№13 სტალინმა ესპანეთის მთავრობის მოღალატე წევრებს თავი არ მოატყუებინა
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

ვიაჩესლავ მოლოტოვი ყველაზე კარგად იცნობდა სტალინს და ტყუილად არ უთქვამს: სტალინი არავის მოატყუებინებდა თავსო. საპასუხო სვლა კი ის იყო, რომ, როდესაც ვითომდა მოკავშირეები ტყუილში გამოიჭირა, გადაწყვიტა, დახმარებისთვის ფასი დაედო და ასეც მოიქცა. 1936 წლის სექტემბერში რესპუბლიკური მთავრობის ხელმძღვანელმა სტალინს სახელმწიფო ოქროს მარაგის ნაწილის შენახვა სთხოვა, რათა ის პუტჩისტებს ხელში არ ჩაეგდოთ, სტალინი დათანხმდა და 400 ტონა ესპანური ოქრო 1936 წლის 1 ნოემბერს სამი გემით ოდესისკენ გაემართა. ეს იყო მთელი ესპანური ოქროს მარაგის მესამედი, რაც მთლიანად ცენტრალურ ბანკში შეინახეს. ამასთანავე გაძლიერდა სამხედრო დახმარება და საბჭოთა მზვერავები უფრო ინტენსიურად ამუშავდნენ. ახალ-ახალ ინფორმაციას მოიპოვებდნენ და რესპუბლიკელებზე უკვე უამრავი კომპრომატი ჰქონდათ. 1937 წლის მიწურულს კი საბჭოთა დახმარება ესპანეთში მინიმუმამდე დავიდა და ამან რესპუბლიკური მთავრობის შეშფოთება გამოიწვია. მათ სიტუაციის გასარკვევად სტალინთან თავისი წარმომადგენელი აფრინეს. საბჭოთა ბელადმა ესპანელ დესპანს საბჭოთა დაზვერვის უტყუარი მონაცემები დაუდო მოღალატე რესპუბლიკელების შესახებ, თან უთხრა – დახმარებას აღარ გაგიწევთო... დესპანი მადრიდში დაბრუნდა. ორი დღის მერე კი ისევ მოსკოვს ეწვია და სტალინს უთხრა: კვლავ დაგვეხმარეთ და არა უფასოდ. თქვენს ბანკში შენახული ჩვენი 400 ტონა ოქრო კი ამის გარანტი იქნებაო... 1938 წლიდან დახმარება განახლდა. მისმა ფასმა 5 მილიარდ დოლარს მიაღწია. გარანტად დატოვებული ოქროს ღირებულება კი 4.5 მილიარდი იყო... ამგვარად, სტალინმა სამართლიანად დაიტოვა ესპანური ოქრო. არანაირ ძარცვა-მითვისებას არ ჰქონია ადგილი და ამ საფასურში არ შესულა ძველი დახმარება, რომელიც უანგაროდ იქნა განხორციელებული და 170 მილიონ დოლარს შეადგენდა, თანაც უკვე ფასიანი დახმარებიდან 35 მილიონი დოლარი ვალად დარჩათ რესპუბლიკელებს.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერს: „სტალინი ფრთიანი ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ ესპანურ ოქროსთან დაკავშირებული ბრალდება ნამდვილად აბსურდულია. ის 400 ტონა ოქრო ქვეყანამ ესპანელი რესპუბლიკელების ფასიან დახმარებაში მიიღო, 35 მილიონი კი აპატიეს. თუმცა, ამ საქმეში ერთი ძალიან ნიშანდობლივი დეტალია: 1939 წლის 2 აპრილს, ანუ ფრანკოს გამარჯვების მეორე დღეს, სტალინმა ამერიკელ ჟურნალისტთან საუბარში თქვა: „ჩვენ, საბჭოთა კავშირი, მზად ვართ, რომ როგორც კი ესპანეთში დემოკრატიული ძალები გაიმარჯვებენ და ფრანკოს დიქტატურა დასრულდება, ესპანეთის სახელმწიფოს ოქროს მარაგის 200 ტონა ქვეყანას დავუბრუნოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოქრო სამხედრო გაყიდვების საფასურად მივიღეთ...“ გამორიცხული არაა, რომ სტალინმა ეს განცხადება დიპლომატიური კუთხით გააკეთა. ანუ, იცოდა, რომ ფრანკო დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებდა და ოქროს გაცემაც არ გახდებოდა საჭირო. ეს ასეც მოხდა. თუმცა, ფაქტია, რომ სტალინმა პოლიტიკურად მომგებიანი განცხადება გააკეთა. ოქრო კი სამართლიანად დარჩა საბჭოეთში...“ ვოლკოგონოვის სიტყვებს ისიც შეგვიძლია დავამატოთ, რომ სტალინმა ესპანეთის სამოქალაქო ომი თავისი სამხედრო სპეციალისტებისა და იარაღის გამოსაცდელ პოლიგონადაც გამოიყენა. იქ, ესპანეთში, შენიღბული საბჭოთა სამხედროები მომავალ მტრებს – გერმანელ და იტალიელ ფაშისტებს ებრძოდნენ, დიდი ომისთვის ემზადებოდნენ, რომელშიც გაიმარჯვეს კიდეც.“