კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რატომ გაიარეს სამხედრო წვრთნები „შინდისის“ მსახიობებმა და რა პირობებში უწევდათ მათ მუშაობა

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  მსახიობმა და მუსიკოსმა ზაზა ჭინჭარაულმა 20-მდე ფილმსა და 70-მდე სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნია ის, რომ ზაზა პროფესიით მსახიობი არ არის და ამ სფეროში სრულიად შემთხვევით მოხვდა. მუსიკოსობასთან და მსახიობობასთან ერთად, ის, ასევე, კასკადიორობასაც ითავსებს. ამ მიმართულებით მონაწილეობდა „ფორსაჟი 9-ის“ გადაღებებსა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან პროექტში. ზაზას მსგავსება მსოფლიო კინოვარსკვლავ ჯეისონ სტეტჰემთან ყველასთვის შესამჩნევია. როგორი სამსახიობო კარიერა და ცხოვრება აქვს ჯეისონ სტეტჰემის ქართველ ორეულს სტატიიდან შეიტყობთ.
  ზაზა ჭინჭარაული: 1983 წლის 25 მარტს დავიბადე. ვსწავლობდი ილია ჭავჭავაძის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანული ტურიზმის ფაკულტეტზე. თუმცა, ამ პროფესიით არ მიმუშავია. დღემდე კინოსა და მუსიკაში ვმოღვაწეობ. ამჟამად მე და ჩემს მეგობრებს პატარა ხმის ჩამწერი სტუდია გვაქვს, სადაც საკუთარ თავზეც ვმუშაობთ და სხვებსაც ვეხმარებით. ასევე, დამთავრებული მაქვს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე მუსიკალური სასწავლებლის საესტრადო ჯაზ-როკის ფაკულტეტი. მუსიკასთან კავშირი ბავშვობიდან მქონდა. საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა სხვადასხვა ინსტრუმენტს ვსწავლობდი. 13 წლის ასაკში მივედი რობერტ ბარძიმაშვილის საბავშვო სტუდიაში, ვოკალზე. მერე რაღაც პერიოდი პაუზა მქონდა. 17 წლიდან კი ამ სფეროში ვარ. ვიყავი ჯგუფ „ბარძიმის“ წევრი. რობერტთან მისვლამ სწორი მიმართულება მომცა და მუსიკა ათმაგად შემიყვარდა.
– 20-მდე ფილმსა და 70-მდე სარეკლამო რგოლში გაქვთ მონაწილეობა მიღებული. როგორ დაიწყეთ სამსახიობო კარიერა?
– ცოტა ხმამაღალი ნათქვამივით კი გამომდის, მაგრამ სულაც არ მგონია, რომ ჯერ რამე მაქვს გაკეთებული. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი რეჟისორობას რომ იწყებდა, სატესტო ფილმს იღებდა და მეც მეგობრულად ვეხმარებოდი. სრულიად შემთხვევით, გადაღებაზე მსახიობი ვერ მოვიდა და მთხოვა, კონკრეტული სცენა მეთამაშა. ასე დაიწყო ყველაფერი. ამის მერე სხვადასხვა კომპანიიდან წამოვიდა შემოთავაზებები. რეალურად ამ სფეროში არც გამოცდილება მქონდა, არც მიმართულება და საერთოდ, ვერ წარმოვიდგენდი თუ კინოსამყაროში მოვხვდებოდი. ყოველი შემთხვევისთვის, მიზნად მსახიობობა არ მქონია. მერე უკვე დამოკიდებულებაც შემეცვალა, სულ სხვა კუთხით მივუდექი და ახლა მინდა, რომ  რაც შეიძლება, მეტი ვისწავლო ამ პროფესიაში.  
– თქვენთვის რომელი პროექტი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ჩემთვის ყველა პროექტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ პრაქტიკა იმდენად კარგი სკოლაა, დიდი გამოცდილება დამიგროვა. ბოლო პროექტებს შორის გამოვყოფ ფილმ „შინდისს“, რომელიც მართლა მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ძალიან მაგარ გუნდთან ერთად მიწვედა მუშაობა: რეჟისორები, ოპერატორები, მსახიობები – თითოეული მათგანი თავისი საქმის პროფესიონალი გახლდათ. კიდევ არის უცხოური პროექტები, რომლებიც ჩემთვის თავისებურად მნიშნელოვანია. ბევრი დიდი პროექტი ჩამოდის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში და კარგია, რომ ეს გზა გაიხსნა.
– როგორ ჩაიარა „შინდისის“ გადაღებებმა? ემოციურად რამდენად რთული იყო მსახიობებისთვის მუშაობა?
– ქასთინგი დიდი ხანი მიმდინარეობდა, ტურებივით იყო. რომ დაგვამტკიცეს, ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თელავის სამხედრო ბაზაზე ორკვირიანი სამხედრო წვრთნა გაგვევლო, რაც არ იყო მარტივი, თან, ზაფხული დაემთხვა და საქმეს სიცხე უფრო ართულებდა. როგორც ჩვეულებრივი ჯარისკაცები, ისე ვვარჯიშობდით. ემოციური იყო, რადგან ეს ისტორია ჩვენი უახლოესი დროის ამბავია. არიან ნამდვილი ადამიანები, რომლის ამბავსაც ჩვენ გიყვებით. რეალური ისტორია საკუთარ თავზე განვიცადეთ და ძალიან ახლოს ვიყავით ამ თემასთან. გადასაღებ მოედანზე მსახიობები ემოციებსა და განცდებს ვერ თოკავდნენ – იმდენად შედიოდნენ როლში, რომ უჭირდათ დამშვიდება. ჩვენ სცენარში არ გვახედებდნენ, მივყვებოდით იმპროვიზაციას – თავად გვაძლევდნენ მიმართულებას ჩანაფიქრისკენ.
– გარდა მუსიკისა და მსახიობობისა, კიდევ რითი ხართ დაკავებული?
– ვთანამშრომლობ კასკადიორების ჯგუფთან, რომლებიც ფილმებში ავტორბოლის, მოტოციკლეტების, საბრძოლო ხელოვნებისა და ასე შემდეგ ტრიუკებს ასრულებენ. მეც მიმუშავია კასკადიორად. წლებია, რაც ამ სტუდიასთან მაქვს ურთიერთობა. „ფორსაჟი 9-ის“ გადაღებებშიც ვიღებდი მონაწილეობას – მანქანით მოძრაობა მქონდა შესასრულებელი. იქიდან გამომდინარე, რომ კასკადიორს ბევრი პროფილით უწევს მუშაობა, ერთ-ერთი მოსამზადებელი სავარჯიშოს დროს ტრავმა მივიღე – ზემოდან ვარდნის დროს დავზიანდი.
– ჯეისონ სტეტჰემს გამსგავსებენ, თავად რას ფიქრობთ ამ მსგავსებაზე?
– პირადად მე არ მიფიქრია, ვგავარ თუ არა, უბრალოდ, ხშირად მეუბნებიან ხოლმე. მახსოვს, პირველად  ანსმბლ „75-ის“ წევრმა, ირაკლი მენთეთაშვილმა შეამჩნია და მითხრა, რომ ვგავდი, მაგრამ მე ვერ ვხედავდი ჩვენ შორის მსგავსებას. ჩემთვის ეს მსგავსება მეორეხარისხოვანია. უცხო თვალისთვის შეიძლება, იყოს მსგავსება, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რამდენად ვგავარ, რადგან საკუთარ თავს შორიდან ვერ ვხედავ. მე კი არ ვიმსგავსებ მას, ხალხი მამსგავსებს და მინდა, ეს ყველამ გაიგოს. ზოგს ჰგონია, რომ თავად ვარ ინიციატორი, რაც ასე არაა. ერთხელ ერთი გოგონა მწერდა: „დევიდ სტეტჰემს“ როგორ ჰგავხარ“ (იცინის). სახელი კი შეეშალა, მაგრამ გვარი ახსოვდა. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი ღონისძიების დროს, დაახლოებით, ხუთი წლის ბავშვმა რომ დამინახა, მამასთან მიირბინა და უთხრა: „მამა, ფილმში რომ მაგარი კაცია, რომ ჩხუბობს, ისაა აქო“  (იცინის). ასეთი რამ ბევრჯერ ყოფილა.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– მშვიდობაა. დასაოჯახებელი ვარ (იცინის). მოკლედ რომ გითხრათ, მარტო ვარ. ვინმეს ჩემ გვერდით ვერ ვიხსენებ (იცინის).
– როგორი გოგონები მოსწონს ჯეისონ სტეტჰემის ქართველ ორეულს?
– რაიმე სტანდარტი არ მაქვს. მინიმუმ, კარგი მუსიკალური გემოვნება უნდა ჰქონდეს... დანარჩენი – თავხედი და ბოროტი  ნუ იქნება (იცინის).

скачать dle 11.3