კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რა ამტკიცებს ხინკლის ქართულ წარმომავლობას და როგორ უკავშირდებოდა ის მიცვალებულთა სულებს

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  ხინკალი ტრადიციული ქართული კერძია, რომელსაც ქართულ კულინარიაში საპატიო ადგილი უჭირავს. თუმცა საქმე მხოლოდ კულინარიას არ ეხება, როგორც მკვლევრები ამბობენ, ის რიტუალური პურია, რომელსაც ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ცოტა ხნის წინ, საუბარი დაიწყო ხინკლის ჩინურ წარმოშობაზე, რაც ქართველი მკვლევრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
  კახაბერ ჭიღლაძე (მკვლევარი): ხინკალი არის კერძი, რომელიც ასახავს მიწათმოქმედთა და მწყემსთა ერთობას, რადგან მის მოსამზადებლად საჭიროა ხორბლის ფქვილი და ხორცი (ასევე ძირა, მარილი, პილპილი, ხანჯალი, წყალი და ცეცხლი). ხინკლის დეტალები და მათი მნიშვნელობა გვიდასტურებს, რომ ის ქრისტიანობამდელია და უდავოდ კავკასიური-ქართული. განვიხილოთ დეტალურად: ხორბალი – მოგეხსენებათ, რომ მიწათმოქმედება (პირველად მსოფლიოში) ჩაისახა და განვითარდა კავკასიის, კერძოდ ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე 10 000 წლის წინ G2ა ჰაპლოჯგუფის მატარებელი ადამიანების მიერ, რომელთა შთამომავლობაც დღემდე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში (მეც და ესე იგი, ყველა ჭიღლაძეც ამ G2ა ჰაპლოჯგუფის წევრები ვართ, ასევეა ქართველთა უმრავლესობაც, უმეტესად სვანები, მათი 80 პროცენტი ამ გენის მატარებელია), ანუ მიწათმოქმედება საქართველოში ვითარდებოდა 100 საუკუნის განმავლობაში (კონკრეტულად, მევენახეობა-მეღვინეობა – 80 საუკუნის) და აქედან გავრცელდა მთელს დედამიწაზე. ამ უძველესი და დიდი გამოცდილების შედეგია ის, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეისათვის ხორბლის 27 კულტურული სახეობაა აღწერილი. აქედან, 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე ათეული სახესხვაობა და ჯიში, მათ შორის 5 სახეობა ენდემურია: მახა – Tr.  macha Dek. Et Men, კოლხური ასლი – Tr. palaeo-colchicum, ჩელტა ზანდური – Tr. timopheevii Zhuk, ჰექსაპლოიდური ზანდური – Tr. Zhukovskyi Men. Et Ericz, დიკა – Tr. ibericum Men, რაც ნიშნავს რომ ეს სახეობები მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული. რაც მთავარია ჩვენი ენდემური მახა არის ყველა კულტურული ხორბლის „მამა“.
ხორცი – ცნობილია, რომ ცხოველთა მოშინაურება მოხდა მცირე აზიასა და კავკასიაში (შუმერი და მტკვარ-არაქსის კულტურა), ისიც დადასტურებულია, რომ მეტალურგიაც საქართველოს ტერიტორიიდან იღებს სათავეს (ხანჯალი). აღსანიშნავია მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი „ძირა“, რომელიც ანეიტრალებს კუჭში იმ სიმძიმეს, რომელსაც იწვევს მოხარშული ცომისა და ხორცის ნაზავი, რაც არ გააჩნიათ სხვა ხინკლისმაგვარ კერძებს, შუააზიური „მანტი“ იქნება ეს თუ ჩინურ-მონღოლურ-რუსულ და ასე შემდეგ მიმსგავსებები.
მართალია, ეს ყველაფერი აქედან იღებს სათავეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც ხინკლის ფორმებია, ჩვენს დალოცვილ წინაპარს უბრალოდ კი არ მიუზელ-მოუზელია, არამედ ყველაფერში აზრი ჩაუდია, ხინკლის ზედა მხარე ბორჯღალია – მზის სიმბოლო და უნდა ჰქონდეს ცხრამეტი ნაოჭი, რაც ყველაზე მეტად ადასტურებს მის ქართულობას, რადგან ქართულ ასომთავრულ ანბანში მე-19 ასონიშანი არის „რაე“  – ბორჯღალისა და მზის ნიშანი, ზუსტად ამიტომ ჩადო ქართველმა თავის მეხსიერებაში „ხინკალი, ხინკალი, ხინკალი-ცხრამეტნაოჭიანი“ და ამაში ვერავინ შეგვედავება! მისი მეორე მხარე კი დისკოა, ანუ სავსე მთვარის სიმბოლო, ბარაქის მომტანი (ხორციელი). ამ ორი მნათობის სიმბოლო თავსდება ქვაბში, რომელიც ამ მოცემულ მომენტში სამყაროს სიმბოლოა, წყალი კი ის პირვანდელი მყარი და ქვაბმა უნდა იბრუნოს, როგორც ცის თაღმა (პრაქტიკული დანიშნულება: ქვაბის ტრიალი – რომ არ მიიკრას ხინკალი, ნაოჭები – რათა მათში დაგროვდეს ხორცის ქაფი). ეს ყველაფერი მრავალგზის ადასტურებს, რომ ხინკალი არის ქრისტიანობამდელი პერიოდის ქართული კერძი!
ნუგზარ იდოიძე (ეთნოგრაფი): ხინკალი, თვითონ ეს სახელწოდება, არ მგონია ქართული იყოს, რაც დაცვითი მაგიითაა განპირობებული. ადამიანი უხსოვარი დროიდან მიმართავდა დაცვით მაგიას, მავნე უცხო ძალებისგან თავდასაცავად. მაგალითად, როცა მშობლებს შვილები არ რჩებოდათ, ეხოცებოდათ, დაცვით მაგიას მიმართავდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ახალშობილს ურჯულოთა სახელს არქმევდნენ. იმისთვის, რომ უცხო ძალებს, რომლებიც ადამიანს ვნებდნენ და მის სიცოცხლეს ზიანს აყენებდნენ, მსხვერპლი ვერ ეცნოთ. ვფიქრობ, რომ ხინკალსაც ამიტომ ჰქვია ეს სახელწოდება. ჩვენ მას კვერებს ვეძახით. ეს ხინკლის პირველადი სახელწოდებაა. კვერი წრიულ ფორმას ნიშნავს, ის ასტრალური სიმბოლოა, რაც მნათობთა თაყვანისცემას გამოხატავს. ხინკალი კი მას დაცვითი მაგიის გავლენით ეწოდა.
– რატომ, რისგან იცავდნენ?
 – ხინკალი, თავის არსით, მზის სიმბოლიკას უკავშირდება. ზემოდან მას ბორჯღალის ფორმა აქვს, ბორჯღალი კი მზის სიმბოლოა. ჩვენ მთაში გვაქვს ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტები, რის მიხედვითაც, ეთნოგრაფიაში დასტურდება, რომ მზე ადამიანის უძველესი კულტი იყო. ჩვენთან, თუშეთში ითვლებოდა, რომ მზეს მიჰყავს მიცვალებულთა სულები ზღვით იმქვეყნად. მზე ადამიანის სასიცოცხლო ციკლს უკავშირდებოდა. ჩამავალ მზეს მიჰყავს მიცვალებულთა სულები დასავლეთის მხარეს, იმქვეყნად, ხოლო აღმოსავლეთის ამომავალი მზე სიცოცხლის მომტანი და მიმნიჭებელია ადამიანისთვის. ხოლო, რადგან ხინკალზე მზის სიმბოლო, ანუ ბორჯღალია გამოსახული, ნიშნავს, რომ ის რიტუალური პურია. მინდა გითხრათ, რომ ცეცხლის კულტიც მზესთან იყო დაკავშირებული. ჩვენთან, მთაში ვიპოვეთ ბრინჯაოს ხანის სამარხები, სადაც მიცვალებულების გვამებს წვავდნენ. მათი სული კი მზესთან მიდიოდა – ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე-მეხუთე საუკუნეებზე ვსაუბრობ. ომალოშიცაა ასეთი სამარხები.
– რა საფრთხე ემუქრებოდა საკრალური დატვირთვის ხინკალს, რისგან იცავდნენ ამ გზით?
– რამდენადაც მზე მიცვალებულთა სულების პატრონი იყო, რიტუალური პური ხინკალი კი – მისი სიმბოლო, ჩვენთან ახლაც კი, როცა სუფრაზე ხინკალი შემოაქვთ, მაშინვე მიცვალებულთა შესანდობარს ვამბობთ, რაც მზის უძველესი კულტის გამოძახილია, რომელიც მიცვალებულთა სულებთანაა დაკავშირებული. ანუ, ხინკლის შემთხვევაში, სახელის ცვლილება შეიძლება, მისდამი მოწიწების, მოკრძალების გამოსახატად და დასაცავად ყოფილიყო გამოწვეული. ხინკლის სახელწოდება – კვერი, შესაძლოა, ადგილობრივი სახელი იყოს, მაგრამ მასში  შენახულია მზის ნამდვილი სახელწოდება. მეცხვარეები რომ ტყავისბეწვიან ქუდებს ატარებენ, მათ ბარჯღალს ვეძახით. ეს სიტყვა ბორჯღალიდან მომდინარეობს. თუშურ ქუდზე ზედხედიდან წრეში ჩასმული ჯვარია გამოსახული. ეს იგივე მზის სიმბოლო გახლავთ. ანუ, სიმბოლოები გამოსახული იყო, როგორც საკვებში, ისე სამოსში და ასე შემდეგ. ის განივთებული იყო. ჩვენთან ტარდებოდა მზის დაბადების რიტუალი – მზებუდობა. ქალები ამ რიტუალს 25 დეკემბერს ატარებენ, როცა მზე იბადება. დილით, სანამ მზე ამოვა, აცხობენ მაჭკატებს (იგივე ბლინებს) და იმ ფანჯარაზე დგამენ, რომელსაც ამოსული მზე შეხედავს. სანთელსაც ანთებენ და სასმელსაც დებენ. მაჭკატი – ეს სახელი მაჭყიტადან – ფართოდ გახელილი, დაჭყეტილი თვალებიდან მომდინარეობს. მზის ამოსვლისთვის მისი შეგებებაც ერთგვარი რიტუალია.
– ხინკლის წარმოშობის ისტორია ან ლეგენდა გაქვთ შემორჩენილი?
– ასეთი ლეგენდა არ არსებობს, მე, უბრალოდ, პარალელები მომყავს იმ ეთნოგრაფიული მასალებიდან და დაკვირვებებიდან, რაც მზესთან დაკავშირებით არსებობს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხინკლის ნაოჭები სხივებს ნიშნავს და რაც მეტია მათი რაოდენობა, მით უკეთესია. ამიტომაც ეჯიბრებოდნენ, ვინ მეტ ნაოჭს გაუკეთებდა. ახალი რელიგიის შემოსვლის დროს ძველი რელიგიები დემონიზაციას განიცდიდნენ. სახელწოდების ცვლილებებიც ამიტომ ხდებოდა. აქაც დემონიზაციასთან უნდა გვქონდეს საქმე, ამიტომ ჩაენაცვლა კვერს ხინკალი.
– მისი დემონიზაცია რომ არ მომხდარიყო და მხოლოდ წინა რელიგიის კუთვნილებად არ დარჩენილიყო, ანუ, სიცოცხლე გაეგრძელებინა?
–- კი. ეთნოგრაფიაში გვხვდება მსგავსი მაგალითები – გვაქვს დალაობის სამგლოვიარო რიტუალი. დალაობა სემანტიკურად ვაინახური წარმოშობისაა, რაც შესაძლოა, ადამიანმა არასწორადაც გაიგოს – თითქოს შემოსული კულტურაა და ამ დროს აქაც დაცვით მაგიასთან გვაქვს საქმე. დალა იგივე, რაც „ღმერთო“, ანუ სულეთის ღმერთისადმი მიმართვაა. ჩვენმა წინაპარმა, რომელმაც ეს ტრადიცია დაამკვიდრა, ჩათვალა, რომ ეს პროცესი თუშეთში უკვე დემონიზირებული იყო, ამიტომ დაცვითი მაგიიდან გამომდინარე, ცდილობს, სხვა სახელი დაარქვას მამაკაცთა გლოვის რიტუალს. ეს არ ნიშნავს, რომ ის შემოსული კულტურაა.
– ანუ, არაქართული წარმოშობის სახელი სულაც არ ნიშნავს მის არაქართულ წარმომავლობას.
– დიახ. ამიტომაც გამიკვირდებოდა კიდეც, რომ ხინკალს ქართული სახელი რქმეოდა. ჩვენ გვაქვს ტოპონიმიკაში შავკილდე, ის კავკასიონის მთავარ ქედზე, დაღესტნის საზღვარზე მაღალი მთაა. დაღესტნურში თანხმოვნებს შორის აუცილებლად ხმოვანი ჯდება. მაგალითად, წყალზე წიყალს იტყვიან ხოლმე დაღესტნელები, კლდეს კილდე ქვია. ასე რომ, ეს სახელი ურჯულოთა ენაზეა დარქმეული, იმიტომ რომ წარღვნისეული მთა არის. პირველი შავკილდის მთა გამოჩენილა წარღვნისეული წყლებიდან, სადაც შემდეგ ტარდება სამსხვერპლო და საკრარული რიტუალები. ეს ადგილი ურჯულოთა სახელით მოიხსენიება, რადგან ქვედა სამყარო, საიდანაც ეს მთა მოდის, ურჯულოთა რანგში გადის – ქვესკნელი. სამი სკნელის ამბავი ძალიან მყარად ზის ტრადიციულ კოსმოგონიაში. ქვესკნელი შემდეგ მიცვალებულთა კატეგორიაში გავიდა და ამის შემდეგ მოხდა მათგან თავდაცვითი მაგიის შემუშავება. სახელის ხსენება საგნის ფლობას ნიშნავს. ამიტომ ჩვენი წინაპრები სახელის წარმოთქმასაც კი ერიდებოდნენ ხოლმე. თუ იტყოდნენ თავის ენაზე არა, ურჯულოთა ენაზე იტყოდნენ. ეგ კი არა, ოჯახის შექმნის შემდეგ ცოლი და ქმარი ერთმანეთს სახელს არ ეძახდნენ. ხმამაღლა დაძახება ნიშნავს, რომ მას შეიძლება, მავნე ძალებიც დაეუფლონ. ეს ნიშნავს სახელის პატრონისთვის ვნების მიყენებას. ამიტომ, კაცო და დიაცო – ასე მიმართავდნენ მეუღლეები ერთმანეთს. ხმამაღლა არ დაუძახებდნენ სახელს, რომ ის არ მოხვედრილიყო მავნე ურჯულოთა ყურადღების ცენტრში. თვით ღმერთის სახელის წარამარა ხსენებაც არ შეიძლებოდა.

скачать dle 11.3