№12 გულყვითელას სასარგებლო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
გულყვითელას (კალენდულას) ყვავილის მწვანე ნაწილები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ტრიტერპენულ საპონინებს. როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, კალენდულას გამოყენებით დამზადებული პრეპარატები ფარმაკოლოგიაში გამოიყენება მცენარის ყვავილში არსებული ბიოლოგიური აქტიური ნაერთების, მაგალითად, კაროტინოიდების, ფლავონოიდებისა და ვიტამინების წყალობით.
ცნობილია, რომ ავიცენა კალენდულას ნაყენით მკურნალობდა საჯდომი ნერვის ანთებას, მოწამვლას, გველის ნაკბენს. ქალებს კი მენსტრუალური ციკლის მოსაწესრიგებლად მცენარის ახლადგამოწურულ წვენს სთავაზობდა. სხვადასხვა ეპოქის ექიმები კალენდულას შეშუპების, კანის დაავადებების, შაკიკის, ინტოქსიკაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იყენებდნენ.
გულყვითელას ნაყენის ხშირი გამოვლება პირის ღრუში ეფექტური საშუალებაა ღრძილების ანთების საწინააღმდეგოდ, ამცირებს ან სრულიად წყვეტს ღრძილებიდან სისხლის დენას, ამაგრებს ღრძილების ქსოვილს. მის ნაყენს ივლებენ აგრეთვე, ტონზილიტისა და ანგინის დროს.
გულყვითელა ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და ეფექტური სამკურნალო მცენარეა, როცა საქმე კანის გაჯანსაღებას ეხება. კაროტინოიდების, ფლავონოიდებისა და ტრიტერპენსაპონინების მაღალი შემცველობის გამო ის განსაკუთრებით სასარგებლოა იარების სამკურნალოდ. კალენდულას ექსტრაქტი კანის რეგენერაციას უწყობს ხელს.
ხალხურ მედიცინაში გულყვითელას იყენებენ, როგორც ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობის შემახორცებელ საშუალებას. ნაყენის მიღება აუმჯობესებს გულის მუშაობას. მისი ეფექტი განსაკუთრებით ძლიერდება გვირილასა და ფარსმანდუკთან ერთად.
გულყვითელას ნაყენის მისაღებად 20 გრამი ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. ხშირად ურიეთ. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში და მხოლოდ შემდეგ გადაწურეთ, გამოწურეთ დარჩენილი მასაც და მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მილილიტრი) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს თბილი, 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად 1 სუფრის კოვზ გულყვითელას ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. პროქტიტების დროს იკეთებენ გულყვითელას ნაყენის ოყნებს (1 ჩაის კოვზი ნაყენი, 1/4 ჭიქა წყალზე).
ყვავილების თავები ხელით უნდა წააწყვიტოთ და აუცილებლად ჩრდილში გამოაშროთ. შეიძლება, ხელოვნური გამოშრობა 80 გრადუსზე, რადგან ის ამ დროს ყველაზე კარგად ინარჩუნებს სასაქონლო ღირებულებას. გამომშრალი მასალა უნდა შეფუთოთ სინათლისგან შეუღწევად მასალაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის თავის ღირებულებას დაკარგავს.