კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ზაალ წულუკიძე: არასდროს თქვათ – ამ ცხოვრების დედაც!

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ცხოვრება უცნაურობებით არის სავსე. დიდ ტკივილს ხშირად დიდი სიხარული ფარავს და გრძნობ, რომ უკვალოდ არცერთი ადამიანი არ მიდის დედამიწიდან. ეს ზაალ წულუკიძემ, იგივე ვინიმ, საკუთარ თავზე გამოსცადა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში დიდი ტკივილი, სწორედ, დიდმა სიხარულმა ჩაანაცვლა, თუმცა, ახლობელი ადამიანების წასვლის ტკივილი და განცდა არასოდეს განელდება.
  ზაალ წულუკიძე: ჯერ არ ვიცი, ეს წელიწადი რამდენად იღბლიანი აღმოჩნდება. თუმცა, გასულ წელს ძალიან დიდი ტკივილის მერე, ოჯახს ძალიან დიდი სიხარული გვეწვია. ეს სიხარული და სიყვარული, დღითიდღე ღვივდება და გვაგიჟებს. მე ორი ძმა გარდამეცვალა ექიმების დაუდევრობის გამო, ერთი  ძმა საკმაოდ პატარა ასაკში, წლების წინ დავკარგე, მეორე კი – გასულ წელს. გვეიმედებოდა, რომ მეტასტაზებს დავძლევდით, მაგრამ ვერ მოვუგეთ ბრძოლა სიკვდილს. თუმცა, გარდაცვალება, ჭეშმარიტი დაბადებაა, მე ჩემი ძმის გარდაცვალების მერე, ასე აღვიქვამ ამ ყველაფერს. ალეკოს ამქვეყნიდან წასვლით ვიგრძენი, რომ მარტო დავრჩი, იმ წუთას მივხვდი, მომაკლდა ის ყველაფერი, რაც მისგან მქონდა აღქმული, ნასწავლი, გრძნობები, გემოვნება... ის ჩემი უფროსი ძმა იყო და მისგან ბევრი რამ ვისწავლე, როგორც ჩემმა მომდევნო ძმამ – სულხანმა. ალეკო იყო აბსოლუტურად სხვანაირი, მისი წასვლის მერე ცხოვრება დამიცარიელდა, ცალფრთამოჭრილები დავრჩით მეც და სულხანიც.
– თუმცა, ეს ერთადერთი ტკივილი არ ყოფილა და ძმის გარდაცვალებას კიდევ ერთი უახლოესი ადამიანის, გოგიჩას გარდაცვალების ტკივილიც დაემატა.
– ივნისის თვე საშინელი აღმოჩნდა ჩემთვის და არასოდეს დამავიწყდება. ალეკოს დასაფლავებიდან ხუთ დღეში გარდაიცვალა გოგიჩა, ჩემი მეჯვარე, ყველასთვის საყვარელი ადამიანი. როცა ალეკოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, ის დღეები არ ვიყავი თბილისში და ეს ძალიან ვინანე. როცა ალეკო დავასაფლავეთ, ნათია, გოგიჩას მეუღლე, მწერდა, ძალიან ცუდადაა, გადასხმებს ვუკეთებთ და ვერ მოდის, მეც ვერ ვტოვებო. ორი დღის მერე, მე და მამამ მოვინახულეთ კლინიკაში. ფერი მოუვიდა, გამხიარულდა... (ცრემლი მოსდის) ალეკოს და გოგიჩას სხვანაირი ძმაკაცობა ჰქონდათ.
– სიზმრით ან ინტუიციით თუ გრძნობდი რამეს?
– ზოგადად, არ ვხედავ სიზმრებს, თუმცა, რამდენიმეჯერ დამესიზმრა, რომ ალეკო ძალიან კარგად იყო, გამოჯანმრთელებული და კარგ განწყობაზე... ალბათ, ეს ჩემი იმედების გამო იყო. შეჩვეული კი ვიყავით, ეს რომ მოხდებოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე მალე გამომეცლებოდა ხელიდან. ძალიან სწრაფად განვითარდა მოვლენები. ბევრმა მითხრა: ალეკო დაგვესიზმრა, კარგად არისო. ალბათ, ახლა გოგიჩა და ალეკო ერთად არიან და იქ აგრძელებენ ძმაკაცობას. წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, საკუთარ დაბადების დღეზე, საკუთარი მეჯვარის პანაშვიდზე რომ მიდიხარ.  სოციალურ ქსელშიც გავაუქმე დაბადების დღე, რომ არავის მოელოცა. ფსიქოლოგიურად დავმძიმდი. თან, რვა წელი ველოდებოდით შვილს მე და ჩემი მეუღლე, მასზეც ვფიქრობდი და ამდენმა ნერვიულობამ და ფიქრმა, გამაგიჟა. არ მინდოდა, ორსულ ცოლს შეემჩნია ჩემი ნერვიულობა და ვმალავდი. არადა, განცდებს ვერ ვკლავ ჩემში, სხვა ოთახში გავდივარ, რომ არავინ დამინახოს და ეს განცდები ჩემით გადავიტანო. სამსახურშიც არის მომენტები, ვერ ვითმენ და ცრემლი მომდის. მე ამის არ მრცხვენია.
– ამბობენ, სუსტებს არ შეუძლიათ, მხოლოდ ძლიერი მამაკაცები ტირიანო. გამოდის, ძლიერი ხარ...
– ძლიერი ვარ და ბევრიც მიტირია. ძლიერი რომ არ ვიყო, ნერვული სტრესებისგან ცუდ რაღაცებზე გადავერთვებოდი. თან, ისეთი სამსახური მაქვს, მიწევს გრძნობების მოთოკვა. ახლა, ამოსუნთქვის პერიოდი მაქვს, ვცდილობ, საქმეზე გადავიტანო ყურადღება. კარაოკეში წამყვანი ვარ, ტელევიზიაში – წამყვანი, სარეკლამო სტუდიაში – ანონსების ჯგუფის ხელმძღვანელი. თუმცა, ვფიქრობ, ვერასდროს ამოვისუნთქავ ჩემი დარდისგან.
– თუმცა, ეს შენი მოუშუშებელი ტკივილი და დარდი ერთმა სასიხარულო ფაქტმა, ერთგვარად გადაფარა და რვა წლის ლოდინის შემდეგ მამა გახდი. რა განცდა იყო, როცა ზედიზედ მიყოლებული ორი ტრაგედიის მერე ნანატრი მამობა განიცადე?
– დიახ, რვა წელი ველოდი მამობას და ეს იყო საოცარი მომენტი. მე და მამა რაჭაში ვიყავით, სოფელში და ცოლისგან რომ მომივიდა მესიჯი: ბატონო ზაალ, გილოცავთ, თქვენ მამა ხდებითო, მინდოდა, ისე მეყვირა, მთები გადამედგა. სანამ ვიყვირებდი, მეორე მესიჯიც მოვიდა: არ უთხრა მამას, რომ ჩამოხვალ, ერთად ვუთხრათ ოჯახის წევრებსო. ორი დღე ვითმენდი და რაც თეატრალური გამოცდილება მქონდა, ეგრევე ჩავრთე, რომ არ შეემჩნიათ (იცინის). კი უკვირდა მამას, ძალიან აქტიური ხარ და რა დაგემართაო. ყველაფერში ვეხმარებოდი – სარეველები ხომ ძირფესვიანად ვთხარე და  ჩვეულებრივი ჩელენტანოც გავხდი – რომ ვეცი შეშას და დავუწყე ჩეხვა, ლამის მთელი სოფლის შეშა გადავჩეხე. მოკლედ, რაჭის მთები გადავდგი (იცინის). ჩემოსულმა, დედას და მამას რომ გამოვუცხადეთ, „ჩვენ ფეხმძიმედ ვართო“, აი, იქ ატყდა ამბავი, აფრინდა მობილურები (იცინის). ჩემი ძმა გიდია, დავით გარეჯში იყო და დედამ რომ დაურეკა და ახარა, სულხანმა უთხრა: ლოდი მომცილდა გულიდან, სიმშვიდე დამეუფლაო. ალეკო ცუდად იყო, სიარული უჭირდა და ისე გაუხარდა, დახტოდა და ცეკვავდა. ნინის, ჩემს მეუღლეს, ძალიან უყვარდა ალეკო და მეშინოდა, არ ენერვიულა და ეს ბავშვზე არ ასახულიყო. ასე რომ, 27 ნოემბერს, ჯანმრთელები და ლამაზები დავიბადეთ.
– როგორც ვიცი, მშობიარობას დაესწარი. ბევრი მამაკაცი ამ ნერვიულობასაც ვერ უძლებს, შენ კი ამაშიც ძლიერი აღმოჩნდი, ხომ ასეა?
– დიახ, დავესწარი, ამ ამბავს ვერ გამოვტოვებდი. ბუნებრივად დავიბადეთ და რომ დავინახე, იცით რა დამემართა? 20 ათას ვოლტს რომ გაგიტარებენ სხეულში და გაივლის, აი ეს ვიგრძენი... მოლურჯო, მოსერო მასა რომ დააწვინეს დედიკოს მუცელზე და ტირილი დაიწყო, სიხარულით გული კინაღამ გამიჩერდა. იმ წამს მეასე ლეველზე ვიყავი (იცინის). ყველა მამაკაცს ვეტყვი – ბევრი ღვინის დალევასა და მანქანის დრიფტში კი არ გამოიხატება ჩვენი ნამდვილი კაცობა, არამედ ოჯახთან, მეუღლესთან და შვილებთან დამოკიდებულებაში. ყველა მამაკაცს მივმართავ, ვინც მამა უნდა გახდეს: თუ მეუღლემ გთხოვათ, დაესწარი მშობიარობასო, აუცილებლად დაესწარით! არ არის აუცილებელი, ბებიაქალი სადაც იყურება, იქ უყუროთ, უბრალოდ, ხელი მოჰკიდეთ ხელზე და თვალებში უყურეთ.
– ბავშვს ორი სახელი დაარქვი. რატომ?
– შვილს ორი სიმბოლური სახელი დავარქვი – ალექსანდრა და ვიქტორია. ალექსანდრა – ჩემი ძმის, ალექსანდრეს, იგივე ალეკოს გაგრძელება,  ვიქტორია კი, როგორც გამარჯვება ამ ყველაფერზე. ზოგადად, სულ ვამბობდი, გოგო თუ მეყოლება ვიქტორიას დავარქმევ-მეთქი. გამარჯვების სიმბოლოია, თან კარგად ჟღერს – ვიქტორია წულუკიძე. გარდაცვლილი ძმის პატივსაცემად კი მას ალექსანდრაც დაემატა. როცა ჩემი ძმა ცუდად იყო, ბავშვის სქესი არ ვიცოდი და ვთქვი: თუ ბიჭი მეყოლა, ალექსანდრეს დავარქმევ-მეთქი. პირველად სქესის გასაგებად რომ  წავედით, ჩემი ძმის შვილი, სალომეც წამოვიდა და ეს პატარა ყავის მარცვალი რომ გამოჩნდა, ექიმებმა მკითხეს: აბა, მამა რას იტყვისო... მე კი ვთქვი: მთავარია, ტანით ნუ დაემსგავსება მამას და ჯანმრთელი იყოს-მეთქი. ახლა რომ ვაკვირდები, სახის მოყვანილობით მგავს და დედიკოს ტანზე დგას, გადავრჩით (იცინის).
– როგორი იყო, მეუღლესთან თანაცხოვრების ის რვა წელი, ვიქტორია ალექსანდარას გარეშე?
– ამ რვა წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ შვილი არ გვყავდა, არცერთი წამით არ გაგვიჩერებია ერთმანეთის სიყვარული, არ შეგვიჩერებია ღიმილი, არ გვითქვამს: აუ, არ გამოდის და არ ჩაგვიქნევია ხელი. უფრო და უფრო ვძლიერდებოდით, მიუხედავად იმისა, რომ რაც წლები გადიოდა, თოთქოს, იმედს ვკარგავდით. თუმცა, ერთმანეთს არ დავშორებივართ – ვავსებდით და ვამხნევებდით. ეს სიყვარულის ბრალია და სხვა არაფრის. ძმისშვილებზე ვგიჟდები და ყველა მეუბნებოდა, ასეთი ბიძა რომ ხარ, წარმოგვიდგენია, როგორი მამა იქნებიო. უკვე სამი თვისაა, ვუყურებ ბავშვს და არ მჯერა. ვეუბნები: გოგო, რა მოხვედი ჩვენთან, ვინ ხარ-მეთქი (იცინის). დღითიდღე მაგიჟებს. შვილი რომ შემეძინა, სასაფლაოზე ავედი და ჩემს ძმას იმქვეყნად ვახარე ნანატრი ძმისშვილის შეძენა. ზუსტად ვიცი, რომ გაიგო და გადაირია სიხარულით. მერე გოგიჩას საფლავზე წავედი და მასაც გავუზიარე ჩემი სიხარული. საფლავიდან რომ გავიხედე, დავინახე პატარა ანიტას ფრთები-პატარა ანიტას საფლავი, ბავშვის, რომლის ავადმყოფობამაც, მთელი ერი გაგვაერთიანა. ასეა, მიდიან და გვტოვებენ მოგონებებით, თუმცა ცხოვრება გრძელდება და მათთან იმქვეყნად ურთიერთობას არ ვწყვეტთ. მართალია, გოგიჩამ ვერ მომინათლა შვილი, მაგრამ ის მისი ზეციური ნათლიაა და იქიდან მფარველობს, ისევე, როგორც მისი ბიძა.
– ვინი, ამ წელს ახალი სტატუსით – მამა და „განსხვავებული ამპლუით“ მოგვევლინე, ტელევიზიაში. გამოდის, ეს წელი შენი ოცნებების ახდენის წელია...
– დიახ, დავბრუნდი ტელევიზიაში და „პოსტ-ტივიზე“, გადაცემა „დღის პოსტში“ რუბრიკა „განსხვავებული ამპლუის“ წამყვანი ვარ. ასე რომ, მამის სტატუსიც გადასარევვად მოვირგე და „განსხვავებული ამპლუა“ კი, ჩემი საყვარელი საქმეა, რასაც სიამოვნებით ვაკეთებ. ოცნებების ახდენა ქარიშხალივით დამატყდა თავს და ახლა უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ რთულ პერიოდებს უნდა გაუძლო კაცმა და მხოლოდ მომავალ სიხარულზე იფიქრო, რაც გარდაუვალია. ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერები ვართ, რამდენად მოვერგებით ცხოვრებას და გავუძლებთ მის გამოწვევებს. მე ახლა თეთრ კლავიშებზე ვუკრავ, შავზე უკვე დავუკარი. მინდა, მომავალ თაობას ვუთხრა: არასდროს თქვათ „ამ ცხოვრების დედაც“, პირიქით, ყოველდღე თქვით: ცხოვრება მშვენიერია!

скачать dle 11.3