კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 როგორ შეიცვალა ცირა კობიაშვილის ცხოვრება კორონავირუსის შემდეგ და რა ასწავლეს მაია სტეფნაძეს „წითელ ჯვარში“ ვირუსისგან თავის დასაცავად

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  კორონავირუსმა თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობა შეცვალა. ახლა ყველას საზრუნავი მისგან თავდაცვაა. ვინ როგორ ცდილობს ამის მიღწევას და რა ხერხები აქვთ ამისთვის, ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ეკა ჩხეიძე: ვცდილობ, თავი დავიცვა ამ ვირუსისგან. თეატრები კი დახურულია, მაგრამ ტელევიზიაში სიარული მაინც მიწევს. ყველგან ერთჯერადი ხელთათმანი და შეძლებისდაგვარად ნიღაბიც მიკეთია. შეხვედრისას კოცნა ისედაც არ მიყვარდა და ახლა – მით უმეტეს. მარკეტიდან სახლში რაც მომაქვს, ყველაფერს ვრეცხავ. ხაჭო იქნება, არაჟანი, რძე, ყველაფერს, რასაც მოლარე ხელით ეხება, ჯერ გარედან ვრეცხავ და მერე ვაწყობ მაცივარში.
– პირბადეს არ ატარებთ?
– ყოველთვის ვერ ვიკეთებ, მახრჩობს. მანქანაში რომ ვარ ან გარეთ, არა, მაგრამ თუ ხალხმრავალ ადგილას მიწევს გასვლა, თუნდაც მარკეტში, ვიკეთებ. არ მგონია, რომ განსაკუთრებულად მიცავს, მაგრამ ვინმე რომ დააცემინებს ან დაახველებს, ამ დროს მაინც დამიცავს.
– კვების რაციონი თუ შეცვალეთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად?
– განსხვავებულად არ ვიკვევები – ისევ ისე, როგორც აქამდე. მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდა ჯინჯერის ჩაი. ამბობენ, რომ ვირუსის წინააღმდეგაც ეფექტურია. გემოც მომწონს, სასარგებლოცაა და უფრო ნატურალურიც.
– თქვენ გარშემო რამდენად იგრძნობა პანიკა?
– პანიკა არაა, პირიქით, ყველას გვინდა, რომ თეატრში დაწყებული რეპეტიციები გავაგრძელოთ. მაგრამ ოფიციალურად დახურულია და ამას ვერ შევეწინააღმდეგებით. შეშინებული არა, მაგრამ ვხედავ, რომ ხალხი ფრთხილობს. პირველ რიგში, ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე ფიქრობ. ახლა მე რომ მეშინოდეს, სისულელე იქნება. ჩემი უფროსი გოგო მილანში ცხოვრობს და მუშაობს, იქ, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია. შვილი იქ მყავს და მე აქ რაღაცის მეშინოდეს და გარეთ აღარ გავდიოდე, არალოგიკური მგონია. მასაც უწევს პერიოდულად სამსახურში მისვლა.
– ის რას ამბობს, როგორ იქცევა?
– მაქსიმალურად ვიცავ თავსო, ამბობს. ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი, დიდი კრიზისი გველოდება წინ. მე მაგალითად, ძალიან ბევრი პროექტი შემიჩერდა. არა მხოლოდ დაგეგმილი, დაწყებულებიც. ამიტომ, მე არ ვიცი რა იქნება. შეიძლება, კორონას გადავურჩეთ, მაგრამ მერე რა გვეშველება?!
– ყველა ვცდილობთ, გავრცელებას ხელი არ შევუწყოთ. თუმცა მაინც გვხვდებიან ადამიანები, ამ ყველაფერს რომ ჯერ კიდევ ნაკლებად სერიოზულად უყურებენ.
– ძალიან ბევრისგან მესმის „კაი, რა, ჩვეულებრივი ვირუსია“, რაც ძალიან მაღიზიანებს. სიკვდილიანობა ძალიან მაღალია და ვისაც სუსტი ფილტვები აქვს, ვერ უძლებს. სულაც ჯანმრთელ ადამიანს რომ დაემართოს, ფილტვებზე მაინც ცუდ კვალს ტოვებს. ძალიან ცუდი ვირუსია, ეს ხომ არაა „წითურა“, რომელსაც მოიხდი და აღარასდროს დაგემართება. თან, ასე ადვილად ვრცელდება. ძალიან ბევრი დადის უნიღბოდ და უხელთათმანოდ, ახლოს მოდის, გელაპარაკება. დღევანდელ დღეს, ეს უკულტურობაა. ვაჟკაცობად მიაჩნიათ ქართველებს ეს და სიტყვა „მეშინია“ არ მოსწონთ. არადა, ეს სიფრთხილეა და სხვა ადამიანების პატივისცემა. შენ არ გეშინია, კი ბატონო, მაგრამ მაშინ სხვას ნუ მიეკარები. არ მეშინიას და დოინჯით სიარულს თუ მოვეშვებით, სადღაც გავწყვეტთ ამ ვირუსის ჯაჭვს და მოვერევით. ჩემი შვილი მილანში ახლაც იძულებულია, სამსახურში იაროს, იმიტომ, რომ არ დაიხურა. იქ ახლაც ასეთი სიტუაციაა, „მე არ დამემართება“ დამოკიდებულება, რაც მგონია, რომ არასწორია, მაგრამ იმედი მაქვს, მალე ჩაივლის ეს საფრთხე და ყველაფერი კარგად იქნება.
ცირა კობიაშვილი: ისეთ პანიკაში არ ვარ, როგორიც ქალაქში იგრძნობა, მაგრამ ვცდილობ, ყველა რეკომენდაცია გავითვალისწინო. სადეზინფექციო ხსნარები, რა თქმა უნდა, ვერ ვიშოვე. ამიტომ ვიყიდე სპირტი, სპრეის თავსახური გავუკეთე და სახლში ყველაფერს ვასხამ. ხელებსაც ძალიან ხშირად ვიბან. თუ ძალიან გამიჭირდა სახლში ყოფნა, მანქანით გავდივარ გარეთ და მარტო ვსეირნობ და არავის ვხვდები.
– გარედან სახლში შემოსული რას აკეთებ?
– სახლში ფეხსაცმლით არ შემოვდივარ. რაც ძალიან მიჭირს, იმიტომ, რომ არ ვარ მიჩვეული, მაგრამ ამ კორონამ ცხოვრების წესი შეგვიცვალა (იცინის). სხვათა შორის, ვაპირებ, რომ თურქეთის მსგავსად, ფეხსაცმლით არავინ შემოვუშვა სახლში. თუ ვინმეს არ მოეწონება, შეუძლია, არ მოვიდნენ ჩემთან (იცინის). ახლა ისედაც არაა სასურველი ვინმეს მოსვლა, მაგრამ ზოგადად ვამბობ, ამ წესს აუცილებლად დავიტოვებ და სახლში ფეხსაცმელებით აღარავის შემოვუშვებ (იცინის). კიდევ ტელეფონს ვწმენდ ხშირად და D ვიტამინს ვსვამ დღეში ერთხელ. ცოტა დაბალი იმუნიტეტი მაქვს და ამიტომ, ხშირად ვსვამ ჩაისაც.
– ბევრი ძალიან შეშინებულია, შენ რა გეხმარება პანიკის დამარცხებაში?
– ალბათ, ის, რომ ქრონიკული დაავადება არ მაქვს. რამე რომ მაწუხებდეს, რის გამოც რისკ-ჯგუფში აღმოვჩნდებოდი, ალბათ, მეც პანიკაში ვიქნებოდი. ამ მომენტისთვის ისეთი არაფერი მჭირს და ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ, რამე რომ იყოს, იმედია, ადვილად გადავიტან. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში საშიშია, ამიტომ პანიკის გარეშე სიფრთხილეს ვიცავ. უკვე ერთი კვირაა, აღარ ვმუშაობ და სახლიდანაც არ გავდივარ.
– ეს ყველაფერი ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. რას ფიქრობ, რა იქნება, ვირუსი რომ ჩაივლის?
– ნამდვილი კატასტროფა იქნება. უკვე აბსოლუტურად ყველაზე აისახა ეს სიტუაცია და მათ შორის, ჩემზე და ჩემს მშობლებზეც. მე ამ ვირუსზე მეტად, ეკონომიკური კრიზისის მეშინია. რადგან როგორც ვთქვი, ქრონიკული დაავადება არ მაქვს. ახლა იმდენს ვიძახი და თავი ისეთი დაცული მგონია, მეშინია, მე არ დამემართოს (იცინის). მართლა არ ვიცი, რა გვეშველება. საშინელება იქნება, ვირუსის მერე გაცილებით რთული გახდება ჩვენი ცხოვრება.
მაია სტეფნაძე: დღეს უკვე ძალიან შეზღუდულია ჩვენი გადაადგილება: სამსახური, სახლი, მაღაზია. სხვაგან აღარსად დავდივარ და მგონია, რომ თითქმის ყველა ასეა. მომენატრა მეგობრებთან ერთად კარგ გარემოში შეკრება. ერთმანეთის სახლებშიც კი ვერ მივდივართ სტუმრად. რაც შეეხება თავდაცვას, ტელევიზიის ყველა კუთხეში სადეზინფექციო ხსნარებია მიმაგრებული, ყოველწუთას ვიმუშავებთ ხელებს და პირბადეებით დავდივართ. ჯერჯერობით დისტანციურ მუშაობაზე არ გადავსულვართ და ჩვენ-ჩვენ მოვალეობებს ვასრულებთ.
– სახლში რომ შემოდიხართ, როგორ იქცევით? მით უმეტეს შინ პატარა გყავთ.
– მე გავიარე „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციაში ტრენინგი კორონავირუსთან დაკავშირებით. ზუსტად ეგ კითხვა დავსვი იქ. სახლში რომ შევდივარ, ძალიან ვდარდობ რამე არ შევიტანო და როგორ დავიცვა თავი-მეთქი. რამდენიმე ვარიანტი გვიჩვენეს და გაგიზიარებთ, რადგან  მინდა, საზოგადოებამაც იცოდეს. კარის წინ რომ ტილო გვიდევს, ფეხის გასაწმენდად, ის უნდა გაიჟღინთოს კარგად სადეზინფექციო ხსნარით და სანამ სახლში შეხვალთ, კარგად გაიწმინდეთ მასზე ფეხსაცმლის ძირი. რაც შეეხება პალტოს, გაიტანეთ აივანზე და გაფერთხეთ. მანამდე არ მიეკაროთ ოჯახის წევრებს და ნივთებს სანამ ხელებს არ დაიბანთ. გარეთ პირზე პირბადე გვიკეთია, მაგრამ კარგი იქნება, თუ სახლში მისვლისას პირსაც დავიბანთ.
– რადგან ანტიბაქტერიული სითხე დეფიციტშია, სპირტიც შეგვიძლია ტილოსთვის გამოვიყენოთ?
– 70-პროცენტიანი სპირტია ძალიან კარგი. ჩემდა გასაკვირად, აღმოჩნდა, რომ 95-პროცენტიანი სპირტი ნაკლებეფექტურია. როგორ გავიგე, 95-პროცენტიანი სპირტი ახდენს ვირუსის ბლოკირებას, 70-იანი კი სრულად ანადგურებს მას. ეს ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. თუმცა არსებობს შუშხუნა ტაბლეტები სახელწოდებით, SANIFOT, რომელიც იხსნება ათ ლიტრ წყალში და კეთდება ანტიბაქტერიული ხსნარი. ასე რომ, შეგვიძლია ტილო იმითაც გავჟღინთოთ.
– გადაწყვიტეთ, მათ დახმარებოდით, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. სარისკო, თუმცა ძალიან ჰუმანური და საჭირო ნაბიჯია.
– რაც ჩემი გადაცემა დაიწყო, ადამიანებს სულ ვეუბნები, რომ ცხოვრებაში მთავარი განწყობაა, რომ ბუმერანგის კანონი მართავს ყველაფერს. ამიტომ, ვინც პანიკას აჰყვება, იმუნიტეტს იზიანებს. პანიკა და სიფრთხილე სრულიად სხვადასხვა ცნებებია. ერთმანეთი რომ არ უნდა გადავკოცნოთ, ხელები დავიბანოთ, მოვერიდოთ თავყრილობებს, სიფრთხილეა. მაგრამ თუ ნერვებს იმ დონემდე აჰყვები, რომ „ვაიმე, ახლა მოვკვდების“ გარდა აღარაფერზე ფიქრობ, ეს პანიკა შინაგანად გაგანადგურებს და მე ვფიქრობ, იმაზე მეტად სახიფათოა, ვიდრე კორონავირუსი. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როცა მთელ მსოფლიოს ასე უჭირს, თუ ჩვენ შეშინებულები სახლებში ჩავიკეტებით, არ იქნება სწორი. არსებობენ ადამიანები, ვისაც არ ჰყავთ მიმხედავი და თუ ჩვენ მხოლოდ ჩვენს თავზე ვიფიქრებთ, მათ რა ეშველებათ. როგორი ქრისტიანები გამოვდივართ? საჭიროდ ჩავთვალე, ასაკოვან ადამიანებს, რომელთათვისაც გარეთ გამოსვლაც კი არაა სასურველი, დავხმარებოდი. აბა, რა უნდა ქნან მათ? ან „კათარზისის“ თანამშრომლებმა რა ქნან, რამდენი ადამიანის დახმარებას შეძლებენ? მათ, რა, არ ეშინიათ? ჩვენ თუ ვფრთხილობთ, მათ არ უყვართ თავები? როგორ დავყოთ ადამიანები – შენ წადი და იმუშავე, ჩვენ სახლებში დავსხდებით, რომ არაფერი დაგვემართოს?! ეს არ მომეჩვენა მორალურად სწორ ქცევად. ამიტომ ავდექი და დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე და ჩავაწერინე ჩემი მონაცემები, როგორც მოხალისის. შემდეგ, თვითონ დამიკავშირდნენ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაციიდან და ყველა მსურველს ტრენინგი გაგვატარეს – „როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან“. სოციალურად დაუცველ ადამიანებს არ აქვთ იმდენი საშუალება, რომ კარგად იკვებონ. შესაბამისად, მათი იმუნიტეტი ბევრად დაბალია, ვიდრე ჩვენი. გარდა ამისა, როგორც ჩვენ მოვექცევით მოხუცებს, ისე მოგვექცევიან ჩვენი შვილები ხვალ. ამიტომ, მგონია, რომ ქრისტიანულად ვაზროვნებ, ეს ჩემთვის სიყვარულის გზაა და გამიკვირდა, ისეთი გამოხმაურება მოჰყვა. არ მეგონა თუ, ამაში ვინმე გმირობას დაინახავდა. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი ნაბიჯია. ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც „ამყვა“. ძალიან ბევრმა მომწერა, ჩვენც გადავწყვიტეთ და „წითელ ჯვარში“ გავწევრიანდითო. ეს ძალიან მახარებს. ტელევიზიიდან სახლში რომ მივდიოდი, ტაქსის მძღოლმა მითხრა, ზუსტად ახლა გისმენდით და გადავწყვიტე, მეც იგივე გავაკეთოო. ჩემთვის ეს სიკეთეა მთავარი.
– უკვე დაიწყეთ?
– მე ვიყავი „კათარზისში“ და დავეხმარე მოხუცებს საჭიროებისამებრ. ერთ მოხუცს სახლში მე თვითონ მივუტანე საჭმელი. ვისაც ფიზიკურად დასჭირდება დახმარება, მე ამისთვის მზად ვარ. ბევრი ადამიანი დაიბნა და რატომღაც ჩათვალეს, რომ მე დავდივარ და საჭმელს საკუთარი სახსრებით ვარიგებ. ეს ასე არ არის. მე გავიღე ჩემი დრო და ფიზიკური ენერგია და დავეხმარები ყველას, ვისაც ამის საჭიროება აქვს. მგონია, რომ ამ სიტუაციაში ეს ცოტა არ არის. მომწერეს მსგავსი რამ და ამიტომ იძულებული გავხდი, ამეხსნა. ცოტა მრცხვენია ამ ყველაფერს ზედმეტი ყურადღება რომ მიანიჭეს, მაგრამ გამიხარდება თუ იმავეს ბევრი გააკეთებს.

скачать dle 11.3