კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№13 რატომ არ უნდოდათ მარდინისა და არზრუმის მთავრებს საქართველოს წინააღმდეგ კოალიციაში მონაწილეობა და რა პირობა შეასრულა არზრუმის მბრძანებელმა

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1041 წელს ანისის სომხური სამეფოს მეფის, ოვანეს-სმბატის სიკვდილის შემდეგ, მეფის იძულებითი ანდერძით, ანისი ბიზანტიას უნდა გადასცემოდა. მაგრამ, გარდაცვლილი მეფის ძმისშვილმა, 16 წლის გაგიკმა, სომხური ჯარის დახმარებით, ბიზანტიელები არ შეუშვა ანისში და მეფედ ეკურთხა.
  ბერძნებმა სომეხთა შორის გამონახეს მოღალატეები, დაარწმუნებინეს მეფე, კონსტანტინოპოლში სწვეოდა კეისარს. კონსტანტინოპოლში დაატყვევეს გაგიკი და აიძულებდნენ, ხელი მოეწერა ანისის სამეფოს იმპერატორისთვის გადაცემაზე. გაგიკი უარზე იყო. მაგრამ გაიგო, რომ სომეხთა კათალიკოსმა, პეტროს პირველმა და პრობიზანტიურად განწყობილმა სარდალმა სარქისმა ქალაქ ანისის გასაღები გაუგზავნეს იმპერატორს. ღალატმა გატეხა სომეხთა მეფე და ხელი მოაწერა დოკუმენტს.
  გამწარებულმა სომეხმა პატრიოტებმა, 1045 წელს ანისი ჩვენს ხელმწიფეს, ბაგრატ მეოთხეს გადმოსცეს. მეფის დედა, დედოფალი მარიამი, ვასპურაკანის სომეხთა მეფის, სენექერიმ არწრუნის ასული იყო – შეიძლება ითქვას, მემკვიდრეობითაც ეკუთვნოდა. თუმცა, მალე, ლიპარიტ ბაღუაშის ღალატის გამო ბიზანტიელებმა ისევ ჩაიგდეს ხელში ანისი.
  1064 წელს, ოცდახუთდღიანი ალყის შედეგად, ანისი თურქ-სელჩუკთა სულთანმა, ალფ-არსლანმა (1063-1072) დაიკავა. სელჩუკებმა ანისი გამაჰმადიანებულ ქურთ შედადიანებს (შადადიანებს) მიჰყიდეს.
1124 წელს დავით აღმაშენებელმა, სომეხი დიდებულების თხოვნით, ანისი აიღო და საქართველოს შემოუერთა.
  დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ ანისის გამო ბრძოლები განახლდა. ჩვენს მეფეს, დიმიტრი პირველს პრობლემები ჰქონდა საკუთარ კარზე. ალბათ, ამიტომ, ომების თავიდან აცილების მიზნითა და შადადიანების თხოვნით, ანისი კვლავ ძველ მფლობელებს გადასცა, ყმადნაფიცობის პირობით.
  1154 წელს არზრუმის მთავარმა სალდუხ ედინმა გამოილაშქრა ანისში. დემეტრე მეფემ ის დაამარცხა და შეიპყრო. თუმცა, მერე გამოსასყიდი გამოართვა და გაუშვა – პირობით, რომ მისი და მისი მემკვიდრეების წინააღმდეგ ხმალს აღარ აღმართავდა.
  გავიდა დრო. საქართველოს ტახტზე ავიდა გიორგი დიმიტრის ძე. რამდენიმე წელიწადში მეფე გიორგის გაულაშქრია ანისზე. საინტერესო ფაქტს გვიამბობს არაბი ისტორიკოსი და მოგზაური, აჰმად იბნ იუსუფ იბნ ალი ალ-ფარიკი:
„556  (1161) წელს ანისის სამღვდელოება აუჯანყდა შადადიან ამირა ფადლუნს (V), დაამხო და ქალაქი გიორგი აბხაზთა მეფეს გადასცა. ეს მოხდა მუსლიმური კალენდრის ჯუმადა ალ-ულას თვეში (=28 აპრილი-27 მაისი)“.
  ანისში სომეხი გრიგორიანელები ცხოვრობდნენ. ასევე, სომეხი და ქართველი ქალკედონიტები, მართლმადიდებლები. ალ-ფარიკის ცნობა მიგვანიშნებს, რომ ქრისტიანებს არ სურდათ შადადიანების მბრძანებლობის გაგრძელება, ალბათ, ყველას ერთად და თან, არა მხოლოდ სასულიერო პირებს. რაღაც კონფლიქტი ყოფილა შადადიანებსა და ქრისტიანებს შორის. შესაძლოა, მეფე გიორგის მითითებით ან მისი იმედით გამოვიდნენ სასულიერო პირები შადადიანთა წინააღმდეგ.
  ჩვენს ხელმწიფეს გადაწყვეტილი ჰქონდა სომხური ტერიტორიების საქართველოსთვის შემოერთება, სამეფოს საზღვრების გაფართოება, სომხური რესურსის ქართული სახელმწიფოს სამსახურში ჩაყენება. საქართველო იმ დროს მთელი კავკასიის თავის საზღვრებში გაერთიანებას მიესწრაფვოდა. ამ მიზნით მეფე გიორგიმ კაღზევანზე და აშორნიის პროვინციაზე გაილაშქრა. „წარმოტყუენა ყოველი ხევნები კლდოვანნი და ქალაქები აშორნისა“, წერს „ისტორიანისა და აზმანის“ ავტორი. კაღზევანი ისტორიული სომხეთის ქალაქი იყო აშორნიის მხარეში. ეს ტერიტორიები შაჰარმენის ხელთ იყო. შემდეგ გიორგი მეფემ დაიკავა ქალაქი ანისი.
 შაჰ-არმენი გამწარდა, დაუკავშირდა სხვა მაჰმადიან მთავრებს და საქართველოზე გალაშქრება შესთავაზა.
ალ-ფარიკი განაგრძობს:
 „ამას ვერ შეეგუა შაჰ არმენი და შეკრიბა დიდი კოალიცია აბხაზთა მეფის წინააღმდეგ, რომელშიც სირიის, დიარ-ბაქრის, ალ-ჯაზირას და ჰიჯაზელ არაბთა ლაშქრები შედიოდნენ. კოალიციაში შევიდნენ მარდინის მფლობელი, ილ-ღაზის შვილიშვილი ნაჯმ ად-დინ ალბი, არზრუმელი იზზ ად-დინ სალთუკი, არზან-ბითლისელი ფახრ-ად-დინ დავლათ შაჰი და აგრეთვე, ყარსისა და სურმარის ამირა“.
ჩამოთვლილ ამირებს შორის ყოფილა 1121 წელს დიდგორში დავით აღმაშენებლისა და ქართველების მიერ დამარცხებული კოალიციის მეთაურის, ნაჯმ ად-დინ  ილღაზის შვილიშვილი, ნაჯმ ად-დინ ალბი.
ალ-ფარიკი გვიამბობს:
  „ალბი ართუკიანს არ სურდა საქართველოსთან ომი, მაგრამ შაჰ არმენ სუქმან მეორეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ისე ნელა მოდიოდა, გზაში შეიტყო კოალიციის მარცხის ამბავი და უკან, მარდინში დაბრუნდა“.
კოალიციაში ყოფილა არზრუმის მფლობელი სალთუკი (ქართული წყაროებით სალდუხი), რომელიც რამდენიმე წლით ადრე ანისთან დაამარცხა და დაატყვევა დიმიტრი მეფემ. შემდეგ დააფიცა, რომ არ გამოილაშქრებდა ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ და გაუშვა.
ალ-ფარიკი განაგრძობს:
  „შაჰ არმენი და მოკავშირეები ივლისის ბოლოს მიადგნენ ანისს და შემოეწყვნენ მას. გიორგი მეფე სწრაფად დაიძრა მათ წინააღმდეგ. მეფის მიახლოებისას იზზ ად-დინ სალთუკს გაახსენდა ის ფიცი, რომელიც მან მისცა დემეტრეს – თავის სიცოცხლეში არ გამოსულიყო მისი შვილების წინააღმდეგ, ითხოვა ცხენი და ჩამოშორდა მოკავშირეებს“.
  მაშასადამე, ალ-ფარიკის ცნობით, სალთუკმა, თავისი ნაწილებით მიატოვა კოალიცია და უკან გაბრუნდა. შესაძლოა, გიორგი მეფის ძალების შეეშინდა. შეიძლება, მართლა, ნაძალადევად იყო წამოყვანილი კოალიციაში, ასეთი რამეებიც ხდებოდა და სულაც არ უნდოდა ქართველების გადაკიდება. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული ვაჟკაცური მიზეზი – არ უნდოდა კაცური სიტყვისა და ფიცის გატეხვა. შეიძლება, დავუშვათ კიდეც, რომ რაღაცას გრძნობდა  ინტუიტურად – წლების მერე, მისმა შვილიშვილმა გიორგი მესამის ერთ-ერთი ქალიშვილი შეირთო ცოლად, რომლის სახელიც უცნობია.
ალ-ფარიკი გადმოგვცემს:
 „ბრძოლა მოხდა შაბანში (26.07-23-08, 1161. სომხური წყაროებით – 4 აგვისტოს) ანისის კართან. და როდესაც ჩამოშორდა სალთუკი, დამარცხდა მუსლიმთა ლაშქრები. გაიქცა შაჰ არმენი ანისის კარიდან, და აგრეთვე არზანის მფლობელი თავისი ცხენით. ტყვედ იქმნა მუსლიმთაგან ურიცხვი...
მოიკლა უმეტესობა მისი მიმდევრებისა და ბედნიერია ის, ვინც გადაურჩა ბრძოლას. ტყვედ ჩავარდნენ დიდებულები სუქმანის სახლიდან: ხლათის დედოფლის ძმა დედით და ისბაქირდის (იგივე ისფაირდი, მდ. ბოტანის ჩრდ. შენაკადზე) მფლობელი ჰალდრი კირკ ტუღი“.
სხვა არაბი ისტორიკოსის, იბნ-ალ-ასირის სიტყვით: „დამარცხებული შაჰარმენი უკან დაბრუნდა და მტერს გადაურჩა მხოლოდ 400 მხედრითურთ“.

скачать dle 11.3