№13 ქალი ქურქში
ლოურენს ოლივერი
კაცები თვალს აყოლებდნენ ბაქანზე მიმავალ ქურქში გამოწყობილი ძალიან მომხიბვლელ ქალს. საძინებელი ვაგონის გამცილებელიც ხაზგასმული თავაზიანობით მიესალმა მას და კუპემდე მიაცილა. მებარგულმა ბარგი შეიტანა და თაროზე დააწყო. რესტორნის ზარმა დარეკა – ჯერ პირველი კლასის მგზავრებს ეპატიჟებოდნენ. ქალს ნაღვლიანი სახე ჰქონდა. წამოდგა, ქურქი გაიხადა, თავი პატარა სარკეში შეათვალიერა, ხელჩანთა და ოქროულობის ყუთი აიღო და დერეფანში გავიდა. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, თვალი მოჰკრა წარწერას ჩემოდანზე, იქვე, სკამზე რომ იდო: „ჯოშუა ჯონერი ალჟირამდე“. ქალი შეცბა, შეყოყმანდა და თავის კუპეში შებრუნდა, მაგიდაზე დაწყობილი ჟურნალებისა და წიგნების გროვაში რაღაცას დაუწყო ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა. წარბშეკრულმა რესტორნისაკენ გასწია. პატარა მაგიდასთან უკვე ვიღაც იჯდა. ეს ის კაცი იყო, ტყავის ჩემოდნის პატრონი. ლილიანმა შეუმჩნევლად შეათვალიერა. რატომღაც, ძალიან სანდო პირად მოეჩვენა. კაცი ნამდვილი ინგლისელივით თავდაჭერილი ჩანდა.
ყავა და ანგარიში მოიტანეს. ფული რომ გადაიხადა, ქალმა გამბედაობა მოიკრიბა.
– უკაცრავად, თქვენ, შემთხვევით...
– დიახ, სწორედ ის გახლავართ. რამე პრობლემა გაქვთ?
– ძალიან უცნაური ამბავი მოხდა და არ ვიცი, როგორ ავხსნა. მივდივარ მეუღლესთან. ბიზნესმენია. ალჟირში ორი კვირის წინ გაემგზავრა, ჩემს დასახვედრად უნდა მომზადებულიყო. იცით, უცხოეთში არასოდეს ვყოფილვარ. წელიწად-ნახევარია, რაც გავთხოვდი. დევიდი ძალიან საყვარელი ადამიანია. მაგრამ რომ წავიდა, მის კაბინეტში წერილს ვწერდი და ისე, გასართობად ჩემი მეუღლის საშრობი ქაღალდი ავიღე. სარკესთან მივიტანე. ნაწერი კარგად ემჩნეოდა და იოლად ამოვიკითხე – პირველად ეწერა სიტყვა „ცოლი“, მერე – „რომამდე სწორედ რომ დროული იქნება!“ ვერ მივხვდი, რატომ უნდა დაეწერა წერილი, რომელშიც ასეთი სიტყვები იქნებოდა.
– ვშიშობ, დაცდა მოგვიხდება, – თქვა კაცმა, – რომში ხვალ შუადღისას ჩავდივართ. მენდეთ. თქვენზე ვიზრუნებ.
დგებოდა წუთი, როცა რაღაც უნდა მომხდარიყო... უცებ ყვირილი გაისმა:
– ოჰ, შეხედეთ, მატარებელს ცეცხლი უკიდია!
ლილიანი და მისტერ ჯონერი წამსვე დერეფანში გაჩნდნენ. ვიღაც ქალი თითს იშვერდა წინა კუპისკენ, საიდანაც კვამლი ღრუბელივით გამოდიოდა. მალე გამცილებელიც გამოჩნდა.
– კუპე ცარიელია! – დაიყვირა მან, – დამშვიდდით, ცეცხლს ჩავაქრობთ.
უცებ ჯონერი მობრუნდა და ლილიანის კუპესკენ წავიდა. იქ ის ქალი იჯდა და ღია ფანჯრიდან ღრმად ისუნთქავდა ჰაერს.
– ქალბატონო, ეს თქვენი კუპე არ არის.
– ვიცი, მაგრამ ისე შემეშინდა... ჩემს კუპეში უნდა დავბრუნდე.
- არა, ჯერ არა! – კაცმა ხელი მოჰკიდა და ფრთხილად დასვა ისევ სკამზე, – თქვენ აქ დარჩებით! – ცივი ხმა ჰქონდა.
კუპეში ლილიანი შემოვიდა.
– ვიღაცამ იხუმრა, გამცილებელი სულ ცოფებს ყრის. აქ რა ხდება?
– თქვენი პატარა ალისფერი ყუთით რა მიგაქვთ? – ჰკითხა კაცმა, – უნდა ნახოთ, ყველაფერი ისევ შიგ დევს თუ გაკლიათ რამე.
შეშფოთებულმა ლილიანმა კოლოფი გახსნა და დაიყვირა:
– ღმერთო. აღარაფერი დევს შიგ! ჩემი ბრილიანტის სამაჯური, მამის ნაჩუქარი ყელსაბამი, ზურმუხტისა და ლალის ბეჭდები, ბრილიანტის გულსაბნევები. ახლა რა უნდა ვქნა?
მისტერ ჯონერი, რომელიც საკმაოდ ცნობილი დეტექტივი იყო, რამდენიმე ოფიციალურ პირს ესაუბრა რამდენიმე ენაზე, მაგრამ უშედეგოდ. ეჭვმიტანილი ქალბატონი გაჩხრიკეს, მაგრამ მას ძვირფასეულობა არ აღმოაჩნდა.
– როდის ნახეთ უკანასკნელად თქვენი ძვირფასეულობა? – ჰკითხა ლილიანს ჯონერიმ.
– ამ დილით, საფირონის საყურეები მოვიხსენი და მარგალიტის გავიკეთე. ყველაფერი ადგილზე იყო. ყუთი ვაგონ-რესტორანშიც თან მქონდა. ყოველთვის თან დამაქვს ხოლმე. მხოლოდ წეღან დავტოვე, როცა უცებ გარეთ გავვარდი, – გამოდის, რომ ის ქალი ქურდია? მაგრამ კუპეში სულ წუთ-ნახევარი იყო – ეს დრო მხოლოდ იმისთვის თუ ეყოფოდა, რომ ყუთი გაეღო და ამოეღო ძვირფასეულობა, მაგრამ მერე სად წაიღო? იქნებ ფანჯრიდან გადაუგდო ვინმეს.
კაცმა თავი გადააქნია.
– შეიძლებოდა ასეც გვეფიქრა, მაგრამ სწორედ იმ დროს ზღვაზე, ხიდზე გადავდიოდით. მოდით კუპეში მოვძებნოთ.
თუმცა თავად დეტექტივი რაღაცნაირად დაბნეული ეძებდა. მერე მოუბოდიშა:
– ვეღარ დაგეხმარებით, ერთი ძალზე მნიშვნელოვანი დეპეშა უნდა გავაგზავნო...
ამით ქალის თვალში ფასი დაკარგა. ლილიანმა მობოდიშება ცივად მიიღო და უსაყვედურა:
– მატარებელში რომ ვჯდებოდი, ცოტათი უბედურად ვგრძნობდი თავს, – უთხრა ლილიანმა, – მაგრამ ის უბედურება ახლანდელთან შედარებით არაფრად მიმაჩნია! ტირილის მეტს ვერაფერს ვახერხებ... ჩემი მშვენიერი სამაჯური დავკარგე და ის ზურმუხტის ბეჭედიც, ქმარმა რომ ნიშნობაზე მაჩუქა.
– თქვენ დაზღვეული ხართ ქურდობაზე? – ჰკითხა ჯონერმა.
– მე? არ ვიცი, ალბათ, ვარ, მაგრამ თავად ნივთებზე მწყდება გული. ისინი ჩემთვის სხვანაირად ძვირფასი იყო.
მატარებელმა სვლა შეანელა, დეტექტივმა ფანჯრიდან გაიხედა და ჩაილაპარაკა:
– დეპეშა უნდა გავგზავნო.
ქალმა წამოიკივლა და სახე გაუნათდა ბაქანზე მისკენ მომავალი ქმრის დანახვაზე... წუთით ძვირფასეულობის დაკარგვაც გადაავიწყდა და საშრობზე აღმოჩენილი უცნაური სიტყვებიც. არაფერი ახსოვდა, გარდა იმისა, რომ ქმარი ერთი თვე არ ენახა. მიუხედავად პირქუში გარეგნობისა, ის მართლაც მიმზიდველი მამაკაცი იყო. ცოლ-ქმარი უკვე მიდიოდა, რომ ლილიანმა მხარზე ხელის მეგობრული მოთათუნება იგრძნო. მოიხედა და მისტერ ჯონერი დაინახა. კაცს თავაზიანი სახე სიკეთით უბრწყინავდა.
– მისის ბეფერის, ნახევარ საათში ოტელ „პურპურში” ხომ ვერ მოხვალთ ჩემს სანახავად? ვფიქრობ, კარგ ამბებს დაგახვედრებთ, – უთხრა მან.
ქალმა ყოყმანით შეხედა ქმარს. მერე კი დეტექტივს წარუდგინა:
– გაიცანით – ეს ჩემი მეუღლეა. მისტერ ჯონერი..
– ალბათ, თქვენმა მეუღლემ უკვე შეგატყობინათ, რომ ძვირფასეულობა მოჰპარეს, – უთხრა დეტექტივმა, – რაც შემეძლო, ვცდილობდი, დაკარგული ნივთები მეპოვა და ასე მგონია, ნახევარ საათში ახალ ამბებს შეგატყობინებთ.
ქალმა აშკარად თვალებით ჰკითხა კაცს, რა ვქნაო, ქმარმა მაშინვე უპასუხა:
– უნდა წახვიდე, ჩემო ძვირფასო, „პურპური“ თქვით, არა? – კეთილი, აუცილებლად მოვა. ნახევარი საათის შემდეგ ლილიანი დეტექტივის ნომერში შეიყვანეს. კაცი წამოდგა და შეეგება.
– იმედები გაგიცრუეთ, არა, ძვირფასო მისის. მე ხომ ჯადოქარი არ ვარ. თუმცა, რაც შემიძლია ვაკეთებ, აი, შეხედეთ.
მაგიდაზე პატარა კოლოფი დადო და გააღო... ბეჭდები, ბროშები, სამაჯურები, ყელსაბამი – ყველაფერი იქ იყო.
ქალმა წამოიკივლა.
– მისტერ ჯონერი, შესანიშნავია!
კაცმა თავმდაბლად გაიღიმა, – მოხარული ვარ, რომ იმედი არ გაგიცრუეთ, ჩემო ძვირფასო ქალბატონო.
– ოჰ, მისტერ ჯონერი როგორ მიაგენით? როდის? სად?
– გრძელი ამბავია, მისის, – თქვა მან, – და შეიძლება, სულ მალე გაიგოთ.
ლილიანის წასვლის შემდეგ, მისტერ ჯონერიმ ქუდი და ხელჯოხი აიღო და ქუჩაში გავიდა. მიდიოდა და თავისთვის იღიმებოდა. პატარა კაფეში შევიდა, დაჯდა და ორი ყავა შეუკვეთა. მოუტანეს სქელი და ტკბილი ყავა. ის-ის იყო მოსვა, რომ ვიღაც კაცი დაუჯდა წინ, სკამზე. ეს ლილიანის ქმარი იყო.
– თქვენთვის ყავა შევუკვეთე, – მიუთითა მისტერ ჯონერიმ.
– მითხარით, როგორ მიხვდით?
დეტექტივი ნეტარებით წრუპავდა ყავას. მერე ჩაიღიმა.
– თქვენმა მეუღლემ გიამბოთ, რა აღმოაჩინა საშრობ ქაღალდზე? არა? აჰ, აუცილებლად გეტყვით, უბრალოდ, გადაავიწყდა. ჰოდა, მოაყოლეთ, საინტერესოა. ჩემთვის მაშინვე გახდა ნათელი, რომ რაღაც მიზეზით თქვენ თქვენი ცოლის ძვირფასეულობის მოპარვას აწყობდით, მაგრამ რას ნიშნავდა ფრაზა „რომამდე სწორედ რომ დროული იქნება“? თითქოს უაზრობა გამოდიოდა. რატომ არ მიანდეთ თქვენს აგენტს, თავად აერჩია დრო და ადგილი? მერე კი უცბად მივხვდი, რაშიც იყო საქმე. თქვენი ცოლის ძვირფასეულობა მანამდე იყო მოპარული და უბრალო თვლებით შეცვლილი, სანამ თქვენ ალჟირში გამოემგზავრებოდით. მაგრამ ამ ამბის ასე დატოვება არ გაკმაყოფილებდათ, თქვენ კეთილშობილი, ნამუსიანი ყმაწვილი კაცი ხართ, გეშინოდათ, რომელიმე მსახურს ან ვინმე უდანაშაულო ადამიანს არ დაბრალებოდა რამე, ქურდობა უნდა მომხდარიყო ისეთნაირად და ისეთ ადგილას, რომ ეჭვი რომელიმე თქვენს ნაცნობზე არ მიეტანათ. ამის განსახორციელებლად ძვირფასეულობის ყუთის გასაღები და კვამლის კაფსულა გჭირდებოდათ. შესაფერის მომენტში თქვენი აგენტი განგაშს ატეხდა, შეიპარებოდა თქვენი ცოლის კუპეში, გააღებდა ძვირფასეულობის ყუთს და ზღვაში გადაყრიდა. მასზე შეიძლება, ეჭვი მიეტანათ და გაეჩხრიკათ, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებდნენ, რადგანაც ძვირფასეულობა თან არ ექნებოდა. ახლა კი ისიც ცხადი ხდება, რად აირჩიეთ ქურდობის განსახორციელებლად ის ადგილი. ძვირფასეულობა თქვენს აგენტს ლიანდაგზე რომ გადაეყარა, აუცილებლად იპოვიდნენ. ამიტომ იმ წუთებით უნდა ესარგებლა, როცა მატარებელი ზღვის ხიდზე გადავიდოდა. ამასობაში აქ ძვირფასეულობის გაყიდვას ცდილობდით, ალბათ, უკვე კლიენტიც გყავდათ ჩემს დეპეშას რომ არ მოესწრო. ჩემს მითითებას დაემორჩილეთ. ძვირფასეულობის ყუთი სასტუმროში დამახვედრეთ, რადგან იცოდით, რომ მუქარას – ასე თუ არ მოიქცევით, პოლიციას ვაცნობებ ყველაფერს-მეთქი, ავასრულებდი. კაცმა ვედრებით შეხედა დეტექტივს. ლამაზი ყმაწვილი კაცი იყო, მაღალი და თხელი, მრგვალი ნიკაპი და ასევე ძალზე მრგვალი თვალები ჰქონდა.
– როგორ აგიხსნათ? თქვენთვის მე ალბათ ერთი უბრალო ქურდი ვარ, – თქვა მან უმწეოდ.
– სულაც არა, – მიუგო მისტერ ჯონერიმ, – პირიქით, უნდა გითხრათ, რომ თქვენ მეტისმეტად პატიოსანი ხართ. მე ადამიანებს რამდენიმე ტიპად ვყოფ. თქვენ, ჩემო ძვირფასო, უფრო მსხვერპლთა კატეგორიას განეკუთვნებით. აბა, ახლა კი ყველაფერი მიამბეთ.
– გეტყვით: შანტაჟის მეშინია, – თქვენ ხომ ნახეთ ჩემი ცოლი, ხომ მიხვდით, როგორი წმინდა, უმწიკვლო არსებაა, მას ვერც წარმოუდგენია, ამქვეყნად ბოროტება თუ არსებობს. ისეთი სუფთა იდეალები აქვს, რომ გაიგოს, რაც ჩავიდინე, მიმატოვებს.
– მართლა ასე გგონიათ? ეგ იქით იყოს, და რა ჩაიდინეთ ასეთი, ჩემო ახალგაზრდა მეგობარო? ალბათ, ქალთან დაკავშირებული ამბავია.
დევიდმა თავი დაუქნია.
– თქვენი ქორწინების შემდეგ იყო თუ მანამდე?
– მანამდე, რა თქმა უნდა, მანამდე. ყველაზე დიდი საშინელება ისაა, რომ არც არაფერი მომხდარა. ვესტ ინდოეთში, სასტუმროში ერთი ძალზე მომხიბვლელი ქალი ცხოვრობდა. მისი ქმარი სასტიკი კაცი იყო. ერთ ღამეს ცოლს რევოლვერით დაემუქრა. ქალმა ძლივს დააღწია თავი და ჩემს ოთახში შემოვარდა. შიშისაგან ჭკუიდან იყო გადასული. მთხოვა, დილამდე თქვენთან დავრჩებიო. რა უნდა მექნა?
– ანუ, სხვა სიტყვებით, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, თქვენ გამოუცდელი, მიამიტი გნახეს და გამოგიჭირეს, არა?
– მართლაც ასე იყო...
– კარგი, კარგი, დავუშვათ, დავიჯერე, მერე რა მოხდა. თქვენი ქორწინება რომ მოახლოვდა და გამოაცხადეთ, მაშინ წაგიჭირეს?
– დიახ. წერილი მივიღე. გარკვეულ თანხას თუ არ გავუგზავნიდი, ჩემს მომავალ სასიმამროს ეტყოდნენ, თუ როგორ შევაცდინე ქმრიანი ქალი. მთელ ამ ამბავში საძაგელ არამზადად ვჩანდი, – აღელვებულმა ყმაწვილმა კაცმა სახეზე მოისვა ხელი, – ღმერთო, საკუთარი თავი მძულს.
– დიახ, დიახ, გასაგებია. წაგგლიჯეს ფული და დროდადრო ისევ შეგახსენებდნენ ხოლმე თავს, არა?
– დიახ, საქმეც როგორღაც ცუდად აეწყო, ხელზე ნაღდი ფული არ მქონდა და ეს გეგმა მოვიფიქრე. ახლა როგორღა მოვიქცე? როგორ მოვიქცე, მისტერ ჯონერი?
– მე გავუსწორდები თქვენს მწვალებლებს. რაც შეეხება თქვენს ცოლს, ახლავე დაბრუნდით მასთან და სიმართლე მოუყევით. ან სიმართლის ნაწილი მაინც.
– კი მაგრამ... მიმატოვებს.
– ჩემო ძვირფასო მისტერ, თქვენ ქალების არაფერი გაგეგებათ. ქალს რომ არჩევანი, უბიწოსა და დონჟუანს შორის მიანდო, ის აუცილებლად დონ-ჟუანს აირჩევს. თქვენი ცოლი, მომხიბვლელი, პატიოსანი, დიდბუნებოვანი ყმაწვილი ქალია და ძალიან ბედნიერია იმით, რომ თქვენ მოგიპოვათ. ცოლს ძალიან უყვარხართ. მაგრამ ვატყობ, რომ შეიძლება შეიცვალოს თქვენ მიმართ, თუ ისევ ასე უნაკლოდ და უმანკოდ დაანახვებთ თავს, ეს ხომ უკვე მოსაწყენია. წადით მასთან, ყველაფერში გამოუტყდით. მერე აუხსენით, რომ იმ წუთიდან, როცა იგი დაინახეთ, ყველა და ყველაფერი მიატოვეთ. ძვირფასეულობაც იმიტომ მოიპარეთ, რომ მის ყურამდე ხმებს არ მიეღწია. ცოლი სიამოვნებით მოგიტევებთ.
საკუთარი გამოცდილებით ვიცი, ცოლქმრული ცხოვრების ძირითადი აქსიომა ის გახლავთ, რომ ქალს მოსწონს ეს! გახსოვდეთ. არც ერთ მათგანს არ მოსწონს იოლი ლუკმა, – დაარიგა დეტექტივმა.
ახალგაზრდა კაცმა მადლიერებით გაუღიმა.
– მართლა ასე გგონიათ?
– კი არ მგონია, ღრმად ვარ დარწმუნებული, – მტკიცედ მიუგო დეტექტივმა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ