№12 რა მითებია გავრცელებული ღალატზე და არის თუ არა ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ფსიქოლოგიის სფეროს წამყვან ექსპერტებს რამდენიმე სერიოზული მოსაზრება აქვთ. მათი თქმით, ადამიანები თავად უწყობენ ხელს მითების გავრცელებას ღალატზე, რაც შემდეგში წყვილების ურთიერთობას ძალიან უშლის ხელს. ფსიქოლოგები, ასევე, მიიჩნევენ, რომ ღალატს ახსნა სჭირდება და ეს არ ნიშნავს მოღალატის გამართლებას. თუ ჩვენ არ ავხსნით ღალატს, მაშინ კრიტიკული სიტუაციების მართვასაც ვერ შევძლებთ.
მარიკა (31 წლის): ჩემი პრობლემები ქმართან, სწორედ რომ, მითების აყოლით დაიწყო. კაცსაც და ქალსაც ერთნაირად შეუძლიათ ღალატიცა და ერთგულებაც, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში კაცებს მოღალატის იარლიყი აქვთ მიწებებული და ეს მათ ძალიან ცუდ სიტუაციაში აყენებს.
– იმის თქმა გინდათ, რომ კაცები ბუნებით, ქალებთან შედარებით, უფრო მოღალატეები არ არიან?
– უკვე ვფიქრობ, რომ არა. სულ რომ ამას დასძახიან კაცებს, იმიტომაც აღარ აღიქვამენ ღალატს ტრაგედიად და დანაშაულად, ანუ ნორმად მიიჩნევენ ისინიც და სამწუხაროდ, ქალებიც. იმაზე არ ვფიქრობთ, რომ ღალატში სქესი სერიოზულ როლს ასრულებს. ანუ ღალატს იმაზე გაცილებით ღრმა ფესვები აქვს, ვიდრე სტერეოტიპული „ახსნა“ – კაცები ბუნებით არიან მოღალატეებიო. ვერც კი ხვდებიან, რომ ამით მოღალატე კაცებს ამართლებენ. ქალის ღალატს კი ზუსტად იგივე არგუმენტით გმობენ. ამას ფსიქოლოგიასთან ან პრობლემის ანალიზთან არაფერი აქვს საერთო.
ღალატი ხომ გულისხმობს ვნებას, თავდავიწყებას, აზარტს, უნივერსალურ ემოციებსა და მოტივაციებს, რომელთა განცდაც ყველას შეუძლია. ქალი, რა, არ შეიძლება აზარტული იყოს? მოღალატე კაცების გამართლებას მათი „ბუნებით“ არანაირი საფუძველი არ გააჩნია. როგორც კი დაიჯერებ, რომ ყველა კაცი მოღალატეა, მაშინვე იმეტებ შენს თავს სერიოზული პრობლემებისთვის.
– რას გულისხმობთ ამაში?
– ანუ, თუ გჯერა, რომ ყველა კაცი მოღალატეა, მოცემულობად იღებ, რომ შენი ქმარიც აუცილებლად გიღალატებს და ნევროზდები. შესაძლოა, საკუთარ თავს არ უტყდებოდე, მაგრამ ეჭვის თვალით უწყებ ყურებას. არ გაქვს ნდობა. ღიზიანდები და უმიზეზოდ ესხმი თავს. მუდმივად დაძაბული ხარ, რაც ურთიერთობაზე აისახება. ფიქრობ, შესაძლოა, ის ძალიან კარგი ადამიანია, არ უნდა გული გატკინოს, მაგრამ მაინც გიღალატოს.
– თუ არ უნდა ღალატი, ვინ აიძულებს?
– ანუ, ფიქრობთ, მე მოღალატე კაცების „გაპრავება “ მინდა? არანაირად. პირიქით. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან სწორხაზოვნად ვაზროვნებთ. უნდა დავუშვათ ის, რომ ემპათიკურმა და მოსიყვარულე პარტნიორმაც კი შეიძლება დაუშვას შეცდომა. ხომ გახსოვთ: „არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის“? ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ამა თუ იმ დონის ემოციური ან ფიზიკური ღალატი. ქალბატონები საკუთარ თავთან მაინც ვიყოთ გულახდილები. ღალატი ხომ მხოლოდ სექსი არ არის – ღალატია ნებისმიერი დაფარული მოქმედება, რომელიც წყვილის ინტიმურ სფეროს ეხება. ქალი რომ ახლობლებსა და მეგობრებს უყვება ქმართან ურთიერთობის ინტიმურ დეტალებს, ესეც ღალატად მიმაჩნია. ღალატის შემდეგ მამაკაცები თავადაც დაბნეულები არიან და ვერ ხვდებიან, ეს როგორ მოუვიდათ. სინდისი ქენჯნით და თავიანთ საქციელს ნანობენ, დროის უკან დაბრუნებასა და ყველაფრის გამოსწორებაზე ოცნებობენ.
– ასე თქვენი მეუღლე მოიქცა?
– დიახ. მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე გესაუბრებით. საკმაოდ მძიმედ გადავიტანე მეუღლის ღალატი. მეც მინდოდა სახლიდან მისი გაგდება, მაგრამ დავფიქრდი და მივხვდი, რომ მეც ვიყავი მომხდარში დამნაშავე. მერე კი ვილაპარაკეთ. მითხრა, იმ დღეს მოვლენები ოდნავ სხვანაირად რომ წარმართულიყო, არც არაფერი მოხდებოდა, რადგან განზრახ ასეთ რამეს არ ჩავიდენდიო... შესაბამისად, მივხვდი, რომ ღალატი მხოლოდ ამორალური ადამიანების საქციელი არ არის.
– დარწმუნდით, რომ თქვენი მეუღლე გულწრფელი იყო?
– ვხვდები, რასაც ფიქრობთ. მე, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმ კაცებს, ვინც გამიზნულად ატყუებს პარტნიორს და საერთოდ არ აინტერესებს, სტკენს თუ არა გულს. ბედნიერი პარტნიორებიც ღალატობენ ერთმანეთს. ჩვენთან ღალატზე პასუხისმგებლობა საერთოდ არ ეკისრება მოტყუებულ ადამიანს, რაც სწორად არ მიმაჩნია. ის, ვინც „გასცა ნაკლები სიყვარული“ ან „შექმნა მოსაწყენი რუტინა“, დამნაშავეა. გარდა ამისა, ქმრის მიმართ ნდობის არგამოცხადებაც ღალატის მაპროვოცირებელია. რატომ ღალატობენ მამაკაცები? – მე ამის შესახებაც ვკითხე ჩემს ქმარს.
– რა გიპასუხათ?
– გეტყვით: მიუღწეველ, მალულ, აკრძალულ ურთიერთობაში, მე მომეცა შანსი, გამომემჟღავნებინა ის თვისებები, რომლებიც წლებია, ჩემშია და ვერ ვავლენდი. იმიტომ არ მიღალატია, რომ იმასთან მინდა ყოფნა ან, იმიტომ, რომ საყვარელი შენზე მეტად გამგები და მოსიყვარულეაო. უბრალოდ, მასთან ერთად არ იყო საჭირო გრძელვადიანი საერთო ამოცანების გადაჭრა, სასიცოცხლო გამოწვევების გადალახვა, თუნდაც, გამქრალ ვნებაზე საუბარი. ცოტა ხანი თავისუფლება ვიგრძენი და ეს მომეწონაო. მიხვდით, რაზეა საუბარი? ყველას გვინდა, ვიყოთ ის, რაც ვართ. ფუჭი მოლოდინი და ილუზიაა, რომ ცოლი და ქმარი ყველაფერში გაუგებს ერთმანეთს. დიახ, ჩვენი საზოგადოების ზნეობრივ ღირებულებათა სისტემა ღალატს არ ამართლებს. არც მე ვამართლებ, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია მისი ახსნა. თუ ქმარი ნანობს ღალატს და მზად არის, იმუშაოს თქვენს ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე, მომავალში ის უფრო ფრთხილად იქნება, რომ ასეთი რამ მოულოდნელად ისევ არ დაემართოს. აუცილებლად გაგიფრთხილდებათ. მე პატიების მომხრე ვარ, მეორე ადამიანის დაკარგვითა და მონატრებით გამოწვეული დეპრესია იმდენად დიდი და მტკივნეულია, რომ ჯობია, შანსი მისცე. ამით შანსს საკუთარ თავსაც აძლევ. მითია ისიც, რომ მოღალატის პატიება არ შეიძლება. ამბობენ, არ უნდა აპატიოო და თავად კი პატიობენ, თქვენც იცით, რომ ღალატი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე განქორწინებები. არასოდეს იცხოვროთ ყბადაღებული მითებით და მაშინ იპოვით ბედნიერებას საყვარელ ადამიანთან.