№12 როგორ იყენებდა სტალინი ნიჭიერ ხელოვანებს აგიტაცია-პროპაგანდისთვის
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გენერალი ვოლკოგონოვი სტალინის მიერ გადარჩენილ „მსოფლიო სახელთა“ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მწერალ მიხაილ შოლოხოვს გულისხმობს. საბჭოთა ბელადს, ისე როგორც არავის (შესაძლოა, თითებზე ჩამოსათვლელ ადამიანებს), ესმოდა ლიტერატურისა და ხელოვნების დიდი მნიშვნელობა და ყოველმხრივ ხელს უწყობდა ამ სფეროს გაძლიერებას. ყოფილი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „გარდა იმისა, რომ სტალინს უყვარდა ხელოვნება, განსაკუთრებით ლიტერატურა და მუსიკა, მას (სტალინს) ძალიან ღრმად ჰქონდა გათავისებული ის, თუ რა დიდი ძალა იყო ეს სფერო პროპაგანდა-აგიტაციისთვის და ყოველთვის ცდილობდა, რომ მაქსიმალურად გამოეყენებინა მწერლები და მუსიკოსები, აგრეთვე, სხვა ხელოვანები ქვეყნის მშენებლობის დიად საქმეში. ნიშანდობლივი და უმნიშვნელოვანესია ის, რომ სტალინი არასოდეს მიმართავდა იძულების ხერხებს ამ ადამიანთა (ხელოვანთა) მიმართ და მათთან ურთიერთობებს ყოველთვის მართალი და მტკიცე სიტყვით არეგულირებდა. სტალინს უყვარდა ამ ფრაზის გამეორება და ხშირად წარმოთქვამდა კიდეც: „ნიჭს ძალით ვერ მოერევი. ნიჭიერ კაცს ვერ აიძულებ (თუკი ის პატიოსანია), სიბინძურეს ემსახუროს და თუკი მაინც გააკეთებინებ „შავ საქმეს“, კარგად უნდა იცოდე, რომ ეს ადამიანი თავისი ნიჭის წყალობით ერთი შეხედვით შავ საქმეს გაათეთრებს და გააკაშკაშებს...“ ამგვარად, სტალინს თუკი სურდა, ნიჭიერი მწერლის, მუსიკოსისა და სხვა ხელოვანების პროპაგანდისტულ საქმეში ჩაბმა, ამას ის დიპლომატიურად, კეთილი სიტყვით ახორციელებდა და არა – იძულების მეთოდით.“
სტალინის სამართლიანობისა და „კეთილმოუბრობის“ დასტურია მწერალ მიხეილ შოლოხოვთან დაკავშირებული ისტორია: 1937 წელს ნიკოლაი ეჟოვის ფარული მითითებით, მიხეილ შოლოხოვი, რომელიც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო და იმუნიტეტი იცავდა, „ენკავედეში“ მიიყვანეს და დააკავეს. ამის მიზეზი გახდა მწერლის წერილი სტალინისადმი, სადაც შოლოხოვი უსამართლოდ რეპრესირებული კოლეგების გათავისუფლებას ითხოვდა და ბელადს ურჩევდა, ყურადღება მიექცია „ენკავედეს“ ხელმძღვანელობის უსამართლო ქმედებისთვის. წერილი, რომელიც სტალინამდე არ მისულა და მისი „პერეხვატი“ „ენკავედემ“ განახორციელა, პირადად ეჟოვს ამხელდა და ალბათ, შოლოხოვს გააქრობდნენ კიდეც, რომ არა შოლოხოვის მეუღლის ნაცნობობა სტალინის დაცვის უფროს ნიკოლაი ვლასიკთან. სწორედ ვლასიკმა გადასცა სტალინს შოლოხოვის მამხილებელი წერიილის ასლი. იმავე დღეს ბელადმა ეჟოვი თავის კაბინეტში დაიბარა და შეახურა. შოლოხოვი და მისი პროტეჟეები კი გამოაშვებინა. მეორე დღეს სტალინმა შოლოხოვი თავის კაბინეტში მიიღო. მადლობა გადაუხადა უპატიოსნო „ჩეკისტების“ მხილებისთვის. შეაქო მისი ნაწარმოები „წყნარი დონი“, რომლის ორი ტომი 1928 წელს გაზეთში ჰქონდა წაკითხული და ისიც კი უთხრა (ფაქტობრივად, უწინასწარმეტყველა), რომ ეს ნაწარმოები ნობელის პრემიას იმსახურებდა („წყნარ დონს“ ნობელის პრემია 1965 წელს მიანიჭეს). შემდეგ სტალინმა მწერალს ურჩია, რომ შეჩერებული რომანის „გატეხილი ყამირის“ („პოდნიატაია ცელინა“) წერა გაეგრძელებინა, რომელიც კოლექტივიზაციას ეხებოდა. ერთი სიტყვით, რომანი დასრულდა და სტალინმა მიიღო ის, რაც უნდოდა – ნიჭიერი მწერლის კომუნისტური რომანი, რამაც დიდი როლი შეასრულა პროპაგანდაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ შოლოხოვის მამხილებელ წერილს შეეწირა ეჟოვი და მისი გუნდი, ამ საქმეს კი სტალინმა პირადად მოჰკიდა ხელი“.