№11 როგორ იშოვა ჯანსუღ კახიძემ „ასატრინა“
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ჯანსუღ კახიძე ასეთ ისტორიას ყვებოდა: „მე და გია ყანჩელი „ინტურისტის“ ბაღში რომ რესტორანი იყო, იქ წავედით. სტუმრები გვყავდა. სუფრა უნდა გაგვეშალა და გავიგეთ, რომ წინა დღით იქ შესანიშნავი „ასატრინა“ ჰქონდათ. მაშინ „ასატრინა“ ძნელი საშოვნელი იყო, ძირითადად, ცეკას თანამშრომლებზე ნაწილდებოდა. ოფიციანტმა გვითხრა: კი, გუშინ გვქონდა, მაგრამ დღეს აღარ გვაქვს და, თუ მაინცდამაინც არ იშლით, აი, ამ კაცთან (თითი გაიშვირა) მიდით, რესტორნის დირექტორია და მას უთხარითო. მივედით დირექტორთან. ეტყობა, დაღლილი იყო. მაგიდასთან იჯდა, აკაკი წერეთელივით ცალი ხელი ლოყაზე მიედო და თავი ჩაეღუნა. ვიფიქრე, ჩამოვუთვლი ამ კაცს ჩემს რეგალიებს და იქნებ „ასატრინა“ გამოგვიჩინოს-მეთქი. დირექტორმა ერთი შემომხედა და მკითხა:
– რა გნებავთო.
– მე მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი, ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვარ-მეთქი და ბოლოს დავაყოლე: გუშინ „ასატრინა“ გქონდათ, სტუმრები გვყავს, იქნებ პატივი გვცეთ და გაგვატანოთ-მეთქი.
რესტორნის დირექტორმა შემათვალიერა და კარგა ხნის პაუზის მერე მითხრა:
– შენ, ვანიჩკას ბიჭი არ ხარ?
– დიახ-მეთქი, – ვუპასუხე.
– მერე რას იტყლარჭებიო, – მითხრა და საჭიროზე მეტი „ასატრინა“ ჩამიდო მანქანაში...“