალული. ეს ბავშვებისთვის ერთგვარი მოტივაციაა, ხელების დაბანა რომ შეუყვარდეთ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ზღაპრებსაც თავად ვიგონებთ და პერსონაჟებსაც თვითონ ვქმნით. მაგალითად, ერთ-ერთი ზღაპრის შთაგონება იყო ქუთაისში არსებული აუზი, სადაც ცურვას წყლის გარეშე ასწავლიდნენ. ჩვენი პერსონაჟიც მსგავსია, რომელიც პატარებს კოჭებამდე წყალში ასწავლის ცურვას.
– რას გულისხმობს პროექტი „ხელებიც დამიბანია“?
– იქიდან გამომდინარე, რომ ვარ ვიზუალური ხელოვანი და ხშირად ვმუშაობ არქიტექტურის თემაზე, პირადად დაინტერესებული ვიყავი თბილისის არქიტექტურით და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე იქნებოდა. ჩვენ საპნით გავაკეთეთ სამი სახლის პროტოტიპები. სამივე მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, თითოეული მათგანი საჭიროებს მიხედვას, თუმცა არცერთს არ ექცევა ყურადღება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ პროექტისთვის დაგვერქმია „ხელებიც დაგვიბანია“, რადგან ჩვენს ქვეყანაში ბევრი კულტურული მემკვირეობის ძეგლის არსებობაა შეუმჩნეველი და საპონივით დნება. ჩვენი მიზანია, მათზე გავამახვილოთ ყურადღება.
–  თითოეულ სახლს თავისი ისტორია აქვს, მათ შესახებ გვიამბე.
– პირველი გავაკეთეთ მელიქ აზარიანცის სახლი, რომელიც რუსთველის გამზირზე მდებარეობს, მან ეს სახლი უცხოელ არქიტექტორს – ნიკოლაი ობოლონსკის შეუკვეთა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სახლი, სადაც ქირავდებოდა ოთახები და ჰქონდა ბევრი სხვადასხვა დანიშნულების სივრცე, მათ შორს: კინოთეატრი, კაფე და ასე შემდეგ. ამ სახლის აშენებაზე ბევრი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ქალაქის თავმა აზარიანცს მშენებლობის დროს წყალი შეუწყვიტა და გადაწყვიტა, რომ ეს წყალი მეპატრონისთვის მომატებული ტარიფით მიეცა. აზარიანცმა კი ამაზე უარი განაცხადა და წყალში გადასახდელი თანხით შეიძინა ღვინო. როგორც ლეგენდაშია ნათქვამი, სახლის საძირკველი ღვინით არის გაკეთებული. შენობის ფასადზეც არის მსგავსი თქმულებები. სახლს აქვს ცრემლის ფორმის ფანჯრები. მშენებლობის პერიოდში აზარიანცს ქალიშვილი გარდაცვლია და სწორედ ამიტომ გაუკეთებია ასეთი ფორმის. შემდეგი სახლი არის ვაჭარ ბოზარჯიანცის. სახლის მფლობელს თამბაქო შემოჰქონდა და ყიდდა. სახლში ცხოვრობდა მისი ცოლ-შვილი. თავად ბოზარჯიანცი ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო თბილისში, რომელსაც ჰყავდა მძღოლი. მან პარიზიდან მანქანა თავისი მძღოლით გამოიწერა. რაც შეეხება მესამე სახლს, ეს გახლავთ ცისფერმაქნამებიანი სახლი, რომელიც აშენებულია მე-20 საუკუნის დასაწყისში და რომლის მშენებლობაც თბილისელმა ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ვასილ გაბაშვილმა არქიტექტორ კორნელი ტატიშჩევს შეუკვეთა. ეს სახლი უნიკალური იყო იმით, რომ ჰქონდა ულამაზესი ორიარუსიანი აივანი, რომელსაც თბილისში ანალოგი არ აქვს. სახლი გამოირჩევა დეკორატიულობით. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ვასილ გაბაშვილის სიძე, ნიკოლოზ ყიფშიძე სტალინის პირადი ექიმი იყო. როდესაც ქალაქის რეკონსტურქცია მიმდინარეობდა, გადაწყდა, რომ ეს სახლიც უნდა დანგრეულიყო, მაგრამ ნიკოლოზმა სტალინს აჩვენა ფოტო, რომელიც მას ძალიან მოეწონა და ასე გადაურჩა დანგრევას.  
– რა აერთიანებს ამ სახლებს?
– ამ სახლებს აერთიანებს ის, რომ იქ მცხოვრები ადამიანების ბედი მეტ-ნაკლებად ტრაგიკულად მთავრდებოდა, რადგან საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, ძირითადად, ყველა პატრონი გამოასახლეს. სახლის ფორმის საპნებს მოჰყვება წიგნები, სადაც თითოეული მათგანის ისტორიაა აღწერილი. უკანა მხარეს კი აქვთ რუკა, რომლის მეშვეობითაც სახლის ადგილმდებარეობას იპოვით. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ ქართულ ენაზეა და ახლა უკვე ინგლისურადაც ვამატებთ.
– საპნები ნატურალური პროდუქტებისგან მზადდება?
– დიახ. თითოეული მათგანი მცენარეული ზეთებისგან მზადდება.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საპნის პროტოტიპის შექმნა თბილისით დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობთ, მომავალში გავამრავალფეროვნოთ ეს ყველაფერი. აუცილებლად გაგრძლდება ეს პროექტი. ახლა პატარა საწარმოს გაკეთებას ვაპირებთ და ამ ეტაპზე ამით ვართ დაკავებულები. გავიმარჯვეთ ბრიტანეთის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში Big Idea Chakkange, კერძოდ, შემოქმედებითი იდეების კატეგორიის პირველი ადგილის მფლობელები გავხდით. პრიზის სახით მოვიპოვეთ თანხა და სწორედ, ამით ვაპირებთ საწარმოს გაკეთებას.

скачать dle 11.3