№12 რა სასწაულების მოხდენა შეუძლია გაზაფხულის ბუნიობას
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
გაზაფხულის ბუნიობა ანუ დღე-ღამის ტოლობის პერიოდი, წლის ყველაზე მაგიური დღეა და როგორც ზამთრის სიცივის დამთავრების სიმბოლოს, სითბო მოაქვს ჩვენთვის. ამ დღის განსაკუთრებულ ენერგეტიკას უდიდესი მაგიური ძალა აქვს, რომელსაც შემწეობისა და მფარველობისთვის ბევრი დღემდე მიმართავს - სიყვარულს, შემოსავალებისა თუ სხვა ცხოვრებისეული პრობლემის მოგვარებას შესთხოვს. გაზაფხულის ამ ჯადოსნურ დღეს ძველთაგანვე დღესასწაულობდნენ და ბევრი ტრადიციაც უკავშირდებოდა, რის შესახებაც დაწვრილებით პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსის, ქალბატონ ლეილა მ-ს ინტერვიუდან შეიტყობთ.
- გაზაფხული ძალას იკრებს, იღვიძებს ბუნება და ხალხს ზამთრის ძილბურანიდან აფხიზლებს - ეს ყველაფერი კი სწორედ დღე-ღამის ხანგრძლივობის გათანაბრებით იწყება, დაახლოებით 20 მარტისთვის, როცა მზე ეკვატორს გადასცდება. ამის შემდეგ იზრდება დღე და ადამიანებშიც პოზიტივი იმატებს.
- რა შეიძლება ამ დღეს მოხდეს?
- ამ დღის ამოუწურავი კოსმიური ენერგიით „მთვრალს“ შეგიძლია, დილით ადგომისთანავე თქვა: „გამარჯობა, მზეო!“ და შესთხოვო მას: ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, დოვლათი... ასე რომ, თუ ახალ წელს, ან შემდეგ, ჩინური ახალი წლისთვისაც ვერ მოასწარით სურვილების ჩაფიქრება, გული ნუ დაგწყდებათ, გაზაფხულის ბუნიობა გაძლევთ ამის საშუალებას - თქვენს ფიქრებს ამ დროს ხორცშესხმის დიდი შანსი აქვს. ამიტომაც იყო, რომ ძველთაგანვე დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ ამ თარიღს - ეთაყვანებოდნენ დღე-ღამეს შორის თანასწორობის აღმდგენ გაზაფხულის ქალღმერთს... და ისიც თითქოს ხელახლა იბადებოდა - კვლავაც ქალწული და ენერგიით სავსე. მის ფიგურას უმანკო ქალწულის სახით გამოხატავდნენ, რომელიც ხელში ჰყავდა ატატებული ახალგაზრდა ყმაწვილს. იმართებოდა სახალხო სერობა, ყველა ოჯახში იყო გაშლილი სუფრა და რაც მეტი სტუმრის გამასპინძლებას შეძლებდა ოჯახი, მით უფრო ბარაქიანი და ბედნიერი იქნებოდა მთელი წელი მათთვის.
- რის გაკეთება შეიძლება და რის - არა გაზაფხულის ბუნიობისას?
- გადმოცემების მიხედვით, ამ დღეს ადამიანის ბედზე გავლენას მისივე ფიქრებიც კი ახდენს. ამიტომ მხოლოდ კარგზე უნდა იფიქროთ. ურთიერთობების გარკვევა, კამათი, გაბრაზება, აგრესია და მრისხანება შესაძლოა, პრობლემების სახით უკან დაგიბრუნდეთ. მოწყენილობა ამ ზეიმზე თქვენს ცხოვრებას მადლს მოაკლებს. როგორც აღვნიშნე, ადრე ლხინითა და მხიარულებით ხვდებოდნენ გაზაფხულის ამ მოვლენას, რისი ფრაგმენტებიც ზოგან დღემდეა შემორჩენილი. მაგალითად, აცხობენ ჩიტის ფორმის ორცხობილებს და ნათესავებს, მეგობარ-ახლობლებს ურიგებენ. იმის გასაგებად, თუ რა ელით ჯანმრთელობის მხრივ ამ წელს, ნამცხვრებს ზევით ისვრიან და ვისიც უფრო შორს „გაფრინდება“, შეუძლია ამ მხრივ მშვიდად იყოს, არაფერი შეაწუხებს. ვთქვათ, თქვენც დააცხვეთ ჩიტი-ნამცხვარი, „თავს“ ნუ მოაჭამთ, მხოლოდ დანარჩენი „სხეული“ მიირთვით. ამით საკუთარ თავს და ახლობლებსაც დაიცავთ უბედური შემთხვევისა თუ ავადმყოფობისგან. „თავი“ საქონელს უნდა აჭამოთ. ეს ისეთი დღეა, მტერსაც კი არ უნდა უსურვოთ ცუდი. შეურაცხმყოფელმა ფიქრებმა და ცუდმა სიტყვებმა შეიძლება ადამიანს სერიოზული ზიანი მიაყენოს. გახსოვდეთ, ყველა ბოროტება, რასაც ამ დღეს სხვას უსურვებთ, ორმაგად დაგიბრუნდებათ უკან.
- მკითხაობასა და მაგიურ რიტუალებზე რას გვეტყვით...
- მზის ამოსვლის შემდეგ იწყებენ მკითხაობას - ზოგს მომავალი მეუღლის შესახებ უნდა გაიგოს რამე, ზოგს გარეგნული მიმზიდველობა აღელვებს, ზოგს კი ზოგადად აინტერესებს, რა ელის ცხოვრებაში. ამისთვის ჩიტი-ნამცხვრის გამოცხობისას ცომში გოგონები სხვადასხვა ნივთს ურთავენ და თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად: ბეჭედი - ქორწილს ნიშნავს; ლურსმანი სევდის მიზეზია; მონეტა - მდიდრული ცხოვრებაა; გასაღები - მემკვიდრეობის, მოგების, ახალი სახლის სიმბოლო; მძივი - დიდი ხნის ნანატრი ფეხმძიმობა; ღილი - გარდერობის განახლება; საყურე - საბედოსთან შეხვედრა. საღამოს ყველა სათითაოდ იღებს ნამცხვარს, გადატეხს და რაც ამ ნივთებიდან შეხვდება, იმის მიხედვით განისაზღვრება მისი მომავალი. ამ დღეს მზის ამოსვლის ან ჩასვლისას ატარებენ ასევე რიტუალს კეთილდღეობაზე. ამისთვის მოამზადეთ ორი - თეთრი და შავი სანთელი, შესაბამისად, ნათელისა და ბნელის. მოიმარაგეთ ქოთანი მიწით და წინასწარ წყალში დამბალი რომელიმე მცენარის თესლი. აანთეთ სანთლები და ქოთანიც იქვე დადგით. აღუწერეთ და მოუყევით მას როგორი მომავალი გინდათ, რას შეცვლიდით ცხოვრებაში და რაც შეიძლება გარკვევით დახატეთ მომავალი ბედნიერების სურათი. შემდეგ თესლი ჩარგეთ მიწაში და მორწყეთ. იმის მიხედვით, როგორ აღმოცენდება და გაიზრდება მცენარე, თქვენი ცხოვრებაც უკეთესობისკენ დაიწყებს ცვლილებას. ოთახში მყუდროდ თუ განმარტოვდებით, გაზაფხულის ეს მაგიური დღე მედიტაციისთვისაც საუკეთესოა. ოღონდ წინასწარ მოემზადეთ ამისთვის - მიიღეთ შხაპი, ჩაიცვით სუფთა, ლამაზი ტანსაცმელი, დაჯექით მოხერხებულად და აანთეთ სანთელი. უყურეთ სანთლის ალს და გონებაში, ან ხმამაღლა დაასახელეთ თქვენი ყველაზე სანუკვარი მიზანი უახლოესი წლის განმავლობაში - წვრილმანებამდე გათვალეთ როგორი იქნება თქვენი მომავალი: როგორ იცხოვრებთ, რა მარკის მანქანა გეყოლებათ, რას ჩაიცვამთ, რას შეჭამთ, ვისთან გექნებათ ურთიერთობა, სად ივლით და ასე შემდეგ... მიმართეთ ზებუნებრივ ძალასა და სამყაროს დახმარებისა და მფარველობისთვის თქვენი და თქვენი ახლობლების გამო და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი თხოვნა შესრულდება.
- სახლიც უნდა მოვამზადოთ?
- უნდა გაწმინდოთ ნეგატიური ენერგიისგან, რაც ანთებული სანთლის, ნაკურთხი წყლისა და ბალახების შეხრჩოლებით ხდება. ამის შემდეგ სახლი დაალაგეთ, გაიტანეთ ნაგავი და გადაყარეთ უსარგებლო ნივთები. ეს დღე უნიკალურია დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ყველაზე დიდი წყენის დასავიწყებლად და თავადაც შენდობის მისაღებად. არის ასევე, სპეციალური რიტუალიც - „ხელის გახსნა“. დაგჭირდებათ გრძელი ძეწკვი. თუ არ გაქვთ, გამოდგება „სკრეპების“ აცმა, ანდა ჩვეულებრივი მავთულიც. მოახერხეთ და შეიკარით ხელები ისე, რომ მტკივნეული არ იყოს, მაგრამ დისკომფორტს კი გრძნობდეთ. ასეთი ხელებით უნდა განაგრძოთ ჩვეული საქმიანობა სახლში. ძნელია? მოუხერხებელია? - გადადით მეორე ნაწილზე. ნაზად და ფრთხილად გაიხსენით ხელები, ანუ გათავისუფლდით „ბორკილებისგან“ და უკვე ხელგახსნილს გზაც ყოველმხრივ ხსნილი გაქვთ: შეგიძლიათ, შეიცვალოთ სამსახური; თამამად უხმოთ პაემანზე მას, ვინც მოგწონთ და აღარ დაელოდოთ, თავად როდის მოინდომებს ამას; გაემგზავროთ ჰიმალაიზე... ანუ შეძლებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაზეც კი დიდი ხანია, ოცნებობდით.