№13 წინასწარმეტყველება უკანასკნელ ჟამზე
ჩვენ ხმას ვაძლევთ ხოლმე (არჩევნებში). მარცხენა ხელით ჩააგდე? – ეს არაფერია, ჯერ ხომ ერთადერთს არ ვირჩევთ მსოფლიოში (ანუ ანტიქრისტეს), ხოლო თუკი ერთადერთისთვის იქნება ხმის მიცემა – ეს უკვე სწორედ ისაა! მაშინ აღარ უნდა მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში.
იქნება ისეთი საყოველთაო, მსოფლიო ომი, რომ ვერსად ვერავინ გადარჩება, გარდა შორეულ ხეობებში მყოფებისა. იბრძოლებენ და სულ ორი თუ სამი სახელმწიფო დარჩება, და გადაწყვეტენ: მოდი, ერთი მეფე ავირჩიოთ მთელს მსოფლიოში!
უკანასკნელ ჟამსაც გადაასახლებენ ხოლმე ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ხოლო მოხუცებულნი და უძლურნი, დაე, თუნდაც ბორბლებს მოეჭიდონ, ოღონდ კი მათ გაჰყვნენ უკან!..
დადგება დრო, როცა სიარულს დაიწყებენ ხელმოწერების შესაგროვებლად ერთი მეფის ასარჩევად მთელს დედამიწაზე. მკაცრად აღწერენ ყველას. შევლენ სახლში, იქ კი ცოლი, ქმარი და შვილები იქნებიან. და ცოლი დაუწყებს ქმარს დარწმუნებას: „მოდი, ჩვენც მოვუწეროთ ხელი, შვილები გვყავს, უამისოდ ვერაფერს ვიყიდით მათთვის!“ ქმარი კი იტყვის: „შენ – როგორც გინდოდეს, მე კი მზად ვარ მოვკვდე, ანტიქრისტესთვის კი ხელს არ მოვაწერ!“ აი, ასეთი გულისშემძვრელი სურათი იქნება მომავალში...
... მოვა დრო, როცა უმოქმედო ტაძრების აღდგენასაც დაიწყებენ, გარედანაც მოაწებებენ მათ და შიგნიდანაც. გუმბათებს, ტაძრებსაც და სამრეკლოებსაც ოქროთი დაფარავენ, ხოლო როცა ყველაფერს დაასრულებენ, ის დრო დადგება, როცა ანტიქრისტე გამეფდება. ილოცეთ, რომ უფალმა კიდევ გაგვიგრძელოს ეს დრო სულიერი განმტკიცებისთვის, იმიტომ, რომ საშინელი დროება მოგველის, ხომ ხედავთ, რა მზაკვრულად მზადდება ყოველივე? ყველა ტაძარი უდიდებულესად შემკული იქნება, ისე, როგორც არასდროს. ხოლო სიარული იმ ტაძრებში აღარ შეიძლება.
ანტიქრისტე მეფედ იქნება კურთხეული.
თქვენ გინდათ იცოდეთ, როგორ მოხდება ყოველივე ეს? – წმიდა ადგილას იდგება საძაგელი მოოხრებისა და ქვეყნის საძაგელი მაცთუნებელი აჩვენებს ყველას და ისინიც მოტყუებას დაუწყებენ ღმერთისაგან განდგომილ ადამიანებს, ცრუ სასწაულებს აღასრულებენ. შემდეგ ანტიქრისტე გამოცხადდება და მას მთელი მსოფლიო დაინახავს ერთსა და იმავე დროს... თქვენ გინდათ, იცოდეთ, რა არის ეს წმიდა ადგილი? ეს ეკლესიაში არ იქნება, არამედ ყოველ სახლში, იმ კუთხეში, სადაც ახლა წმიდა ხატებია, მაშინ მაცთუნებელი მოწყობილობანი (ტელევიზორი, კომპიუტერი) იქნება დადგმული ადამიანთა საცთუნებლად. მრავალნი იტყვიან: „ჩვენ ახალი ამბების ნახვა და მოსმენა გვჭირდება“. ჰოდა, ასე, ახალი ამბების ყურებისას მოვა კიდეც ანტიქრისტე.
თავის ხალხს იგი ბეჭდით აღბეჭდავს. ქრისტიანებისადმი სიძულვილი ექნება. დაიწყება ქრისტიანთა უკანასკნელი დევნულება – ყველასი, ვინც კი უარს იტყვის სატანის ბეჭედზე... მაშინ ქრისტიანი ვერაფერს იყიდის და ვერ გაყიდის, მაგრამ სასოს ნუ წარიკვეთთ: უფალი არ მიატოვებს თავის შვილებს... ნუ შეგეშინდებათ! ეკლესიები იქნება, მაგრამ მართლმადიდებელი ქრისტიანი არ უნდა შევიდეს მათში, რადგან იქ არ შეიწირება უსისხლო მსხვერპლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, არამედ მთელი „სატანური“ საკრებულო იქნება იქ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იმ ტაძრებში შესვლა არ შეიძლება, მათში არ იქნება მადლი.
ღირსი მამა ლავრენტი
ჩერნიგოველი