№13 რატომ თქვა თვითიზოლაციაზე უარი იტალიიდან დაბრუნებულმა ტენორმა, მიხეილ შეშაბერიძემ და რატომ არის ის კარანტინში გაოცებული
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მსოფლიო, გამოწვევის წინაშეა. ვირუსმა, სახელწოდებით – „კოვიდ-19“, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველო ამ გამოწვევას მომზადებული შეხვდა და ახლა ჯერი მოსახლეობაზეა, რამდენად ფრთხილად ვიქნებით, დავიცავთ ჯანდაცვისა და სახელმწიფო რეკომენდაციებს და შევაჩერებთ ეპიდემიის განვითარებას, ჩვენს ქვეყანაში. ტენორი მიხეილ შეშაბერიძე წლებია, იტალიაში ცხოვრობს. ახლა, ეს ქვეყანა წითელ ზონაშია, დაავადების განსაკუთრებული ეპიცენტრია და დღითიდღე იმატებს ახალი ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, რომლის ვაქცინაც ჯერ არ არსებობს. იტალიიდან დაბრუნებული მიხეილი, წყალტუბოში გადის 14-დღიან კარანტინს. ჩვენ მას დავუკავშირდეით და ამბები გამოვკითხეთ.
მიხეილ შეშაბერიძე: 2007 წლიდან იტალიაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ. თუმცა, ბევრ ქვეყანაში მიწევს გამოსვლა. იტალიელები სიცოცხლით სავსე ხალხია, თავისუფლების მოყვარულები. ზოგადად ეს ქვეყანა, ჩემთვის, ენერგიულობასთან ასოცირდება. გარდა ამისა, ოპერა აქ დაიბადა, მისი აკვანი აქ დაირწა და ამიტომაც არის ეს ქვეყანა ჩემთვის, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებული. კიდევ ვამბობ, იტალია, პირველ რიგში, თავისუფლებასთან ასოცირდება. ზოგადად, იტალიელებმა, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, კორონავირუსი, ძალიან ადვილად მიიღეს. ჩათვალეს, რომ ჩვეულებრივი დაავადებაა, მაგალითად, როგორიც იყო ღორისა და ქათმის გრიპები, არაფერი იყო საშიში და საპანიკო, ანუ სერიოზული დატვირთვა არ მისცეს. არ ვიცი, ეს ექიმებისგან გაუფრთხილებლობის ბრალია თუ ვისი, თუმცა, სავალალო შედეგამდე მივიდნენ. როცა კორონავირუსის პირველი ფაქტები დაფიქსირდა, 20 თებერვალი იყო. პირველი კვირა ხალხი შეშინდა და სახლში ჩაიკეტა, 28 თებერვლიდან 6-7 მარტის ჩათვლით კი, ხალხმა ისევ დაიწყო გარეთ გამოსვლა და მოხდა კიდეც დაავადების მასობრივად გადაცემა. სახელმწიფომ რომ გამოაცხადა, სკოლები და უნივერსიტეტები იკეტებაო, ეს მოსახლეობამ ჩვეულებრივ არდადეგებად ჩათვალა. გამოდიდონენ ქუჩებში საღამოს და დასეირნობდნენ. მერე, როცა სიტუაცია დამძიმდა და იტალია წითელ ზონად გამოცხადდა, მიხვდნენ საფრთხის მასშტაბებს, კი ჩაიკეტნენ სახლებში, მაგრამ გვიანი აღმოჩნდა.
– როგორ გგონია, ეს არის მხოლოდ მოსახლეობის დაუდევრობა, უყურადღებობა თუ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის მხრიდან დანაშაული, რომ მოსახლეობა შესაბამისად და სათანადოდ არ იყო გაფრთხილებული?
– მე, ამ თვალსაზრისით, ვერ ვიქნები ობიექტური. თუმცა, ჩვენს ქვეყანაშიც აფრთხილებს სახელმწიფო და ჯანდაცვა მოსახლეობას და მაინც უყურადღებოდ და უპასუხისმგებლოდ იქცევიან. არ სცემენ პატივს სხვებს, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ სხვისი სიცოცხლე. ღმერთმა ყველა დაიფაროს და უბრალოდ, ერთი რამაა დასაფიქრებელი – მტერს არ უნდა გადასდო ვირუსი, რომელიც მომაკვდინებელია და მიდიხარ და შენს შვილს, ცოლს, დედას, მამას, ბიძაშვილს, დეიდაშვილს, ბებიასა და ბაბუას ასნებოვნებ და სწირავ სიკვდილისთვის? რა განუვითარებელი უნდა იყო ადამიანი, რომ ეს ჩაიდინო?
– ახლა, როცა „კოვიდ 19-ის“ გამო, იტალიას განსაცდელის ჟამი უდგას, პარალიზებულია მთლიანად სახელმწიფო, უამრავი ადამიანია დაავადებული და მათ შორის, გარდაცვლილი, როგორც იმ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქე, რას განიცდი?
– რაც იტალიაში ხდება, ძალიან მტკივა. სამწუხაროდ, ამ ვირუსს ემსხვერპლა 62 წლის აგენტი, რომელთანაც თეატრში კონტრაქტზე ვიმუშავე. მართალია, ავად იყო, მაგრამ ამას კორონავირუსიც დაერთო და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. იტალიაში უამრავი ახლობელი და მეგობარი მყავს, სიძეც იტალიელი მყავს და ჩათვალეთ, იქ ჩემი მეორე ოჯახია. გული მიკვდება, რასაც ვხედავ და ვუსმენ. გადარჩენაზეა ლაპარაკი და როგორც ვიცი, იტალიური მხარე და მთავრობა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის. 60-მილიონიან ქვეყანაში, რთულია სიტუაციის მართვა და კონტროლი. საკარანტინო პერიოდი – 14 დღე რომ დამისრულდება და იმედია, დაავადების არანაირი სიმპტომი არ მექნება, წავალ ჩემს ბინაში და ვიქნები იზოლირებული. დავიცავ ყველა რეკომენდაციას, რასაც სახელმწიფო და ჯანდაცვის ორგანიზაციები გასცემენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ვარ და საკარანტინო სავალდებულო ვადასაც გავივლი, ბებია მენატრება, მაგრამ არ ვნახავ. მაინც იტალიიდან დავბრუნდი და ბებიაჩემს რისკის ქვეშ არ დავაყენებ. ვერ ვხვდები, იმ ადამიანების საქციელს, ვისაც არ უნდა კარანტინში ყოფნა ან თვითიზოლაციის წესს არღვევენ. დაავადება სულაც არ არის სამარცხვინო და რატომ ჰგონიათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, ჩემსავით ან სხვასავით, არ უნდა მოხვდნენ კარანტინში ან არ იყვნენ თვითიზოლაციაში? „უტყდებათ“? გასატეხი ის იქნება, შენს დას, ძმას, ცოლსა და შვილს რომ გადასდებ დაავადებას. არ შეიძლება, შენი უპასუხისმგებლობით რისკის ქვეშ სხვა დააყენო. ამას როგორ ვერ უნდა ხვდებოდე? ხომ არ გეუბნებიან, ჯარში წადიო? შენივე და ახლობლების უსაფრთხოებისთვის ორი კვირა ვერ უნდა მოითმინო?
– შენ როდის დატოვე იტალია და რის გამო გახდა შენი კარანტინში გადაყვანა საჭირო პირდაპირ აეროპორტიდან? როგორც ვიცი, ერთგვარი პრივილეგია შემოგთავაზეს – სახლში, თვითიზოლაციაში დარჩენა. თუმცა, ამაზე უარი განაცხადე. რატომ?
– მე იტალია 10 მარტს დავტოვე, როცა წითელ ზონად გამოცხადდა. 9 მარტს, საღამოს, როცა გავიგე, მეორე დღეს ქვეყანას წითელ ზონად აცხადებდნენ და ეს ნიშნავდა იმას, რომ იტალიის დატოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდებოდა. ვერონაში გახლდით. სახლიდან დავურეკე ჩვენს საელჩოს და დახმარება
ვთხოვე. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. დიახ, თბილისში დაბრუნებულს შემომთავაზეს თვითიზოლაციაში დარჩენა, რადგან მაქვს პირობები – ბინა, სადაც მარტო ვიქნებოდი. უარი ვთქვი. არ ვარ განსაკუთრებული, რომ განსაკუთრებული პრივილეგიით ვისარგებლო. ვინც ჩემთან ერთად იმგზავრა, ბევრს ეს პირობა არ ჰქონდა, ვერ წავიდოდა თვითიზოლაციაში და მოუწევდა კარანტინში, წყალტუბოში ორი კვირით ყოფნა. ვფიქრობ, არავისგან არაფრით გამოვრიჩევი. სადაც – ყველა, იქაც – მე. ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. მოკლედ, ახლა ვიმყოფები კარანტინში, წყალტუბოში, დაახლოებით, ას ადამიანთან ერთად. აეროპორტში გაგვსინჯეს და ვისაც ჰქონდა ვირუსის სიმპტომები, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენები კი – წყალტუბოში. იზოლირებული ვარ, საუზმე, სადილი, ვახშამი თავის დროზე მოდის, დღეში რამდენჯერმე მირეკავენ, მეკითხებიან როგორ ვარ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ ჩვენზე ზრუნავს, მუხლჩაუხრელად, 24 საათის განმავლობაში. ქალბატონები, არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები და წარმოიდგინეთ, მათთვის დღეში 10-15-ჯერ ჩასვლა-ასვლა, პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე სართულზე და 100 კაცისთვის საჭმლის მიტანა რამდენად რთულია... მართლა გაოცებული ვარ, როგორი მომზადებული და აღჭურვილი დახვდა ჩემი ქვეყანა ამ გამოწვევას. ის შეძლეს, რაც ჩვენზე ათჯერ განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს კორონავირუსთან ბრძოლაში.
ვთხოვე. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. დიახ, თბილისში დაბრუნებულს შემომთავაზეს თვითიზოლაციაში დარჩენა, რადგან მაქვს პირობები – ბინა, სადაც მარტო ვიქნებოდი. უარი ვთქვი. არ ვარ განსაკუთრებული, რომ განსაკუთრებული პრივილეგიით ვისარგებლო. ვინც ჩემთან ერთად იმგზავრა, ბევრს ეს პირობა არ ჰქონდა, ვერ წავიდოდა თვითიზოლაციაში და მოუწევდა კარანტინში, წყალტუბოში ორი კვირით ყოფნა. ვფიქრობ, არავისგან არაფრით გამოვრიჩევი. სადაც – ყველა, იქაც – მე. ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია. მოკლედ, ახლა ვიმყოფები კარანტინში, წყალტუბოში, დაახლოებით, ას ადამიანთან ერთად. აეროპორტში გაგვსინჯეს და ვისაც ჰქონდა ვირუსის სიმპტომები, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენები კი – წყალტუბოში. იზოლირებული ვარ, საუზმე, სადილი, ვახშამი თავის დროზე მოდის, დღეში რამდენჯერმე მირეკავენ, მეკითხებიან როგორ ვარ. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს, ყველა იმ ადამიანს, ვინც აქ ჩვენზე ზრუნავს, მუხლჩაუხრელად, 24 საათის განმავლობაში. ქალბატონები, არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები და წარმოიდგინეთ, მათთვის დღეში 10-15-ჯერ ჩასვლა-ასვლა, პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე სართულზე და 100 კაცისთვის საჭმლის მიტანა რამდენად რთულია... მართლა გაოცებული ვარ, როგორი მომზადებული და აღჭურვილი დახვდა ჩემი ქვეყანა ამ გამოწვევას. ის შეძლეს, რაც ჩვენზე ათჯერ განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს კორონავირუსთან ბრძოლაში.
– როგორ გრძნობ თავს და იტალიიდან დაბრუნებული სად აპირებ მისვლას?
– იღბლიანი ავღმოვჩნდი, რადგან ბარნის კონსერვატორიის სტუდენტებმა იმგზავრეს ჩემთან ერთად, რომლებიც იქ გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ და ახლა ჩემთან ერთად არიან კარანტინში. ერთ-ერთ მათგანს ელექტრონული ფორტეპიანო აღმოაჩნდა. აპრილში მეწყება რეპეტიციები პოლონეთში, უნდა ვიმღერო და ვნერვიულობდი, ამ კარანტინში სად ვიშოვი ფორტეპიანოს-მეთქი (იცინის). მოკლედ, ჩემმა ახალგაზრდა კოლეგებმა დამითმეს ინსტრუმენტი, მეც ვრეპეტიციობ, მათაც ვამეცადინებ და მასტერ-კლასებს ვატარებ.
– ანუ კარანტინში მყოფებს, ერთმანეთთან ურთიერთობა გაქვთ? შეიძლება კონტაქტი?
– კარანტინში, ერთი მეტრის დისტანციის დაცვით და განსაზღვრული, 15-20 წუთით, კონტაქტი შეგვიძლია. სხვათა შორის, სულ თან დამაქვს სახტუნაო და ფორმიდან რომ არ ამოვვარდე, ყოველ დილით ვვარჯოშობ. ახლა გირებსაც მომიტანენ და კართან დამიწყობენ.
– ესე იგი, შენი მეცადინეობით არც მანდ ასვენებ ხალხს?
– პატარა კონცერტებს ვატარებ, იმედია, არ წუხდებიან და საჩივარს არ შეიტანენ (იცინის). დაგეგმილი მქონდა კატანის თეატრში წასვლა, „ჯამბაზები“ უნდა მემღერა, მაგრამ ამ ვირუსმა ცხოვრების წესი მარტო მე არ შემიცვალა. მთავარია, ადამიანები იყვნენ ჯანმრთელად და მოვიქცეთ ისე, რომ ერთმანეთი არ დავაზიანოთ. კორონავირუსი, ეს ერთ-ერთი კარგი გაკვეთილია ჩემთვის, შემდგომში როგორ ვიმოქმედო, სტიქიასა და ეპიდემიას როგორ გავუმკლავდე... ბედნიერი ვარ, რომ ამისთვის ქართველები, ძლიერები აღმოვჩნდით. ამდენი საუკუნეა მოვდივართ, ასი ათასობით და მილიონობით მტერს გავუძელით, დღემდე მოვაღწიეთ და ამ უხილავ მტერსაც ჩამოვხსნით ნიღაბს. რასაც ვუყურებ, ფაქტია, ამ საშიშ და დაძაბულ ვითარებაში ევროპასაც, ამერიკასაც და შვეიცარიასაც ვაჯობეთ ჩვენი ერთიანობით. ვფიქრობ, ეს ეპიდემია იმისთვისაა, რომ დავფიქრდეთ, რამდენად ძვირფასები ვართ ერთმანეთისთვის და რამდენად ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე, მისი გადარჩენა, თანადგომა... ბოლო დროს ხშირად ვხედავდი ადამიანების დაუდევრობას, უპასუხისმგებლობას და ეს გასაჭირი და ეპიდემია, ერთ-ერთი საშუალება იქნება, დაგვაახლოვოს და გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვნები არიან სხვა ადამიანები და მათი სიცოცხლე ჩვენთვის. ვწუხვარ ყველა გარდაცვლილს და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. რომ დავბრუნდები, იტალია მინდა, უფრო მეტად აქოთქოთებული და გაბრწყინებული ვნახო... არა მარტო იტალია, მთელი სამყარო.