№11 ჩემი დედამთილი იმის გამო ვერ მიტანს, რომ მის შვილზე უფროსი ვარ
წლების წინ ვინმეს რომ ეთქვა, ცხა წლით პატარა ბიჭი შეგიყვარდება და ცოლად გაჰყვებიო, გამეცინებოდა. ახლა კი ვფიქრობ, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში ასაკი მხოლოდ ციფრებია და თუ ერთმანეთს უგებენ და ეწყობიან, ეს სულაც არ ქმნის პრობლემას. დიახ, ჩემი ქმარი ჩემზე ცხრა წლით პატარაა, მაგრამ მის გვერდით თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობ. ასაკობრივი სხვაობა გარეგნულადაც არ გვემჩნევა. პირიქით, ისე გამოვიყურები, თუ არ იცის ადამიანმა, ჩემს ქმარზე პატარა ვეგონები. სხვათა შორის, როცა რეზიმ თავისი მშობლები გამაცნო, ვერც კი მიხვდნენ, რომ მათ შვილზე პატარა ვიყავი. რომ ეკითხათ, არ დავმალავდი, თუმცა, თავად რეზის არ უნდოდა ამის გამხელა. ამბობდა: არ მაქვს მაგათი წუწუნის თავი. ვიცი, ცუდად ჩაერევიან და უნდა ვიკამათოთ. ცოლად რომ მოგიყვან, მერე ვერაფერს იტყვიანო. მოკლედ, რა დაიმალება და როცა დავქორწინდით და ჩემი დაბადების დღე იმ ოჯახში გადავიხადე, აი, მაშინ გაიგო დედამისმა, რომ მის შვილზე დიდი ვარ და ატეხა პანიკები: რას წარმოვიდგენდი, თუ ასეთ ტყუილში ვცხოვრობდი; ეს ვინ შემოვარდნილა ჩემს სახლში, რითი დაუბნელა ჩემს შვილს თვალები, ეს არ გამეგო და მოვმკვდარიყავიო... ვითმინე, ვითმინე, მაგრამ აღარ გაჩერდა. იმდენი ქნა, სანამ მეც არ გამომიწვია და არ დავეტაკე. მართალია, ხელით არ შევხებივარ, მაგრამ სიტყვით არ დავაკელი. ამის გამო ჩემს ქმართანაც მომივიდა კამათი. თუმცა, ეს პირველი და უკანასკნელი იყო. მას მერე მე და რეზის ერთმანეთისთვის ხმამაღალი სიტყვა არ გვითქვამს. დედამისმა კი ისე ამითვალწუნა, ჩემი დანახვაც არ უნდა. არადა, თავიდან, ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ახლა დადის სახლში, დილიდან-საღამომდე გაბღუნძული და მგონი, სიზმარშიც ჩემს წლებს ითვლის. ბავშვი რომ გვეყოლა, თითქოს მოლბა, მაგრამ მერე ისევ აურია. ქმარიც დაქოქა, თუმცა, ჩემი მამამთილი შეგნებული კაცია და მისგან ზედმეტი სიტყვა არ გამიგია. ამას წინათ, მეზობლის ქალი შემოვიდა, სამზარეულოში ისხდნენ და მესმოდა, როგორ უყვებოდა ჩემზე: რად მინდოდა, ამხელა ქალი რომ მომითრია ჩემმა შვილმა? ათ წელში, ისე დაეტყობა ასაკი, დედასავით ამოუდგება გვერდში. მერე ჩემი შვილი სხვისკენ გაიხედავს და დაინგრევს ცხოვრებას. ეს ერთი ბავშვიც ძლივს გააჩინა და მეტის გამჩენი ეს აღარააო... ექვსი თვე არ დავრჩი ფეხმძიმედ და გადამაყოლა. იმეორებდა: ეს არ არის შვილის გამჩენიო. რომ გავაჩინე, ახლა ჭორაობს, მეტს ვეღარ გააჩენსო. მოკლედ, ამის ყბიდან ვერ ამოვედი. არ მინდოდა, იმ მეზობლის თანდასწრებით ჩხუბი, თორემ, კი იყო გასალანძღი. დარწმუნებული ვარ, ჩემზე ყველასთან ასე ჭორაობს. ის დაავიწყდა, თვითონ რომ განათხოვარი იყო და მეორედ გათხოვდა. ეს არაა პრობლემა და ჩემმა ასაკმა დააქცია? მე ჩემი ქმრის გვერდით გადასარევად ვგრძნობ თავს, ასაკობრივი სხვაობა სულაც არ მაწუხებს და არ მაინტერესებს სხვები რას იტყვიან. უბრალოდ, გული მტკივა, რომ ოჯახის წევრი გადამიდგა, ყველასთან მჭორავს და ძირს მითხრის. თითქოს, ჩემი ასაკი დანაშაულია და მეტი პრობლემა არ ჰქონდეს. არ მინდა ხოლმე, ყურადღება მივაქციო, მაგრამ რომ დაიწყებს დუდღუნს და ბუტბუტს, თავს ძლივს ვიკავებ. არც იმის საშუალება მაქვს, ცალკე გადავიდე საცხოვებლად და მისგან შორს, მშვიდად ვიყო ქმარ-შვილის გვერდით. ბავშვის გამო ჯერ ვერც სამსახურს ვიწყებ, არადა ვგრძნობ, მის ხელში ნერვები უნდა შემეჭამოს და ფსიქოლოგიურად შევირყე. ვცდილობ, მაქსიმალურად ვცე ჩემს ქმარს პატივი და დედამისის უაზრო გამოხდომები მოვითმინო, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და არ ვიცი, როდემდე შევინარჩუნებ სიმშვიდეს. არც ის მინდა, ჩემს ქმართან დამეძაბოს და გამიფუჭდეს ურთიერთობა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები იმაში, რომ წყვილი ცალკე უნდა ცხოვრობდეს და დედამთილმა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ცხვირი არ უნდა ჩაყოს.
ნატა, 35 წლის.