№13 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რა თანმიმდევრობით უნდა დავანთოთ ტაძარში სანთლები ხატებთან?
პასუხი: ტაძარში მისვლისას სანთელი, პირველ რიგში, უნდა დავანთოთ იმ კონკრეტული დღესასწაულის (რომელი დღეც არის) ან ტაძრის მთავარ ხატთან, შემდეგ წმიდანის ნაწილებთან (თუ არის ტაძარში). ამის შემდეგ კი – ჯანმრთელობისთვის ან მიცვალებულებისთვის. მიცვალებულთათვის სანთელს ანთებენ ჯვარცმასთან და ამბობენ შემდეგ ლოცვას: „მოიხსენიე, უფალო, სული მიცვალებულისა მონის შენისა (სახელი) და შეუნდე მას ცოდვანი მისნი ნებსითნი თუ უნებლიეთნი და მოჰმადლე მას სასუფეველი ცათა“.
ჯანმრთელობისთვის ან სხვა რაიმე საჭიროებისთვის სანთლებს ანთებენ მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და სხვა წმიდანების ხატებთან, რომელთაც ღმერთმა მიანიჭა განკურნებისა და სხვადასხვა გასაჭირში შეწევნის მადლი.
კითხვა: სრულად მოგვეტევება თუ არა განკითხვის ჟამს ის ცოდვები, რომლებიც ნათქვამი გვაქვს აღსარებაზე?
პასუხი: აღსარების საიდუმლო იმიტომ წარმოადგენს აუცილებლობას, რომ გულწრფელად მოძღვართან მონანიებული ცოდვები თავს აღარ შეახსენებს ადამიანს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი ისე არის თავისი ცოდვებით დამძიმებული, მიაჩნია, რომ უფალი არ მიუტევებს და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ეს დიდი შეცდომაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ უკანასკნელი ცოდვილიც უნდა სასოებდეს უფლის გულმოწყალებაზე და უარი არ უნდა თქვას აღსარების საიდუმლოზე.
კითხვა: როდესაც ეკლესიაში დავიწყე სიარული, ლოცვების კითხვა დიდ სიხარულს მანიჭებდა. ახლა ცოტა გულგრილი გავხდი. ამის გამო ძალიან ვწუხვარ, ხომ ვერ ამიხსნით, რა ხდება ჩემს თავს?
პასუხი: ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისში ადამიანი უანგაროდ და უშრომლად იღებს ღვთისგან მადლს, რაც მას უადვილებს პირველ ეტაპზე ქრისტიანულ ცხოვრებას – ლოცვას, მარხვას, ეკლესიის მსახურებაზე დასწრებას. ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი, როდესაც ადამიანმა ეს მადლი თავად უნდა მოიხვეჭოს ღვთიურ მცნებათა დაცვით, საკუთარი თავის იძულებით, დაუღალავი ღვაწლითა და შრომით.
კითხვა: ვარ ასაკოვანი ქალბატონი. სამწუხაროდ, ჩემმა მეუღლემ არ იცის, მონათლულია თუ არა. ხომ არ გადავა ეს ცოდვა ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებზე?
პასუხი: შთამომავლობაზე წინაპრების ცოდვები არ გადადის, ამ მხრივ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ. მაგრამ, აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, მონათლულია თუ არა თქვენი მეუღლე და თუ არ არის, მონათვლა არც ერთ ასაკში არ არის გვიანი.
კითხვა: უფლის მწამს, ეკლესიაში დავდივარ, ვიცავ ათ მცნებას, მაგრამ ვერ ვინახავ მარხვას. ცოდვილად ვითვლები?
პასუხი: თუ ადამიანი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, ეკლესიური ცხოვრება სურს და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, მან აუცილებლად უნდა იმარხულოს, უნდა თქვას აღსარება და ეზიაროს ქრისტეს ხორცსა და სისხლს.
კითხვა: როგორ დავიზღვიოთ თავი ცდუნებებისგან, რაც დღეს მრავლად არის.
პასუხი: ცდუნებებისგან თავის დასაცავად ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, რას აკეთებენ სხვები, როგორც ცხოვრობენ ისინი, არამედ გულისყური მიაპყარით უფლის სიტყვებს, სახარებას. სმენა და მზერა მოარიდეთ უკეთურებას და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს და საკუთარ თავთან განმარტოებას.