№12 წუწუნის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე
ნეგატიური დამოკიდებულება ადამიანზე უარყოფით გავლენას ახდენს. ალბათ, ძალიან ხშირად შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც გამუდმებით წუწუნებს და საკუთარ პრობლემებს გიყვებათ. იქნებ, თქვენც ხშირად გაქვთ წუწუნის მიზეზი? მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ, რომ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.
ადამიანების უმეტესობა გაუცნობიერებლად ჩივის და ამას ყოველგვარი მიზეზის გარეშე აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს პრეტენზიები საკუთარ ნეგატიურ გავლენას მთქმელზეც და მსმენელზეც თანაბრად ახდენს.
ეს მავნე ჩვევა ადამიანის ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. დიახ, გამუდმებული ჩივილიც ისევე შეიძლება, მავნე ჩვევებს მივაწეროთ, როგორც თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარება. ისინი ორგანიზმისთვის მომწამვლელია. ზუსტად ასეთივე ეფექტს იძლევა თქვენი დამოკიდებულება და განწყობა.
ჩივილი მოქმედებს თავის ტვინზე. ტვინი ინახავს ინფორმაციას, აზრებს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ის არ არჩევს პოზიტიურ და ნეგატიურ ინფორმაციას და უარყოფითიც გონებაში მარტივად გროვდება.
გამუდმებით ნეგატიურ მდგომარეობაში ყოფნით ზიანდება ნერვული სისტემა. ეს პროცესი თანდათან მიმდინარეობს ისე, რომ მნიშვნელოვან განსხვავებას ვერც შეამჩნევთ. თანაც ორგანიზმი ამ ნეგატიურ ფიქრებს ეჩვევა. ტვინში მრავალრიცხოვანი ნერვული კავშირებია. მათი შეკავშირების ადგილს სინაფსი ეწოდება. ადამიანის თავის ტვინის დიდ ნეირონებს 4-დან 20 000-მდე სინაფსი გააჩნიათ. ისინი მეორე ნეირონთან, კუნთთან ან სხვა ორგანოსთან არიან დაკავშირებული, რომელთა საშუალებითაც ხდება აგზნების ან შეკავების გადაცემა.
როდესაც ნეგატიურ აზრს გაივლებთ გონებაში, რომელიმე კონკრეტული სინაფსი აქტიურდება და ელექტრულ იმპულსს გზავნის.
დროთა განმავლობაში ნებისმიერი ნეგატიური აზრის დროს ტვინი თავისთავად აღადგენს ძველ რეფლექსებს და უარყოფითი იდეების გონებაში გავრცელება უფრო ადვილდება. საბოლოოდ, ეს მდგომარეობა ორგანიზმს შიგნიდან ანადგურებს.
უარყოფითი დამოკიდებულების გამო მხოლოდ ნერვული სისტემა არ ზარალდება. ეს გავლენას ახდენს სხეულის სხვა ნაწილებზეც:
უარესდება გულისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირება.
იზრდება დიაბეტის, სიმსუქნის, მაღალი წნევის განვითარების ალბათობა.
ზოგადად, სუსტდება იმუნური სისტემა.
ნეგატიურ აზრად ითვლება ნებისმიერი სახის კრიტიკა, თუნდაც, ეს სხვისი ჩაცმის სტილი იყოს. დაფიქრდით, იქნებ თქვენს ტვინშიც ბევრია ასეთი უარყოფითი აზრი? თუ ასეა, დაუყოვნებლივ უნდა შეცვალოთ ის. მიუხედავად პრობლემებისა, შეეცადეთ ყველაფერს მსუბუქად შეხედოთ და თავად იგრძნობთ, რომ მათი მოგვარება მარტივადაც შეიძლება. ასეთი დამოკიდებულება თქვენს ხასიათსა და ჯანმრთელობაზე პოზიტიურად აისახება.