კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 ჩაშლილი შვებულება

ჰემილ დეშეთი
  ტელეფონი იქამდე არ გაჩერდა, სანამ იატაკზე არ დაენარცხა. გაბოროტებულმა კერძო დეტექტივმა, უილიამ მაკარტურმა, რომელიც შვებულებაში იყო, ხმამაღლა შეიგინა. მეგობრებთან ერთად ვისკის წრუპვა განაგრძო და მხოლოდ პირველ საათზე დაიძინა.  
 დილის თერთმეტ საათზე კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. უილიამს უკვე ეღვიძა. ზღურბლზე ელეგანტური მამაკაცი იდგა. შავი სათვალე ეკეთა და მშვენიერი შარვალ-კოსტუმი ეცვა.
– მე ტომ მაკროი გახლავართ „ეფბიაიდან“. თავიდან ჩვენს მთავრობას არ უნდოდა, რომ ეს ამბავი გახმაურებულიყო, მაგრამ სიტუაცია უფრო დამძიმდა და  იძულებულები გავხდით, თქვენთვის მოგვემართა. საქმე დეტროიტში დროის მოკლე მონაკვეთებში ათი ქალბატონის მკვლელობას ეხება. ყველა ერთნაირი ხელწერითაა მოკლული და სახეც ყველა მათგანს ერთნაირად აქვს დასახიჩრებული. პოლიციას არაფერი აქვს ხელჩასაჭიდი. კონვერტში დევიდ კარტერის წერილია – ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია.  
  კონვერტში ქაღალდების საკმაოდ დიდი დასტა აღმოჩნდა. იყო მსხვერპლთა ფოტოებიც. უილიამმა სურათები გვერდზე გადადო და პირველივე ფურცელზე ჩამოწერილ სიას დახედა. მკვლელობების ქრონოლოგიით დაინტერესდა და უცებ კალენდარს შეხედა – დღეს ცხრა ოქტომბერია. ხვალ, ათ ოქტომბერს, კიდევ ერთი მკვლელობა მოხდება, რომელსაც, სამწუხაროდ, ვერ შევაჩერებთ. აი, შემდეგი მკვლელობა კი თხუთმეტ ოქტომბერს მოხდება. მანამდე დრო საკმარისად გვაქვს. აგენტო მაკროი, დარეკეთ თქვენს უფროსებთან. ხვალ დილას  პირველივე რეისით პირდაპირ დეტროიტში გავფრინდებით. ვითხოვ, ათივე მკვლელობის ადგილი მაქსიმალურად უცვლელად იქნეს შენარჩუნებული, ხოლო მეთერთმეტე მკვლელობის ადგილზე ჩემს მისვლამდე არავინ შეუშვან.
  როდესაც „ბრიტიშ ეარლაინის“ თვითმფრინავი დეტროიტის აეროპორტში დაეშვა,  იქ უკვე მრავალრიცხოვანი დელეგაცია იყო შეკრებილი: დეტროიტის მერი, პოლიციის შერიფი, „ეფბიაი“  და დეტროიტელი სენატორებიც კი.   უილიამი დამხვდურებს მიესალმა და პოლიციის შერიფს მიმართა:
– ბატონო შერიფო, ვინაა მეთერთმეტე მსხვერპლი?  შერიფს არ დასჭირვებია ქაღალდებში ჩახედვა:
– მოკლულია ბრიტნი მაკდონალდის ტყუპისცალი – ემი მაკდონალდი. იგი თქვენს ჩამოსვლამდე ერთი საათით ადრე საკუთარ სახლში იპოვეს. მკვლელობის ადგილი ხელუხლებლადაა შენახული.
– პირდაპირ იქ წავიდეთ. ვნახოთ, მკვლელმა რამე ხელჩასაჭიდი თუ დაგვიტოვა, – ჩაილაპარაკა უილიამმა, – ჰო,  მართლა, ტომ, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ, – მიმართა ტომს.
  დეტროიტის გარეუბანში მდებარე პატარა ბინა, სხვა მილიონობით ბინისაგან მხოლოდ მოკლულის გვამით რომ განსხვავდებოდა, დაკეტილი იყო.  საძინებელში არაფერი ხდებოდა.  ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მისაღებ ოთახში ეგდო. თვალები ამოთხრილი ჰქონდა, ხოლო პირი ჯვარედინად დასერილი. სიკვდილი გულში მიყენებულ ჭრილობას გამოეწვია. სისხლი და ძალადობის კვალი არსად ჩანდა. უილიამმა ოთახის დათვალიერებას მიჰყო ხელი.  უკვე ხელის ჩაქნევას აპირებდა, რომ მისი ყურადღება სამზარეულოში გამავალმა კარმა მიიპყრო, რომელზეც აშკარად მოჩანდა პატარა, მბრწყინავი საგანი, რაც ძაფი აღმოჩნდა – პრიალა იყო და სინათლეზე ბრწყინავდა.
უილიამი  დამსწრეებისკენ მიბრუნდა და შერიფს მიმართა:  
– ერთი კაცი ლაბორატორიაში უნდა გავგზავნოთ და ეს ძაფი გავატანოთ. უნდა დადგინდეს, რისი ძაფია. როგორც კი მიიტანს, მაშინვე უნდა დარეკოს და გვითხრას, რამდენ ხანში იქნება პასუხი, – უილიამმა ბლოკნოტში ჩაიხედა და ისევ შერიფს მიუბრუნდა, – ამ ადგილს თქვენმა ბიჭებმა და „ეფბიაის“ ხალხმა მიხედოს. ჩვენ  იმ ორი მოკლულის სახლსაც ვეწვიოთ, რადგან ქუჩაში მომხდარი მკვლელობების ადგილების ნახვას აზრი არ აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ მკვლელობების შემდეგ დიდი დროა გასული.
ჯენიფერ დანის ერთოთახიანი ბინის საგულდაგულო ჩხრეკამ შედეგი არ გამოიღო. უილიამის თხოვნით, ყველანი ჯინა ლეფერტის სამოთახიანი ბინისკენ გაემართნენ, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში მდებარეობდა. გზაში ტელეფონის ხმა გაისმა. შერიფმა დაუყოვნებლივ უპასუხა. შემდეგ მან უილიამს გადახედა და უთხრა:
– თქვენ მიერ ნაპოვნი საგანი ნამდვილად ძაფია, სერ. ოღონდ ტანსაცმლის წარმოებაში არ გამოიყენება, მისგან მხოლოდ თოჯინებს ამზადებენ. უილიამმა კმაყოფილებით გაიღიმა. ოთხსაათიანი ჩხრეკის შემდეგ ისევ საეჭვო ძაფი იპოვეს და ახლა უკვე მეორე პოლიციელი გაემართა ლაბორატორიაში ძაფით ხელში – უნდა დადგენილიყო იყო თუ არა ეს ძაფი პირველად ნაპოვნის იდენტური.
 უილიამმა ტომს გადაულაპარაკა:
– ტომ, „ეფბიაიში“, ალბათ, გეყოლებათ გერმანული ენის მცოდნე აგენტები.  გადაეცი, რომ გერმანული ენის საუკეთესო მცოდნე გამოაგზავნონ.
ერთ საათში ლაბორატორიიდან დაბრუნებულმა პოლიციელმა  ამბავი მოიტანა – ორივე ძაფი იდენტური აღმოჩნდა.
უილიამმა საათს დახედა და კაბინეტში მყოფებს მიმართა:  
– მეგობრებო, შეგიძლიათ წახვიდეთ და დაისვენოთ. ხვალ, დილის ექვს საათზე ვიკრიბებით და შვიდი საათიდან მოქმედებას ვიწყებთ. იმედი მაქვს,  ამაღამ შერიფი მე და ტომს თავის კაბინეტს დაგვითმობს.
  დილის ექვს საათზე  უილიამს უკვე მზად ჰქონდა სამოქმედო გეგმა, რომელიც კედელზე ჩამოკიდებულ დაფაზე ჩამოწერა.  იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ ორი საათი ეძინა, უილიამი საკმაოდ ენერგიულად გამოიყურებოდა. პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ თხუთმეტ ოქტომბრამდე გვაქვს დრო, მკვლელობათა სერიის შესაჩერებლად. საინტერესოა ის, რომ თერთმეტივე მოკლული ერთმანეთს ჰგავს აღნაგობით, თმისა და თვალის ფერით და სახითაც კი. ეს უბრალო დამთხვევა არ არის, მკვლელი მიზანმიმართულად ნადირობს მსგავსი გარეგნობის ქალებზე. მინდა, რამდენიმე ადამიანმა მოიძიოს ინფორმაცია, გარდაცვლილთაგან რომელიმეს თუ ჰყავს ტყუპისცალი ან და რომელიც გარეგნულად ძალიან წააგავს მას. ვფიქრობ, ამ საქმისთვის ორი საათი საკმარისი იქნება. შემთხვევის ადგილებზე გადაღებული ფოტოები კიდევ ერთხელ საგულდაგულოდ დაათვალიერეთ. თუ მასზე აღმოაჩენთ თოჯინას,   ან რაიმე სათამაშოს, დაუყოვნებლივ შემატყობინეთ. სახეების დასახიჩრებას რაც შეეხება, ამ საკითხზე რაიმე ვერსია ჯერ არ მაქვს. ათ საათზე ისევ შევიკრიბოთ.
როდესაც კაბინეტში მხოლოდ ტომი და შერიფი დარჩნენ  და „ეფბიაის“ გერმანულის მცოდნე აგენტიც მოვიდა, ოთხივე მაგიდას მიუჯდა და უილიამმა გერმანულის მცოდნე აგენტს მიმართა:
– მისტერ რუნი, თქვენ უნდა წახვიდეთ ბერლინში და ცნობილ ექსპერტს, რობერტ რენჰეიმს შეხვდეთ. თუ მასთან ჩემი სახელით მიხვალთ, იგი თქვენთვის აუცილებლად გამონახავს დროს.  გადასცემთ ამ ორ პაკეტს და დასვამთ შემდეგ შეკითხვებს: 1) არის თუ არა პაკეტში მოთავსებული ძაფები იდენტური;  2) არის თუ არა ეს ძაფები ერთი და იმავე ობიექტიდან, როდესაც ამ ყველაფერს მოაგვარებთ, სასწრაფოდ დაბრუნდით.  თქვენი იმედი გვაქვს.
მისტერ რუნის წასვლიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, შერიფის კაბინეტში მორიდებით შეიხედა ერთ-ერთმა დეტექტივმა, რომელსაც ხელში კლაუდია ლოპეზის მკვლელობის ადგილას გადაღებული ფოტო ეჭირა. სურათზე ნათლად ჩანდა ნაგვის ურნის უკან სანახევროდ მიმალული თოჯინა. შერიფმა სურათს დახედა და თქვა:
– კლაუდია ლოპეზი ამა წლის 4 სექტემბერს, მუსტანგის ქუჩის ბოლოს მდებარე ჩიხში მოკლეს. დავრეკავ დასუფთავების სამსახურში და ვიკითხავ, ურნასთან დაგდებული თოჯინა ხომ არ შეუმჩნევიათ.
უილიამმა მოწონების ნიშნად გაიღიმა.
– ასე მოიქეცით. მე და ტომი კი უშუალოდ ადგილზე წავალთ და შევეცდებით, რამე სასარგებლო გავიგოთ. სავარაუდოდ, თერთმეტი საათისთვის დავბრუნდებით და ამ დროისთვის შევიკრიბოთ.
მუსტანგის ქუჩის ბოლოს მიყრუებული ჩიხი იყო, ურნაში მაწანწალა იქექებოდა. უილიამმა ტომს თვალი ჩაუკრა და მაწანწალას მიმართა:
– უკაცრავად, სერ,  ჩვენ თქვენი ბრწყინვალე გონება გვჭირდება.
მაწანწალა შემობრუნდა. უილიამმა მის დასანახად ხელში დოლარიანი მონეტა შეათამაშა. მაწანწალის თვალებში ეშმაკურმა ნაპერწკალმა იელვა:
– დიახ, სერ, მე ბრწყინვალე გონება მაქვს, მაგრამ ის გაცილებით ძვირი ღირს.
უილიამმა ორმოცდაათდოლარიანი გაუწოდა  და  საქმეზე გადავიდა:
– სექტემბრის პირველ კვირაში კუთხეში მდგარ ნაგვის ურნებთან რაიმე თოჯინის მსგავსი ხომ არ შეგინიშნავთ?
მაწანწალამ დაფიქრებით მოისრისა შუბლი:
– დიახ, რა თქმა უნდა! ვნახე მახინჯი თოჯინა. იმედი მქონდა, რომ ამ თოჯინით ერთი ქილა ლუდის ფულს გამოვრჩებოდი, მაგრამ სახეზე რომ შევხედე, იქვე მივატოვე. პირი ჯვარედინად ჰქონდა დასერილი და თვალები ამოთხრილი. თან, ერთიანად სისხლით იყო მოსვრილი. ცოტა ხანში ერთი გამხდარი, მაღალი კაცი მოვიდა. გრძელი საწვიმარი ეცვა, ყავისფერი ფეხსაცმელები და დასვრილი, ლურჯი ჯინსი. სახეს  კაპიუშონი უფარავდა. თოჯინა აიღო, უბეში დამალა და წავიდა. სერ, სულ ესაა, რაც ვიცი.
უილიამმა მადლობა გადაუხადა მაწანწალას და ტომს მიმართა:
– აბა, ტომ, საკმარისი ინფორმაცია მივიღეთ? დროა, განყოფილებაში დავბრუნდეთ და ვნახოთ, იქ რა სიახლეებია. ასე გაოცებით ნუ მიყურებთ. ფული მაწანწალების ასალაპარაკებლად  საუკეთესო საშუალებაა.
ნახევარ საათში ყველა შერიფის კაბინეტში იყო. აღმოჩნდა, რომ დასუფთავების თანამშრომლებს არანაირი თოჯინა არ შეუნიშნავთ. ასევე აღმოჩნდა, რომ პირველ მსხვერპლს, ჯენიფერ დანს ჰყავდა ტყუპისცალი და –  ლიდია დანი. უილიამმა კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები და  შეკრებილებს მიმართა:
– მეგობრებო, სასიამოვნო სიახლეები გვაქვს. ჩვენ ვეძებთ გამხდარ, მაღალ მამაკაცს, რომელსაც კაპიუშონიანი საწვიმარი აცვია. ასევე, ყავისფერი ფეხსაცმელები და გასვრილი, ლურჯი ჯინსი. სახეს კაპიუშონით მალავს. აქვს თოჯინა, რომელიც სისხლით არის მოსვრილი, თვალები ამოთხრილი აქვს და პირი კი  დასერილი, ზუსტად ისე, როგორც თერთმეტივე მსხვერპლს. ბატონო შერიფო, გამოყავით ორი საუკეთესო დეტექტივი, რომლებიც ლიდია დანს ოცდაოთხი საათის განმავლობაში თვალს არ მოაშორებენ. ქალაქში კი ბიჭები გააგზავნეთ, რომ მსგავსი აღწერილობის მქონე მამაკაცები დაათვალიერონ. დღეისთვის სულ ესაა, ხვალ კი, როდესაც მისტერ რუნი დაბრუნდება, ჩვენს გეგმებში გარკვეული კორექტივები შევა.
  როდესაც პოლიციელები დაიშალნენ, უილიამმა შერიფსა და ტომს მიმართა:
– რას იტყვით, მეგობრებო, ლიდია დანი რომ მოვინახულით?
  ლიდია დანი მშობლებთან ერთად ქალაქგარეთ, პატარა კოტეჯში ცხოვრობდა. სახლში ჯერ კიდევ იგრძნობოდა გლოვის დაძაბულობა. სტუმრები სათითაოდ მიესალმნენ დამხვდურთ და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს მათ. შემდეგ უილიამმა ლიდია დაიმარტოხელა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:
– ლიდია, ვიცი, რომ ძლიერი გოგო ხარ, ამიტომ მშვიდად მოისმინე, რასაც ახლა გეტყვი. ეცადე, შენს მშობლებს არ გააგებინო ამის შესახებ. ის ადამიანი, რომელმაც შენი და მოკლა, ახლა შენზე ნადირობს. მაგრამ, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნო. მას არ უნდა აგრძნობინო, რომ რაღაც იცი. საფრთხე არ უნდა იყნოსოს. შენს დასაცავად ორი საუკეთესო დეტექტივია გამოყოფილი. შენ შესაძლოა, ვერ ხედავდე მათ, მაგრამ ისინი ოცდაოთხი საათი შენ გვერდით იქნებიან. თოთხმეტი ოქტომბრის საღამოს კი მეც მოვალ თქვენთან და მანამ დავრჩები, სანამ საფრთხე არ ჩაივლის.
  ამ საუბრის შემდეგ უილიამმა მხლებლებთან ერთად დატოვა დანების სახლი. როდესაც გარეთ გამოვიდნენ, უილიამმა მოულოდნელად ტომს უთხრა: – ტომ, შერიფს სახლში იარაღი დარჩა და იქნებ გამოუტანო? როდესაც ტომი წავიდა, შერიფმა გაოცებით ჰკითხა:
– მისტერ უილიამ,  მე ხომ იარაღი თან მაქვს? უილიამმა გაიღიმა:
– ბატონო შერიფო, მგონი, ჩვენს ტომს ლიდია მოეწონა და ისიც არ ჩანს გულგრილი. შანსი მივეცი. იმედია, გამოიყენებს.
ღამის თორმეტი საათი იყო დაწყებული, როდესაც ტომი დაბრუნდა. უილიამმა არ დააყოვნა და ჰკითხა: ტომ, იპოვეთ შერიფის იარაღი? მაგრამ ტომი ისე იყო გაბრუებული ლიდიასთან საუბრის შემდეგ, რომ უილიამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
  მისტერ რუნი მეორე დღეს დაბრუნდა. მისტერ რენჰეიმს, თურმე, საერთოდ არ სურდა მისი სახლში შეშვება, მაგრამ როდესაც უილიამ მაკარტურის სახელი გაიგო, სახლშიც შეუშვა  და კარგადაც უმასპინძლა. საქმესთან დაკავშირებით კი ინფორმაცია ასეთი იყო:  ეს ძაფები სრულიად იდენტური აღმოჩნდა.  უფრო მეტიც – ერთი ძაფი მეორის გაგრძელება იყო. მსგავს ძაფს მსოფლიოში ერთადერთი მწარმოებელი იყენებდა, თანაც ერთადერთი სახის თოჯინაში.  ეს თოჯინა ბოლოს ოცი წლის წინ გამოვიდა ქარხნიდან. მისტერ რუნის თოჯინის სურათებიც ჩამოეტანა.
  უილიამმა ტომს მიმართა:
–  ტომ, მოინახულე ჩვენი მეგობარი მაწანწალა და ეს სურათი აჩვენე. თან, ერთი ბოთლი ვისკი წაუღე. მის მახსოვრობას წაახალისებს. მერე შეგიძლია, აღარ მოხვიდე და ამბავი ტელეფონით გაგვაგებინო. შენ კი დანების სახლში წახვალ და ჩემი სახელით იკითხავ, რამეში ხომ არ სჭირდებათ დახმარება. ტომმა მადლიერი სახით შეხედა უილიამს და ოთახიდან გავიდა. დახლოებით ერთ საათში  დარეკა –  მაწანწალა ასი პროცენტით  იყო დარწმუნებული, რომ ეს ის თოჯინაა.
  დარჩენილ დღეებში განსაკუთრებული არაფერი  მომხდარა. თოჯინის სურათები ყველა პოლიციელს დაურიგეს, თუმცა ვერავინ გაიხსენა, რომ სადმე ენახათ. ტომი თითქმის მთელ დროს დანებთან ატარებდა. თოთხმეტი ოქტომბრის საღამოს დანების სახლის ირგვლივ ათი საუკეთესო დეტექტივი იყო მობილიზებული. მათ ემატებოდნენ ტომი, შერიფი, მისტერ რუნი და დევიდ კარტერი. ყველა მოხერხებულად მოთავსდა სახლის გარშემო, ისე,  რომ გარეშე თვალისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყვნენ. აი, უილიამის ჩანაფიქრი კი გაცილებით სახიფათო იყო. იგი ლიდიას ოთახში უნდა ჩასაფრებულიყო.
   ღამის სამ საათზე ლიდიას ოთახში უხმაუროდ შესრიალდა ჩრდილი. მთვარის შუქზე დანამ გაიელვა, მაგრამ უეცრად მომხდურმა კისერზე ცივი ლითონი შეიგრძნო.  ყურში კი ამ ლითონზე უფრო ცივი ხმა ჩაეღვარა:
– აბა, მეგობარო, ნელა დააგდე დანა, შემდეგ კი ხელები თავზე დაიწყვე.  შემობრუნდი და კარისაკენ წადი!
მკვლელს არ სურდა დანებება, მაგრამ ხმა ისეთი ცივი და სასტიკი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედა.
დაახლოებით ერთ საათში შერიფმა ქალაქის მერს დაურეკა და აცნობა:
– მორჩა, დამთავრდა, ქალაქი თავისუფალია!
მეორე დღეს გაზეთები ხმაურიანი სათაურებით იყო  აჭრელებული: „დეტროიტელი მანიაკი შეპყრობილია“, „მანიაკი უილიამ მაკარტურმმა დასცა“, „კოშმარი დასრულდა“...
ერთი კვირის შემდეგ, როდესაც უილიამი დევონსირის საგრაფოში, პატარა სოფელში, თავის სახლში ისვენებდა და ინგლისურ ბოცვრებზე თავის ნაშრომს ჩაჰკირკიტებდა, ტელეფონმა დარეკა. ტომ მაკროი რეკავდა ვაშინგტონიდან:
– მისტერ უილიამ, დეტროიტელ მანიაკს სიკვდილით დასჯას უპირებენ, მაგრამ იმედი მაქვს, თქვენ ამას არ დაუშვებთ.
– კი, მაგრამ რატომ არ უნდა დავუშვა ტომ?
– იმიტომ,  რომ იგი მსხვერპლია და თუ მას სიკვდილით დასჯიან, ის ყველაფერი, რაც თქვენ მე მელაპარაკეთ, უბრალო სიტყვების რახარუხი იქნება. ხომ ამბობდით, რომ ყველა დამნაშავე თავისებურად მსხვერპლიცაა.
– ყოჩაღ ტომ! მიხარია, რომ ასეთი შეგნებული ბიჭი ხარ. დეტექტივმა უილიამმა დაიჭირა მანიაკი. ახლა ვნახოთ ადვოკატი უილიამი თუ გადაარჩენს მას. ოღონდ იცოდე, მხოლოდ შენთან ერთად, ტომ.
– სიამოვნებით, სერ. წინ კიდევ ერთი დიდი თავგადასავალი გველოდება!
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ

скачать dle 11.3