კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№11 მარიკა ბაკურაძე: თმით მითრია ყველამ – მიწოდეს ორღობის დედაკაცი, ჯონი დეპის პირადი ფსიქოლოგი, ჭორიკანა

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე უკვე ხუთი წელია, საერთაშორისო კინოფესტივალებს აშუქებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე და მტკივნეული სამუშაოს შესრულება უწევს, კონკრეტული ფესტივალის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში დაღლა ავიწყდება და ერთი სული აქვს, როდის იქნება შემდეგი. ამჯერად ის „ბერლინალე 2020-ის“ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
  მარიკა ბაკურაძე: რამდენიმე დღეა, ფესტივალიდან დავბრუნდი და ჯერ ისევ ძვლები მტკივა (იცინის). ორი მიმართულების ტკივილი მაქვს: ერთი ჩანთის სიმძიმით გამოწვეული, რომელსაც სულ თან დავატარებ ჩემი კამერისა და შტატივისთვის. ამ მდგომარეობაში დილის რვიდან ღამის თერთმეტ საათამდე გრძელდება გადარბენა და მხრები, კისერი, ზურგი, ყველაფერი მტკივა. მეორე – არის ზოგადი დაღლილობა, თავის ძვლები რომ გტკივა და თვალებიდან ვეღარ იყურები. მართლა ძალიან რთული რეჟიმი და დიდი კონკურენციაა კინოფესტივალებზე. აქ, საქართველოში სახელსა და გვარს მაინც მნიშვნელობა აქვს. იქაც ჰყავს ყველა ფესტივალს ფავორიტი ტელევიზია და ჟურნალი, რომლებიც იმ ქვეყნისაა და ყოველთვის პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, მაგრამ არა – ქართული. ყველაზე დაფასებული მათი ფოტოგრაფები არიან. რადგან ის ფოტო და ჟურნალი ძალიან ფასობს. კინოსა და მოდის სამყაროსთვის მთავარია, რას დაბეჭდავენ – ყველაფერი ამით წყდება. შესაბამისადაა დალაგებული პრიორიტეტებიც. ამიტომ ის, რომ მარიკა ბაკურაძემ ჯონი დეპი და ჯერემი აირონსი ნახა, ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია, თუნდაც მათთან ერთწამიანი კონტაქტი. წლევანდელი შემთხვევა, რაც ბერლინში ჯერემი აირონსთან დაკავშირებით მოხდა, ჩემთვის ძალიან საამაყოა. იმხელა კონკურენციის პირობებში რომ მომანიჭეს პრიორიტეტი, მე რომ შემიშვეს და სხვა არავინ, პროფესიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
იქ რისი გაკეთებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს პრივილეგია დაიმსახურო? მაყურებელი გხედავს და ფიქრობს, როგორ გაუმართლა ამ ჟურნალისტს, რა მაგარ ადგილას მოხვდაო...
– საერთოდ არაა ეს მხოლოდ გამართლება. პირველად რომ კინოფესტივალზე წავედი და კითხვის დასასმელად ავდექი, გავაცნობიერე, რამდენი ჟურნალისტი იჯდა დარბაზში და სახეში გამგელებული მიყურებდა, ეს რატომ ააყენეს და მე არაო. ინგლისური კი ვიცი, მაგრამ ასეთ მომენტში რთულია აზრისთვის თავის მოყრა. ძალიან რთულია ამ ტიპებს შორის გამორჩეული იყო. კითხვებშიც დიდი კონკურენციაა, შეიძლება, ისე აგდებულად გიპასუხონ, რომ ძალიან შეგრცხვეს. რომ გავიგე, წელს ჟიურის თავმჯდომარე ჯერემი აირონსი იქნებოდა, სიხარულისგან გავგიჟდი, ეს მსახიობი ძალიან მიყვარს. ყოველთვის მისი გამორჩეული თაყვანისმცემელი ვიყავი, არა მხოლოდ მე, დედაჩემიც. პირველი დედას დავურეკე და ვახარე, ჯერემი აირონსს ვნახავ-მეთქი. იმ მომენტიდან დავიწყე ფიქრი, რა უნდა მეკითხა მისთვის. ხელი თავიდანვე ავიწიე და ვიფიქრე, რომ ჯობდა, სიტუაციურად მეკითხა რამე, ვიდრე წინასწარ დადგმული და დაგეგმილი, იმიტომ, რომ ყველაფერი შაბლონური ნაკითხი ჰქონდათ. რომ თქვეს, დარჩენილია ერთი, ბოლო შეკითხვაო, ვიფიქრე, რომ შანსი დავკარგე, მაგრამ მოდერატორმა მანიშნა, რომ მე უნდა დამესვა ბოლო კითხვა. ძალიან ვნერვიულობდი, ჩემი კითხვით უნდა შეჯამებულიყო ჯერემი აირონსის პრესკონფერენცია (იცინის). ფეხზე რომ წამოვდექი, გამახსენდა, როგორ ვიტირე სიხარულისგან, როცა გავიგე, რომ იქ ჯერემი აირონსის ნახვის საშუალება მომეცემოდა. დაკვირვებული ვარ, რომ გულწრფელობა ძალიან ამართლებს და გადავწყვიტე, მეც ყველაფერი გულწრფელად მეთქვა და ასეც მოვიქეცი. ვუთხარი, პირველივე წუთიდან ვფიქრობ, რა უნდა გკითხოთ, მერე გამახსენდა თქვენ მიერ ნათამაშები ყველა როლი, რომლებიც ასე გვიყვარს, იმდენად სერიოზულია თქვენი შემოქმედება, მის ფონზე, მე რომ გკითხოთ – როგორ გრძნობთ თავს ბერლინში და როგორია თქვენი განწყობა ფესტივალისადმი, ძალიან ღარიბი იქნება, ამიტომ, არანაირი კითხვა არ მაქვს. უბრალოდ, მინდა, გითხრათ მადლობა იმისთვის, რომ ასეთი შესანიშნავი ხართ-მეთქი. არც დედაჩემი დამვიწყებია და ვაღიარებ, ემოციური მომენტები ყოველთვის „მუშაობს“. „ოსკარზეც“ მადლობების გადახდას ხომ დედიდან იწყებენ (იცინის). რომ დავინახე, ჩემს სიტყვებს „მოჰყვებოდა“, ადეკვატური ემოციები ჰქონდა, გავაგრძელე, დედაჩემისთვისაც მინდა ავტოგრაფი, რადგან ჩვენ ორივე თქვენ გაღმერთებთ-მეთქი. დედის ხსენებაზე რომ დანარჩენი ჟიურის წევრებისგან სიცილი მივიღე პასუხად, მივხდი, რომ კარგად იყო საქმე (იცინის). ჯერემი აირონსმაც: კი, მადლობაო და გაიცინა. ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა, მაშინ არ ვიცოდი, მერე რა მოხდებოდა, მაგრამ პასუხი მივიღე თუ არა, მაშინვე წინა რიგისკენ გავძვერი, გამყოფ ზოლთან ახლოს დავდექი, სადაც ავტოგრაფის მისაღებად მეტი შანსია. თან კადრებს ვიღებდი. უცებ დაცვა მეჯიკავება და ვიფიქრე, ვაიმე, რა დავაშავე-მეთქი?! ვხედავ, გამყოფი ლენტი ჩახსნა და იმდენად ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, ვეუბნები გაოგნებული, რა ხდება, მე არაფერს არ ვაშავებ-მეთქი და დაცვამ მიპასუხა, არა, არ აშავებთ, მობრძანდიო. ცნობილია, რომ ჯერემი აირონსი ძალიან პატივმოყვარე და ამაყი ტიპია და ეტყობა, მის სიამაყეს მოეფინა ჩემი საქციელი და არ ვიცი, დაცვას თვითონ ანიშნა, ჩემი იქ შეშვება, თუ დაცვამ თვითონ ჩათვალა, რომ ეს კარგი ჟესტი იქნებოდა, მოკლედ არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ მათ მხარეს შემიშვეს და უკვე იმათი მხრიდან ვუყურებდი ჟურნალისტებს (იცინის). ჯერემი აირონსი ჩამოვიდა და ავტოგრაფს მიწერს, ჩემი და დედაჩემის სახელი მკითხა. დედაჩემს ნუნუ ქვია და ნუნუ როგორ იწერებაო? მეც ავუხსენი. თან ტელეფონით ვიდეოს ვიღებ, მაგრამ ისე დავიბენი, რომ თურმე არ ჩამირთავს კამერა. კიდევ კარგი სხვებმა გამაშუქეს (იცინის). მერე მკითხა: საიდან ხარო და მითხრა, ვიცი საქართველო, ძალიან საინტერესო ქვეყანაა და მინდა მანდ ჩამოსვლაო, მეც ვუთხარი, რომ ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნებოდა. სელფის გადაღება არ უყვარს და ამაზეც ვკითხე. იქვე ჩინელი გოგონა იდგა ნიღბით და ეკითხება, თავს იცავ თუ კორონა გაქვსო? (იცინის). ეს ყველაფერი რომ დამთავრდა, წავიდა და მოვტრიალდი, იმ ხალხმა, რომელთა შორისაც, წესით, მეც უნდა ვმდგარიყავი, ერთხმად მითხრეს: ყოჩაღ, როგორი მამაცი გოგო ხარო და გულწრფელად რომ ვთქვა, ძალიან გამიხარდა.
– ეს საოცარი ისტორიაა, მაგრამ კიდევ ერთი ისტორია გაქვს, არც ისე სასიამოვნო უკვე ჯონი დეპთან დაკავშირებით...
– ჯონი დეპის შესახებ ვიდეო რომ დაიდო, სადაც მისი მდგომარეობის შესახებ ვყვებოდი, მერე კომენტარებს გადავხედე, თმით მითრია ყველამ. მიწოდეს ორღობის დედაკაცი, ჯონი დეპის პირადი ფსიქოლოგი, ჭორიკანა. მოკლედ, ყველაფერი, ალბათ, იმიტომ, რომ არ ესიამოვნათ ის, რაც მოვყევი. მაგრამ მინდა, ყველას ვუთხრა, რომ არცერთი სიტყვა არ მითქვამს ისეთი, რომელსაც შესაბამისი კადრი არ ამყარებდა. ნამდვილად  არ მიჭორავია (იცინის). ორმოცი წუთი, რომელიც იქ გავატარე, მერწმუნეთ, ძალიან ბევრია დასკვნების გასაკეთებლად. ორმოცი წუთის განმავლობაში კაცმა აზრი ვერ ჩამოაყალიბა. პრესკონფერენცია რომ დამთავრდა, თბილისში დავრეკე ჩემს თანამშრომელ ნინი ბარბაქაძესთან და ვუთხარი, მოუსმინე და თუ რომელიმე მონაკვეთიდან აზრს გამოიტან, ის მოჭერი-მეთქი. ფილმი არავის ახსოვდა, ყველა ვუყურებდით, რა მდგომარეობაში იყო ეს კაცი. იმდენად გაბრაზდა, აზრი რომ ვერ ჩამოაყალიბა, გამწარებულმა მიკროფონს უკბინა. არ ვიცი, რის ზემოქმედების ქვეშ იყო, მაგრამ სრულიად გათიშული იყო. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ნახვა. ბოლოს ველოდით, რომ ჩამოსულიყო და ფოტო გადაგვეღო. მე და ჟურნალისტი ბექა მაისურაძე ვიყავით გვერდიგვერდ. ის კი აღარ გვაინტერესებდა, რას ლაპარაკობდა, გადავხედავდით ერთმანეთს და დანანებით ვამბობდით: დედა, ეს კაცი რა დღეშიაო. ასე გაგვაოცა ჯონი დეპის მდგომარეობამ და ასევე გაოცებულები დაგვტოვა სელმა ჰაიეკის სილამაზემ და სითბომ. ბოლო წლებში სადაც თავისი ჭრელა-ჭრულა კაბებით გამოჩნდა, ყველა დასცინოდა და მეც არ დამიკლია, როცა მის ჩაცმულობას მიმოვიხილავდი, მაგრამ ახლა ისეთი ლამაზი იყო, ყველა სიტყვა უკან წავიღე. ულამაზესი, თბილი და ბავშვური სახე აქვს, ისეთი უშუალოა, საერთოდ არ ეტყობა, რომ მილიარდების მფლობელია. ისე გიყვება ამბებს, გგონია, რომ სამზარეულოში ზიხართ ერთად და ლაპარაკობთ. ამიტომ ვამბობ, რომ ეტყობათ ადამიანებს რეალური სახე. მსახიობები არიან, მესმის, რომ გარდასახვა შეუძლიათ, მაგრამ მაინც ეტყობათ.
– წარუმატებელი შეხვედრა გქონია?
– გაელ გარსია ბერნალის სანახავად ორი წლის წინ სასწაულები ჩავატარე. პროგრამა როცა ვნახე, უკან დასაბრუნებელი ბილეთი უკვე ნაყიდი მქონდა და აღმოჩნდა, მე რომ თბილისში მოვფრინავ, ის მეორე დღეს ატარებს პრესკონფერენციას. არადა, მასთან შეხვედრა ჩემი ოცნება იყო, ძალიან მიყვარს. ჰოდა, გავაუქმე ბილეთი, ახალი ვიყიდე. სასტუმროში ადგილები აღარ იყო და მეგობართან გადავბარგდი ორი ღამით. ეს კაცი რომ მენახა, მთლიანად ავაყირავე ჩემი გეგმები. ყველაფერი მოგვარებული რომ მაქვს და ხვალ გაელი უნდა ჩამოვიდეს, მომდის მეილზე შეტყობინება, რომ გვიანი ფრენის გამო გაელ გარსია ბერნალი ვერ მოვიდოდა პრესკონფერენციაზე და მხოლოდ წითელ ხალიჩაზე გამოჩნდებოდა. იცით, ეს როგორი დარტყმა იყო? ვერ აღვწერ. მაშინ ესპანურად უფრო ცუდად ვლაპარაკობდი, ვიდრე ახლა, შეკითხვა დაწერილი მქონდა და ყოველდღე ვიმეორებდი, ეს ნამეცადინები ესპანური, შეცვლილი ბილეთი, გადაბარგება სხვის სახლში, ყველაფერი გვერდზე დამრჩა და ისე ცუდად ვიყავი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მაგრამ მაინც შევედი პრესკონფერენციაზე. ამ ყველაფერს რეჟისორს მოვუყვები და ვთხოვ, იქნებ შემახვედროს-მეთქი. მოკლედ, ვზივარ მოწყენილი, ველოდები პრესკონფერენციის დასასრულს, იღება კარი და შემოდის გაელი (იცინის). ეტყობა, ვერ მოითმინა და რომ ჩამოფრინდა, მაინც შემოუერთდა გუნდს. ისე ცუდად გავხდი, ხელი ამიცახცახდა და ვერაფერი გადავიღე, ვერც კითხვა დავუსვი და მთელი გეგმები და ამდენი ნამეცადინები წყალში ჩამეყარა (იცინის).

скачать dle 11.3