№13 როგორ აყალბებდა ცნობილი მხატვრების ტილოებს ქართველი თაღლითი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
2019 წლის დეკემბერში სანკტ-პეტერბურგში, 95 წლის ასაკში, საბჭოთა კრიმინალური სამყაროს უხუცესი წარმომადგენელი დუდუ თურქია, მეტსახელად „პიკასო“, გარდაიცვალა. გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ამ ლეგენდარული კრიმინალის ცხოვრებიდან.
პატარა თაღლითი
1924 წლის 2 მაისს დაბადებული დუდუ თურქია, წარმოშობით ზუგდიდიდან იყო და ადრეული ბავშვობიდან გამოირჩეოდა ნიჭიერებით. კარგ სწავლასთან ერთად, პატარა დუდუ ფანტაზიის უნარითაც იყო დაჯილდოებული. სხვადასხვა ამბის შეთხზვა უყვარდა და ამას ისე ოსტატურად აკეთებდა, რომ მის მსმენელს მონათხრობის სისწორეში იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარებოდა. ყველაფერთან ერთად, პატარა ბიჭს მხატვრობისა და ხელმარჯვეობის უნიკალური უნარი ჰქონდა. ამიტომ, მშობლებმა ის 1935 წელს თბილისში ჩამოიყვანეს და სამხატვრო სასწავლებელში გაამწესეს. თავადაც დედაქალაქში დასახლდნენ და რადგან პედაგოგები იყვნენ, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოეწყვნენ სამუშაოდ. დუდუ წარჩინებული მოსწავლე იყო და მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 1937 წელს დუდუს მშობლები დააპატიმრეს. დედა გადაასახლეს, მამა კი დახვრიტეს. 13 წლის მოზარდი ბავშვთა სახლში გაამწესეს. დუდუ ბავშვთა სახლიდან გაიქცა. ნაცნობისგან შეიტყო, რომ დედამისი სვერდლოვსკის ოლქში, ქალთა ერთ-ერთ ბანაკში იყო გამომწყვდეული და დედის მოსაძებნად ურალისკენ აიღო გეზი. გამგზავრებამდე დუდუმ ბავშვთა სახლის კადრების განყოფილებიდან პირადობის დამადასტურებელი, ბეჭედდასმული ცარიელი ბლანკი მოიპარა და ანატოლი ვოლკოვის სახელზე შეავსო. ბავშვი უაქცენტოდ ლაპარაკობდა რუსულად, სლავს ჩამოჰგავდა და არავის შეჰპარვია ეჭვი, რომ ის სხვა ერის წარმომადგენელი იყო. თბილისიდან ურალამდე ჩასვლას დუდუმ 24 დღე მოანდომა. უამრავი ტრანსპორტი გამოიცვალა. დაინტერესებულ პირებს ატყუებდა, რომ ჩეკისტის, პოლკოვნიკ დიმიტრი ვოლკოვის ვაჟი იყო. 1937 წლის 29 ივლისს დუდუ თურქია სვერდლოვსკის დაბა ნიჟნეურალსკში ჩავიდა და ¹12 ქალთა კოლონიას მიადგა, სადაც დედამისი 10-წლიან სასჯელს იხდიდა. იმ პერიოდში ქალთა კოლონიები არც მავთულხლართით იყო შემოსაზღვრული და არც ავტომატიანები იცავდნენ. ამიტომ, პატარა დუდუმ მოახერხა ბანაკში დედასთან შეღწევა და 2 დღეც კი დარჩა მასთან. თუმცა, ბავშვი აღმოაჩინეს, მისი ვინაობა დაადგინეს და მოსკოვში, უპატრონო ბავშვთა სახლში გაამწესეს.
„პიკასო“
უპატრონო ბავშვთა სახლში დუდუ თურქია მხოლოდ 2 თვე გაჩერდა და იქიდანაც გაიქცა. ერთი კვირა მოსკოვის სხვადასხვა სარკინიგზო სადგურზე ათევდა ღამეს. ერთ ყინვიან დღეს კი პატარა დუდუს ოდესიდან ჩამოსული, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, ანტონ ჟიგალო, მეტსახელად „პარტნოი“ (მკერავი) შეხვდა. მშიერმა დუდუმ „პარტნოის“ ჩემოდნის მოპარვა სცადა, მაგრამ ჟიგალომ ბიჭს მაჯაში ჩაავლო ხელი და დაიჭირა. შემდეგ „მალინაზე“ (ქურდების კონსპირაციული ბინა) მიიყვანა და მისი ისტორია რომ შეიტყო, შეგირდად აიყვანა და „დაიპაძელნიკა“. „პარტნოი“ მრავალპროფილიანი კრიმინალი იყო. თაღლითობაც კარგად გამოსდიოდა. დუდუში მან ხელოვანის ნიჭი აღმოაჩინა. თაღლითობა შეასწავლა და „მამა-შვილმა“ 1939-1940 წლებში წარმატებული „ტურნე“ ჩაატარეს საბჭოთა კავშირში და სხვადასხვა გზით დიდი „კუშიც“ აიღეს. თავისი ნიჭის წყალობით, დუდუს კარგად გამოსდიოდა ყალბი ობლიგაციების ხატვა, რომლებსაც ჟიგალო ანაღდებდა და სწორედ „პარტნოიმ“ შეარქვა დუდუ თურქიას მეტსახელი „პიკასო“.
დიდი ფალსიფიკატორი
1941 წლის დასაწყისში, 49 წლის „პარტნოი“ ოდესაში გულის შეტევით გარდაიცვალა. ის დიდი პატივით დაკრძალეს კრიმინალებმა. 17 წლის დუდუ კი ცოტა ხანი ოდესაში დარჩა, შემდეგ კი მოსკოვისკენ აიღო გეზი. „პიკასო“ კვლავ ურალში, დედის სანახავად აპირებდა წასვლას, მაგრამ ომი დაიწყო და გამგზავრება ვერ მოახერხა. მოსკოვში დუდუ ყალბი საბუთებით ცხოვრობდა და ფრონტზე ივანე კოლცოვის გვარით გაემგზავრა. ბოლომდე იომა, ბერლინამდეც მივიდა და ორი საბრძოლო ორდენიც დაიმსახურა. თუმცა, 1945 წლის ივლისში, მოსკოვში დაბრუნებული, მოსკოვის უპატრონო ბავშვთა სახლის ყოფილმა აღსაზრდელმა იცნო, დააბეზღა და დუდუ დააპატიმრეს. მისი პიროვნების დადგენის მერე კი ყველა ჯილდო ჩამოართვეს და 10 წლით ციხეში გაამწესეს. თუმცა დუდუმ 3 წელიწადში მოახერხა ციხიდან გამოსვლა სანიმუშო ყოფაქცევის გამო. 1948 წლის მიწურულს კი გადასახლებიდან დაბრუნებული დედა იპოვა, რომელიც ლენინგრადში ცხოვრობდა და მასთან დასახლდა. 1949 წლიდან დუდუ თურქიამ სურათების გაყალბებასა და მათ გაყიდვას მიჰყო ხელი. 25 წლის უნიჭიერესი დუდუ ძველ ნახატებს კაპიკებად ყიდულობდა. შემდგომ მათ საღებავს აცლიდა და ძველ ტილოებზე, ძველი საღებავებით, რომლებიც სხვადასხვა სითხეში აზავებდა, გამოჩენილი მხატვრების (ძირითადად, რუსების) სახელით ხატავდა და ყიდდა. ცნობილი მხატვრების „უცნობ“ ტილოებს კერძო კოლექციონერები ყიდულობდნენ და რადგან ნახატები ნამდვილად ძველ ტილოებზე იყო შესრულებული, ექსპერტები სიყალბეს ვერ ადგენდნენ. ამგვარად გაყიდა „პიკასომ“ აივაზოვსკისა და კუსტოდიევის 16 „უცნობი“ შედევრი... მსგავსი თაღლითობის წყალობით, „პიკასომ“ 300 ათასი მანეთი იშოვა და ნაწილით ბინა და ძვირფასი ნივთები შეიძინა, ნაწილი კი საქმეში ჩადო და ფული სურათების გაყალბების ტექნოლოგიების დახვეწას მოახმარა. მეორე „სროკზე“ „პიკასო“ 1954 წელს გაამწესეს, როდესაც ის შეგირდმა „ჩაუშვა“ და მილიციაში დააბეზღა. თურქია ციხიდან 1959 წელს გათავისუფლდა, მაგრამ უკვე მკაცრ აღრიცხვაზე იმყოფებოდა და ისე იოლად ვეღარ საქმიანობდა. მიუხედავად ამისა, „პიკასომ“ 1980 წლამდე კიდევ 21 მხატვრის „უცნობი“ ტილო გაყიდა უცხოელ, ფარულ კოლექციონრებზე და მილიონ მანეთზე მეტი ჩაიჯიბა. 1980 წელს თურქია კიდევ დააპატიმრეს, მაგრამ 1985 წელს ამნისტიით გაათავისუფლეს და მას მერე „პიკასო“ უკვე ორიგინალი ხელოვნების ნიმუშების ვაჭრობით იყო დაკავებული და ციხეში აღარ ჩაუსვამთ. უხუცესი თაღლითი სიცოცხლის ბოლომდე აქტიური იყო და თავისი ბიზნესი შვილთაშვილებს გადაულოცა.