№11 წარმატებული უროლოგი, მედიცინის დოქტორი გიორგი ჯოჯუა – შარდკენჭოვან დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებზე
ნინო კანდელაკი ინა სიმონია
მედიცინის დოქტორი, საქართველო-ისრაელის ერთობლივი კლინიკა „გიდ მედის“ უროლოგი, დისტანციური ლითოტრიფსიის წამყვანი სპეციალისტი გიორგი ჯოჯუა ცნობილი და წარმატებული ექიმების გარემოცვაში გაიზარდა, შესაბამისად, სამედიცინო სფერო მისთვის ყოველთვის ძალიან ახლობელი და საინტერესო იყო. საკუთარ წარმატების გზაზე, უროლოგიური დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე თავად გიორგი ჯოჯუა გვესაუბრა.
გიორგი ჯოჯუა: რუსული განათლება მაქვს, სკოლა ქალაქ დონეცკში დავამთავრე, იქვე ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში, 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გადმოვედი. 2001-2002 წლებში ვმუშაობდი ქალაქ რუსთავში, 2002 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურაში უროლოგიის კათედრაზე. ხელმძღვანელობა გამიწია კათედრის გამგემ, პროფესორმა დავით ქოჩიაშვილმა, გამომზარდა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ. ასპირანტურის პერიოდში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი. 2006 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, 2008-2009 წლებში ვიყავი კერძო კლინიკა „მერამედში“, ხოლო 2009 წლიდან დღემდე ვარ საქართველო-ისრაელის ერთობლივ კლინიკა „გიდმედში“, სადაც, ვფიქრობ, ყველა საჭირო პირობაა იმისთვის, რომ პროფესიონალმა ექიმმა საკუთარი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულოს.
– თქვენს ოჯახში თითქმის ყველა ექიმია, წარმოგვიდგინეთ თქვენი ოჯახის ექიმები.
– ექიმების გარემოცვაში ვიზრდებოდი. ჩემი პროფესიული არჩევანი მამაჩემის – ნუგზარ ჯოჯუას დიდი დამსახურებაა. ექიმები არიან ბიძებიც – ანზორ ჯოჯუა, ამჟამად დონეცკის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელია, თამაზ ჯოჯუა ექიმ-ანესთეზიოლოგია, მამიდა – მარინა ჯოჯუა დონეცკის ერთ-ერთი საავადმყოფოს განყოფილების ხელმძღვანელია. დონეცკში ჩემთან ერთად სწავლობდა ჩემი დაც – თამარ ჯოჯუა, რომელიც შვიდი შვილის დედაა. ჩემი მეუღლე – ეკატერინე კუტალია სტომატოლოგია.
– შარდკენჭოვანი დაავადებების გავრცელება, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.
– საქართველოში შარდკენჭოვანი დაავადება საკმაოდ გავრცელებულია. ეს დაავადება, უპირველეს ყოვლისა, გენეტიკური ფაქტორითაა განპირობებული, ხოლო მაპროვოცირებელ ფაქტორებს შორის შეიძლება, დავასახელოთ სითხის არასათნადო რაოდენობით მიღება, ენდოკრინული ცვლილებები. კენჭების ჩამოყალიბება ორსულობის პერიოდშიც ხშირია.
– როგორია შარდკენჭოვანი დაავადებების სიმპტომატიკა?
– რიგ შემთხვევაში პაციენტებმა არაფერი იციან კენჭის არსებობის შესახებ. როგორც წესი, კენჭი იმ შემთხვევაში ხდება პრობლემური, თუ თირკმლიდან დაიძრება. მარტივად რომ ვთქვათ, ხდება გარკვეული საცობის მიზეზი, ანუ როდესაც დარღვეულია თირკმლიდან შარდის ჩამოდინება, შარდის დაგროვება ხდება თირკმელში, არის შეგუბებითი პროცესი, რაც განაპირობებს პაციენტის ტკივილით მომართვას კლინიკაში. თუ თირკმელში არ არის შეგუბება, შარდკენჭოვანი დაავადების შემთხვევაში, თირკმლიდან გამომდინარე პროცესები ძალიან იშვიათად იწვევს რაიმე სახის ტკივილს. თირკმელში შეგუბებითი პროცესის დროს მნიშვნელოვანია შეგუბების გამომწვევი მიზეზის, კენჭის ზომის, ადგილმდებარეობისა და შესაძლო გართულების დადგენა (ტემპერატურული
რეაქცია, შემცივნება და ასე შემდეგ).
რეაქცია, შემცივნება და ასე შემდეგ).
– როგორ ხდება გართულებული შემთხვევების მართვა?
– გართულების დროს, რიგ შემთხვევაში, ოპერაციული ჩარევაც კი ხდება საჭირო. თუ მდგომარეობა გართულებული არ არის, ისევ და ისევ კენჭის ზომიდან, ადგილმდებარეობიდან, თირკმლის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, პაციენტს ვურჩევთ დისტანციურ ლითოტრიფსიას, შესაძლებელია კონსერვატიული ანუ მედიკამენტოზური მკურნალობაც.
– რის საშუალებას გაძლევთ დისტანციური ლითოტრიფსიის აპარატი?
– ეს აპარატი ყველანაირ საშუალებას გვაძლევს, რომ პაციენტს შედარებით კომფორტულ გარემოში გავუწიოთ შესაბამისი დახმარება. როგორც აღვნიშნე, თუ პაციენტი გართულებებით არ არის, გეგმიურად ხდება კენჭის დაფრაგმენტება, დაშლა და შემდეგ უკვე ნატეხების სახით გამოძევება. ეს პროცედურა 30-40 წუთს მოიცავს, არც ტკივილთანაა დაკავშირებული, რასაკვირველია, ანესთეზიასაც არ საჭიროებს და პაციენტს 40 წუთში ვუშვებთ სახლში. ლითოტრიფსიას 2 სანტიმეტრამდე ქვას ვუტარებთ, თუ კენჭის ზომა 2 სანტიმეტრს აღემატება, უკვე ვურჩევთ ენდოსკოპიურ ან ქირურგიულ ჩარევას, იმ ჩვენების მიხედვით, თუ რას საჭიროებს იმ მომენტისთვის პაციენტი.
– რა საშუალება არსებობს პრევენციისთვის?
– პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია კონტროლი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გენეტიკური ფაქტორებით დათრგუნული ანამნეზი აქვს. ჩვენგან წასული ყველა პაციენტი გაფრთხილებულია, რომ აუცილებელია, სამ თვეში ერთხელ საშარდე სისტემის ექოსკოპიაზე მოვიდნენ, რომელიც ბევრ კითხვაზე გაგვცემს პასუხს. ასევე, გაიკეთონ შარდის საერთო ანალიზი და გაიარონ უროლოგის კონსულტაცია. საჭიროებისამებრ ვუნიშნავთ შესაბამის პროფილაქტიკურ მკურნალობას და ვაძლევთ რეკომენდაციებს. მნიშვნელოვანი ფაქტორია სითხის ჭარბი რაოდენობით მიღება, სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ჩვენს მკითხველს და სრულიად საქართველოს, ვუსურვებ ჯანმრთელობას!