№11 როგორ მოხვდა მარიამ მამადაშვილი სერიალში – „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“ და რა როლი ითამაშა მან ჯენიფერ ლოპესის ფილმში
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
სულ მალე, პატარა მომღერალს, მარიამ მამადაშვილს მაყურებელი პოპულარულ ამერიკულ სერიალში – „შეთქმულება ამერიკის წინააღმდეგ“ – იხილავს. სერიალი „ეიჩბიოუს“ ეთერში გავა, პრემიერა კი 16 მარტს შედგება. შეგახსენებთ, რომ მარიამი 2016 წელს საბავშვო „ევროვიზიაზე“ საქართველოს სახელით გამოდიოდა და გაიმარჯვა კიდეც. სერიალის თიზერი უკვე გამოვიდა. მარიამ მამადაშვილს მასში, პატარა, მაგრამ სახასიათო როლი ექნება. ფილიპ როთის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაღებული დრამატული მინისერიალი შეერთებული შტატების ალტერნატიული ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენ მარიამს ამერიკაში დავუკავშირდით და ამბები გამოვკითხეთ.
მარიამ მამადაშვილი: 5 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. თავიდან ძალიან გამიჭირდა. თითქმის ყოველდღე ვტიროდი, ისე მინდოდა საქართველოში დაბრუნება. ენა არ ვიცოდი, მეგობრები არ მყავდა. პირველი წელი რთული იყო. მერე ენა ვისწავლე, შევეჩვიე აქაურ რეჟიმს. დღეს კი უკვე ძალიან კარგი მეგობრები მყავს და საკმაოდ დაკავებული გრაფიკიც მაქვს. ამ რიტმზე გადასვლა რთულია, თუმცა, ახლა უკვე აღარ მიჭირს. როგორც გითხარით, რადგან ენა არ ვიცოდი, ძალიან რთული იყო სკოლაში. ჩემმა მშობლებმა ამერიკელი მასწავლებელი ამიყვანეს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში, ყოველდღე მოდიოდა ჩვენთან და ფაქტობრივად, წელიწადში ამერიკელი ბავშვივით ვლაპარაკობდი. დღეს ენის ბარიერი საერთოდ აღარ მაქვს. თუმცა მიჭირს ჩემი ნათესავებისა და მეგობრების გარეშე. ვცდილობ, ყოველ ზაფხულს ჩამოვიდე საქართველოში, რომ ყველას მოვესიყვარულო.
– მარიამ, როგორია შენი ერთი ამერიკული დღე?
– ჩემი დილა დილის 6 საათზე იწყება. სწავლა 7 საათსა და 30 წუთზე მეწყება. სკოლაში ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ბავშვმა მაქსიმალურად გამოავლინოს შესაძლებლობები. არის კულინარიის კლასები, ჭრა-კერვის, დიზაინის, სპორტის, ბიზნესის და რა თქმა უნდა, მუსიკალური მიმართულებით – თეატრი, ვოკალი, ცეკვა, პიანინო. მე ძალიან აქტიურად ვარ ჩართული სკოლის მუსიკალურ ივენთებშიც, რაც აქაურ სკოლებში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მაქვს სპორტის გაკვეთილები – დღეში საათ-ნახევარი ვვარჯიშობ, რომ ფორმაში ვიყო. სკოლის მერე, ორი საათი ვასწრებ სახლში ყოფნას. ვისვენებ, დავალებას ვაკეთებ და მივდივარ ბროდვეის მეთოდოლოგიის აკადემიაში. შაბათ-კვირას კი, ყოველთვის, თუ რეპეტიციები არ მაქვს, ოჯახი ერთად ვატარებთ დროს.
– სულ მალე მაყურებელი პოპულარულ ამერიკულ სერიალში გიხილავს. როგორ მოხვდი იქ და რა როლი გაქვს?
- 3 წელია, ექსკლუზიური კონტრაქტი მაქვს სააგენტოსთან. გვიგზავნიან მოწვევებს სხვადასხვა audition-ებზე. კონკურენცია ძალიან დიდია – ასობით ბავშვი მიდის გასაუბრებაზე. ამ შემთხვევაში გამიმართლა და რამდენიმე ბავშვთან ერთად, მეც დამიბარეს, გავიარე ქასთინგი და ამირჩიეს. ამის მერე პატარა როლი მქონდა ჯენიფერ ლოპესის ფილმში – Merry me. ხშირად ვერ ვახერხებ audition-ზე წასვლას, რადგან სკოლის ხშირად გაცდენა არ შეიძლება. პარალელურად, სპექტაკლებშიც ვმონაწილეობ და ზოგადად, დროის განაწილება რთულია. სერიალში კი ორი პატარა ეპიზოდური როლი შევასრულე. პირველი გადაღება სკოლის შენობაში მიმდინარეობდა. ამერიკის ფიცს ვამბობთ ბავშვები. მეორე გადაღება კი ძალიან საინტერესო იყო. გადაღებები ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ღამე მიმდანარეობდა. მთელი ქუჩა იყო გადაკეტილი, ყველა სახლი დაცლილი იყო მობინადრეებისგან. ძალიან დრამატული სცენა იყო. უამრავი პროფესიონალი მუშაობს. ყველა დეტალს გიხსნიან – რა უნდა გააკეთო და რა სჭირდება რეჟისორს... ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო.
– მაყურებელმა, საბავშვო „ევროვიზიიდან“ გაგიცნო, სადაც საქართველოს სახელით გამოდიოდი და გაიმარჯვე კიდეც. ახლა, როცა გადასაღებ მოედანზე დადექი და სცენის მერე კამერის „მტვერიც“ შეისუნთქე, ხომ არ აპირებ, მომავალში მსახიობი გახდე?
– რასაკვირველია, ამაზეც ვფიქრობ, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია. სკოლის დამთავრებამდე წინ კიდევ 3 წელი მაქვს და ვნახოთ.
– შენს რეპერტუარში ჯენიფერ ლოპესის სიმღერაც არის და იმდენად კარგად ასრულებ, გავიგე, ჯენიფერს გადარებენ და ამერიკელებმა, პატარა ლოპესი შეგარქვეს. ასეა?
– დიახ, ჩემს რეპერტუარში ერთ-ერთი ლოპესის სიმღერაა, თუმცა, არ ვიცი, ჯენიფერს რამდენად მადარებენ (იცინის). ზოგადად, სიმღერა ჩემთვის ყველაფერია და ვოკალის გაკვეთილები მაქვს. თუმცა, იმდენ დროს ვეღარ ვუთმობ, რამდენიც მინდა და საჭიროა. ამასაც განვიცდი.
– მიუხედავად შენი ასაკისა, საკმაოდ დატვირთული რეჟიმი გაქვს. რამდენი ხანია, არ ყოფილხარ საქართველოში და რა გენატრება ყველაზე მეტად? ნოსტალგიის მომენტები ისევ გაქვს თუ გაგიარა?
– საქართველოში მხოლოდ წინა ზაფხულს ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. ისე, ყოველ წელს ჩამოვდივარ. ამ ზაფხულს ვაპირებ, ერთი თვე თბილისში გავატარო. ძალიან მენატრება ყველა, ჩემი ნათესავები, მეგობრები, ჩემი სტუდიის ბავშვები, მაკა დავითაია – ჩემი ვოკალის პედაგოგი და გიგა კუხიანიძე, მარიკა ქურდუბაძე. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ და ჩავეხუტები ყველას. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ცხოვრებაში ამდენი კარგი რაღაც მოხდა. თუმცა, ყველაფერი დიდი შრომის ფასად მოვიდა, არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ოჯახისა და იმ ადამიანების, ვინც ჩემ გვერდით იყვნენ.
– ფაქტობრივად, ამერიკული ოცნება, რასაც წლების განმავლობაში ვერ იხდენენ ადამიანები, შენ მალევე აგიხდა.
– ამერიკული ოცნება – ეს არის დაუღალავი შრომა და ეს შრომა ყოველთვის გიფასდება. ჯერ ყველაფერი წინ არის. მინდა, უფრო მეტს მივაღწიო, ოცნებებს ოცნებები დავამატო და მერე მათ ახდენაზე კი არ ვიოცნებო, ვიშრომო და ავიხდინო (იცინის). ბედნიერი ვარ, რომ მიმართლებს. ვარ იქ, სადაც საჭირო ცოდანასა და გამოცდილებას ვიძენ და აუცილებლად ავიხდენ იმ ოცნებებს, რაც ჩაფიქრებული მაქვს.