№13 „კუდიანების დევნა“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
არ შეშინდეთ!
რაკი ქურდს რა უნდა და, ბნელი ღამეო ან იქნებ იმიტომაც, რომ შიში ოხერია და მავნებელსაც, აბა, რა დალევს ამ ცოდვილ მიწაზე, თუნდაც, კაშკაშა მზის ქვეშ – დრო იხელთეს და ლამისაა მთავარ მტრად ეკლესიაში წირვა-ზიარება გამოაცხადონ (იმედია – ნაცისტური გერმანიის გამოცდილებას არ გადმოიღებენ და მორწმუნეებსა და ნაზიარებებს მკერდსაბნევს არ მიამაგრებენ „კუდიანებზე ნადირობის“ გამოსაცხადებლად!), მორიგი ქილიკის საგნად იქცა სასულიერო პირების მიერ თბილისის ქუჩების კურთხევა.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში სამეგრელოში (და არა მხოლოდ), რუსის ჯარი რომ ჩამოდგა და ადგილობრივი ხელისუფლება მიმოფანტა, სწორედ სასულიერო პირებმა მოაწყვეს მსვლელობა ზუგდიდის ქუჩებში, რომ გაემხნევებინათ ოკუპანტის პირისპირ მიტოვებული დაუცველი მოსახლეობა, ფანტაზია მაშინ არავის გახსნია. ისევე, როგორც აგვისტოს ომის დროსვე მზის სხივების ქვეშ გადაზელილი ჩვენი მეომრების უსიცოცხლო სხეულების გამომყვანიც არავინ იყო, სასულიერო პირების გარდა.
ცხადია, საფრთხე გადაივლის, იმიტომ რომ ამ მზის ქვეშ მარადიული არავინ და არაფერია, ოღონდ, ვეჭვობ, „კუდიანებზე“ მონადირეები შემოსწყრებიან ეკლესიას, რას მიქვია, წესს არ აგვიგებენო.