№13 ვირუსი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
– მობრძანდით, ბატონო ომარ, – შუა კაბინეტში შეეგება ახალმოსულს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი. ხელი მაგრად ჩამოართვა, სავარძლისკენ მიუთითა და დაამატა, – აქ დაბრძანდით.
ახალმოსული 65 წლის ომარ ხიდაშელი იყო, ცნობილი ბიოქიმიკოსი და ვირუსოლოგი, მედიცინის დოქტორი, რომელიც საბჭოთა კავშირის პერიოდში დახურულ ლაბორატორიებში საიდუმლო პროექტებზე მუშაობდა. არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჰქონდა გაკეთებული ბიომედიცინაში და რომ არა მისი სამუშაოს გასაიდუმლოება, რაც ნაშრომების გამოქვეყნებას კრძალავდა, ხიდაშელი, დიდი ალბათობით, ალბათ ნობელის პრემიას მიიღებდა ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, 36 წლის ომარ ხიდაშელი ცოლ-შვილთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა და ლუბიანკაზე „კაგებეს“ ერთ-ერთ საიდუმლო ლაბორატორიაში მუშაობდა, რომელიც ღრმა მიწისქვეშეთში, მინუს მეთხუთმეტე სართულზე მდებარეობდა. სწორედ მაშინ დაიწყო გაურკვევლობის პერიოდი. ყველა პროექტი დაიხურა და თანამშრომლებს დაფინანსება შეუწყდათ. სამსახურში სიარულს აზრი აღარ ჰქონდა. არც არავინ ითხოვდა ამას და უკვე აღარც თავად სამსახური არსებობდა. ცოტა ხნის წინ კარგად უზრუნველყოფილ ომარ ხიდაშელს ძალიან გაუჭირდა მატერიალურად. მისი ცოლ-შვილი შიმშილობის ზღვარზე იყო. ამიტომ ახალგაზრდა დოქტორმა მოსკოვის ცენტრში მდებარე უზარმაზარი ბინა საკმაოდ სარფიანად გაყიდა და თბილისში დაბრუნდა. სამშობლოში არსებული დიდი არეულობის მიუხედავად, ომარ ხიდაშელმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და ჯერ კიდევ ლუბიანკაზე მუშაობის პერიოდში შექმნილ კრემს აწარმოებდა და ყიდდა, რომელიც სხვადასხვა ინფექციებისგან იცავდა ადამიანებს. მართალია, ომარ ხიდაშელის პატარა ლაბორატორიაში დიდი მასშტაბის სამუშაოების წარმოება შეუძლებელი იყო, მაგრამ მას ეს უკვე აღარ იტაცებდა. თავისი ბიზნესით ქართველი დოქტორი კარგ ფულს შოულობდა. მისი ქალ-ვაჟი საზღვარგარეთ სწავლობდა. ქალიშვილი სორბონის უნივერსიტეტს ამთავრებდა, სოციოლოგიის განხრით, ვაჟი კი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ეუფლებოდა ვირუსოლოგიას. ერთი სიტყვით, ხიდაშლები არც გაჭირვებას უჩიოდნენ, არც ჯანმრთელობას და საკმაოდ მრავალი მოყვარე და გულშემატკივარი ჰყავდათ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა კი პროფესორი ხიდაშელი საკონსულტაციოდ და თუკი შესაძლებელი იყო, დახმარებისთვის მიიწვია. საქმე კი ის იყო, რომ მსოფლიოში სწრაფად ვრცელდებოდა უცნობი ვირუსი, რომელიც მძიმედ აავადებდა ადამიანებს და ლეტალური შემთხვევების რიცხვი იზრდებოდა. ამ ფაქტებით შეშფოთებულმა მთავრობის მეთაურმა იცოდა ომარ ხიდაშელის შესახებ და როგორც მაშველ რგოლს, ისე ჩაეჭიდა მას. გამოცდილი დოქტორი მიხვდა, თუ რისთვის იბარებდნენ ასეთ მაღალ დონეზე და პირველივე მოხმობისთანავე მივიდა. სავარძელში დინჯად ჩაეშვა, მის წინ მჯდომ მინისტრს გაუღიმა და უთხრა:
– გისმენთ, ბატონო ბესარიონ.
– თქვენ, ალბათ, მიხვდით, ბატონო ომარ, თუ რისთვის მოგიწვიეთ აქ, – უთხრა ხიდაშელს მინისტრმა.
– ალბათ, კი, მაგრამ უმჯობესია, თავადვე ბრძანოთ, – ღიმილით უთხრა ვირუსოლოგმა.
– პირადად პრემიერ-მინისტრმა გთხოვათ, რომ კონსულტაცია გაგვიწიოთ ვირუსთან ბრძოლის საქმეში, რომელიც გეომეტრიული პროგრესიის სისწრაფით ვრცელდება მსოფლიოში და გლობალურ პანიკას იწვევს. პრემიერი ამჟამად ძალიან დაკავებულია და ბოდიშს გიხდით, რომ პირადად ვერ შეგხვდათ, თუმცა ყველანაირად შეგიწყობთ ხელს, თუკი ვირუსთან ბრძოლის კამპანიას ჩაუდგებით სათავეში. უახლოეს პერიოდში კი პირადადაც შეგხვდებათ და დაგელაპარაკებათ, – უთხრა მინისტრმა ხიდაშელს.
– ბატონო ბესარიონ, ვირუსთან ბრძოლის კამპანია საქმიანი უნდა იყოს და არა პროპაგანდისტულ-აგიტაციური. თუმცა, არც ამის გარეშე შეიძლება, – თქვა ხიდაშელმა, თან მინისტრს თვალი თვალში გაუყარა და ცდილობდა, გამოეცნო, ჩასწვდა თუ არა ის მთავარ აზრს.
– რა თქმა უნდა, საქმიანი უნდა იყოს, მაგრამ თქვენ რას გულისხმობთ კონკრეტულად? – თქვა ბესარიონ ქურციკიძემ და ხიდაშელი მიხვდა, რომ კაბინეტის მასპინძელი მთავარ აზრს ვერ ჩასწვდა.
ვირუსოლოგს გაეღიმა. სავარძლიდან წამოდგა და კაბინეტში გაიარ-გამოიარა. შემდეგ მინისტრის წინ შეჩერდა და უთხრა:
– ბატონო ბესარიონ, საქმე და აქედან გამომდინარე, საფრთხე ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება, კაცმა წარმოიდგინოს. არ მინდა, შიში დავთესო, მაგრამ ეპიდემიის საფრთხე ნამდვილად არსებობს და რაც უფრო მალე დავიწყებთ მოქმედებას, მით უკეთესი. მე მზად ვარ, დაუყოვნებლივ დავიწყო ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ სერიოზული დახმარება მჭირდება უმაღლეს სამთავრობო დონეზე და თუ ბატონი პრემიერ-მინისტრი გამონახავს ჩემთან შესახვედრ დროს, ჩემს მოსაზრებას თქვენთან ერთად მოვახსენებ.
მინისტრმა რომ ხიდაშელის სიტყვები მოისმინა, სახეზე შეშფოთება აესახა და ჩაფიქრდა. მცირე პაუზის შემდეგ კი სტუმარს გახედა და თითით ანიშნა – ერთი წუთითო... შემდეგ მაგიდასთან მივიდა, ტელეფონს დასწვდა და პრემიერ-მინისტრს დაურეკა.
– გისმენ, ბესო. რა ხდება? – უპასუხა ლევან მირცხულავამ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს.
– ბატონო ლევან, ჩემთან ომარ ხიდაშელია და თქვენი თხოვნა გადავეცი. ბატონი ომარი მზადაა, დაგვეხმაროს, მაგრამ თქვენთან საუბარი სურს და როდის გეცლებათ? – თქვა ქურციკიძემ.
– რადგან ასე ჩქარობს ბატონი პროფესორი, ესე იგი, საქმე ცოტა რთულადაა და სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. ამიტომ ჩვენც ვიჩქაროთ. ათ წუთში ელჩებთან მაქვს შეხვედრა და ვერ გავაუქმებ. დანარჩენ შეხვედრებს კი გადავიტან. ერთ საათში მოვიცლი და თუ საჭირო იქნება, მთელი დღე ვილაპარაკოთ. მოდი, ბატონი ომარი ერთი საათი შენთან იყოს და შემდეგ ჩემთან მოდით. კარგი? – თქვა პრემიერ-მინისტრმა.
– კარგი, ბატონო ლევან. გასაგებია. ერთ საათში მოვალთ, – უთხრა მთავრობის მეთაურს ჯანდაცვის მინისტრმა და ტელეფონის ყურმილი დადო. შემდეგ ხიდაშელს მიუბრუნდა:
– პრემიერ-მინისტრი ერთ საათში გველოდება. მანამდე კი აქ იყავით. რას მიირთმევთ – ჩაის, ყავას, იქნებ ცოტა მაგარი სასმელი გირჩევნიათ?
***
ომარ ხიდაშელი და ბესარიონ ქურციკიძე პრემიერ-მინისტრმა პატარა ოთახში მიიღო, რომელსაც დასასვენებლად და უახლოესი ადამიანების მისაღებად იყენებდა. რბილი სავარძლების შუაში დაბალი მაგიდა იდგა, რომელიც „შვედურად“ იყო გაწყობილი და ნაირ-ნაირი წვენები და სასმელები ელაგა. პრემიერმა გულთბილად ჩამოართვა ხელი სტუმარს და ხიდაშელს უთხრა:
– ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. მიირთვით, დალიეთ, მოწიეთ... ერთი სიტყვით, არაფრის მოგერიდოთ, ბატონო ომარ. ხელს არავინ შეგვიშლის, თან საქმეზე ვისაუბროთ.
– გმადლობთ, ბატონო ლევან, ასეთი მიღებისთვის. ნება მიბოძეთ, პირდაპირ საქმეზე გადავიდე, – თქვა ხიდაშელმა.
– დიახ. გისმენთ, – მიუგო პრემიერმა და დოქტორს მიაჩერდა.
– ბატონო პრემიერო, სამწუხარო ფაქტი უნდა მოგახსენოთ. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი და გამავრცელებლის მიზანი მსოფლიო გლობალური ეპიდემიის გამოწვევაა. ამიტომ, სასწრაფოდ უნდა შევძლოთ და მივიღოთ ანტივირუსი, რომ ეს უბედურება შევაჩეროთ, რაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს, – თქვა ხიდაშელმა.
პრემიერს თვალები გაუფართოვდა და პროფესორს უთხრა:
– რატომ გგონიათ?
– პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს ვირუსი რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გავრცელდა და ეს იმას ნიშნავს, რომ იქ, იმ ქვეყნებში ერთბაშად შეიტანეს. აი, სწორედ, ესაა მისი ხელოვნურობის, ანუ ხელოვნურად გავრცელების დასტური. გარდა ამისა, ჩემი ინტუიცია მკარნახობს, რომ არ ვცდები. რა დასამალია და, როდესაც „კაგებეს“ ლაბორატორიებში საიდუმლო პროექტებზე ვმუშაობდი და სხვადასხვა ვირუსსა და ანტივირუსს ვიგონებდი, საბჭოთა უშიშროება ზუსტად ასეთ ვითარებას ქმნიდა. მართალია, ეს ყოველივე მცირე მასშტაბებში ხორციელდებოდა, მაგრამ სქემა იგივე იყო. თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა – კერძოდ კი ის, რომ „კაგებეს“ მიერ გავრცელებული ვირუსების ლოკალიზება 3-4 დღეში ხდებოდა. ხოლო ეს უცნობი ვირუსი კი უკვე მეორე კვირაა, მძვინვარებს მსოფლიოში. ეს კი ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ჩემში და სიმართლე გითხრათ, ეს ეჭვები, ბოლომდე არ მაქვს გაშიფრული, – თავი გააქნია ხიდაშელმა.
პრემიერი წამით დაფიქრდა და ხიდაშელს უთხრა:
– ბრძანეთ ის, რაც გაშიფრეთ.
– კი, ბატონო, – თქვა დოქტორმა და დაამატა, – ვირუსის გავრცელების ერთი მიზეზია დიდი ფულის შოვნა, ანუ ვირუსი, რომელიმე ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ გაავრცელა და მას ანტივირუსიც აქვს, რომელსაც მოგვიანებით გამოაჩენს, გაყიდის და ძალიან დიდ ფულს იშოვის. ასეთი პრეცედენტები ყოფილა მსოფლიო ისტორიაში. მაგალითად, მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების შუაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შექმნეს გრიპის ვაქცინა, რომელსაც „ისარი“ შეარქვეს. მათ, რა თქმა უნდა, ანტივაქცინაც ჰქონდათ გამოგონებული. „გედეერის“ უშიშროებამ, „შტაზმა“, ეს ვირუსი დასავლეთ გერმანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში გაავრცელა და ამერიკის კონტინენტზეც ჰქონდა ჩატანილი იმავე მიზნით. თუმცა, „კაგებემ“ ეს ამბავი შეიტყო. ანდროპოვმა „შტაზის“ ხელმძღვანელობა შეახურა და ეპიდემიის გავრცელება აღკვეთა. ინფიცირებულ ქვეყნებს კი ანტივირუსი მიაწოდეს და ეს საშინელება ორ კვირაში მოისპო. „ისარი“ ორ მიზანს ისახავდა – ანტივირუსით დიდი ფულის შოვნასა და იდეოლოგიური მტრების დაშინებას. ვფიქრობ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს იმ შემთხვევას. თუმცა, ფულის შოვნის გარდა, მეორე რა კონკრეტულ მიზანს ისახავს ამ ვირუსის გავრცელება, ზუსტად ვერ ვხვდები. მაგრამ, არ გამოვრიცხავ, რომ მეორე მიზანი მსოფლიოს მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტესტირება იყოს და მავანთ აინტერესებდეთ, თუ რა რეაქციას მოახდენს მსოფლიოს ხალხი ასეთ პანიკაზე.
– ჰმ, ძალიან რეალურია თქვენი მოსაზრებები, – თქვა პრემიერმა და დაამატა, – მოდი, ჩვენს პრიორიტეტებზე ვილაპარაკოთ. მნიშვნელობა არ აქვს გამავრცელებლების მიზნებს. ჩვენთვის პრიორიტეტი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს ვირუსი აქ არ გავრცელდეს და ამაში თქვენ უნდა დაგვეხმაროთ. ამიტომ, ბრძანეთ, რა და რა რაოდენობით გჭირდებათ.
– აბსოლუტურად მართალს ბრძანებთ, ბატონო ლევან და თქვენთან პირადი შეხვედრაც, სწორედ, ამიტომ მოვითხოვე. ჩემი აზრით, უნდა დავიწყოთ ანტივირუსის შექმნა, რომელსაც მე ვითავებ. ამისთვის კი მჭირდება სრულფასოვანი ლაბორატორია და თხუთმეტი კვალიფიციური ვირუსოლოგი. ამის პარალელურად კი, ქვეყანაში მძლავრი აგიტაცია-პროპაგანდა უნდა განხორციელდეს ვირუსისგან პრევენციულ ზომებზე. ყოველივე ამასთან ერთად, უნდა ჩაიკეტოს ქვეყნის საზღვრები და ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა უნდა შეიზღუდოს. გარდა ამისა, ყველა სამედიცინო დაწესებულება, განსაკუთრებით სტაციონარები, მზად უნდა იყვნენ ინფიცირებული პაციენტების მისაღებად და მათი საიმედო იზოლაციისთვის. ყველაფერ ამასთან ერთად, ბატონო ლევან, ანტივირუსის ვაქცინაზე მუშაობის ინფორმაცია უმკაცრესად უნდა იყოს გასაიდუმლოებული და ჩემს მუშა ჯგუფს საიმედო, კვალიფიციური დაცვა უნდა ჰყავდეს. აი, სულ ესაა, ბატონო ლევან და მე მზად ვარ ანტივირუსზე მუშაობა მაშინვე დავიწყო, როგორც კი ლაბორატორიას ვნახავ და სამუშაო კონტინგენტს შევარჩევ.
– ყველაფერი გასაგებია და თქვენ გვერდით ვარ. შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წვრილმანზე შემაწუხოთ, თუმცა ამ საქმეში წვრილმანები არ არსებობს, – თქვა პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრისკენ გაიშვირა თითი და დაამატა, – აი, ბესო იქნება თქვენი ადიუტანტი და რასაც დაავალებთ, ყველაფერს გაგიკეთებთ. ოღონდ თქვენ ანტივირუსი გამოიგონეთ და პირველ რიგში, ჩვენი სამშობლო იხსენით კატასტროფისგან და შეზღუდვა არაფერში გექნებათ.
– შევთანხმდით, – თქვა ომარ ხიდაშელმა და სანამ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან ერთად მთავრობის მეთაურის კაბინეტს დატოვებდა, ლევან მირცხულავას მაგრად ჩამოართვა ხელი...
***
– მელ, შემოდი და მომახსენე, რა სიახლეებია ჩვენს საქმესთან დაკავშირებით, – უთხრა 68 წლის ირვინ დოსტმა 42 წლის მელორ ჯობსს, რომელიც გამოძახებისთანავე გამოცხადდა შეფის კაბინეტში.
ირვინ დოსტი მსოფლიო ცნობილი ფარმაკოლოგიური კომპანიის მფლობელი იყო და მილიარდერთა სიის სამეულში შედიოდა. ის მედიცინის დოქტორი, ცნობილი ვირუსოლოგი და ფიზიოლოგია-მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი იყო. პრემია კი მას მწვავე გრიპების ანტივირუსის აღმოჩენისთვის მიენიჭა. კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, უშიშროების ყოფილი ოფიცერი და ამერიკული დაზვერვის ყოფილი სპეცაგენტი მელორ ჯობსი დოსტის მარჯვენა ხელი, მისი დიდი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. შეფი მას ძალიან დიდ ხელფასს უხდიდა და ისიც დოსტის ნებისმიერ დავალებას ასრულებდა. პატიოსანი ბიზნესმენ-მეცნიერის სახელით შენიღბული დოსტი კი, პიროვნული სიხარბიდან და პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ნებისმიერ სისაძაგლეზე იყო წამსვლელი და შავ საქმეებს ჯობსს აკეთებინებდა... უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა კარი მიხურა. შეფს მიუახლოვდა და უთხრა:
– ვირუსთან დაკავშირებული პანიკა ყოველწამიერად იზრდება. ინფიცირებულების რაოდენობა და გეოგრაფიაც ჩვენთვის სასურველი დინამიკით ფართოვდება. ანტივირუსის შექმნაზე, როგორც ჩემი აგენტურა მატყობინებს, ყველა წამყვანი მეცნიერი მუშაობს. ისინი აცხადებენ, რომ მინიმუმ, სამი თვე დასჭირდებათ პრევენციული და სამკურნალო ვაქცინის შექმნაზე.
– ძალიან კარგი. ჩვენ კი მათზე ადრე გამოვიტანთ ანტივირუსს სააშკარაოზე და კიდევ უფრო დიდ სახელთან ერთად, ტრილიონებსაც ვიშოვით, – თქვა დოსტმა. სიამოვნებისგან ხელები მოიფშვნიტა და სიგარა გააბოლა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში