კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№12 რამ გამოიწვია მამაკაცების აგრესიულობის ზრდა ქალებისადმი და რატომ არ მიიჩნევა დანაშაულად ქალის მიერ მამაკაცისადმი გამოვლენილი ძალადობა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  მართალია, პირადად ჩემთვის უცნობია, როგორია ქვეყანაში ქალებისა და მამაკაცების მკვლელობების სტატისტიკა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ქმრები ყოფილ ცოლებსაც ერჩიან და მოქმედებსაც (ხან ღალატის, ხან გაყრის სურვილისთვის) და ლამის ყოველკვირა ვიგებთ თავზარდამცემ ამბებს ქმრის მიერ ცოლისა თუ ყოფილი ცოლის მკვლელობის ან დაჭრის შესახებ. ამის საპასუხოდ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოითხოვს ქალის მკვლელობისთვის სასჯელის გამკაცრებას, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, ზოგადად, მამაკაცების აგრესიულობას, განსაკუთრებით კი, მათ აგრესიულობას ქალებისადმი აქვს ღრმა ფსიქოლოგიური მიზეზები, რაც მამაკაცების არასრულფასოვნებასა და არარეალიზებას უკავშირდება, ფაქტია, რომ სასჯელის გამკაცრება პრობლემას ვერ შეცვლის. რატომ იყრიან მამაკაცები საკუთარი უძლურების ჯავრს ქალებზე? - ამ არც თუ მარტივი კითხვის პასუხის მიღებას ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილისგან შევეცდები.
– როგორ მივედით იქამდე, რომ ქალთმოძულეობის ელფერი დაჰკრავს ჩვენს საზოგადოებას?
– ეს პრობლემა აქტუალურია ჩვენთან, თუმცა, მეორე მხრივ, საკაცობრიოა, ნებისმიერ ქვეყანაში იდგა და დგას. ამერიკაშიც ძალადობენ ქალებზე და აქტიურად შუქდება ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები. ქალებზე ძალადობა ახასიათებს ევროპასაც და აზიასაც. განსხვავება ისაა, რომ რეაგირება სხვადასხვანაირია, აზიასა თუ აფრიკაში არ ისჯება ქალებზე ძალადობა, ხოლო ევროპასა და ამერიკაში ძალიან მკაცრად ისჯება არა მხოლოდ მორალურად და ეთიკურად, სამართლებრივადაც და მიიჩნევა დანაშაულად. საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორისაა, მორალურ-ეთიკურად გაკიცხულია ქალზე ძალადობა, მუდმივად გვესმის, რომ ქართული კულტურა პატივს სცემს ქალს და, ამდენად, ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ ამ წესს, ამოვარდნილები არიან ქართული კულტურიდან, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთან ისე აქტიურადაც არ არის ამოქმედებული სადამსჯელო სახელმწიფო მანქანა, ამიტომ რაღაცნაირად გარდამავალ საფეხურზე ვართ. ეს იმით გამოიხატება, რომ გაკიცხულია, მაგრამ ასეთი ფაქტები ხშირად არ წყდება კანონის ძალით, თუმცა უფრო ხშირად, ვიდრე აზიაში. ადრე თუ გვიან, კანონის ნორმები ამოქმედდება და უფრო და უფრო გამკაცრდება.
– მთავარი, ალბათ, მაინც მიზეზებია, იმიტომ რომ მიზეზის აღმოფხვრა ავტომატურად შეასუსტებს პრობლემას.
– ეს დევს, ერთი მხრივ, მამაკაცისა და ქალის ფიზიოლოგიაში და, მეორე მხრივ, მამაკაცისა და ქალის კულტურულ-სოციალურ გენდერულ ფენომენში. ანუ ფიზიოლოგია და ფსიქოლოგია მნიშვნელოვნადაა ჩართული ამ საკითხში.
– ანუ მამაკაცი ფიზიოლოგიურად მოძალადეა?
– მამაკაცი ფიზიოლოგიურად მნიშვნელოვნად განსხვავდება ქალისგან, ამიტომაც მამაკაცი აგრესიას გამოხატავს უფრო ფიზიკურად,  ვიდრე ვერბალურად, ქალი კი აგრესიას გამოხატავს უფრო ვერბალურად, ვიდრე ფიზიკურად. ეს მოდის გამოქვაბულის რეალობიდან, როდესაც მამაკაცი იყო მონადირე და მეომარი, ხოლო ქალი – გამოქვაბულში კლიმატის შემქმნელი. ახლა სრულიად განსხვავებული რეალობაა, მაგრამ ეს ფიზიოლოგია თანმდევია დღევანდელ დროსაც. ასე რომ, ჩვენთან ქალისა და მამაკაცის სოციალურ როლებს თუ შევაფასებთ, რა თქმა უნდა, მამაკაცის აგრესიულობას დაემატა შეცვლილი ეკონომიკური და კულტურული ფონიც. კულტურული ფონის ცვლილებაში იმას ვგულისხმობ, რომ საბჭოთა დროს ხდებოდა ამორალობის პროპაგანდა, დღეს კი ფასეულობები გაცილებით მორალურია კომუნისტურ ეპოქასთან შედარებით, მაგრამ საინტერესოა პარადოქსული ცვლილება: ახლა კანონმდებლობა მორალურია და თუ საბჭოთა ადამიანი ცდილობდა, ყოფილიყო მორალური ამორალური კანონების მიუხედავადაც, ახლა პირიქით ხდება, მორალური ნორმების დარღვევას ცდილობენ ადამიანები და კანონდარღვევა ჩვეულებრივი რამ გახდა, რაც გამოიხატება, მათ შორის, გადასახადების დამალვაში. ესეც უცნაური ფენომენია. ასეთი მორალი დასავლეთისთვის ძალიან ნაცნობი იყო, როდესაც დასავლური დემოკრატია იყო განსხვავებულად ზნეობრივი, მაგრამ იქაური ადამიანები ცდილობდნენ, დასხლტომოდნენ კანონებსა და ნორმებს. ასე რომ, იმედგაცრუებული ქართველი ქალისა და მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა. იმედგაცრუებული ქართველი მამაკაცი ამას გამოხატავს ფიზიკურად აგრესიულად. ამაში დიდ როლს ასრულებს ფიზიოლოგია. ხოლო ქალის აგრესია გამოხატულია ფსიქოლოგიურ აგრესიაში და, მეორე მხრივ, მორალისა და ზნეობის ნორმების დარღვევაში, ისევე, როგორც ამას ქალის აზრით, არღვევს მამაკაცი. მამაკაციც არღვევს ნორმებს და ქალისთვისაც ტიპური გახდა ასეთი ქცევა.
– რას გულისხმობთ ქალის მიერ ნორმებისა და ზნეობის დარღვევაში?
– მაგალითად, იმ უფლებებს, რომლებიც აქვს ქალს. მას შეუძლია, უღალატოს ქმარს, მოიქცეს ისე, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ და არა ისე, როგორც კულტურა სთხოვდა, რომ ყოფილიყო მორჩილი ცოლი, არ გამოეხატა სექსუალობა და გრძნობები გარეთ ისე, როგორც მამაკაცი გამოხატავდა. როგორც იქცეოდა ქართველი მამაკაცი, ისე არ უნდა მოქცეულიყო ქართველი ქალი. ამ მხრივ, შეიცვალა ვითარება. ქალი დაცულია კანონმდებლობითაც და შეუძლია, მოიქცეს არაზნეობრივად და ვერავინ აიძულებს, მოიქცეს ისე, როგორც არ უნდა.
– მაგრამ ეს არ არის კანონდარღვევა, ცოლის ცემა და მოკვლა კი დანაშაულია.
– ეს არ არის კანონდარღვევა, მაგრამ კულტურა სთხოვდა ამას ქალს და ამიტომ აგრესია კულტურისა და მამაკაცისგან ტიპურია. ასევე, აშკარაა, რომ მამაკაცი აგრესიას, რომელიც ახასიათებს, გამოხატავს.
– შინაური ცხოველივითაა ქალი აღქმული?
– ქალი არის სპეციფიკური არსება, რომელსაც მოეთხოვება ნორმებს დაქვემდებარება. როდესაც ვლაპარაკობ მორალსა და ზნეობაზე, ვგულისხმობ იმას, თუ რა იყო ტიპური ჩვენთვის. დღეს ქალს შეუძლია ამის დარღვევა და ეს წაქეზებულიცაა, რადგან გადის ადამიანის უფლებებში და გარკვეულწილად, ფსიქოლოგიური აგრესია, რომელიც ქალისგან მოდის, არ ისჯება, მამაკაცის აგრესია კი ფიზიოლოგიური და გენდერულია და კანონით ისჯება. ამაში არაფერია გაუგებარი. უბრალოდ, ეს ცვლილება მოხდა, რაც გულისხმობს, რომ საჭიროა ადაპტაცია. სანამ ეს ადაპტაცია არ მომხდარა, ჩვენი საზოგადოება ძალიან დაძაბულად ცხოვრობს. ჩვენ უნდა შევეგუოთ რეალობას. ქართველიც იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში. ცვლილება გარდაუვალია, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა იყოს გაცნობიერებული და გააზრებული და ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ცვლილებების შემოქმედები. პრობლემა ისაა, რომ არ არის საერთო ხედვა. ჩვენი საზოგადოება ვერ არის იმ დონეზე, რომ დაინახოს არსებული პრობლემები და დაარქვას ერთი და იგივე სახელი. ამიტომ ხშირად ვხედავთ, რომ სხვადასხვა კულტურული, მორალური ფასეულობების მქონე ჯგუფები სრულიად განსხვავებულად აფასებენ მოვლენებსა და პრობლემებს. ეს კარგად ჩანს ულტრალიბერალურსა და ულტრაკონსერვატიულ შეხედულებებს შორის განსხვავებაში. ულტრას ხსენება ნიშნავს, რომ არც მართლმადიდებლობის სცხია რამე ერთს და არც ლიბერალიზმის – მეორეს. ეს ორივე მხარე ჩვენთან ძალიან აქტიურია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოების ძირითადი, ჯანსაღი ბირთვი, სადღაც შუაშია, მაგრამ თავისი ძალა და წონა არ გააჩნია და ჩვენს მედიაში ისინი წარმოჩენილნი არიან, როგორც უმრავლესობა.
– მედიას არც აინტერესებს ის ადამიანები, რომლებიც მონდომებული არიან პრობლემის გადასაჭრელად.
– ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი დღევანდელი სოციალური გარემოსი, რომელიც იქმნება მედიისგან და მედიის დანაშაული, პირდაპირი მნიშვნელობით, არის ის, რომ მისი სარკე არ არის ადეკვატური. ანუ ის სარკე, რომელშიც ახედებს ჩვენს საზოგადოებას, არის მრუდე და მასში უმცირესობა, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები წარმოჩენილნი არიან, როგორც უმრავლესობა. როდესაც ადამიანი ყოვედღიურად რთავს ტელევიზორს ან კითხულობს გაზეთს, სადაც უმრავლესობის ნაცვლად ხედავს რადიკალურად განწყობილებს, ექმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უმცირესობა უმრავლესობაა, რაც არ ასახავს რეალობას. მაგრამ, როგორადაც აღაქმევინებს თავს მასმედია საზოგადოებას, საზოგადოებაც იმას იჯერებს და ჰგონია, რომ ისეთია. ამდენად, ჩვენთან დგას პრობლემა, როგორ შეიცვალოს ჩვენი საზოგადოება და რა როლი შეიძლება, შეასრულოს ამაში ობიექტურმა მასმედიამ. ამ ულტრაგანსხვავებულ პოლარობებს უნდა დაერქვას თავიანთი სახელი, რომ ეს არის უმცირესობის აზრი და სოციოლოგიურადაც თავისი პროცენტი მიეწეროს და მაშინ სრულიად სხვანაირად დავინახავთ რეალობას. თუ ეს არის 3-5 პროცენტის აზრი, უნდა იყოს აღნიშნული, რადგან ეს მოიტანს იმის აუცილებლობას, რომ რეალური უმრავლესობის, იმ 80 პროცენტის ხმასაც მოუსმინონ, რომელიც არ ჩანს. ახლა ისეა წარმოჩენილი, რომ თითქოს ის 80 პროცენტი არც არსებობს, რადგან თავიანთ აზრს არ გამოხატავენ რადიკალურად. ამიტომ ისინი არ აინტერესებს მასმედიას, რომელსაც უნდა სენსაციითა და მღვრიე წყალში თევზის დაჭერით თავის წარმოჩენა, მაგრამ ეს არ არის ხელსაყრელი საზოგადოების განვითარებისთვის და უმრავლესობისთვის. ასე რომ, ეს პრობლემა არის და მოითხოვს გადაჭრას. ეს პრობლემა დასავლეთში გადაჭრილია კანონმდებლობით: იქ უმცირესობა ვერ დაიჭერს უმრავლესობის ადგილს.
– კორონავირუსის დამატებითი 8 შემთხვევა მედიამ მეორედ მოსვლასავით გააშუქა, რეალურად კი, წყარო იყო ძველი, უბრალოდ, დადასტურდა.
– კორონავირუსი, მართლაც, მთავარი თემაა ჩვენს დღევანდელობაში. და ჩვენი საზოგადოების რეაქცია გადაჭარბებულად ნევროტულია, შიშები გამძაფრებულია. ეს ხელს უშლის ჩვენს საზოგადოებას, პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. თუ გვინდა, თავი დავიზღვიოთ, თითოეულმა ადამიანმა უნდა გააკეთოს მაქსიმალური და დარჩეს შრომისუნარიანად. ჩვენი რეალობა კი ასეთია: უპასუხისმგებლო და მაქსიმალურად ფსიქოზური. არადა გვჭირდება პასუხისმგებლობის ამაღლება და სიმშვიდე. სიმშვიდე დაგვეხმარება რეალობის ობიექტურად დანახვაში.
– ქალთა გახშირებული მკვლელობების მიზეზიც ეგაა: მაღალი ნევროტულობა და დაბალი პასუხისმგებლობა.
– დიახ. იგივეა, რაც კორონავირუსთან მიმართებაში და გამოხატავს ჩვენს ძირითად განწყობებს მნიშვნელოვანი მოვლენების მიმართ, იქნება ეს ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა თუ კორონავირუსთან დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ეს არ გვეხმარება ამ პრობლემის დაძლევაში, პირიქით – ხელისშემშლელია. ჩვენ გვჭირდება ორგანიზებულობა, ძალისხმევის გაღება და პასუხისმგებლობის აღება. რეალობა კი ასეთია: პასუხისმგებლობა დაკარგულია და ყველა არის შეშინებული, ხოლო შეშინებული ადამიანის მიერ გადაჭრილი პრობლემა არსად არავის უნახავს.

скачать dle 11.3